ცოტა რამ ფიტოთერაპიის ისტორიიდან

გააზიარე:

მცენარეებით მკურნალობის ტრადიციას რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, იოლი მისახვედრია. სხვა, აბა, რითი უნდა დაეამებინათ ჭრილობები ან 
განეკურნათ სნეულებები, თუ არა ფოთლებითა და ყვავილებით?!
როგორც ისტორიულ ხელნაწერებში ვკითხულობთ, ჩვენი უძველესი (გონიერი!) წინაპრები პირველ ცდებს ერთმანეთზე ან, უფრო უარესი, საკუთარ თავზე კი არ ატარებდნენ, არამედ ცხოველებს აკვირდებოდნენ, რომლებიც ავადმყოფობისას ინტუიციით პოულობდნენ საჭირო მცენარეს.
ასე იყო თუ ისე, მცენარეებით მკურნალობას თანდათან ეყრებოდა საფუძველი და, სავარაუდოდ, ისტორიასაც დიდი ხნის წინათ ჩაბარდებოდა, მართლაც ეფექტური რომ არ იყოს.
საუკუნეების განმავლობაში ფიტოთერაპია ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა, მეტიც – მკურნალობის მეტად შედეგიან მეთოდად, რომელსაც წამყვანი ექიმები და მეცნიერები დღესაც პატივს სცემენ.

ყველაფერი ბაბილონიდან დაიწყო
პირველი ნაშრომი, რომელიც მცენარეებით მკურნალობას ეხება, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე შეიქმნა. მასში ჩამოთვლილია 250-მდე მცენარე, რომლებსაც იმდროინდელი – დაახლოებით ხუთი ათასი წლის წინათ მცხოვრები – ქურუმები შელოცვისა და მსხვერპლშეწირვის დროს იყენებდნენ. 
ბაბილონში ფიტოთერაპიას (იმხანად მცენარეებით მკურნალობას ჯერ მეცნიერული სახელი არც კი ერქვა) მჭიდროდ უკავშირებდნენ ასტროლოგიას: ჯერ ზოდიაქოს თორმეტი ნიშნის მიხედვით სვამდნენ დიაგნოზს, შემდეგ ადამიანის ჯანმრთელობაზე იმ დროისთვის ცნობილი შვიდი პლანეტის ზეგავლენას აანალიზებდნენ და ბოლოს ასტროლოგიურად “მისაღები” მცენარით იწყებდნენ მკურნალობას.
ფიტოთერაპიის ბაბილონური ვერსიის პარალელურად შეიქმნა აიურვედული სწავლება მცენარეებით მკურნალობის შესახებ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტიბეტურ და ტრადიციულ ჩინურ მედიცინას.

განკურნება ეგვიპტურად
 ეგვიპტურმა პაპირუსებმა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია შემოგვინახა იმის შესახებ, თუ როგორ მკურნალობდნენ ქურუმები მცენარეებით: ისინი რელიგიური რიტუალების დროს ღმერთებს შესთხოვდნენ, მიეცათ მძიმე სენით შეპყრობილთა განკურნების ძალა. ვედრების რიტუალის განუყოფელი ატრიბუტები იყო მცენარეული ნაყენები, საცხები თუ ფხვნილები, რომლებსაც ქურუმები ინდივიდუალური, საიდუმლო რეცეპტით ამზადებდნენ. სამკურნალო საშუალებების დამზადებისას ეგვიპტელები ფართოდ იყენებდნენ ღვინოს, რძესა და თაფლს. იმდროინდელ რეცეპტებს არც დღეს დაუკარგავს მნიშვნელობა. მეტიც  – ეგვიპტური მეთოდები ერთგვარ საფუძვლადაც კი დაედო ძველბერძნულ მედიცინას, რომელსაც დღემდე დიდ პატივს მიაგებენ და ემადლიერებიან.

ძველი საბერძნეთი
განკურნების რიტუალები, რომელთა მოდაც საბერძნეთში ეგვიპტიდან შეიჭრა, მედიცინის ღმერთს – ესკულაპეს ეძღვნებოდა. რიტუალებში ნაკლებად მონაწილეობდა, თუმცა მკურნალობის თავისებური ხედვა ჰქონდა ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში ცნობილ ფილოსოფოსსა და ექიმს ჰიპოკრატეს. ბერძენი სწავლულის მოსაზრებით, ავადმყოფობას ორგანიზმში არსებული სითხეების (ცრემლი, სისხლი, ყვითელი და შავი ნაღველი) დისბალანსი იწვევდა, ბალანსის აღსადგენად კი პირღებინების გამომწვევ საშუალებს, დიეტას, სამკურნალო მცენარეებსა და სისხლის გამოშვებას იყენებდა. ფიტოთერაპიას ჰიპოკრატე მკაცრად განსაზღვრული წესით ახორციელებდა. ის მცენარეებს უნიკალური თვისებების მიხედვით პირობითად ოთხ ჯგუფად: მშრალ, სველ, თბილ და ცივ მცენარეებად ყოფდა და წინასწარი დიაგნოსტიკის შედეგად ადგენდა, რომელი უფრო არგებდა ადამიანს: გამათბობელი ეფექტის მქონე თუ დამატენიანებელი. ასე, მაგალითად, დიარეის დროს, რომელიც “სველ და თბილ” დაავადებად იყო მიჩნეული, ჰიპოკრატე “გამაგრილებელ და ცივ” მცენარეებს იყენებდა.
ჰიპოკრატეს მეთოდები და სამკურნალო საშუალებები (რომლებიც უმთავრესად წყლის, ძმრისა და თაფლის ნაზავზე მზადდებოდა) დაწვრილებით არის აღწერილი მის ცნობილ ნაშრომში “Corpus Hippocraricum”. აქვეა მოყვანილი ეთიკური ნორმები, რომლებსაც ჭეშმარიტი ექიმი უნდა ემორჩილებოდეს. ეს ის ძირითადი პოსტულატები გახლავთ, რომლებიც ჰიპოკრატეს ფიცშია მოცემული.

ძველი რომი
ვიდრე ფიტოთერაპიას ცნობილი ექიმები დიოსკურე და გალენუსი მოჰკიდებდნენ ხელს, რომაელები დაავადებებს კომბოსტოს, ხახვის, ნივრის, სალათის ფურცლებისა და სხვა მწვანილების დახმარებით კურნავდნენ.
დიოსკურე იმპერატორ ნერონის სამხედრო ექიმი გახლდათ. სწორედ მან შექმნა პირველი წიგნი, რომელიც ფიტოთერაპიას შეეხებოდა. ნაშრომში ვრცლად იყო წარმოდგენილი 600-მდე სამკურნალო მცენარის დახასიათება, მათი შეგროვებისა და გამოყენების წესები. დიოსკურეს ტრაქტატი საუკუნეების მანძილზე დარჩა ფიტოთერაპიის მიმდევართა სახელმძღვანელოდ.
რომში მოღვაწეობდა გალენუსიც, რომელიც მიიჩნევდა, რომ ექიმს, რომელიც სამკურნალო მცენარეებს კარგად არ იცნობდა, პრაქტიკული მოღვაწეობის უფლება არ ჰქონდა. მანვე შექმნა მრავალნაირი მცენარეული ნაკრები, რომელთა უმრავლესობაში 100-მდე კომპონენტი შედიოდა. გალენუსის აზრით, ნებისმიერი ავადმყოფისთვის ნაკრები ინდივიდუალურად, ორგანიზმის თავისებურებათა გათვალისწინებით უნდა შედგენილიყო.

შუასაუკუნეების ფიტომედიცინა
რომის იმპერიის დაცემამ სხვა მძიმე შედეგებთან ერთად ისიც მოიტანა, რომ ფიტოთერაპიამ ლამის სავსებით დაკარგა მეცნიერული დანიშნულება. მცენარეებით მკურნალობის ტრადიცია აქა-იქ, ისიც ― მხოლოდ მონასტრებში შემორჩა. სამკურნალო ბალახები მონასტრის ეზოებში გაშენებულ ბოსტნებში მოჰყავდათ.
ვინაიდან ფიტოთერაპიას უპირატესად ბერ-მონაზვნები მიმართავდნენ, ჩამოყალიბდა წარმოდგენა, თითქოს მცენარეების სამკურნალო მიზნით გამოყენება მხოლოდ სასულიერო პირებს შეეძლოთ. მალე გამოიცა კანონი, უკლებლივ ყველა მონასტრის ეზოში 89 სახეობის სამკურნალო მცენარე დაერგოთ. გარდა ვარდისა, რჩეულთა სიაში მოხვდნენ როზმარინი, კრაზანა, სალბი, კიამა, ლავანდი.
ვაჭრებისა და პილიგრიმების წყალობით სამკურნალო მცენარეები მონასტრებში უცხო ქვეყნებიდანაც ხშირად ხვდებოდა. მონასტრის ეზოებში უმეტესად სპარსული, ინდური და ჩინური ფლორა ხარობდა. გარდა მცენარეთა თესლისა, ვაჭრებსა და მომლოცველებს აზიიდან შემოჰქონდათ ევროპულისგან განსხვავებული ტექნოლოგიით დამზადებული ნაყენები, ესენციები, ლიქიორები.
ფიტოთერაპიის დედად იხსენიებენ ქალთა მონასტრის წინამძღვარს ჰილდეგარდ ფონ ბინგენს, რომლის ნაშრომში ხალხური მედიცინის ასობით რეცეპტია მოყვანილი. წიგნის ავტორი სამკურნალო თვისებების მქონე საშუალებებს შორის იხსენიებს წიწაკას, ჯანჯაფილს, დარიჩინს, ლაპარაკობს წიწვებისგან მომზადებული კრემის, აბზინდის წვენისა და წაბლის ფხვნილის სამკურნალო თვისებებზე.
მცენარეებით მკურნალობის ტრადიცია ნელ-ნელა ხალხშიც გავრცელდა, თუმცა ფიტოთერაპევტების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი გახლდათ: ეკლესიის მსახურნი ფიქრობდნენ, რომ ისინი მცენარეთა უნიკალურ თვისებებს სამკურნალოდ კი არა, თავიანთი ავი ზრახვების განსახორციელებლად იყენებდნენ. ბერ-მონაზონთა გარდა ყველა, ვინც მცენარეებით მკურნალობდა, ჯადოქრებად შერაცხეს და დევნა დაუწყეს.
იმ დროს, როდესაც ევროპაში ფიტოთერაპევტებს დევნიდნენ, არაბეთში მცენარეებით მკურნალობის ახალი ეპოქა დაიწყო. წარმატებულ ლაშქრობათა შედეგად არაბებმა ლამის მთელი მსოფლიოდან მოკრიბეს მცენარეებით მკურნალობის ტრადიციები. განსაკუთრებით პოპულარული იმ ხანებში ცენტრალური აზიიდან, აფრიკიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან შემოტანილი მცენარეული რეცეპტები იყო. VIII-IX საუკუნეებში ბაღდადსა და დამასკოში გაჩნდა პირველი აფთიაქები, სადაც სამკურნალო მცენარეები იყიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ფარმაციას, დაიწყეს წყლის გამოხდა, სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად კი ცვილისა და ესენციების გამოყენება.

დრო გადიოდა, მცენარეებით მკურნალობის საიდუმლო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდებოდა. XIV-XV საუკუნეებში სამონასტრო ფიტოთერაპია საუნივერსიტეტომ შეცვალა –  ბალახებით მკურნალობის ანბანს ახალდაარსებულ სამედიცინო უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხალხური მედიცინის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა შავი ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც XIV საუკუნეში ევროპის მოსახლეობის მესამედს მუსრი გაავლო. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ათასგვარი მცენარეული ნაყენი და ნახარში, თუმცა ექიმები მაინც უძლურნი აღმოჩნდნენ საზარელი სნეულების წინაშე.
ფიტოთერაპიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის XV-XVI საუკუნეებში მოღვაწე ექიმს პარაცელსიუსს. მან შეძლო, ერთმანეთთან დაეკავშირებინა ასტროლოგია, ფიტოთერაპია და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქირურგიაც კი, ხოლო საკუთარი ნააზრევი სამყაროს არა ლათინურ (როგორც მანამდე იყო მიღებული), არამედ მშობლიურ, გერმანულ ენაზე გააცნო. ამდენად, მედიცინის საიდუმლოებანი ცნობილი გახდა არა მხოლოდ სამედიცინო წრეების წარმომადგენელთათვის, არამედ უბრალო მოსახლეობისთვისაც.
პარაცელსიუსმა თავის ნაშრომებში დაწვრილებით აღწერა მცენარეული სამკურნალო საშუალებების დამზადების ტექნოლოგია, განსაკუთრებით ვრცლად კი არაბულ და ეგვიპტურ ტრადიციებზე ისაუბრა. მან პირველმა დაუმატა მცენარეულ ნაყენებსა და ნახარშებს გოგირდი, ტყვია, ვერცხლისწყალი (რაღა თქმა უნდა, სამკურნალო დოზით).
პარაცელსიუსის აზრით, მცენარეს ჰქონდა სული, რომლის გამოვლენა შესაძლებელი იყო სპირტზე, ძმარზე, წყალზე დაყენების გზით ან დუღილის (მათ შორის – ფერმენტული დუღილის), დისტილაციის საშუალებით.  საზოგადოდ, იმდროინდელი ფიტოთერაპევტები მიიჩნევდნენ, რომ ყველა ცოცხალი არსება რაღაც საწყისი ნივთიერების ან ნივთიერებებისგან იყო შექმნილი. სწორედ ეს “საწყისი” ფლობდა სამკურნალო თვისებებს და მკურნალის მთავარი ამოცანაც მისი აღმოჩენა იყო. როგორც ჩანს, ისინი იმავეს გულისხმობდნენ, რასაც პარაცელსიუსი მცენარის სულზე საუბრისას – აკი მათი მიღების გზები ანალოგიური იყო: სპირტზე დაყენება, წამოდუღება…
XVI-XVII საუკუნეებში ევროპაში გამოიცა პირველი ილუსტრირებული წიგნები, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი მცენარეებით მკურნალობის მეთოდები, თვით მცენარეები კი იმდენად ზუსტად იყო დახატული, რომ მათი ამოცნობა და დამოუკიდებლად შეგროვება სირთულეს არ წარმოადგენდა.
ამერიკის აღმოჩენამ ევროპელებს ფიტოთერაპიის განვითარების თვალსაზრისითაც მოუტანა სარგებლობა. ექინაცეა, ქინაქინა და ბევრი სხვა, დღეს მეტად პოპულარული სამკურნალო მცენარე ამერიკული ფლორის წარმომადგენელი გახლავთ.
XIX საუკუნეში მცენარეთა სამკურნალო თვისებებს უკვე ღრმა მეცნიერულ ჭრილში განიხილავდნენ. ფარმაცევტები უპირატესობას ანიჭებდნენ არა მთლიან  მცენარეს, არამედ მის ექსტრაქტს, სამკურნალო ეფექტის მისაღწევად დოზას ზუსტად განსაზღვრავდნენ. სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინეს მცენარეული ალკალოიდები, რამაც ფარმაცევტიკაში რევოლუცია მოახდინა: შეიქმნა მორფიუმი, სტრიქნინი, ქინინი.
XIX საუკუნის დამლევს აქტიურად დაიწყო სინთეზური სამკურნალო საშუალებების შექმნა, რამაც ფიტოთერაპიისადმი ინტერესი გაანელა.
მიუხედავად უამრავი სინთეზური სამკურნალო საშუალებებისა, რომელთა გარეშეც მრავალ სნეულებასთან გამკლავება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მცენარეებით მკურნალობას მაინც ბევრი მისდევს. ფიტოსამყარო თავის კეთილ საქმეს დღესაც აკეთებს.

გააზიარე: