გარეთა ყურის ანთება

გააზიარე:

გარეთა ყურის ანთება, იგივე გარეთა ოტიტი, ვითარდება გარეთა სასმენ მილში, რომელიც გარეთა ყურიდან იწყება და დაფის აპკამდე გრძელდება. დაავადების შემთხვევები განსაკუთრებით იმატებს ზაფხულში, როცა ადამიანები აუზებს, ზღვებს, ტბებს, მდინარეებს ეტანებიან, ამიტომ დაავადებას მოცურავის ყურის სახელითაც იცნობენ, თუმცა ის ყოველთვის ცურვას როდი უკავშირდება.

რა იწვევს

გარეთა ყურის ანთებას ყველაზე ხშირად ბაქტერიული ინფექცია იწვევს, იშვიათად კი – სოკოვანი. არაინფექციური მიზეზებიდან აღსანიშნავია ალერგია, ქიმიური და მექანიკური გაღიზიანება (თმის მოვლის საშუალებებით, სამკაულებით), კანის ზოგიერთი დაავადება (ეგზემა, ფსორიაზი).

გარეთა სასმენ მილს გარეგანი ზემოქმედებისგან ბუნებრივად, იცავს ყურის გოგირდი და ტრაგუსი. გოგირდი ცვილისებრი ნივთიერებაა, რომელსაც სპეციალური ჯირკვლები გამოყოფს. ის მილის ამომფენ კანზე თხელ წყალგაუმტარ ფენას ქმნის და სუსტი მჟავური ბუნების წყალობით ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. ტრაგუსი, ბუნებრივი ხრტილოვანი გამონაზარდი, ნაწილობრივ ფარავს გარეთა სასმენ მილს და ხელს უშლის მასში უცხო სხეულების მოხვედრას.

ბუნებრივი დამცავი ბარიერების რღვევას და ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს ჭარბი ნესტი ყურში (ოფლი, ცურვის შემდეგ ჩარჩენილი წყალი, ნოტიო კლიმატის პირობებში ყოფნა), ყურის უხეში წმენდა, ყურის ჩიჩქნა, სასმენი აპარატის, ყურსასმენების, ყურის საცობების ხშირი გამოყენება.

როგორ ვლინდება

გარეთა ყურის ანთება ბავშვებსა და მოზარდებთან უფრო ხშირად აღირიცხება, თუმცა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. დაავადება, წესისამებრ, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა დამძიმდეს კიდეც. მსუბუქი ფორმის დროს აღინიშნება გარეთა სასმენი მილის ქავილი, მცირე სიწითლე ყურში, უსუნო, გამჭვირვალე გამონადენი, ზომიერი დისკომფორტი, რომელიც ყურზე ან ტრაგუსზე ზეწოლისას ძლიერდება. ზომიერი ფორმის დროს იმატებს ქავილი, ტკივილი და სიწითლე, ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი, ყურის დაგუბების შეგრძნება, შეშუპების, სითხისა და ნადების გამო ნაწილობრივ იხშობა გარეთა სასმენი მილი, ქვეითდება სმენა. მომდევნო სტადიაზე ძლიერი ტკივილი სახის, კისრის ან თავის არეში გადაეცემა, გარეთა სასმენი მილი უფრო მეტად შუპდება და იხშობა, იმატებს სხეულის ტემპერატურა, შეშუპებულია კისრის ლიმფური კვანძებიც.

გართულებები

დროული და სათანადო მკურნალობის გარეშე გარეთა ყურის ანთება შესაძლოა სმენის დროებითი დაკარგვით გართულდეს, თუმცა ინფექციის ალაგების შემდეგ სმენა აღდგება.

თუ სიმპტომები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ამბობენ, რომ ანთებამ ქრონიკული სახე მიიღო. ასეთი რამ მოსალოდნელია, როცა პროცესს ართულებს, მაგალითად, ბაქტერიის იშვიათი შტამი, კანის ალერგიული რეაქცია, კანის დაავადება, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის კომბინაცია, ალერგია ანტიბიოტიკის შემცველ ყურის წვეთებზე. იშვიათად ინფექცია კანის ღრმა შრეებში ვრცელდება (ცელულიტი) ან წარმოიქმნება დიდი ჩირქგროვა. თუ ინფექციამ ხრტილამდე ან თავის ქალას ძვლებამდე მიაღწია (ქალას ადრეული ოსტეომიელიტი), განვითარდება ძლიერი, მზარდი ტკივილი.

გართულების საფრთხე უფრო მეტად ემუქრებათ მოხუცებს, დიაბეტით დაავადებულ და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს.

თუ გარეთა ოტიტი შორს წასულ ოსტეომიელიტში გადაიზარდა, ინფექცია შესაძლოა თავის ტვინსა და ახლომდებარე ნერვებზეც გავრცელდეს და მათი დაზიანება გამოიწვიოს. ეს საკმაოდ იშვიათი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა.

პრევენცია

ყურს თვითგაწმენდის უნრი აქვს, ამიტომ მის ხშირ წმენდას ერიდეთ, მით უმეტეს – თითით და უხეში, წვეტიანი საგნებით (ფანქრით, ასანთის ღერით და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბამბის ჩხირებითაც კი). ყურში განსაზღვრული რაოდენობის გოგირდის არსებობა ნორმად მიიჩნევა, მისი ჭარბი დაგროვებისას კი უმჯობესია ექიმს მიმართოთ – ის დაგროვილ გოგირდს უსაფრთხო მეთოდით, სასმენი მილის დაუზიანებლად მოგაცილებთ.

ანთების თავიდან ასაცილებლად:

* ცურვის ან ბანაობის შემდეგ თავი ცალ მხარეს დახარეთ და ყურის ბიბილო სხვადასხვა მხარეს გაქაჩეთ, რომ ყურიდან ზედმეტი წყალი გამოვიდეს.

* ცურვის დროს ყურების დასაცავად გამოიყენეთ რეზინის ქუდი, ყურის საცობები. არ იცუროთ დაბინძურებულ წყალში.

* ყურები გაიმშრალეთ ფრთხილად, რბილი პირსახოცით ან თმის საშრობით – დაიჭირეთ ყურიდან 30 სმ-ზე და თბილი ჰაერის სუსტი ნაკადი სასმენი მილისკენ მიმართეთ.

* ბამბის ჩხირს, თმის სარჭს და მსგავს ნივთებს შეუძლია, გოგირდი მილში უფრო ღრმად შეიტანოს, მილის ამომფენი კანი გააღიზიანოს ან დააზიანოს.

* თმის შეღებვისას ან ფიქსატორის შესხურებისას ყურებში საცობები  გაიკეთეთ.

* ყურის ინფექციის ან ოპერაციის შემდეგ ცურვის ნებართვის მისაღებად ექიმს მიმართეთ.

* თუ გარეთა ყურის ინფექცია ხშირად გხვდებათ, ცურვამდე და ცურვის შემდეგ ჩაიწვეთეთ ურეცეპტოდ გასაცემი ყურის წვეთები. ასეთი წვეთების დამზადება სახლშიც შეიძლება: აურიეთ ერთმანეთში 1 წილი თეთრი ძმარი და 1 წილი სამედიცინო სპირტი, ჩაიწვეთეთ 5 მლ თითოეულ ყურში და გაშრობა დააცადეთ. ეს ნაზავი ხელს უწყობს ყურის გაშრობას და აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას. ოღონდ დანამდვილებით უნდა იცოდეთ, რომ დაფის აპკი არ გაქვთ დაზიანებული.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ეფუძნება სიმპტომების შეფასებას და გარეთა სასმენი მილის დათვალიერებას სინათლის წყაროს მქონე ინსტრუმენტით – ოტოსკოპით. ანთების დროს ის შესაძლოა იყოს გაწითლებული, შეშუპებული, ქერცლით ან ნადებით დაფარული. ამოწმებენ დაფის აპკსაც. თუ ის დაზიანებულია, დამატებით მოწმდება შუა ყურის მდგომარეობა, რათა გაირკვეს, ის ხომ არ არის ინფექციის პირველწყარო. თუ სიმპტომები მძიმეა ან დანიშნულ მკურნალობას არ ემორჩილება, იღებენ ყურიდან გამონადენის ან ნადების ნიმუშს და ლაბორატორიაში გზავნიან ინფექციის გამომწვევის დასადგენად.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანი ტკივილის შემცირება და ინფექციური პროცესის აღმოფხვრაა. პაციენტების უმრავლესობას ბინაზე მკურნალობენ. თუ სასმენ მილს გოგირდი ან ნადები ახშობს, მკურნალობის დაწყებამდე ექიმი მას წყლითა და წყალბადის ზეჟანგით გამორეცხავს ან ფრთხილად მოაცილებს ნადებს მიკროსკოპისა და სპეციალური გამწოვი მოწყობილობის ან ქირურგიული კოვზის დახმარებით. ამის შემდეგ ყურის წვეთები ადვილად აღწევს ინფიცირების კერამდე და გამოჯანმრთელება ჩქარდება.

თუ შეშუპების ან ჭარბი გამონადენის გამო სასმენი მილი მთლიანადაა დახშული, ექიმი მასში ათავსებს ბამბის ან დოლბანდის ტამპონს, რომელსაც შემდეგ ყურის წვეთებით დაალბობს, რათა დრენაჟი გაუმჯობესდეს და მედიკამენტმა სასმენ მილში შეაღწიოს.

ყურის წვეთები შეიცავს ანტიბიოტიკს ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, ზოგჯერ – კორტიკოსტეროიდთან ერთად. მათი გამოყენება 7-14 დღის განმავლობაშია რეკომენდებული.

ყურის წვეთების გამოყენების წესები

ბოთლი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელში გეჭიროთ, რომ წვეთების ტემპერატურა სხეულისას მიუახლოვდეს.

20 წუთით დაწექით გვერდზე, ისე, რომ ინფიცირებული ყური ზემოთ მოექცეს, რათა მედიკამენტმა მთელი სასმენი მილი მოიცვას ან 20 წუთით ჩაიდეთ სასმენ მილში ბამბის ტამპონი.

უკეთესობა, წესისამებრ, მკურნალობის დაწყებიდან 36-48 საათის შემდეგ ხდება შესამჩნევი.

თუ ინფექცია შორსაა წასული ან მხოლოდ ყურის წვეთებით მკურნალობას არ ექვემდებარება, შესაძლოა დასალევი ანტიბიოტიკებიც გამოგიწერონ.

თუ ყურის ტკივილი შემაწუხებელია, დამატებით გამოწერენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, მაგალითად, იბუპროფენს, ნატრიუმის ნაპროქსენს ან აცეტამინოფენს.

მკურნალობის პერიოდში ერიდეთ ყურების დასველებას (შხაპის მიღების დროს ჩაიდეთ ვაზელინით დაფარული ბამბის ტამპონი), ყურის საცობების, სასმენი მოწყობილობების და ყურსასმენების გამოყენებას, სანამ ტკივილი ან გამონადენი არ შეწყდება.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: