არაჩვეულებრივი მწვანე შვიდეული

გააზიარე:

ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეების რეიტინგი რომ შეედგინათ, მსოფლიოს ცნობილ ფიტოთერაპევტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. სწორედ ამ გამოკითხვაში გამარჯვებულ პოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.

ექინაცეა – იგი ნამდვილი ლიდერია. ფიტოთერაპევტებს ყველაზე ხშირად ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე უწევთ საუბარი. ექინაცეის ღირსებებს 
შორის აღსანიშნავია იმუნიტეტის მომაძლიერებელი, ვირუსებისადმი მედეგობის ამამაღლებელი თვისებები. თუკი ექინაცეის ნაყენს ან მასზე დამზადებულ პრეპარატს მიიღებთ, არც სტრესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. იგი იდეალური სამკურნალო საშუალებაა არა მარტო ვირუსული ინფექციების თავდასხმის დროს, არამედ მოგზაურობის პერიოდშიც – მაშინ, როცა ორგანიზმი ფიზიკურად ჩვეულბრივზე მეტად იტვირთება და მისი საადაპტაციო ძალები მოძლიერებას მოითხოვს.

ნიორს ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. ეს თეთრთავა მცენარე ვირუსებსა და ბაქტერიებს შიშის ზარს სცემს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნიორში შემავალი ფიტონციდები არც სოკოებს აყრიან კარგ დღეს. გარდა ამისა, ნიორი სისხლის გამათხიერებელი, არტერიული წნევის დამარეგულირებელი საუკეთესო საშუალებაა.

ჩაის ხეს, უფრო სწორად, მისი ფოთლებისგან მიღებულ ზეთს კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ანტისეპტიკურ საშუალებას. ის დეზოდორანტების, ლოსიონებისა და ბალზამების შემადგენლობაში შედის.

კაპსაიცინი ნივთიერებაა, რომელიც წიწაკას სიმწარეს აძლევს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი საშუალების სახით. კაპსაიცინის შემცველი კრემი სახსრების დაავადების, ტრავმის დროს უებარი საშუალებაა. იგი ორგანიზმში ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ ცხარე კერძების მოყვარული ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსენი არიან.

გვირილა – მასზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ მის მთავარ სამკურნალო თვისებებზე შევაჩერებთ. გვირილა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამაამებელი, ძილის მომგვრელი საუკეთესო საშუალება გახლავთ. მას კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ იყენებენ – გვირილის შემცველი შამპუნები, ბალზამები, კრემები და შხაპის გელები მრავლად იყიდება.

ალოე მცენარეა, რომელიც არა საოჯახო აფთიაქში, არამედ ფანჯრის რაფაზე უნდა გქონდეთ. საკმარისია, დამდუღრულ, შეწითლებულ კანზე მისი წვენი წაისვათ ან გადაჭრათ და წვნიანი მხრიდან დაიფინოთ, რომ დისკომფორტი უმალვე გაქრება და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნაწიბური დაგრჩებათ.

არნიკა შესანიშნავია დაჭიმულობისა და დაჟეჟილობის დროს როგორც კანზე წასასმელი, დამაამებელი საშუალება. თუკი მის წვენს შეშუპებულ და შეწითლებულ სახსარში შეიზელთ, შედეგი არ დააყოვნებს.
დაიხსომეთ: ღია ჭრილობაზე, ნაკაწრზე არნიკის წვენის წასმა ან შინაგანად მიღება (დალევა) არამც და არამც არ შეიძლება – ის მეტად ტოქსიკურია.

შაბათობა ორგანიზმში
დღეს ორგანიზმის გაწმენდა მეტად მოდური პროცედურაა. ამისთვის დიეტოლოგებმა უამრავი სხვადასხვა მეტად ეფექტური რაციონი შეიმუშავეს, მაგრამ საუკეთესოდ მაინც მცენარეული საშუალებები მიიჩნევა.
ტოქსინები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება, უჯრედშორის სითხეში გროვდება და ნეგატიურად მოქმედებს უჯრედების მუშაობაზე. ამდენად, მათი გამოდევნა აუცილებელია.
როგორც ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, ტოქსინებს ყველაზე უკეთ თავშავა, სიმინდი, მრავალძარღვა, ოხრახუში და გულყვითელა გამოდევნის.
თავშავას ნაყენი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, გამოიყენება ქოლეცისტიტის (ნაღვლის ბუშტის ანთების), ბრონქიტის, ანგინის, ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთების) და კანის ჩირქოვანი დაავადების დროს. გაითვალისწინეთ: ორსულთათვის თავშავას ნაყენის მიღება მიზანშეწონილი არ არის.
სამკურნალოდ სიმინდის ულვაში გამოიყენება, რომელსაც ნაღველმდენი და შარდმდენი ეფექტი აქვს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიმინდის ნაყენი კარგად წმენდს სისხლს, ამიტომ მისი მიღების შემდეგ ადამიანი თავს მხნედ გრძნობს.
სიმინდის ულვაშის მიღება არ შეიძლება, თუკი მომატებული გაქვთ სისხლის შედედების უნარი, გაწუხებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შაქრიანი დიაბეტი.
გულყვითელას ნაყენი, გარდა იმისა, რომ ორგანიზმიდან ეფექტურად გამოდევნის ტოქსინებს, სასარგებლოა ანგინის, პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს (სავლებად), კანის ჩირქოვანი დაავადებების შემთხვევაში (გარეგანი საშუალების სახით). გულყვითელას უნდა ერიდოთ, თუკი მის მიმართ ალერგიული ბრძანდებით.
ორგანიზმის გასაწმენდად ოხრახუშის ფესვები გამოგადგებათ. მათი ნახარში სასარგებლოა შარდკენჭოვანი, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, პროსტატიტის დროს. წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც.
ოხრახუშის ნახარშის მიღებას არ ვურჩევთ ორსულებს და მათ, ვისაც თირკმელები აწუხებს.
მრავალძარღვა შესანიშნავად აწესრიგებს ნაწლავთა მოქმედებას, აუმჯობესებს პერისტალტიკას. ამ მექანიზმის წყალობით მრავალძარღვა ეფექტურად გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს.  მისი ნახარში სასარგებლოა გასტრიტის, კოლიტის დროს, ნერვული აგზნებადობის შემთხვევაში, ჩირქოვანი ჭრილობების შესახორცებლად.
თუკი მაღალი მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადება გაწუხებთ, მრავალძარღვას ნახარშის მიღებას არ გირჩევთ.

მცენარეები თმისთვის
ქერტლის დროს

. აიღეთ 20-20 გრამი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და ოროვანდის ფესვი, 4 ს/კ ნარევი ერთ ლიტრ წყალში 15-ოდე წუთს ადუღეთ, გააგრილეთ და  გაფილტრეთ. ნახარში თმის ძირებში შეიზილეთ, ნახევარი საათით დაიტოვეთ და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ეს ნაყენი სასარგებლოა თმის ცვენისა და თავის ქავილის დროსაც.
. აიღეთ 4 ლიმონის ქერქი, ერთ ლიტრ წყალში 15 წუთს ხარშეთ და გაფილტრეთ. ამ ნახარშის თმაზე გადავლება კვირაში ერთხელ არის სასურველი.

თმის ცვენის დროს
. თმის ცვენის, ქერტლისა და მეტისმეტად ცხიმიანი თმის პატრონებს ჭინჭრის ფოთლების ნაყენი გიშველით. ის ამგვარად მზადდება:  1 ს/კ დაქუცმაცებული ფოთოლი ერთ ჭიქა წყალში ადუღეთ, 1,5 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. კვირაში ერთხელ შეიზილეთ თმაში და საკმაოდ დიდხანს დაიტოვეთ.
. ქაცვის 2 ს/კ ფოთოლსა და ნაყოფს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 2-4 საათით დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში და გაფილტრეთ. შეიზილეთ თმაში ძილის წინ.
. 20 გ სვიის გირჩს, ამდენივე ოროვანდის ფესვსა და 10 გ გულყვითელას ყვავილს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ამ ნახარშით თავი კვირაში 2-ჯერ დაიბანეთ.

გააზიარე: