ხელოვნებით მკურნალობა
გააზიარე:
თანამედროვე ფსიქოლოგები თერაპიული, ფსიქოპროფილაქტიკური თუ სარეაბილიტაციო კურსის დროს ხშირად მიმართავენ ხელოვნების სხვადასხვა დარგს: ხატვას, მუსიკას, ძერწვას... ფსიქოლოგიურ არტმეთოდებს შორის არის ისეთი დარგებიც, როგორებიცაა დრამატული თუ ქორეოგრაფიული ხელოვნება.
დღესდღეობით არტთერაპია საკმაოდ პოპულარულია და ცხოველ ინტერესს იწვევს. გთავაზობთ ინტერვიუს არტთერაპევტ ირაკლი კოლელიშვილთან, რომელიც ამჟამად წმინდა მიქაელის სახელობის სკოლა-ბაღში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობს და სტუდენტებს სამკურნალო პედაგოგიკას ასწავლის.
– ბატონო ირაკლი, სანამ საკუთრივ ხელოვნებით თერაპიაზე ვისაუბრებდეთ, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ მიხვედით არტთერაპიამდე?
– მხატვრების ოჯახში დავიბადე. ბავშვობიდან მოყოლებული, ვხატავდი. დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და სამხატვრო აკადემია, შემდეგ გავეცანი ხელოვნებითი თერაპიის შესაძლებლობებს და მივხვდი, რომ აქ სიღრმისეულად გავიცნობდი ფერსა და ფორმას. სწავლის პროცესში ინტერესი უფრო გამიმძაფრდა. 2000 წლიდან ხელოვნებით თერაპევტად ვმუშაობ.
– საიდან იღებს სათავეს არტთერაპია?
– ხელოვნებით თერაპია ადრეული ისტორიული ხანიდან მოდის. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ სამკურნალოდ ხელოვნების ელემენტებს – როგორც პლასტიკურს, ისე პოეტურსა და მუსიკალურს. დღესდღეობით ხელოვნებით თერაპიის სპეციფიკური დარგობრივი სფეროებია ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა და მხატვრული მეტყველება.
– რა არის ხელოვნებით თერაპიის მიზანი?
– ხელოვნებით თერაპიის მიზანია ადამიანის რესურსების მთლიანად გააქტიურება და თვითრეგულაციის მექანიზმის გააქტიურება-განვითარება, კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება, ნებელობითი, ემოციური და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება.
– რა პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ფსიქიკაში თერაპიის დროს?
– ამ დროს ზემოქმედება ხდება აღქმისა და იდენტიფიკაციის სფეროებზე. შემოქმედებითი საქმიანობისას ადამიანი ქმნის ახალ რეალობას, განსაზღვრულ პროდუქტს, რომელშიც ავლენს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ვიყენებთ უმთავრესად ექსპრესიულ ან აღქმაზე ორიენტირებულ მეთოდებს. ამასთან, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა – განცდითი და შემეცნებაზე ორიენტირებული აქტივობები. ყოველივე ამასთან ერთად, ხელოვნებით თერაპია კომუნიკაციური უნარების გააქტიურებასაც გულისხმობს. პროცესი ეფუძნება თვითშემეცნებას და ჯგუფურ მუშაობას. ეს ორი განსხვავებული მიდგომა ავსებს და საჭიროებისამებრ ენაცვლება კიდეც ერთურთს.
– რა დიაგნოზის მქონე ადამიანები მიმართავენ ხელოვნებით თერაპიას?
– როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიას უნიშნავს ექიმი ფსიქოსომატური, ფსიქიკური, ენდოკრინული, ქრონიკული დაავადებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, განვითარების შეფერხების დროს.
– რა მასალებს იყენებთ?
– ქაღალდს, აკვარელს და გუაშის საღებავს, ფუნჯს, ზეთოვან და ცარცის პასტელს, ნახშირს, ფანქრებს, ვიყნებთ თიხას, ფერად ცვილს, ხეს, ქვას და სხვა მყარ მასალებს.
– რამდენ ხანს გრძელდება სეანსი?
– თერაპიული მუშაობა გრძელდება 45-90 წუთს. ერთი კურსი მოიცავს 10-15 თერაპიულ საათს და არ მოითხოვს პაციენტისგან ძერწვის ან ხატვის ცოდნას, საბაზისოსაც კი, რადგან ჩვენი მიზანი არა მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ხელოვნების ნიმუშის შექმნა, არამედ თერაპიაა.
– ხატვით მკურნალობა არტთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. რას ნიშნავს მკურნალობა ხატვის მეშვეობით?
– ხატვის ელემენტები: სიბრტყე, ხაზი და ფორმა, სინათლისა და სიბნელის ხარისხები, – შეესაბამება იმ ფენომენებს, რომლებსაც აღმოაჩენს ექიმი ადამიანის სხეულებრივი გასინჯვის ან შინაგანი ორგანების აპარატული გამოკვლევის დროს. შინაგანი და გარეგანი ორგანოების ფორმა და ფერი, მათი ხაზობრივი შემოსაზღვრა, ფერის ცვლილებები წარმოადგენს შინაგანი პროცესების, მშვინვიერი განცდებისა და განწყობის მდგომარეობათა გარეგან სურათხატებს. მარტივად რომ ვთქვათ, შინაგანი მოძრაობა შეიძლება ზედაპირზე ფერისა და ფორმის ცვლილებით გამოიხატოს. შესაბამისად, ფერები, სურათხატები, ფორმები უშუალოდ ეხება ჩვენს შეგრძნებებს და განცდებს. სხვადასხვა რამეზე ვრეაგირებთ სიმპათიით ან ანტიპათიით, აღფრთოვანებით ან დაწუნებით, გაგებით, გაურკვევლობით. ჩვენი სამშვინველი მოძრაობს და გადააქვს თავისი მოძრაობა ორგანულ პროცესებში: ნივთიერებათა ცვლაში, ჯირკვლების სეკრეციაში, ორგანული პროცესების რიტმულ მონაცვლეობაში.
ხატვით თერაპიის დროს უმეტესად წყლის საღებავებით ვმუშაობ, მაგრამ ვიყენებ სხვა მასალებსაც დიაგნოზისა და ადამიანის განწყობის, ემოციური და სულიერი მდგომარეობის მიხედვით. სხვადასხვა სავარჯიშოსა და მეთოდის მეშვეობით პაციენტი იძენს საკუთარი თავის, საკუთარი ტკივილის, თავისი ცხოვრებისადმი შემოქმედებითი მიდგომის ახალ შესაძლებლობებს.
ხატვით თერაპია რეკომენდებულია ისეთი პრობლემების დროსაც კი, როგორებიცაა ანორექსია, ასთმა, დეპრესია, სიმსივნეები, სისხლძარღვებისა და სახსრების სკლეროზული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამყარების ტენდენციით, ნეიროდერმიტი, აკვიატება.
– აქტიურად მუშაობთ ძერწვით თერაპიის მიმართულებითაც. როგორ მიმდინარეობს სეანსი?
– ძერწვით მკურნალობის დროსაც მასალას ისევ და ისევ პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ვიყენებთ. ზოგთან ქვისგან კვეთა უფრო შედეგიანია, ზოგთან – თიხისგან ან ცვილისგან ძერწვა, ხისგან თლა. ამ დროს ფორმირებას, შემოსაზღრვას, გამოყოფას, ზედაპირის წარმოქმნას და სამგანზომილებიან სივრცეში ჩამოყალიბებას ექცევა ყურადღება. ეს უშუალოდ უკავშირდება ფიზიკურ სხეულს, მის ზრდა-განვითარებასა და ჩამოყალიბებას. ძერწვისთვის ადამიანს ერთგვარი ფიზიკური მზაობა სჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე შეფერხებისას მეთოდი უკუნაჩვენებია. ძერწვით თერაპია, სპლასტიკური სამკურნალო ფორმირება გამოიყენება ფიზიკური და ფსიქიკური ფორმების დაკარგვის, დეფორმირების, საზღვრების პრობლემის, სივრცეში ორიენტაციის შესუსტების დროს, ასევე – ქრონიკული ანთებითი დაავადებების, შიშისა და მოუსვენრობის, პანიკის, მწვავე და ქრონიკული ფსიქოზების, დეზორიენტაციის და ბულიმიის შემთხვევაში.