ცხენისწაბლა (Aesculus Hippocastanum)

გააზიარე:

ცხენისწაბლა ხემცენარეა, რომელიც მაის-ივნისში ყვავის, თუმცა ნაყოფს სექტემბერ-ოქტომბერში ისხამს. მართალია, ეს მცენარე ჩვენს ტერიტორიაზეც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. ცხენისწაბლას ვენომატონიზირებელი, სისხლდენის 
შემაჩერებელი, შეშუპების საწინააღმდეგო, თრომბსაწინააღმდეგო, კაპილარების გამამაგრებელი, ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს, რომ იგი წარმატებით გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ჰიპერტონიის, ვენების პოსტტრავმული (ტრავმისშემდგომი) დაზიანების, სისხლძარღვთა სპაზმის, ბუასილის, რევმატიზმის დროს. მაგრამ ცხენისწაბლას დამსახურებანი მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. იგი აღადგენს ცილოვან სტრუქტურებს, პოზიტიურად მოქმედებს კისტოზურ-ფიბროზულ მასტოპათიაზე.

ცხენისწაბლას ყველაზე გამორჩეულ სამკურნალო თვისებას კი ის წარმოადგენს, რომ იგი საუკეთესო ანტიკოაგულანტია – ხელს უშლის თრომბის გაჩენას, სისხლის შესქელებას და ამდენად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის მეტად მარგებელი გახლავთ.
სამკურნალო მიზნით ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი გამოიყენება. გაითვალისწინეთ –მათი შეგროვება სამანქანო გზასთან ახლოს არ შეიძლება. ამიტომ ტყეებს მიაშურეთ.
გთავაზობთ ცხენისწაბლას გამოყენების რამდენიმე ორიგინალურ მეთოდს:
– ნაყენის დასამზადებლად აიღეთ 1 ს.კ. მშრალი ან 2 ს.კ. ახალი ყვავილი, დაასხით 200 მლ წყალი, აადუღეთ და 6-8 საათით დააყენეთ. დალიეთ ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში, დღეში 1-1,5 ლიტრი.
– სპირტოვანი ნაყენის დასამზადებლად დააყენეთ ცხენისწაბლას ყვავილები არაყზე ან 50%-იან სპირტზე შეფარდებით 1:10. დალიეთ 40 წვეთი, წინასწარ განზავებული 50 მლ წყალში, დღეში სამჯერ, ჭამამდე. 
– გარეგანი გამოყენებისთვის დააყენეთ ცხენისწაბლას 20 გრამი ყვავილი ნახევარ ლიტრ არაყზე ან 50%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ნაყენი მტკივნეულ სახსარში შეიზილეთ.
– ცხენისწაბლას ნაყოფისგან ნაყენი ასე მზადდება: 50 გრამ დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დააყენეთ 5-7 დღე და მიიღეთ 5-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ეს ნაყენი ჰიპერტონიას, ბუასილს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას კურნავს.
გაითვალისწინეთ: ცხენისწაბლას დოზის გადაჭარბება კრუნჩხვას იწვევს. მისი მიღების დროს აუცილებლად გაიკონტროლეთ სისხლის შედედების უნარი. თუ ჰიპოტონია (დაბალი წნევა) გაწუხებთ, ცხენისწაბლას მიღება გეკრძალებათ. 

გააზიარე: