სპირტხსნარები

გააზიარე:

სამკურნალო მცენარეთა სპირტიანი ნაყენები დღემდე პოპულარულია. ისინი უმეტესად ასე მზადდება: დაქუცმაცებულ მცენარეს ვასხამთ 70%-იან სპირტს 
ან არაყს, ვდგამთ თბილ (20-24 გრადუსი ტემპერატურის) ბნელ ადგილას რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით ან კვირით და ბოლოს ვფილტრავთ. თუმცა ზოგჯერ ამ წესიდან გადახვევა გვიწევს: ზოგი ნაყენი არ იფილტრება, ზოგიც მაცივარში ინახება...

არყის კვირტების ნაყენი
აიღეთ 50 გ არყის ხის კვირტი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და დააყენეთ 10 დღით. მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. დააყოლეთ წყალი. ეს ნაყენი სასარგებლოა მწვავე რევმატიზმის, ღვიძლის ზოგიერთი დაავადების დროს. ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭრილობისა და დაჟეჟილობის დასამუშავებლად.

კაკლის ნაყენი
1. კაკლის ძგიდეები დააქუცმაცეთ, ბოთლი პირამდე აავსეთ და დაასხით არაყი ან სპირტი. დააყენეთ ორი კვირის განმავლობაში გრილ და ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში ერთხელ, 30-40 წვეთი. ან წყალში გახსენით, ან ნახევარი ჭიქა წყალი დააყოლეთ. სასარგებლოა არითმიის, სულხუთვისა და გული არეში ტკივილის დროს.
2. საგულდაგულოდ დაფხვნილი 14 კაკლის ნაჭუჭს დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი ან არაყი და ერთი კვირით დადგით ბნელ, თბილ ადგილას. მზა ნაყენი გაფილტრეთ და მაცივარში შედგით. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, თითო სუფრის კოვზი, ვიდრე არ გათავდება. სასარგებლოა პოდაგრის, ბრონქიტის, ჩიყვის დროს.

კრაზანას ნაყენი
აიღეთ 10 გ დაქუცმაცებული კრაზანა (ბალახი) და ერთი კვირით დააყენეთ 100 მლ 70%-იან სპირტზე, ან აიღეთ 15-20 გ ბალახი ნახევარ ლიტრ სპირტზე.  მიღების წინ 2 ს. კ. ნაყენის გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში. ჩირქოვანი გამონაყარის დროს ამ ხსნარში დაასველეთ ხელსახოცი, ოდნავ გაწურეთ და სახეზე დაიფინეთ.

კალენდულას ნაყენი
25 გრამ კალენდულას ყვავილს დაასხით 100 მლ სპირტი ან ერთი ჭიქა არაყი და დააყენეთ. მიღების წინ გახსენით წყალში. ნაყენის საფენები აშუშებს წყლულებსა და ჭრილობებს. ერთი ჩაის კოვზი ნაყენი, გახსნილი 1-2- ჭიქა წყალში, შეგიძლიათ ანთებითი პროცესის საპროფილაქტიკოდ პირის ღრუში გამოივლოთ.

ჭინჭრის ნაყენი
200 გ ჭინჭარი დააქუცმაცეთ, აავსეთ ბოთლი, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ბოთლს თავი დოლბანდით მოუკარით, ჯერ რამდენიმე დღით სინათლეში დააყენეთ, შემდეგ ერთი კვირით – სიბნელეში, თან ყოველდღე შეაჯანჯღარეთ. მზა ნაყენი გაფილტრეთ. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ჭამამდე და ძილის წინ. ჭინჭრის ნაყენს მატონიზებელი, ძალის მომცემი ეფექტი აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა ხანშიშესულთათვის.

ბარამბოს სპირტხსნარი
20 გ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 100 მლ სპირტი ან ერთი ჭიქა არაყი. მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ მუცლის შებერილობის დროს.

იასამნის ნაყენი
ერთ ჭიქა იასამნის ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. ამ ნაყენის საფენები კარგია რევმატიზმის დროს, ჭრილობების მოსაშუშებლად.
ბრონქიტის სამკურნალოდ უფრო მაგარი ნაყენი მზადდება: ლიტრიანი ქილა იასამნის ყვავილებით აავსეთ და პირამდე დაასხით არაყი. დააყენეთ 10 დღის განმავლობაში. 100 გ ნაყენი ჩაასხით მაგარ ჩაიში და ძილის წინ დალიეთ.

ნივრის ნაყენი
აიღეთ ნახევარლიტრიანი მუქი ბოთლი, ჩაყარეთ მასში მსხვილად დაკეპილი ნიორი, დაასხით ნახევარი ლიტრი სპირტი და დააყენეთ ორი კვირა, დილა-საღამოს შეაჯანჯღარეთ. მზა ნაყენი გაფილტრეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში. მიიღეთ 10-15 წვეთი დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) გაციების საპროფილაქტიკოდ წელიწადის ცივ დროს.

ევკალიპტის ნაყენი
100 გ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი. ამ ნაყენის საფენები, ასევე – ნაყენით სახსრების დაზელა სასარგებლოა რევმატიზმის დროს.

გააზიარე: