ბუნებრივი ხიბლი სახეზეა
გააზიარე:
“შანელი”, “მერი ქეი”, “ბურჟუა” – ჩამონათვალი ერთობ ვრცელია. კიდევ უფრო ვრცელია იმ კოსმეტიკური ნაწარმის ნუსხა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდები გვთავაზობენ. მიუხედავად ფართო (ზოგჯერ შემაწუხებლადაც!) არჩევანისა, ბევრი მაინც საკუთარი ხელით დამზადებულ კოსმეტიკას ამჯობინებს – ქალია და გუნება!
თუ დროდადრო თქვენც იმშვენებთ სახეს მწვანილითა და კიტრის ნაფცქვენით, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
. სახის კანი ტონუსში რომ მოიყვანოთ, დილაობით პირი წყლის ნაცვლად ჩაის, ჭინჭრის ან კვიპაროსის ყვავილის ნაყენით დაიბანეთ (2 ს.კ. მცენარეს ერთი ჭიქა მდუღარე დაასხით).
. მატონიზებელი ეფექტი აქვს აგრეთვე ოხრახუშისა და ჭინჭრის გაყინულ ნახარშს. ყინულის კუბები დილა-საღამოს გადაისვით სახეზე.
. კანს გამოაცოცხლებს ასკილის ნაყენის ნიღაბი: 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, 10 წუთს ადუღეთ და დილამდე გააჩერეთ. ნიღაბი უფრო ეფექტური იქნება, თუ საღამოს, ძილის წინ გაიკეთებთ.
. თუ მეტისმეტად ცხიმიანი კანი გაქვთ, პირის დასაბანად გამოიყენეთ წიწვების ან კრაზანას ნახარში (1 ს.კ. დაქუცმაცებულ წიწვებს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ; 1 ს.კ. კრაზანას დაქუცმაცებულ ყვავილებსა და ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ნახევარი საათით დააყენეთ).
. მშრალი კანისთვის ძალიან სასარგებლოა სალბის ნაყენი: ერთ მუჭა ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 40 წუთი. ნაყენი მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ.
. თუ პირველმა ნაოჭებმა წამოყო თავი, ასე მოიქეცით: ვაზელინს ან აფთიაქში შეძენილ ლანოლინს დაუმატეთ ალოეს წვენი და ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, დღეში ორჯერ – დილა-საღამოს – წაისვით სახეზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ.
პატარ-პატარა ეშმაკობანი
თუ გსურთ, საგულდაგულოდ შერჩეულმა კრემებმა და ლოსიონებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, ასე მოიქეცით:
. ნაოჭების საწინააღმდეგო კრემს დაუმატეთ ცოტაოდენი მრავალძარღვას წვენი. კრემის დამატენიანებელი ეფექტი საგრძნობლად გაიზრდება.
. დაკეპილი ოხრახუში აურიეთ მკვებავ კრემში, წაისვით თვალების გარშემო და 15 წუთით გაიჩერეთ. შავი რგოლები და შეშუპება მალე გაქრება.
. სახის ტონიკს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი პიტნის ნაყენი. გაწმენდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ კანი გაცილებით გამკვრივდება და მიმიკური ნაოჭებიც ნაკლებშესამჩნევი გახდება.
. დამატენიანებელ კრემს ჭინჭრის ფოთლების წვენი დაუმატეთ. ეს ნარევი გაღიზიანებულ კანს დაგიამებთ.
მცენარეები სილამაზისთვის
მოდით, იმ მცენარეების ჩამონათვალს გადავხედოთ, რომლებიც სახის კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
ალოე – ავლენს მატონიზებელ, გამწმენდ, დამარბილებელ და დამაწყნარებელ ეფექტს, აჩქარებს განახლების პროცესს.
ღიღილო – აცხრობს გაღიზიანებას, სათუთად აშრობს კანს.
მუხა – აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, სათუთად აშრობს კანს.
კრაზანა – წმენდს და აწყნარებს კანს, აჩქარებს განახლების პროცესს, აქვს სუსტი მადეზინფიცირებელი ეფექტი.
ჭინჭარი – ამშვიდებს და კვებავს კანს.
პიტნა – აქვს მატონიზებელი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
ოხრახუში – ფლობს მატონიზებელ ეფექტს, ათეთრებს კანს, აცხრობს შეშუპებას და აქრობს თვალების ქვემოთ ჩამოკიდებულ “ტომრებს”.
კამა – აწყნარებს კანს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.