წაკითხვას მაინც ნუ დაიზარებთ
გააზიარე:
“არც დღე მანებებს თავს, არც ღამე; ისე კი, გაქცევა აზრადაც არ მომდის, თითქოს რაღაც ძალიან მყარი და ურყევი გვაკავშირებს… ამ წყეულ კავშირს კი ჩემთვის არაფერი მოაქვს, გარდა უბედურებისა... ხელს მიშლის, ვიკითხო, ვწერო, ვისეირნო. ბუნების მშვენიერებით დავტკბე... ფრანგი კეკლუცის დარად, სულით ხორცამდე მფცქვნის. მისი გულისთვის ყველაფერზე უარი ვთქვი: კარიერაზე, სახელზე, კომფორტზე… მისი ბრალია, რომ ცუდად ვიცვამ, იაფფასიან
ნომერში ვცხოვრობ, რას ვჭამ, ღმერთმა იცის, რიგიანი მელანიც არ მაბადია. ყველაფერს, სულ ყველაფერს ეგ გაუმაძღარი ნთქავს! ვერ ვიტან, მეზიზღება. ჯერჯერობით შვილები არ გვყავს... როგორც საქმის ცოდნით ამტკიცებენ ჩემი უფროსები და მშობლები, ჩემზე ადრეა დაბადებული…”
არ შეიძლება, არ შეგეცოდოს ვერაგი დედაბრის კლანჭებში მოქცეული ანტონ პავლოვიჩი, არადა, ამ ბანოვანის ბადეს ძნელად თუ დასხლტომია ვინმე სულიერი. მისი ბრალია, საქმეს რომ ვერ ვასწრებთ, არც ინგლისური ვიცით და წარმოდგენა არ გვაქვს, სპორტული დარბაზის კარი საით იღება. ბავშვობაში მრავლად მიღებული ორიანებიც ძირითადად მისი ბრალია. ზოგი იმასაც კი ამბობს, ყოველგვარი უზნეობის დედააო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩეხოვის სიტყვებიცა და ყველა ეს ბრალდებაც, არც მეტი, არც ნაკლები, სიზარმაცეს ეხება.
რატომ ვქექავთ ნაცარს
მეცნიერებამ, ყველაფერში რომ უყვარს თავისი გრძელი ცხვირის ჩაყოფა, არც ამ თვისებას დასწყვიტა გული და დაადგინა, რომ არ არსებობს ადამიანი, რამე ერთხელ მაინც არ დაზარებოდეს. სიზარმაცის გენიც კი აღმოაჩინეს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ მაიმუნებში. ცოტა ხანში დნმ-ს მსგავს მონაკვეთს იქნებ ადამიანშიც მიაგნონ და მისი გამორთვის მექანიზმიც აღმოაჩინონ. მაშინ ლუარსაბ თათქარიძეც ხელებდაკაპიწებულ მუშაკად გადაიქცევა. ბუნება, მოგეხსენებათ, ისეთი რამაა, კარიდან რომ გააგდებ, ფანჯრიდან გადმოძვრება, მაგრამ ყველაფრის მისთვის გადაბრალებაც არ შეიძლება. ქრონიკულ და გამოუსწორებელ ზარმაცად ქცევას ბევრი არაფერი სჭირდება: სიზარმაცეს უნდა ეფეროთ და ზარდოთ, საკუთარი უმოქმედობა ნამდვილი თუ მოგონილი უიღბლობით ახსნათ, რაც შეიძლება მეტი ხორცეული თუ ტკბილეული აითვისოთ, დარდის ჩასახშობად ალკოჰოლსაც თუ მიმართავთ, უფრო უკეთესი. შეგიძლიათ, გენეტიკოსებსაც მიმართოთ – იქნებ ზემოხსენებული გენი სწორედ თქვენში აღმოაჩინონ და საკუთარი სახელი უკვდავყოთ.
არა მგონია, ასეთი პერსპექტივა მაინცდამაინც მომხიბვლელი გეჩვენოთ. ასე რომ, ამ ახირებული ქალბატონის უყურადღებოდ დატოვებას არაფრით არ გირჩევთ, თუმცა იმასაც ამბობენ, რაც უფრო გულმოდგინედ ვებრძვით სიზარმაცეს, ნაყოფიერი მუშაობისთვის მით უფრო ნაკლები დრო გვრჩებაო. იმავე მოუსვენარმა მეცნიერებამ ისიც დაადგინა, სიზარმაცეს კი არ უნდა ვებრძოლოთ, თავი უნდა ვარიდოთო. სიზარმაცის მოულოდნელი შეტევისას, ყოველთვის ღირს ჩაფიქრდეთ და შეძლებისდაგვარად მისი მიზეზიც დაადგინოთ. ასეთი კი შეიძლება იყოს:
* ავადმყოფობა. ასეთ ნიღაბს ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რომელიმე პრობლემა ეფარება: დაბალი წნევა, სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, გულის ან სისხლძარღვების პათოლოგია… ასე რომ, თუ გამუდმებით დაღლილობას გრძნობთ და ყველაფერი გეზარებათ, ექიმისკენ გზას რაც უფრო მალე გაიგნებთ, მით უკეთესი.
* ქვეცნობიერი პროტესტი. ჯერ კიდევ ბაბუა ფროიდმა დაადგინა, რომ სიზარმაცის მიღმა შესაძლოა შინაგანი წინააღმდეგობა იმალებოდეს: ეგებ გეშინიათ, რომ თქვენი ნაშრომი არ მოეწონებათ, საქმეს თავს ვერ გაართმევთ და ა.შ. პასუხიმგებლობის შიშს უმეტესად მშობლები გვინერგავენ ზედმეტი მზრუნველობითა და კონტროლით. რას ვიზამთ, დროა, გავიზარდოთ. საბედნიეროდ, ეს არასოდეს არის გვიანი. იქნებ, უბრალოდ, სამუშაოს ან მის პირობებს უცხადებთ პროტესტს? ასეთ შემთხვევაში ან დამოკიდებულება შეიცვალეთ, ან სამუშაო.
* შეუძლებელთან ჭიდილი. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველაზე ხშირად სიზარმაცეს შრომომანები უჩივიან. დღიურში იმდენი შეხვედრა და საქმე აქვთ ჩანიშნული, რომ შუაღამემდე სამსახურში უხდებათ ყოფნა, მერე კი მთელი ღამე ნერვიულობენ, ვიზარმაცეთ და ნახევარიც ვერ მოვასწარითო. ამხანაგო შრომით შეპყრობილებო, იყავით რეალისტები, გეგმის შედგენისას სასურველი კი არა, შესაძლებელი მიიღეთ მხედველობაში.
* მოტივაციის დაბალი დონე (გეეჭვებათ, რომ თქვენი შრომა საჭიროა – იქნებ სხვას უკეთესად გაეკეთებინა). შესაძლოა, თავის როლს ინტუიციაც ასრულებს – ვინ იცის, ცოტა ხანში გაირკვეს, რომ არც იყო გასაკეთებელი... ალღო ძალიან კარგია, მაგრამ დროდადრო ტყუის. ასე რომ, კარგად დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ, რას და რატომ აკეთებთ. თუ საჭიროა, გააზრებულად თქვით უარი, რათა სინდისის ქეჯნამ ამაოდ არ გტანჯოთ.
* ნებისყოფის სისუსტე. იცით, რომ გაკეთება მაინც მოგიწევთ, მაგრამ თავი ვერაფრით გიიძულებიათ. ამ შემთხვევაში მთავარია, დაიწყოთ, თუნდაც ყველაზე ადვილი და უმნიშვნელო ნაწილიდან. თუ ეს მოახერხეთ, ჩათვალეთ, რომ საქმის ნახევარი გაკეთებულია, შემდეგ კი თავი არიდეთ ყოველგვარ საცდურს, ტელევიზორი იქნება ეს, ინტერნეტფორუმი თუ ტელეფონზე ლაყბობა. დიდი საქმე პატარ-პატარა ეტაპებად დაყავით – გულიც ნაკლებად გაგისკდებათ და საკეთებელსაც უფრო იოლად მოახრჩობთ.
* მოწყენილობა. მუშაობისას სიამოვნება მხოლოდ შედეგს მოაქვს, სიზარმაცისას კი – თვითონ პროცესს. ვინ შეგიშალათ ხელი, თვითონ საქმიანობაც უფრო სასიამოვნო გახადოთ? ვთქვათ, გსურთ, წონა დაიკლოთ. თუ თავს აიძულებთ და ფიტნეს-კლუბში ოფლს დაღვრით, შედეგით ალბათ ერთი-ორი თვის შემდეგ გაიხარებთ. კი მაგრამ, ვინ მოგახსენათ, რომ სილამაზე აუცილებლად მსხვერპლს მოითხოვს და ტანჯვის გარეშე ფონს ვერ გახვალთ? დაგეგმეთ ვარჯიში ისე, რომ თქვენი ცხოვრების რიტმს ზუსტად მოერგოს (ვთქვათ, თუ ბუ ხართ, დილაადრიან ჰანტელებს ნუ ეცემით). აირჩიეთ სპორტის ის სახეობა, რომელიც მოგწონთ. თუ საჭიროა, იქამდე ცვალეთ, ვიდრე სათქვენოს არ მიაგნებთ. ახალი ნაცნობები, მხიარული დროსტარება და ცოტა ხანში სიზარმაცე შარშანდელი თოვლივით გაქრება.
უცხო ენის ათვისებაც სიტყვების მონოტონურ ზუთხვას აღარ გულისხმობს. თუ მოინდომებთ, არც აქ გაგიჭირდებათ საინტერესო მეთოდების პოვნა.
* მუშაობის სტილი. ზოგჯერ მხოლოდ და მხოლოდ გარეგნულად ჰგავხართ ზარმაცს. ზოგი დიდხანს ფიქრობს, როგორ აჯობებს, შემდეგ კი იწყებს და სწრაფად აკეთებს. თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, აიძულეთ სხვები, თავი დაგანებონ. ცნობილია, რომ ნებისმიერი სამუშაოს 80% შეიძლება განკუთვნილი დროის 20%-ში შესრულდეს.
სიზარმაცე ნათელი მომავლისთვის
მოკლედ, თუ მკვლევარებს დავუჯერებთ, სიზარმაცე ისევე სასარგებლოა, როგორც სრულფასოვანი ძილი, აქტიური დასვენება და ჯანსაღი კვება. ჩვენი ტვინის ნახევარსფეროები გარედან შემოსულ ინფორმაციას სხვადასხვანაირად ამუშავებენ: მარცხენა – ლოგიკურად და ანალიტიკურად, მარჯვენა კი – მთლიანობაში და ინტუიციურად. ჩვეულებრივ, ანალიტიკური აზროვნება ჭარბობს, მოსალოდნელ, ჩვეულ პრობლემებსაც საკმაოდ ადვილად ართმევს თავს, მაგრამ ორიგინალური იდეებისა და არატრივიალური გადაწყვეტილებებისთვის გაქანება არ ჰყოფნის. თუ ამ დროს თავს სიზარმაცის უფლებას მისცემთ ანუ მარცხენა ნახევარსფეროს ცოტა ხანს შეასვენებთ, მარჯვენა მხარე დროს იხელთებს და ადვილად შესაძლებელია გაგაკვირვოთ კიდეც. ფსიქოლოგები ასეთ მეთოდსაც კი გვთავაზობენ: რაც შეიძლება უკეთ დატენეთ ტვინი რომელიმე პრობლემით, მერე კი თავი ცხელი აბაზანით გაინებივრეთ და არავითარ შემთხვევაში არაფერზე იფიქროთ. შემდეგ პრობლემას დაუბრუნდით და ქვეცნობიერი საჭირო გადაწყვეტილებას მოგაწვდით. აი თქვენ ისტორიული მაგალითიც: ძალიან, ძალიან ზარმაცმა ნიუტონმა სხვებივით ვაშლის კრეფას, არც მეტი, არც ნაკლები, ხის ძირში წამოწოლა არჩია. რა შედეგი მოჰყვა მის საქციელს, ნებისმიერმა ბეჯითმა მეექვსეკლასელმა იცის.
თუ კარგად დავფიქრდებით, ნებისმიერი გამოგონება გენიალურიდან (ბორბლიდან) დაწყებული, დისტანციური მართვის პულტით დამთავრებული, ზარმაცებს ეკუთვნით. აღარაფერს ვამბობ მანქანებზე, მონოტონურ და მძიმე სამუშაოს მთლიანად თავის თავზე რომ იღებენ. ოღონდ ყოველ ზარმაცში დიდ მეცნიერს ძებნას ვერ დავუწყებთ. იმავე ნიუტონს დაფიქრებაც ვაშლის კრეფასავით რომ დაზარებოდა, ერთი ჩვეულებრივი უსაქმური იქნებოდა და მეტი არაფერი. რაც არ უნდა იყოს, მხარ-თეძოზე წამოწოლა და ნაცრის ქექვა მხოლოდ ნაცარქექიას ექცა ხეირად, ისიც – ზღაპარში.