თამამი ღიმილისთვის
გააზიარე:
ვერც გაიღიმებ და ვერც ხმას ამოიღებ თამამად, თუ პირის ღრუ ჯანმრთელი არ გაქვს. სისხლმდენი ღრძილები, მტკივანი კბილი, პირიდან უსიამოვნო სუნი – მეტი არც არაფერია საჭირო იმისთვის, რომ სევდიანი გამომეტყველება მიიღო და პირის გაღება და აზრის გამოთქმა აღარ მოგინდეს.
ღრძილებისა და, საზოგადოდ, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მართლაც უსიამოვნო შეგრძნებებს ბადებს. ამ დისკომფორტისგან გათავისუფლებაში
კი მცენარეები დაგვეხმარებიან.
. მოკრიფეთ ალოეს ქვედა ფოთლები, გარეცხეთ ცივი ანადუღარი წყლით, დააჭერით ეკლები, დაკეპეთ წვრილად (0,2-0,3 მმ-იან ნაჭრებად), გაახვიეთ დოლბანდში და გაწურეთ. გამოივლეთ პირში.
. აიღეთ 1 ს. კ. გველის სუროს დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ. ეს ნახარში სასარგებლოა კბილის ტკივილის დროსაც.
. აიღეთ 1 ჩ. კ. კულმუხოს დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი ნელ ცეცხლზე, დააყენეთ 4 საათი და დღეში 3-4-ჯერ გამოივლეთ პირში.
. აიღეთ 2 ს. კ. მუხის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ნელ ცეცხლზე ადუღეთ, გააგრილეთ და კვლავ წამოადუღეთ. გამოივლეთ პირის ღრუში დღეში 6-7-ჯერ.
. მუხის ქერქის ნახარში ასეც მზადდება: 1 ს. კ. დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი, გააგრილეთ და გამოივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ.
. აიღეთ 1 ს. კ. დაქუცმაცებული კრაზანას ბალახი, ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ერთი კვირით დააყენეთ. 40 წვეთი გააზავეთ ნახევარი ჭიქა წყლით და პირში გამოივლეთ. იდეალური საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
ნაყენი ასევე შეგიძლიათ თმის ძირების გასამაგრებლად კვირაში 1-2-ჯერ თმაში შეიზილოთ.
. აიღეთ 1 ჩ. კ. წნორის დაქუცმაცებული ქერქი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ, დააყენეთ 4 საათით, შემდეგ გაფილტრეთ და პირში გამოივლეთ.
. წნორისგან ნაყენი ასეც მზადდება: 15 გ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაასხით თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და ადუღეთ ნახევარი საათი წყლის ორთქლზე, ცხელივე გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. გარდა გამოვლებისა, ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანისთვისაც ქვედა კიდურების ჭარბი ოფლიანობის, ასევე ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, ხოლო მისი დალევა (1 ს. კ. დღეში 4-5-ჯერ) კარგია ფაღარათის დროს.
. ასევე: აიღეთ 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს. კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და 30-40 წუთით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ თბილი.
. აიღეთ 1 ს. კ. გულყვითელას ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. გამოივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ. ან გულყვითელას სპირტხსნარი გააზავეთ ერთი ჭიქა ანადუღარი თბილი წყლით და ისე გამოივლეთ.
. სასარგებლოა წყალში გაზავებული ლიმონის წვენიც.