ბავშვთა ორთოდონტიული პრობლემები

გააზიარე:

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორთოდონტიული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ მიქაძე:

–ორთოდონტია ყბა-კბილთა სისტემის ანომალიათა პროფილაქტიკა და მკურნალობაა. ასეთი რამ, მეტი რომ არ ვთქვათ, იშვიათი ნამდვილად არ არის. მსოფლიოში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების სიხშირე 40-დან 75 პროცენტამდე მერყეობს.

თანკბილვის ისეთი დარღვევაა, როდესაც პირის დაკუმვისას ზედა და ქვედა ყბის კბილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ანომალიად ითვლება აგრეთვე კბილების მეჩხერი ან, პირიქით, მჭიდრო დგომა. ბოლო ხანებში ძალიან გახშირდა მუდმივი კბილების ნაადრევი ამოსვლა.

ანომალიების ჩამოყალიბებას მთავარი მიზეზი გენეტიკური ფაქტორი გახლავთ. ასევე გამოვყოფდი მატყუარა საწოვარას გახანგრძლივებული წოვას,ხშირად 4 წლამდეც კი. რაც ყბების და კბილების ფორმის შეცვლის სერიოზულ წინაპირობას ქმნის. თუმცა ზოგჯერ მატყუარა საწოვარა ფრიად სასარგებლო მოკავშირეა, თუ რა თქმა უნდა ვიცით როდის და როგორ გამოვიყენოთ. ცნობილია რომ ბავშვი იბადება წოვითი რეფლექსით, რომელიც ქრება 1-1,5 წლის ასაკში. ხელოვნური კვების დროს ხშირ შემთხვევაში ბავშვი წოვის მოთხოვნილებას ვერ იკმაყოფილებს. ასე რომ ვდგებით არჩევანის წინაშე ან უნდა მივცეთ მატყუარა საწოვარა ანდა ის მაინც რაღაცას მოწოვს, თითი იქნება ეს, მუშტი, ლოყა, ენა, ტუჩი თუ სხვა. ეს უკვე მავნე ჩვევაა რომელიც  თავის მხრივ ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების ჩამოყალიბებას იწვევს.

საწოვარის სწორ გამოყენებას თავისი წესი აქვს. მაწოვარა ჩვილს უნდა მივცეთ ჭამის შემდეგ, ჩაძინებისთანავე ფრთხილად ავაცალოთ. თუ რაღაცაზე ძალიან გაღიზიანდა და ტირის ასევე შეგვიძლია რამდენიმე წუთით მივცეთ დასამშვიდებლად. არ შეიძლება მთელი დღე ბავშვი საწოვარით დადიოდეს. ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით  ორი წლის, სამი ოთხი წლის პატარებს საწოვარას პირიდან რომ არ იცილებენ.  თუ ბავშვი ასე ძალიან შეეჩვია მისი ჩამორთმევა ძალიან გაგიჭირდებათ. ხშირად ბავშვი ისეთ პროტესტს აცხადებს, რომ ვდგებით არჩევანის წინაშე. წავართვათ და ფსიქიკა დავაზიანოთ, თუ წოვოს და მერე კბილები გავუსწოროთ. არა და ყველაზე უმტკივნეულოდ, ადვილად შეიძლება ჩამოვართვათ ბავშვს მატყუარა მაწოვარა 1-1,5 ასაკში, როდესაც ქრება წოვითი რეფლექსი თუმცა მედიცინაში დოგმა არ არსებობს, თითეული ბავშვი ითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.

თანკბილვის ანომალიების განვითარების რისკ-ფაქტორებიდან ასევე ხშირია რაქიტი, ზედა სასუნთქი გზების პათოლოგია, გადიდებული ნუშურები, ადენოიდები, რაც იწვევს პირღიაობას., სუნთქვის დარღვევას და საბოლოოდ ყბა-კბილთა ანომალიის ჩამოყალიბებას.  

ანომალიებს ასევე იწვევს სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ მოსაცვლელ კბილს მკურნალობა არ სჭირდება. ეს კი დიდი შეცდომაა. სარძევე კბილები აუცილებელია და მათ აქვს თავისი ვადა, რომლის განმავლობაში პირის ღრუში მისი ყოფნა აუცილებელია. საკმარისია ერთი კბილი ამოიღოთ, ყბა-კბილთა სისტემის ანომალია აუცილებლად ჩამოყალიბდება. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ დაზიანებული კბილის დატოვება შეიძლება. ეს ქრონიკული ინფექციის ისეთივე კერაა, როგორც დაჩირქებული ნუშურები. რევმატიზმის შიშით, ტონზილექტომია ხომ ხშირად ორი-სამი წლის ასაკში კეთდება.

დღეს ქრონიკული დაავადებები ისე გახშირდა, რომ მთელი მსოფლიოს პედიატრები ერთმნიშვნელოვნად ითხოვენ, რომ თუ დროებითი კბილების  მკურნალობა და შენარჩუნება არ ხერხდება კბილი უნდა იქნას ამოღებული, მაგრამ ამის შემდეგ  აუცილებელია პროთეზირება, (ხელოვნურ კბილებიანი პროთეზები) რომ არ დაირღვეს ღეჭვის ფუნქცია არ დაიკარგოს კბილების ადგილი კბილთა რკალში და არ ჩამოყალიბდეს ანომალია.

ყბა-კბილთა სისტემის  ანომალიების პროფილაქტიკა იწყება 1-2 წლის ასაკიდან, ხოლო ორთოდონტიული მკურნალობა საჭიროების მიხედვით 3-4 წლიდან 40 წლამდე. ასაკის მატებასთან ერთად მძიმდება და რთულდება ყბა-კბილთა სისტემის  ანომალიები რასაც მოზრდილ ასაკში მივყავართ გარკვეული მუდმივი სრულიად ჯანმრთელი კბილების ამოღებამდე, არც თუ ისე იშვიათად სახის ესთეტიკის გასაუმჯობესებლად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა (პლასტიკური ოპერაციები ყბებზე). ხშირად თანკბილვის ანომალიები იქვევს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიებს. ამიტომ აუცილებელია ანომალიის შემჩნევისთანავე მიმართოთ ექიმ ორთოდონტს.

გააზიარე: