რა გვიანდერძა ვენერამ
გააზიარე:
საბჭოთა ეპოქაში მათ ვენერულ სნეულებებს უწოდებდნენ, ავადმყოფებს მოსკოვიდან მოსული საგანგებო ინსტრუქციების თანახმად ლამის ციხის პირობებში მკურნალობდნენ.
დღეს საქმე გაცილებით უკეთაა, თუმცა სჯობს, თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ევროპის მმართველი საბჭოს წევრს, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტს ბატონ სოსო კობახიძეს მოვუსმინოთ.
უახლოეს წარსულში დერმატოვენეროლოგია კანის დაავადებებსა და ვენერულ სნეულებებსაც მოიცავდა. მედიცინის ეს განსხვავებული დარგები ერთმანეთს უძველესი დაავადების – სიფილისის, იმავე ათაშანგის გამო დაუკავშირდა, რადგან ეს უკანასკნელი კანსაც აზიანებს.
ქალღმერთ ვენერასთან ასოცირებით სიფილიტოლოგიას ვენეროლოგია დაერქვა.
ამჟამად ტერმინი “ვენერული სნეულება” ნაკლებად გამოიყენება. მის ნაცვლად სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს (STI–sexual transmission infections) იყენებენ.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ინგლისში, ავსტრალიაში, ქალაქის ცენტრში (მაგრამ ქუჩისგან მოშორებით) არის სპეციალური STI კლინიკები. იქ მომუშავე ექიმებს არ აცვიათ ხალათები, რათა პაციენტმა თავი უხერხულად არ იგრძნოს. სოციალური მუშაკები ადამიანებს აწვდიან ინფორმაციას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ. ამ კლინიკებში მომსახურება, ისევე როგორც შიდსის შემთხვევაში, უფასოა (ევროპული სტანდარტებით, შიდსიც ამ დაავადებათა ნუსხაში შედის).
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის გამოყოფენ:
* სპეციფიკურ ინფექციებს, როგორიც არის სიფილისი, გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვეტიანი კონდილომები, B და C ჰეპატიტები, მუნი, ბოქვენის ტკიპა და, რასაკვირველია, შიდსი;
* სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ სინდრომებს, რომლებიც სინდრომული დიაგნოსტიკისა და სინდრომული მკურნალობის დროს გამოიყენება. ასეთია ურეთრიტი, ბალანოპოსტიტი, ბაქტერიული ვაგინოზი, ვაგინალური გამონადენი, სქესობრივი ორგანოების წყლულოვანი დაავადება, მენჯის ანთებითი დაავადება (მად), ეპიდიდიმოორქიტი და სქესობრივი გზით გადამდები რეაქტიული ართრიტი.
რაც შეეხება კანდიდოზს, ის სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა ჯგუფში არ შედის. სოკო პირობითპათოგენური ბაქტერიაა, რომელიც შესაძლოა გადაეცეს სქესობრივი გზით, მაგრამ დაავადება არ გამოიწვიოს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს დამატებითი ფაქტორები: ნერვული სტრესი, ანტიბაქტერიული საპნების, მოჭერილი საცვლების ხმარება. სოკო შესაძლოა იქცეს ბალანოპოსტიტის, ურეთრიტის, ვაგინიტის მიზეზად, თუმცა იგივე დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს გარდნელამ და სხვა ბაქტერიებმა.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა სამკურნალოდ ყველა ქვეყანას სპეციალური გაიდლაინები აქვს. საბჭოთა ეპოქაში სათანადო ინსტრუქციები დიაგნოსტირების, მკურნალობის, მენეჯმენტის შესახებ მოსკოვიდან მოდიოდა რამდენიმე წელიწადში ერთხელ. ახლა ევროპულ გაიდლაინებს ვიყენებთ, თუმცა გაიდლაინები საქართველოშიც არსებობს. ისინი ამჟამადაც მუშავდება და სულ მცირედ თუ განსხვავდება ევროპულისგან, ისიც – ზოგიერთი წამლის უქონლობის გამო, თორემ მთავარ ასპექტებში ევროპულ სტანდარტებთან არის შეთანხმებული.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ ვიტამინები, ენზიმები, იმუნოთერაპია, სხვაგან არსად გამოიყენება, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით პოლისინკრაზიას – მრავალი პრეპარატის ერთდროულ გამოყენებას. ინიშნება რამდენიმე და სრულიად დაუშვებელი მედიკამენტი, ინტრავენური ინექციები. ასევე მიუღებელია ინტრაურეთრული გამორეცხვები, რაც, სამწუხაროდ, ასევე ბევრგან კეთდება, ინსტილაციები ურეთრაში და სხვა პროცედურები, რომლებიც არ არის რეკომენდებული. ამგვარ მეთოდებს ვერც ერთ განვითარებულ სახელმწიფოში ვერ შეხვდებით, გარდა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნისა, მათ შორის – რუსეთისა, სადაც ევროპული გაიდლაინები არ მოქმედებს.
რაც შეეხება ამ დაავადებათა დიაგნოსტიკას, მიდგომა ასეთია: მეთოდი უნდა იყოს იაფი, ჰქონდეს მაღალი (90%-ზე მეტი) სპეციფიკურობა და მაღალი (100%-მდე) მგრძნობელობა. ასეთია ოქროს სტანდარტი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი კვლევა მისი ძვირადღირებულების გამო იშვიათად გამოიყენება. როდესაც პაციენტს აქვს რაიმე ჩივილი: გამონადენი, წვა, უსიამოვნო შეგრძნება გენიტალიების მიდამოში, – მივმართავთ სტანდარტულ კვლევებს. მაგალითად, ათაშანგის დიაგნოსტირება ხდება როგორც ელემენტიდან აღებული მასალის, ისე სისხლის სეროლოგიური გამოკვლევით. გონორეის მასალის აღება შეიძლება ურეთრიდან, საშოს გამონადენიდან, თვალიდან ან ანუსის მიდამოდან. ამგვარადვე ვიღებთ მასალას ქლამიდიური ინფექციის დროს. ჰერპესის შემთხვევაში მასალას ბუშტუკიდან ვიღებთ, მუნისას კეთდება კანის ანაფხეკი და ა.შ.
მკურნალობის ხანგრძლივობა გამომწვევზეა დამოკიდებული. სპეციფიკურ ინფექციებს სხვადასხვა გამომწვევი აქვს. ათაშანგის გამომწვევ სპიროქეტას, საბედნიეროდ, მუტაცია არ განუცდია და ისევ პენიცილინმგრძნობიარეა. ამის კვალობაზე, ათაშანგის სამკურნალო საუკეთესო საშუალებად კვლავ პენიცილინი რჩება. შეიცვალა მხოლოდ დოზები და თერაპიის ხანგრძლივობა – მკურნალობა გაადვილდა, ამიტომ ვადაც საგრძნობლად შემცირდა.
რეციდიული ჰერპესის (მას ჰერპესის ვირუსი იწვევს) მკურნალობა შესაძლოა 8 თვეს გაგრძელდეს, გონორეის სამკურნალოდ კი (მისი გამომწვევი ბაქტერიაა) ხშირად ერთი დღეც საკმარისია. მთავარია სწორად დაისვას დიაგნოზი.
მე რომ პრაქტიკას ვიწყებდი, მეორე სტადიის ათაშანგს მთელი 28 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ ინექციებით – ყოველ სამ საათში ერთხელ, ღამის შესვენების გარეშე! უფრო ადრე მკურნალობის სამთვიანი კურსის შემდეგ ისვენებდნენ და კვლავ სამ თვეს მკურნალობდნენ. დისპანსერში მკაცრი რეჟიმით ცხოვრობდნენ, ჩაკეტილები, წესრიგს მილიციელი იცავდა და მხოლოდ ეზოში გასეირნების უფლება ეძლეოდათ. დღეს კი, სტადიის მიხედვით, ორი-სამი, დიდი-დიდი, ოთხი ინექცია კეთდება და ისევე ეფექტურია, როგორიც ის ოცდარვადღიანი მკურნალობა იყო.
ასე რომ, ძველი სტერეოტიპები თანდათან წარსულს ბარდება.