ფიტოპრეპარატების გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები

გააზიარე:

მცენარეული წარმოშობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ პრეპარატი უვნებელია და მისი მიღება თვითნებურად, განუსაზღვრელი ოდენობით შეიძლება. ისევე, როგორც სინთეზურ მედიკამენტებს, ფიტოპრეპარატებსაც აქვთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებანი. მოდი, გავარკვიოთ, როდის არ უნდა მივიღოთ ესა თუ ის მცენარეული პრეპარატი.

. აკაცია მდიდარია ტოქსიკური ნივთიერებებით – ალკალოიდებით, რომელთა სიჭარბე ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს. მოწამვლისას თავს იჩენს საერთო სისუსტე, პირღებინება, თავის ტკივილი. ასე რომ, ამ მცენარის ნაყენისა თუ ნახარშის დალევისას მკაცრად დაიცავით დოზა.

. ალოეს
 წვენის ჭარბი მიღება ნაწლავთა პერისტალტიკას ანელებს და შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება გამოიწვიოს. ალოე უკუნაჩვენებია ჰემოროიდული და საშვილოსნოსმიერი სისხლდენების, ასევე ორსულობის დროს.
. რეჰანი სისხლის სწრაფ შედედებას უწყობს ხელს. ამდენად, რეკომენდებული არ არის მისი მიღება გულის იშემიური დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, თრომბოფლებიტის (ვენების დაავადების ერთ-ერთი ფორმის) და მაღალი არტერიული წნევის დროს.
. არყის ხის კვირტების ხანგრძლივი გამოყენება დაუშვებელია – მათ ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვთ.
. კუნელის ხანგრძლივი, უკონტროლო მიღება გულის რიტმის შესუსტებას იწვევს, ხოლო მისი პრეპარატის უზმოზე დალევა – ნაწლავთა ძლიერ ჭვალს და პირღებინებას.
. კატაბალახა უსაფრთხოა, თუმცა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იშვიათად შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. არც ძილიანობა და მოთენთილობაა გამორიცხული, თუმცა ეს ნიშნები პრეპარატისთვის თავის დანებებისთანავე ქრება.
. ჟენ-შენის ფესვების ხანგრძლივი და ჭარბი გამოყენება უძილობას, გულისცემის გახშირებას, თავის ტკივილს განაპირობებს.
. კრაზანას ჩაის ხშირი სმა კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს. მისი დალევა რეკომენდებული არ არის მათთვის, ვინც წყლულოვან დაავადებასა და ჰიპერაციდურ გასტრიტს უჩივის. კრაზანას ნაყენი და ნახარში ზრდის ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ კანის მგრძნობელობას, ასე რომ, პრეპარატის მიღების შემდეგ გარუჯვა რეკომენდებული არ გახლავთ – შესაძლოა, დაიწვათ.
. ჭინჭარი უკუნაჩვენებია სისხლის შედედების მომატების, მაღალი არტერიული წნევის, ათეროსკლეროზისა და საშვილოსნოსმიერი სისხლდენის დროს.
 . შროშანა ტოქსიკურია, ამიტომ მკაცრად დაიცავით მომზადების წესი და დოზირება. უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების დროს. 
. ჟოლოს გამოყენებას არ გირჩევთ თირკმლის ქსოვილის ანთების (ნეფრიტის) და პოდაგრის დროს.
. პიტნის ხანგრძლივი გამოყენება თავბრუხვევას და საერთო სისუსტეს იწვევს. შესაძლოა, არტერიული წნევაც დააქვეითოს.
. ქაცვი მდიდარია ორგანული მჟავებით, ამიტომ მისი მიღებისთანავე იზრდება შარდის მჟავიანობა და კუჭის წვენის გამოყოფა. ამდენად, ქაცვი უკუნაჩვენებია მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებისა და შარდკენჭოვანი დაავადების დროს.
. უვნებელია ტყეში მოკრეფილი ბაბუაწვერა. ქალაქის მცენარე ატმოსფეროდან ვერცხლისწყალსა და გამონაბოლქვ აირებს კრებს.
. წითელი წიწაკის პრეპარატები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის, ზედა სასუნთქი გზების, თვალების გაღიზიანებას იწვევს.
. შავი პილპილი უკუნაჩვენებია ბუასილის (შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლდენა), გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების, ღვიძლის, თირკმლის პათოლოგიების (ციროზის, ჰეპატიტის, ნეფრიტის) დროს.
. ოხრახუშის პრეპარატებისგან თავის შეკავებას ორსულებს ურჩევენ.
. ვირისტერფას ნაყენისა და ნახარშის გამოყენება რეკომენდებული არ არის მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს.
. უზმოზე რევანდის ნაყენის დალევა არ შეიძლება მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება აქვს. პრეპარატის ხანგრძლივად მიღება რეკომენდებული არ არის ბავშვებისა და ორსულებისთვის.
. ძირტკბილას ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ აღინიშნება არტერიული წნევის მატება, შეშუპება, ლიბიდოს დაქვეითება.
. შვიტას გამოყენებისას მკაცრად დაიცავით დოზა. მისი მიღება არ შეიძლება თირკმლის მწვავე ანთებითი დაავადების დროს.
. ნივრის ჭარბი გამოყენება არ შეიძლება ბუასილის გამწვავების, თირკმლის მწვავე დაავადებების დროს.

უკუჩვენება არ აქვს
ალთეს, ანისულს, კოწახურს, წითელ მოცვს, მაყვალს, კალენდულას, კვიპაროსს, სამყურას, ნეკერჩხალს, დაფნას, ცაცხვს, ზეთისხილს, გვირილას, კამას, მოცხარს, ასკილს, ევკალიპტს.

გახსოვდეთ:  ფიტოპრეპარატის თვითნებური მიღება არ შეიძლება. კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ და მკაცრად დაიცავით მისი რეკომენდაციები.

გააზიარე: