ფიტოთერაპია

გააზიარე:

ღირს თუ არა

მცენარეებით მკურნალობა უშედეგო რომ იყოს, აქამდე ისტორიას ჩაბარდებოდა... ფიტოთერაპია დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბევრი თვითონვე ეუფლება მცენარეებით მკურნალობის საიდმლოს. თუ თქვენც განიზრახეთ, ფიტოთერაპიას დაეუფლოთ, მისი რამდენიმე თავისებურების გათვალისწინება მოგიხდებათ:

. სინთეზური მედიკამენტებისგან განსხვავებით, ფიტოპრეპარატების ეფექტი სწრაფად არ ვლინდება. მწვავე პროცესის ჩასაცხრობად, სულ მცირე, 2-3 კვირა დაგჭირდებათ. რაც შეეხება ქრონიკულ პათოლოგიებს, ფიტოთერაპიული ეფექტისთვის რამდენიმე თვეა საჭირო.
. მართალია, გვერდითი ეფექტები მცენარეულ პრეპარატებს გაცილებით იშვიათად აქვთ, ვიდრე ქიმიურს, მაგრამ არასწორად შერჩეულ და მომზადებულ ფიტოპრეპარატსაც შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს.
. მცენარეებით მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, სასურველია, თერაპიის პარალელურად რაციონალური კვების რეჟიმი შეიმუშაოთ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ.

მაინც როდის?
 ფიტოსაშუალებების მიღება ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისთვის გახლავთ ყველაზე შედეგიანი. არსებობს მრავალი მცენარე, რომლებიც ორგანიზმის გასაწმენდად გამოგადგებათ. მათ შორის შეგიძლიათ შეარჩიოთ ფიტონაკრები თირკმელებისთვის, ღვიძლისთვის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, სასუნთქი სისტემისთვის. “მცენარეული წმენდის” შემდეგ ორგანიზმი გაცილებით ენერგიული ხდება, ახალგაზრდავდება და სხვადასხვა სნეულებისგან თავის დაცვაც უიოლდება.
მცენარეული სამკურნალო საშუალებანი საკმაოდ ეფექტურია გაციების, კუნთოვანი დაჭიმულობის დროს.
ექიმები ფიტოთერაპიას ხშირად სინთეზური მედიკამენტების პარალელურად ნიშნავენ. როგორც ჩანს, მცენარეული სამკურნალო საშუალებები ორგანიზმს მოძლიერებაში ეხმარება, მოღონივრებულ ორგანიზმზე კი მედიკამენტები უფრო იოლად ახდენს დადებით ზემოქმედებას.

თუ ტყისკენ გაგიწევიათ
ვიდრე სამკურნალო მცენარეების შეგროვებას შეუდგებოდეთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:
. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეებს, რომლებიც დასახლებული პუნქტებიდან, სულ მცირე, 100 კმ-ზე ხარობს. დაუშვებელია მცენარეების შეგროვება გზის (განსაკუთრებით ― გზატკეცილის) პირას.
. მიწიდან მთელი მცენარის ამოძირკვა (თუ, რაღა თქმა უნდა, ფესვებს არ აგროვებთ) სრულებით არ არის საჭირო. უმჯობესია, მცენარეს ნაზად მოაცილოთ ის ნაწილი, რომელშიც სამკურნალო ნივთიერება ყველაზე მეტია (ამის შესახებ ინფორმაციას ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ).
. მოკრიფეთ იმდენი მცენარე, რამდენის დამუშავებასაც შეძლებთ.
. ვიდრე კონკრეტული მცენარის შეგროვებას დაიწყებდეთ, სახელმძღვანელო გულდასმით გადაიკითხეთ. ბევრია მცენარე, რომლებიც გარეგნულად ერთმანეთს ჰგავს, სამკურნალო თვისებებით კი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
. მცენარეების სამკურნალო თვისება შეგროვების დროზეც ყოფილა დამოკიდებული. მოსაკრეფად საუკეთესო პერიოდი სისხამი დილაა. ნაწვიმარზე კი მცენარეების შეგროვებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
. სასურველია, მცენარეების დამუშავება (გამოშრობა, დაკუწვა და ა.შ.) შეგროვებისთანავე დაიწყოთ და მოგროვებული ნედლეული შინ რამდენიმე დღე არ გააჩეროთ.

გააზიარე: