რბილი უნარები
გააზიარე:
რა არის რბილი უნარები
განათლების სისტემების განხილვისას ბოლო ხანს უფრო და უფრო ხშირად გაისმის ტერმინი "რბილი უნარები". საქმე ის არის, რომ სწორედ ამ უნარებს აქცევს დამსაქმებელი ყურადღებას და განათლების სისტემაც იძულებულია, დაეწიოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ის, რომ რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, სამსახურში გამოუსადეგარია, ბევრს გამოგვიცდია. არათუ სამსახურში, ხშირად უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებშიც კი. აღმოჩნდა, რომ ისეთ ტექნიკურ უნარებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, წერა-კითხვა, ანგარიში, მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული ფაქტების ცოდნა, – ადამიანის წარმატებულ საქმიანობას რბილი უნარებიც განსაზღვრავს.
სიტყვა "უნარი" გულისხმობს პრაქტიკულ ცოდნას, ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას. მაგალითად, ისტორიული პირებისა თუ თარიღების ცოდნა უნარი არ არის, ეს უფრო ტექნიკური ინფორმაციის დამახსოვრებაა. სამაგიეროდ, უნარს წარმოადგენს ბრძოლის სტრატეგიის გარჩევა და მის შესახებ მსჯელობა – ანალიზის, დაგეგმვის, შეფასების უნარს.
რბილი უნარები ის უნარებია, რომლებსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვეუფლებით. ეს უნარები არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთ დარგთან ან დისციპლინასთან, ისინი აუცილებელია ნებისმიერ პროფესიაში, გამოადგება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესრულებას დაისახავს მიზნად. ეს უნარები გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, პრობლემის მოგვარებას, საჯარო გამოსვლას, აკადემიურ წერას, გუნდურ მუშაობას, ციფრულ წიგნიერებას (ანუ ციფრულ ტექნოლოგიებთან გამართულ ურთიერთობას), ხელმძღვანელობას, პროფესიონალიზმს, სამუშაო ეთიკას, კომუნიკაციას. შეამჩნევდით, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ცნებები არა მხოლოდ ინფორმაციის გადამუშავებას და ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად მის გამოყენებას, არამედ ადამიანებთან ურთიერთობის მრავალ მხარესაც მოიცავს. მაშასადამე, თანამედროვე შრომის ბაზარი ჩვენგან მოითხოვს როგორც იმას, რომ ვიყოთ კომპეტენტურები ჩვენს სფეროში, ასევე იმასაც, რომ შეგვეძლოს ამ ცოდნის პრაქტიკული მიზნებისთვის მისადაგება და წარმატებით ვახერხებდეთ სხვებთან ერთად მუშაობას.
საინტერესოა, რომ რბილი უნარები პროფესიონალიზმისა და ეთიკის ცნებებსაც მოიცავს. არ არის საკმარისი, კარგად ვიცოდე, რას და როგორ ვაკეთებ, – აუცილებელია, ჩემს საქმიანობას გარკვეული მორალური სარჩულიც ჰქონდეს.
რბილი უნარები და დასაქმება
განმარტებიდანაც ნათელია, რომ რბილი უნარები მყარი არ არის – ადამიანის გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი გამუდმებით იხვეწება და იცვლება. ამასთან ერთად, სხვადასხვა დროს სხვადასხვა უნარზეა დიდი მოთხოვნა. მაგალითად, ათი–თხუთმეტი წლის წინ ციფრული წიგნიერება ასეთი აქტუალური არ იყო, მახსოვს, რეზიუმეში ისიც კი იწერებოდა, რომ ვორდში მუშაობა შეგვეძლო, უფრო ადრე ელექტრონული ფოსტით სარგებლობასაც ავღნიშნავდით. ახლა ეს თავისთავადი მოცემულობაა, დამსაქმებელს ჩვენგან მეტის მოლოდინი აქვს.
21-ე საუკუნეში როგორც აკადემიურ, ისე დასაქმების სფეროში რბილი უნარები კანდიდატების არჩევის წამყვანი კრიტერიუმი ხდება. თუ წინათ მეტი ყურადღება ექცეოდა ნიშნებს და აკადემიურ მოსწრებას, ახლა უფრო მნიშვნელოვანია (განსაკუთრებით –საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სასწავლებლებში), გვქონია თუ არა საჯარო გამოსვლის გამოცდილება, შეგვიძლია თუ არა გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, ყოფილა თუ არა ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევები, როდესაც დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აგვიღია, რამდენად შეგვიძლია პირადი ამბიციებისა და ჯგუფური ამოცანების დაბალანსება, რამდენად გამოგვდის ხელმძღვანელობა და ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და ა.შ.
რბილი უნარების ასეთი "აღზევება" ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ თანამედროვე სამყარო ინტერნეტის, გლობალიზაციის, უწყვეტი კომუნიკაციის ხარჯზე მეტისმეტად სწრაფად იცვლება –დამქირავებელი ეძებს ადამიანს, რომელსაც შეუძლია, მუდმივ ცვლილებებს ფეხი აუწყოს. მას სჭირდება შემოქმედებითად, სწრაფად მოაზროვნე პიროვნება, რომელიც საჭირო დროს ხელში აიღებს ინციატივას და სხვებთან ერთად გაუმკლავდება გამოწვევებს.
რბილი უნარები და განათლება
რა ხდება ამ დროს სკოლებში? არა მხოლოდ საქართველოში – საზოგადოდაც, გლობალურ ჭრილშიც, ტექნიკური უნარების დასწავლას მეტი დრო და ძალისხმევა ეთმობა, ვიდრე რბილი უნარების განვითარებას. პირველი მიზეზი ის არის, რომ რბილი უნარების შეფასება საკმაოდ რთული პროცესია. მაგალითად, როგორ დავწეროთ ნიშანი ლიდერობაში? რით შევაფასოთ ჯგუფში მუშაობის ეფექტურობა? რომელი გამოცდა ან ტესტი გამოავლენს, შეგვიძლია თუ არა კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება?
ამავე დროს, რბილი უნარების განვითარება ტექნიკური უნარების განვითარებაზე რთულია, რადგან გულისხმობს მუდმივ, უწყვეტ პროცესს, რომელიც ბავშვების ჩართულობას, მათი ინტერესების გათვალისწინებას და ერთმანეთთან ინტერაქციას მოითხოვს. ეს არ არის ცოდნა, რომელსაც წიგნში ამოიკითხავ ან გამეორებით დაიზეპირებ. ეს არ არის ცოდნა, რომელიც მხოლოდ ერთ, ცალკე მდგომ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს. ეს არის თანატოლებთან ინტერაქციით, პრაქტიკული დავალებების შესრულებით, გამოცდილების გააზრებითა და კეთებით სწავლების შედეგი. და რადგან სკოლაში ამ უნარებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, უმაღლესი სასწავლებლები და დასაქმების ადგილები კი ლამის გადამწყვეტად მიიჩნევენ, ხშირად თავად გვიწევს ბავშვებთან ამ კუთხით მუშაობა. როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს?
* ხელი შეუწყვეთ ერთმანეთთან თამაშში
სწორედ თანატოლებთან თამაშის დროს ყალიბდება ისეთი უნარები, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ჯგუფური გადაწყვეტილებების მიღება, კონფლიქტის დროს კომპრომისის პოვნა.
გუნდური თამაშები ბავშვებს თამაშის წესების ანალიზის, გამოწვევებთან გამკვლავების, ერთობლივად მოქმედების უნარებს უვითარებს. მაგალითად, ორდროშობანას თამაშის დროს გუნდი ერთობლივად გეგმავს და ახორციელებს მოწინააღმდეგის დროშის მოპოვების სტრატეგიას. როგორც წესი, იკვეთება ერთი ან რამდენიმე ლიდერი, რომელსაც საშუალება ეძლევა, აიყოლიოს სხვები, რაც ლიდერობის უნარს ხვეწს. ხდება სიტუაციის ანალიზი და კონკურენტის გასწრების დაგეგმვა, რაც ხელს უწყობს ამოცანის გადაწყვეტის უნარების დახვეწას. როდესაც ბავშვები როლურ, წარმოსახვით თამაშებს თამაშობენ (სახლობანას, ექიმობანას), მათ უვითარდებათ წარმოსახვითი აზროვნების, ურთიერთობის უნარები, როდესაც თეატრალურ “წარმოდგენას” დგამენ, მშობლები კი უყურებენ, ეს საჯარო გამოსვლის უნარის დახვეწაა და ასე, ყველა თამაში საბოლოო ჯამში რაღაც უნარის განვითარებას უწყობს ხელს.
ამ მიდგომის მთავარი პლუსი ის არის, რომ ბავშვები თავად ებმებიან თამაშში, მათ არ სჭირდებათ წაქეზება, ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ჩვენ კი მოგვეთხოვება, შევარჩიოთ დრო, მოვამზადოთ სივრცე, სადაც ბავშვები თამაშს შეძლებენ და ვენდოთ.
* განუვითარეთ ემპათია და პატივისცემა
იმისთვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა შეძლოს გუნდში მუშაობა, სხვებთან კომუნიკაცია, ინიციატივის გამოჩენა, ის პატარაობიდანვე უნდა სწავლობდეს სხვების გათვალისწინებას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, მოდელირებით ხდება – ბავშვები იმეორებენ იმას, რასაც უფროსები ვაკეთებთ. ისინი აკვირდებიან, როგორ ვექცევით გარშემო მყოფებს, რამდენად ნარცისისტულად ან, პირიქით, ემპათიურად ვესაუბრებით, ვამცირებთ თუ არა, ბოროტად ვსარგებლობთ თუ არა საკუთარი ძალაუფლებით და ა.შ.
თუ გვინდა, ჩვენი შვილი პატივს სცემდეს სხვებს, უპირველესად, ჩვენ თვითონ უნდა ვცეთ მას პატივი, არ მოვთხოვოთ უსიტყვო მორჩილება, მივანიჭოთ არჩევანის თავისუფლება, კონფლიქტის შემთხვევაში ბოროტად არ ვისარგებლოთ საკუთარი უპირატესობით, შეგვეძლოს შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა, დათმობა და, იმავდროულად, პრინციპულ საკითხებში სიმტკიცის გამოჩენა.
თვითშემეცნებისა და თვითშეფასების ასამაღლებლად
სამყაროს მუდმივ ცვალებადობასთან შესაგუებლად მუდმივად ამ ცვლილებების კურსში ყოფნა, მათ შესახებ ინფორმაციის უწყვეტი მიღება არ არის საჭირო. ეს შეუძლებელიც კია. მაგალითად, მე კარგად ვიცოდი, როგორ მივსულიყავი სტამბულის ძველი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე, რამდენი ტრანსპორტი უნდა გამომეცვალა და ა.შ. წლების წინ, მივლინებაში, ლიდერობა საკუთარ თავზე ავიღე და თანამშრომლებს მეგზურობა გავუწიე აეროპორტიდან და უკან, რის წყალობითაც საკმაოდ მჭიდრო გრაფიკში ჩავეტიეთ. წელს კი, ტრანზიტული ფრენისას, აღმოვაჩინე, რომ აეროპორტი ცენტრიდან შორს გადაუტანიათ და უახლოესი 11 საათის ახალ აეროპორტში გატარება მომიწევს, რადგან არ ვიცი, როგორ მივიდე აქედან ქალაქამდე.
ვკითხე მეგობარს, რომელიც ორი თვის წინ იყო სტამბულში. მან ტაქსი მირჩია. ტაქსი კი ძვირია. მივაშურე ინტერნეტს და მხოლოდ მესამე თუ მეოთხე სამოგზაურო ბლოგზე ამოვიკითხე, რომ 2023 წლის იანვარში ნახევრამდე გაუხსნიათ მეტროს ერთი ხაზი, რაც ჩემთვის ყველაზე კომფორტულია.
ასე რომ, გასაჭირიდან თავის დაღწევაში რამდენიმე უნარი დამეხმარა: ციფრული წიგნიერება (ყურადღება უნდა მიაქციო ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღს), საკუთარი გამოცდილების გაანალიზება (რა ვიცი, რა მოძველდა) და მეგობრებთან კომუნიკაცია. მთავარი კი ის არის, რომ მჯერა საკუთარი თავის. მჯერა, რომ ვიპოვი გზას და არ მეშინია, რომ დავიკარგები.
სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენ უბრალოდ ვერ ვისწავლით ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ. ის ტექნიკური უნარები თუ ცოდნა, რომლის დაგროვებას ხუთი წელი შევალიეთ, შესაძლოა უცბად გააბათილოს ახალმა კვლევამ ან აღმოჩენამ, ახალმა მეთოდმა ან ხერხმა და ჩვენი ცოდნა უბრალოდ გამოუსადეგარი აღმოჩნდეს.
ამიტომ კარგი იქნება, მივცეთ ბავშვებს საშუალება, იკვლიონ სამყარო მათ გარშემო, შეეჭიდონ ამოცანებს, ზოგს – მარტივს, რომელთა დაძლევა მათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენას განუმტკიცებს, ზოგს – რთულს, რომლებთან ჭიდილშიც საკუთარ ძალებსა და ნებისყოფას გამოცდიან, ზოგსაც – დაუძლეველს, რაც მათ ასწავლის, რომ ყველას ყველაფერი არ გამოგვდის და ეს ნორმალურია.
დაანებეთ შეცდომის დაშვება. არ გააკეთოთ მათი გასაკეთებელი მათ ნაცვლად. მაგალითად, თუ პატარა ღილების შეკვრას ცდილობს, არ ჩაერიოთ, მაშინაც კი, თუ წვალობს და უამრავ დროს კარგავს, – რა თქმა უნდა, თქვენ უფრო სწრაფად შეუკრავთ, მაგრამ ამით აჩვენებთ, რომ მისი მცდელობა საკმარისი არ არის, რომ არსებობს ვიღაც, მასზე ძლიერი და ავტორიტეტული, რომელიც მასზე უკეთესად აკეთებს ყველაფერს, ის კი სხვასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. ამასთან, მიაჩვევთ აზრს, რომ არ ენდობით, შედეგად კი ბავშვიც დაკარგავს საკუთარი თავის ნდობას.
შეუქეთ გაწეული ძალისხმევა, გაამხნევეთ, თუ რამე არ გამოუვიდა, – შესაძლოა, ეს გამოუვიდეს ხვალ, 1 კვირის ან სულაც 1 წლის შემდეგ. ნუ წარმოაჩენთ მარცხს კატასტროფად, ნუ შეგაშინებთ მისი შეცდომები, ნუ გაუსვამთ ხაზს იმას, რაც არ გამოსდის.
რაც უფრო მეტ სიტუაციაში გამოსცდის ბავშვი საკუთარ თავს, მით უკეთესად ეცოდინება, რა მოსწონს, რა გამოსდის, რა იტაცებს, რა, პირიქით, არ უნდა და არ სიამოვნებს და მით უფრო მაღალი ექნება თვითშემეცნებისა და თვითშეფასების უნარი.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე