პროსტატიტი იკურნება

გააზიარე:

პროსტატის ანთება უმთავრესად მოწიფული ასაკის მამაკაცთა ხვედრია. დაავადება თავს იჩენს სქესობრივი მომწიფების (ანუ 14-15 წლის) ასაკიდან 50-60 წლამდე, ყველაზე ხშირად კი 16-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცები მოგვმართავენ. ჯირკვლის მწვავე ანთება ასიდან მხოლოდ 10-15 შემთხვევაში გვხვდება, დანარჩენ 85-90%-ს კი თავიდანვე ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს.
პროსტატიტის განვითარებას ხელს უამრავი ფაქტორი უწყობს. უწინარეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ არსებობს წინამდებარე ჯირკვლის ბაქტერიული და აბაქტერიული ანთება. მწვავე ანთება, ჩვეულებრივ, ბაქტერიულია, ქრონიკული კი ერთიც შეიძლება იყოს და მეორეც.
ბაქტერიული პროსტატიტის ხელშემწყობი ფაქტორია შარდსადენის (განსაკუთრებით – ცუდად ან არასრულად ნამკურნალევი) ანთება. ხშირად მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა: გონორეა, ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი... შესაძლოა, ანთება მამაკაცის შარდსასქესო სისტემაში ამავე გზით 
მოხვედრილმა ბანალურმა ინფექციებმა – ნაწლავის ჩხირმა, სტრეპტოკოკმა, სტაფილოკოკმაც გამოიწვიოს, ამიტომ ბაქტერიული პროსტატიტის დროს მხოლოდ მამაკაცის მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს, ექიმთან მისი სქესობრივი პარტნიორიც (ან პარტნიორებიც) უნდა მივიდეს.

აბაქტერიულ პროსტატიტს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები აქვს. ასეთია, მაგალითად, ეროტიულ გარემოში ყოფნა, თუნდაც პორნოფილმების ყურება, რაც აგზნებასა და პროსტატის ფიზილოგიურ სისხლსავსეობას იწვევს. ორგანიზმი ბუნებრივ გაგრძელებას ელის, მაგრამ ამაოდ... როდესაც ასეთი რამ ხშირად ხდება, წინამდებარე ჯირკვალი ტონუსს კარგავს და გაბერილი რჩება. შეგუბება იწვევს კაფსულის გადაწელვას, კუნთოვანი ნაწილის ტონუსის დაქვეითებას. სცოდავენ შეყვარებულებიც: წრეგადასული ალერსი, რომელსაც სიახლოვე არ მოჰყვება, წინამდებარე ჯირკვლისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა. ასევე მძიმე გადასატანია სექსუალური ექსცესები, მრავალჯერადი სქესობრივი აქტი, ზედმეტი გადაძაბვა. მოკლედ, არც ზედმეტი თავშეკავებაა საჭირო და არც ზღვარგადასული აქტიურობა. თუ ამას ინფექციაც დაერთო, ბაქტერიული პროსტატიტი განვითარდება და მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდება.
შეგუბებას ასევე ხელს უწყობს მჯდომარე ცხოვრება. ჰიპოთერმია, განსაკუთრებით – ფეხების გაცივება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება...
ამჟამად პროსტატიტის უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს. ინფექციას, ბუნებრივია, ანტიბიოტიკოგრამის მიხედვით  შერჩეული ანტიბიოტიკებით ებრძვიან. ამავე დროს ეფექტურია ბიოგენური სტიმულატორების, გამოყენება. მკურნალობის სქემა ასევე მოიცავს არამედიკამენტურ საშუალებებს: ფიზიოპროცედურებს, ლაზეროთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ ქრონიკული პროსტატიტი იკურნება, ოღონდ ნაავადმყოფარი პროსტატა მოწყვლადია. თუ ადამიანმა არ დაიცვა სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა, არ მოერიდა სხვა ხელშემწყობ ფაქტორებს, დაავადება უფრო ადვილად განმეორდება. 

გააზიარე: