ცივი ზამთრის მიწურულს

გააზიარე:

ყელის ტკივილი, ხველება, ტემპერატურის პერიოდული მატება – ამ პრობლემების გარეშე ერთი ზამთარიც არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ ვირუსები, რომლებიც სასუნთქ სისტემას ემტერებიან, წელიწადის ცივ დროს აქტიურობენ, არც შესუსტებული იმუნიტეტი გვაკლებს ხელს... ამიტომაც არის, რომ 
ზამთრის მიწურულს დასუსტებულ, გრიპგამოვლილ ორგანიზმს საგანგებო მოძლიერება და მკურნალობა სჭირდება, რაშიც მცენარეები ყოველთვის გვეხმარებიან.


ყელის ტკივილის დროს

. ერთ ჭიქა ან ჭიქანახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრილეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 ს.კ. კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.

ანგინის დროს

. აიღეთ 2 ს.კ. ნემსიწვერას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6-8 საათით დადგით სიგრილეში. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, შემთბარი.
. აურიეთ ერთმანეთში 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენიმეჯერ.
. 2-3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში ძილის წინ დალიეთ. ეს საშუალება განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის.
. 3 ჩ.კ. მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.

ავიტამინოზის დროს

. აიღეთ 10 გ არყის ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ მცირე ულუფებით (დაახლოებით 100-100 გ) დღეში 3-4-ჯერ.
. აიღეთ წითელი 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩ.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 3-4 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
. 1 ს.კ. ძახველის ნაყოფს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-ჯერ დღეში.

სიცხის დროს

. 1/2 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვალი ცოტაოდენ თაფლთან ერთად ჩაყარეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში და ნახევარ საათს ხარშეთ. კიდევ ნახევარ საათს დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. დალიეთ დღეში ორჯერ.
. თუ სხვა არაფერი გაქვთ, სიცხის დასაწევად ფორთოხლის წვენის დალევას გირჩევთ.

ბრონქიტის დროს

. ვირისტერფას 2-3 ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ რძეში და აადუღეთ. დაუმატეთ დანის წვერით ღორის ქონი და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა ძილის წინ.
. ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალება: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. დაალევინეთ ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.

გააზიარე: