ამცირებს თუ არა წინადაცვეთა შიდს-ის რისკს

გააზიარე:

ეს რელიგიური რიტუალი კარგა ხანია ექიმების თვალთახედვის არეში მოხვდა, ბოლო დროს კი განვითარებული მსოფლიოს მედიკოსები ფაქტობრივად ორბანაკად გაიყვნენ და ლამის დემონსტრაციები გამართონ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად. კამათი და არგუმენტების ცვენა არ წყდება. თეთრხალათიანთა ერთი ნაწილი წინადაცვეთას სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ბრძოლისას საიმედო მოკავშირედ მიიჩნევს, მეორენი კი ცდილობენ, ახალშობილთა გენიტალიების დამახინჯების პრაქტიკა სამუდამოდ ამოძირკვონ. მართალია, ოკეანისგაღმელ სიოს აქ ჯერ არ დაუბერავს, მაგრამ მიბაძვისადმი ჩვენს მიდრეკილებას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა არც ეს დრო იყოს ძალიან შორს. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რა სარგებლობა ან ზიანი შეიძლება მოგვიტანოს “ზედმეტი” ხორცის მოცილებამ და სჭირდება თუ არა რედაქტირება უფლის ნაბოძებს. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” უროლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ბარნაბ ნიკოლაძე:

– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაახლოებით 665 მილიონი მამაკაცი ანუ მსოფლიოს მამრობითი სქესის მოსახლეობის 30% რელიგიური, კულტურული, სამედიცინო თუ სხვა მოსაზრებით ცირკუმციზირებულია (ანუ ჩუჩა აქვს მოცილებული). სამედიცინო მოსაზრებათა წილი აქედან ყველაზე ნაკლებია, თუმცა ჯანმრთელობაზე წინადაცვეთის გავლენის შესახებ დიდი ხანია კამათობენ. იყო დრო, მიაჩნდათ, რომ ასეთი ჩარევა მასტურბაციას შეუშლიდა ხელს ან ფსიქიკური დაავადებებისგან განკურნავდა. რა თქმა უნდა, სადღეისოდ ორივე ეს მოსაზრება, როგორც მეცნიერულ საფუძველს მოკლებული, უარყოფილია, მაგრამ კვლევები წინადაცვეთილ მამაკაცებსა და მათ პარტნიორებში ზოგიერთი პათოლოგიის ნაკლებ სიხშირეს გვიჩვენებს.
ჩემი აზრით, ახალშობილების რუტინულ წინადაცვეთას სამედიცინო თვალსაზრისით გამართლება არ აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორგანიზმში არაფერია ზედმეტი, რა თქმა უნდა, არც ჩუჩა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ადგილას ძალიან ბევრი მგრძნობიარე დაბოლოებაა. მრავალი მამაკაცი, ვისაც წინადაცვეთა მოწიფულ ასაკში გაუკეთდა, აღნიშნავს, რომ მგრძნობელობა მნიშვნელოვნად შეუმცირდა და ნაკლებ სიამოვნებას განიცდის.
– რომელი პათოლოგიების რისკს ამცირებს წინადაცვეთა?
– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აფრიკაში ჩატარებული სამი ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებით, წინადაცვეთა 60%-ით ამცირებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკს. ასევე მცირდება სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი სხვა ინფექციის (მარტივი ჰერპესის, პაპილომავირუსის) განვითარების ალბათობაც. კვლევების მიხედვით, მუსულმან და ებრაელ მამაკაცებს უფრო იშვიათად ემართებათ პენისის სიმსივნე, მათ პარტნიორებს კი საშვილოსნოს ყელის კიბო. ასევე იკლებს საშარდე გზების ინფექციებისა და ბალანიტის (სასქესო ასოს თავის ანთების) სიხშირე. ბუნებრივია, არც ჩუჩის გადაუსვლელობასა და ჩაჭედვასთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს. ერთი შეხედვით ძალიან შთამბეჭდავი სიაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ბევრი ჩამოთვლილი პათოლოგია, ვთქვათ, საშარდე გზების ინფექციები, მამაკაცებში ძალიან იშვიათია.
– შიდს-ის 60%-ით ნაკლები ალბათობა ძალიან შთამბეჭდავი ციფრია…
– მართლაც, თუმცა ეს მხოლოდ ვაგინალური კონტაქტის დროს ქალისგან მამაკაცის დასნებოვნების ალბათობას ეხება, ასეთი საშიშროება კი წინადაცვეთის გარეშეც დაახლოებით 20%-ს თუ შეადგენს. ალბათ ნებისმიერი მამაკაცი დამეთანხმება – რისკი 20% იქნება თუ, ვთქვათ, 8%, შემთხვევით პარტნიორთან დაუცველი კავშირი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თავზეხელაღებული საქციელია. ასე რომ, ცალკეული ინდივიდისთვის წინადაცვეთა ბევრს არაფერს ცვლის. სხვა საქმეა რეგიონები, სადაც აივ-ინფიცირება ძალიან მაღალია. თვით ამ კვლევების შედეგის მიხედვით, ცირკუმციზია 56 ბავშვს და ყმაწვილს უნდა ჩაუტარდეს, ერთი რომ დავიცვათ ინფექციისგან. ასე რომ, ყველა მამაკაცს ვურჩევდი ნებისმიერი სგგდ-ისგან თავის დაცვის მიღებულ და ბევრად უფრო ეფექტურ მეთოდებს – შემთხვევითი კონტაქტებისგან თავის არიდებას, მხოლოდ ერთი და საიმედო პარტნიორის ყოლას, იშვიათი გამონაკლისების დროს კი ბარიერული მეთოდების გამოყენებას. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც კენიაში, უგანდასა და სამხრეთ აფრიკის ფორთოხლის პლანტაციებში ჩატარებულ კვლევებს ჩვენი სინამდვილისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს, ჰიგიენის სხვადასხვა დონეა.
– წინადაცვეთა სისუფთავის დაცვას აადვილებს ?
– ვერ ვიტყოდი, რომ ჰიგიენის დაცვა, წინადაცვეთით თუ მის გარეშე, რაიმე სირთულესთან არის დაკავშირებული. საქმე ის გახლავთ, რომ სასქესო ასოზე არსებული ჯირკვლები სპეციალურ ნივთიერებას, ე.წ. სმეგმას გამოყოფენ. თუ მამაკაცმა სისუფთავე დაიცვა, ის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, დაგროვილი კი, თუ თან ვირუსული ინფექციაც დაერთო, კანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა და სასქესო ასოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს ალბათობას ზრდის. სმეგმის დაგროვება კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა ფიმოზის დროს, როცა ჩუჩა შევიწროებულია და ასოს თავზე არ გადადის. თუ ეს მდგომარეობა წლობით გაგრძელდა, ხშირად კიბოსაც ვნახულობთ და ჩუჩის გადაწევის ან წინადაცვეთის ნაცვლად ასოს ამპუტაციის ჩატარება გვიხდება. ასოს სიმსივნეების თითქმის 60-70% ფიმოზიანი ავადმყოფების წილად მოდის.
– რამდენად ხშირად გვხვდება ფიმოზი და კიდევ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას? 
– ფიმოზი მამაკაცთა 3-4 პროცენტს აქვს. მკვეთრად გამოხატული ფიმოზის დროს აღინიშნება შარდვის გაძნელება, შარდის წვრილი ნაკადი, შარდვის დროს ჩუჩის შებერვა მასში შარდის დაგროვების გამო. თუ ფიმოზს ინფექცია დაერთო, ვითარდება ბალანოპოსტიტი (ჩუჩისა და ასოს თავის ანთება), შარდვა მტკივნეული ხდება. 
ბავშვებში ფიმოზის ბალანოპოსტიტით გართულებამ იშვიათად შესაძლოა გამოიწვიოს შარდის რეფლექტორული შეკავების ეპიზოდები.
ფიმოზის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა პარაფიმოზი – ასოს თავის გადაწეული ჩუჩის რგოლში ჩაჭედვა. ასოს თავის ჩაჭედვისას ვითარდება ასოს თავისა და ასოს კანის შესივება, იწყება ძლიერი ტკივილები და შარდვის გაძნელება. თუ ჩაჭედილი ასოს თავი დროულად არ ჩავასწორეთ, იწყება ჩუჩის ჩამჭედი რგოლისა და ასოს თავის ნეკროზი.
– ფიმოზი ხშირად ახალშობილობის ასაკშივე ვლინდება?
– ახალშობილებს მართლაც ხშირად აქვთ ფიმოზი, მაგრამ ამ ასაკში ეს ფიზიოლოგიურად ითვლება. ამ დროს ჩუჩის ხვრელი კი არ არის ვიწრო, არამედ ჩუჩის შიგნითა ზედაპირი არ მოსცილებია ასოს თავის ეპითელიუმს. 3-6 წლის ასაკში, თუ ანთება და შეხორცება არ განვითარდა, ჩუჩის ღრუ თავისთავად, სპონტანურად იხსნება. ამიტომ არ შეიძლება მცირე ასაკში ჩუჩის ძალდატანებით გადაწევა, განსაკუთრებით – ჭუჭყიანი ხელით. პედიატრები და ზოგადი პროფილის ქირურგები ხშირად სცოდავენ და ხელთათმანის გარეშეც კი ცდილობენ ჩუჩის გადაწევას... ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაცია შეხორცებათა განვითარების ალბათობას ზრდის. ანთებითი ნაწიბურების გაჩენისას ფიზიოლოგიური ფიმოზი თანდაყოლილ ფიმოზად იქცევა. თუ 2-3 წლის ასაკისთვის ჩუჩის ღრუს სპონტანურად არ გაიხსნა, საქმეს უსისხლო მეთოდებითაც. თუ შეხორცებაა განვითარებული და უსისხლო მეთოდით ჩუჩის ღრუს გახსნა ვერ ხერხდება, ტარდება ქირურგიული მკურნალობა, ძირითადად – ჩუჩის შემოჭრა არის შემთხვევები, როდესაც ფიმოზი მხოლოდ ერეგირებულ ასოზე ვლინდება და ნორმალურ სქესობრივ ცხოვრებას უშლის ხელს. შესაბამისად, მისი გამოვლენაც და მკურნალობაც მოწიფულ ასაკში ხდება. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ფიმოზის გარეშე ცირკუმციზიოს გამართლება არ აქვს.
–  როგორი უნდა იყოს ინტიმური ჰიგიენა სხვადასხვა ასაკში?
– მცირე ასაკში სასქესო ასოს ჰიგიენა სხეულის სხვა ნაწილებისგან არაფრით განსხვავდება, 5-6 წლიდან, ჩუჩის ღრუს გახსნის შემდეგ კი ბიჭს უნდა ვასწავლოთ, რომ ბანაობისას, ასე კვირაში ერთხელ, ჩუჩა გადაწიოს და თბილი წყლით ასოს თავიც დაიბანოს. სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ კი ასეთი პროცედურა ყოველდღე უნდა ჩატარდეს

გააზიარე: