სათესლის პათოლოგიები

გააზიარე:

ამ მილიონიანი გვარდიის თითოეული ჯარისკაცი მზად არის, გზაში დაიღუპოს, ოღონდ კი ერთმა მათგანმა მაინც მიაღწიოს მიზანს. მერე რა, რომ მეომრები სულ ერთუჯრედიანები და კუდიანები არიან – შთამომავლებს მემკვიდრეობას სწორედ ისინი გადასცემენ. ასე რომ, წყაროს სათავეს გაფრთხილება სჭირდება, მით უმეტეს, რომ ხიფათი ყოველ ნაბიჯზე ელის.

ვაიმე, წიხლი!
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზემოთ ნაგულისხმევი სათავე, ყოველგვარი რიტორიკის გარეშე კი სათესლე ჯირკვლები, ბუნებამ სხეულის გარეთ, სათესლე პარკში გაამწესა. აქ ერთი-ორი გრადუსით უფრო მეტად გრილა და ფუნქციობისთვის უკეთესი პირობებია. სამაგიეროდ, ძვლებისა და კუნთების ფარს მოკლებულებს ასეთი მდებარეობა ყოველგვარი მოძრავი ობიექტის იოლ საკბილოდ აქცევს. ობიექტი კი, გარდა უკვე ხსენებული წიხლისა, მუშტიც შეიძლება იყოს და ბურთიც. ისე, უკანასკნელ შემთხვევაშიც სრულიად ზედმეტია – ქართული სტატისტიკისა რა მოგახსენოთ, განვითარებულ ქვეყნებში კი სათესლის ტრავმებს ძირითადად სპორტული თამაშის დროს იღებენ.
პირველი სიმპტომი, რასაც ხსენებულ ადგილას ხსენებული საგნის მოხვედრა იწვევს, რა თქმა უნდა, ტკივილია, რასაც ამ მიდამოში უხვად თავმოყრილ მგრძნობიარე დაბოლოებებს უნდა ვუმადლოდეთ. საბედნიეროდ, უსიამოვნება ხშირად ამით მთავრდება, თუ, რა თქმა უნდა, ჩალურჯებასა და შეშუპებას არ ჩავთვლით. სიმშვიდის, მოსვენებისა და ცივი კომპრესების გარდა არაფერია საჭირო. საქმე ის არის, რომ სათესლეს თეთრი ფიბროზული გარსი ფარავს, რომელიც საკმაოდ მაგარია და დარტყმის უმეტესად საკუთარ თავზე იღებს. ორგანოს ღრუბლისმაგვარი ქსოვილიც სტრესს სერიოზული ზიანის გარეშე ისრუტავს. მიუხედავად ამისა, გაუტეხელი ნაჭუჭი არ არსებობს, არც ღრუბლის შესაძლებლობებია ამოუწურავი, ამიტომ სათესლე ან მისი ნაწილი შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ, როგორც იტყვიან, რემონტს აღარც კი ექვემდებარებოდეს.
ტრავმის თავიდან აცილებას ბევრი არაფერი სჭირდება: ავტომობილით მგზავრობისას ყოველთვის გეკეთოთ უსაფრთხოების ღვედი; თუ ჩართული მექანიზმის ახლოს მოხვდით, იმაზე იზრუნეთ, რომ ტანსაცმელი საიმედოდ გქონდეთ ჩატანებული, რათა ხალათის კიდე ან ქამარი მანქანამ არ ჩაითრიოს; თუ სპორტს მისდევთ, ვარჯიშისა თუ თამაშის დროს შესაფერისი სამოსი არ დაგავიწყდეთ; თავი არიდეთ ისეთ სიტუაციებს, როცა მოძრავმა ობიექტმა შეიძლება შორისი დაგიზიანოთ.

(მანჭვა-)გრეხა
ამ აკრობატული ილეთის შესრულება სათესლე ბაგირაკს სჩვევია. ეს გახლავთ მტკიცე და მრავალშრიანი მილი სათესლიდან გამომავალი თესლგამომტანი სადინარითა და ვენით და საპირისპირო მხარეს მიმავალი არტერიით. მნიშვნელოვანი მაგისტრალების დაცვასთან ერთად ბაგირაკს სათესლის თავის ადგილას დამაგრებაც ავალია. ტრავმის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს (ზოგჯერ კი ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშეც) ბაგირაკიც და მასზე ჩამოკიდებული სათესლე შესაძლოა საკუთარი ღერძის ირგვლივ შემოტრიალდნენ. ასეთი რამ ყველაზე ხშირად 12-დან 18 წლამდე ასაკის ყმაწვილებს ემართებათ. უეცარი და აუტანელი ტკივილი, დაზიანებულ მხარეს სათესლის გადიდება და შეშუპება სათესლის შემოგრეხაზე მიუთითებს და გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს. სასწრაფო ქირურგიული ოპერაციის გარეშე სისხლძარღვების გადაკეტვის გამო ჟანგბადისა და საკვების გარეშე დარჩენილი სათესლის ქსოვილი კვდომას იწყებს და შესაძლოა, მოსაცილებელიც კი გახდეს.

აინთო წითელი
ისევე, როგორც ნებისმიერ ქსოვილს, ანთება შესაძლოა სათესლესაც დაემართოს. ასეთ ცვლილებას უმეტესად მისი დანამატი განიცდის. კლაკნილი წარმონაქმნი, რომელიც სათესლის მთელ უკანა ზედაპირს გასდევს და სათესლე ბაგირაკში გრძელდება, თესლის გამომტანი მილაკების გაგრძელებას წარმოადგენს. ექიმები მის ანთებას ეპიდიდიმიტს უწოდებენ, სათესლის ანთებას კი ორქიტს. რა თქმა უნდა, ეპიდიდიმოორქიტიც – ორივეს ერთდროული ანთებაც არსებობს.
მწვავე ეპიდიდიმიტს ბაქტერიული ინფექცია იწვევს. ბავშვობის ასაკში მისი მიზეზი შარდის ბუშტიდან ან თირკმლიდან შეჭრილი მიკრობია (ჩვეულებრივ, საშარდე სისტემის თანდაყოლილი ანომალიების ფონზე, შარდის ნორმალურ დინებას ხელს რომ უშლიან და ანთებითი პროცესების განვითარებას აადვილებენ), სქესობრივად აქტიურ ასაკში – სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მაგალითად, გონორეა ან ქლამიდიოზი), 40 წლიდან კი ანთების გამომწვევები გზას კვლავ საშარდე ტრაქტიდან იკაფავენ (ამ შემთხვევაში შარდის ნორმალურ დინებას უმეტესად გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი უშლის ხელს).
მწვავე ორქიტი უმეტესად ბაქტერიული ინფექციის დანამატიდან გავრცელების შედეგია (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეპიდიდიმოორქიტთან გვაქვს საქმე). სათესლის იზოლირებულ ანთებას კი ჩვეულებრივ ყბაყურას ვირუსი იწვევს. ასეთი რამ ზრდასრულ მამაკაცებსაც ემართებათ, თუმცა ყბაყურას ორქიტის 80% 10 წლამდე ასაკის ბავშვების წილად მოდის. სქესობრივი მომწიფების შემდეგ ყბაყურადამართული მამაკაცების მესამედს ვირუსული ინფექცია სანერწყვე ჯირკვალთან ერთად სათესლის ანთებითაც უვლინდება.
ვირუსული ანთება, ჩვეულებრივ, თავისთავად გაივლის, – სათესლე ჯირკვლის ატროფიაც კი (ყბაყურის იშვიათი შედეგი) ცალმხრივობის გამო შვილოსნობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იშვიათად იწვევს, – ბაქტერიულ ინფექციას კი ანბიოტიკოთერაპია სჭირდება. სგგდ-ის დროს ორივე პარტნიორის ერთდროული მკურნალობაა აუცილებელი. ნებაზე მიშვებულმა ეპიდიდიმიტმა შეხორცებათა გამო შესაძლოა თესლგამომტანი სადინარის გამავლობა დაარღვიოს, ასეთი რამ კი ორივე სათესლის დაზიანების ან განმეორებითი ინფექციის შემთხვევაში სტერილობის მიზეზადაც იქცევა.

საშინელი გაავება
ზოგჯერ სათესლის უჯრედები უკონტროლო და უწესრიგო გამრავლებას იწყებენ, შედეგი, როგორც უკვე მიხვდით, ავთვისებიანი სიმსივნეა. მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი მამაკაცი გახდეს, უმთავრესად – 15-დან 40 წლამდე ასაკისა. სისხლით ნათესავებს შორის სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევები, კრიპტორქიზმი (ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობა) დაავადების განვითარების ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. მნიშვნელობა ეროვნულ და რასობრივ კუთვნილებასაც ჰქონია: კავკასიელ მამაკაცებს კიბოს ეს ფორმა აზიელებზე ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ (შეგიძლიათ, თავი იმით დაიმშვიდოთ, რომ კიბო ევროპელებად თუ არა, აზიატებად ნამდვილად არ მიგიჩნევთ), ნეგროიდული რასის წარმომადგენლებთან შედარებით კი ხუთჯერ უფრო ხშირად.
მიუხედავად იმისა, რომ რასა ჩვენივე წინააღმდეგია, სათესლის კიბო მაინც იშვიათი დაავადებაა და თანამედროვე მედიცინა მის დამარცხებას ახერხებს. რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ სიმსივნეს, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. თუ კიბოს ლიმფურ კვანძებზე გადასვლამდე მიაგნეს, განკურნების ალბათობა 98%-ია. საზღვრების გაცდენის შემთხვევაშიც კი ქიმიოთერაპიის ეფექტურობა 90%-ს აღემატება (სამწუხაროდ, ქირურგიული მკურნალობა გაავებული სათესლის მოცილებას გულისხმობს და მსხვერპლს ერთი ან ორივე ჯირკვლის გარეშე ტოვებს).
ადრეულ სტადიებზე კი სათესლის კიბო პატრონს თითქმის არ აწუხებს. უმტკივნეულო ამობურცულობა, ერთ-ერთი სათესლის გადიდება ან ასიმეტრია, სათესლე პარკის მიდამოში უჩვეულო სიმძიმის შეგრძნება, ყრუ ტკივილი საზარდულის ან მუცლის ქვედა მიდამოში, სათესლის ან სკროტუმის ტკივილი, რომელიც დროდადრო ჩნდება და ქრება – ეს ნიშნები შესაძლოა კიბოს არსებობაზე მიუთითებდეს. და მაინც, ჯობს მანამ იზრუნოთ, ვიდრე ტკივილი შეგაწუხებდეთ. ექიმები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ და თქვენი მამაკაცური სიამაყის საფუძველი თვეში ერთხელ თავადვე შეიმოწმოთ. თვითგასინჯვის ჩატარება თბილი აბაზანის ან შხაპის შემდეგ სჯობს, როცა სათესლე პარკის კანი მოდუნებულია. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მათი ზომა და სიმეტრია არ შეცვლილა, თითოეული სათესლე ცერსა და დანარჩენ თითებს შორის ამოძრავეთ კოპებისა თუ ბურცობების გამოსავლენად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სააეჭვო ნიშნის შემჩნევისას უროლოგთან დაუყოვნებელი ვიზიტი გმართებთ. მართალია, არ არის გამორიცხული, თქვენი აღმოჩენა ზემოთ უკვე ნახსენები ეპიდიდისი იყოს, მაგრამ მამაკაცურ ავლადიდებას ზედმეტი სიფრთხილე არ აწყენს.

გააზიარე: