კბილების უსაფრთხო გათეთრება

გააზიარე:

“კბილების გათეთრება აქტუალურია, ვინაიდან ყველას გვინდა, თვალისმომჭრელი ღიმილი გვქონდეს. ამავე დროს, თანამედროვე საზოგადოებაში თეთრიდა ლამაზი კბილები ცხოვრების მაღალი ხარისხის დამადასტურებელ ნიშნად მიიჩნევა”, – ამბობს “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ყიფიანი.
– ბატონო გოგი, როგორია კბილის ბუნებრივი ფერი და რაზეა ის დამოკიდებული?
– კბილის ფერს უმთავრესად მისი სტრუქტურული აგებულება განაპირობებს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემო ფაქტორებიც. კბილები შეიძლება იყოს მოყვითალო-მოთეთრო, მოყვითალო-მოყავისფრო-მოთეთრო, მორუხო-მოთეთრო. შედარებით ხშირია მოყვითალო-მოთეთრო კბილები.
ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში კბილები იცვლის ფერს (ამ მოვლენას დისქოლორიზაციას ვუწოდებთ), ფორმას, კარგავს ბზინვარებას. გარდა ასაკისა, ფერის შეცვლის მიზეზად შესაძლოა იქცეს სხვა ენდოგენური თუ ეგზოგენური ფაქტორებიც, მათ შორის – კბილის ტრავმა, პიგმენტური საკვები (ჩაი, ყავა, ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი, წითელი ღვინო), ენდოდონტიური მკურნალობა, ცალკეული ანტიბიოტიკის (ტეტრაციკლინის) მიღება ბავშვობის ასაკში, განვითარების ასე თუ ის ანომალია. მიზეზის დაზუსტება აუცილებელია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად. – რა უდევს საფუძვლად კბილების გათეთრების მექანიზმს?
– თანამედროვე კლინიკური სტომატოლოგია კბილების გათეთრების საკითხებს დეტალურად იცნობს. არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მონაცემები კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდის, მათი ჩატარების ტექნიკის, ჩვენებებისა და უკუჩვენებების, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
კბილის გათეთრების მექანიზმი კბილის მაგარ ქსოვილებში მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ პროცესებს ეფუძნება. პოპულარული ენით რომ ავხსნათ, კბილების გათეთრება წყალბადის ან კარბამიდის ზეჟანგის ქიმიური, სხივური ან სითბური აგენტებით გააქტიურებას უკავშირდება. გააქტიურების შედეგად გამოყოფილი თავისუფალი ჟანგბადის ატომი აღწევს კბილის მაგარ ქსოვილებში ისე, რომ არ აზიანებს მას და წვავს ორგანულ ნაერთებს, შლის კბილის მაგარ ქსოვილებში არსებული პიგმენტების ცილებს. აღნიშნული ცვლილებები ვიზუალურად კბილების გათეთრების ეფექტს იძლევა.
– ზემოთ ჩვენებები და უკუჩვენებები ახსენეთ. ნუთუ კბილის გათეთრებასაც აქვს უკუჩვენება?
– ისევე, როგორც ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებას, უკუჩვენება კბილების გათეთრებასაც აქვს. კბილების გათეთრება უკუნაჩვენებია:
. პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების;
. კბილის კარიესის;
. კბილის მაგარი ქსოვილების სოლისებრი დეფექტის, მინანქრის ეროზიის, კბილების მნიშვნელოვანი აბრაზიისა და მინანქრის ბზარების;
. მოუხსნელი ორთოდონტიული კონსტრუქციების ტარების დროს;
. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; 
. 16 წლამდე; 
. კბილების ფრონტალურ მიდამოში ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების არსებობისას;
. მათეთრებელი საშუალებების კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციების არსებობისას.
– ესე იგი დაბჟენილი კბილების გათეთრება არ შეიძლება?
– დაბჟენილი კბილების გათეთრება პრაქტიკულად შეუძლებელია. კბილების გათეთრების დროს ფერს იცვლის კბილის მაგარი ქსოვილი – მინანქარი, ხოლო ბჟენი პირვანდელი ფერისა რჩება და მინანქრის ფერის ცვლილების გამო გაცილებით შესამჩნევი ხდება, ამიტომ ძველი ბჟენები კბილების გათეთრების შემდეგ 
ფაქტობრივად გამოსაცვლელი ხდება. იმის გამო, რომ გათეთრების დროს შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რამდენი ტონით იცვლის ფერს კბილი, ამიტომ წინასწარ შესაბამისი ფერის ბჟენის გაკეთება ვერ მოხერხდება. თუმცა თანამედროვე საბჟენი მასალების ფერთა გამაში არსებობს სპეციალური ფერები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასაბჟენად კბილების გათეთრების შემდეგ.
არ დაგვავიწყდეს კბილების გათეთრების უმთავრესი უკუჩვენებაა – კარიესი. კარიესით დაზიანებული კბილების გათეთრება არ ხდება. გათეთრებამდე კარიესით დაზიანებული ყველა კბილი უნდა დაიბჟინოს.
– კბილების გათეთრებას სამედიცინო დანიშნულებაც აქვს თუ მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტისთვის ტარდება?
– კბილების გათეთრების საკითხების განხილვის დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ კბილების გათეთრება როგორც ესთეტიკური სტომატოლოგიის ნაწილი მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტის მიღწევას ისახავს მიზნად. თავისთავად ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა, ვისაუბროთ ამ პროცედურის სამედიცინო მხარეზე? რა თქმა უნდა, შეიძლება. კბილების დისქოლორიზაციას მაგარი ქსოვილების სხვადასხვა მდგომარეობა განაპირობებს, მათ შორის – ისეთებიც, რომლებიც აუცილებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს: ესა თუ ის პათოლოგიური პროცესი, განვითარების ისა თუ ანომალია... არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ კბილების მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის სოციალური ფუნქციის შესასრულებლად. როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჯანმრთელი ადამიანი მუქი ყვითელი, რუხი ან შავი კბილებით? ამიტომ გვინდა თუ არა, კბილების გათეთრების დროს კოსმეტიკური ხასიათის პრობლემებთან ერთად სამედიცინო საკითხებსაც ვაგვარებთ.
– როგორ ხდება კბილების გათეთრება?
– თანამედროვე კლინიკურ სტომატოლოგიაში კბილების გათეთრება გულისხმობს პროცესებს, რომელთა შედეგად შესაძლებელია კბილის მაგარი ქსოვილების გაბაცება რამდენიმე ტონით. ამის მიღწევა შესაძლებელია ორი გზით: მათეთრებელი საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში არსებული ზეჟანგების უშუალო მონაწილეობით შესაძლებელია ღრმა და ზედაპირული ლაქების ამოყვანა და არამათეთრებელი, კბილის გამაბაცებელი საშუალებებით, რომლებსაც ფიზიკური და ქიმიური რეაქციების შედეგად მხოლოდ ზედაპირული ლაქები ამოჰყავს. ამ საშუალებების გამოყენება პაციენტს შეუძლია როგორც სტომატოლოგიურ კაბინეტში (რასაკვირველია, ამ შემთხვევაში პროცედურას სტომატოლოგი ატარებს), ასევე სახლის პირობებში სტომატოლოგის მითითებით. ზოგიერთი მათეთრებელი საშუალება თავისუფლად იყიდება სავაჭრო ქსელში. ისინი პირობითად ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ზეჟანგბის შემცველ კბილის მათეთრებელ აგენტებად და მათეთრებელ კბილის პასტებად. 
– როგორ ხორციელდება გათეთრება სახლის პირობებში?
– სახლის პირობებში გამოსაყენებელი კბილის მათეთრებლების ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა, თუმცა უმეტესად გამოიყენება 10%-იანი კარბამიდის ზეჟანგი. შეიძლება ვისაუბროთ კბილის გათეთრების სხვადასხვა პროგრამაზე. ამ მიმართულებით შეზღუდვა პრაქტიკულად არ არსებობს. მაგრამ კბილის გასათეთრებელი საშუალება, მისი გამოყენების წესი აუცილებლად სტომატოლოგის კონსულტაციით უნდა შეირჩეს.
წყლის საფუძველზე მომზადებული კარბამიდის ზეჟანგის ხსნარი იშლება წყალბადის ზეჟანგად და შარდოვანად. სწორად წყალბადის ზეჟანგი ხდება აქტიური მათეთრებელი აგენტი. ზეჟანგების შემცველ კბილის მათეთრებელ საშუალებათა სხვა ინგრედიენტებიდან შეიძლება დავასახელოთ გლიცერინი, კარბოპოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გემოს მიმცემი საშუალებები.
ნეიტრალურ  pH გარემოში 10%-იანი კარბამიდის ზეჟანგი უსაფრთხო და ეფექტურია. გვერდითი ეფექტებიდან ყველაზე ხშირია კბილების მომატებული მგრძნობელობა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის (უპირატესად – ღრძილების) დაზიანება. კბილების მომატებული მგრძნობელობა ხშირად თავს იჩენს კბილის გათეთრების ადრეულ ეტაპზე. რაც შეეხება ღრძილების დაზიანებას, ის უმეტესად სპეციალური კაპების დეფექტს უკავშირდება და არა უშუალოდ მათეთრებელ (გამაღიავებელ) საშუალებას.
ზემოხსენებული გართულებები, წესისამებრ, დროებითია და მკურნალობის დასრულებისთანავე ქრება.
– რას გულისხმობს პროფესიული გათეთრება?
– პროფესიული გათეთრება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კბილების გათეთრებას ექიმი სტომატოლოგის მიერ. ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი მათეთრებელი საშუალებების ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა. უმეტესად გამოიყენება 15- და 35%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარები, ცალკეულ შემთხვევებში – ორივე ერთად. მათეთრებელი საშუალებების აქტივაციის მიზნით იყენებენ სინათლის სხივის დიოდურ ან ლაზერულ ნათურებს. მათეთრებელი საშუალებების აპლიკაციის წინ აუცილებელია ღრძილების იზოლაცია კოფერდამის ან სპეციალური დამცავი გელის საშუალებით. კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება: სტომატოლოგიურ კაბინეტში კბილების პროფესიული გათეთრება ერთ საათს გასტანს, რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს სახლის პროგრამებთან შედარებით, რომლებიც საშუალოდ ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება.
პროფესიული გათეთრების გვერდითი ეფექტები და გართულებები სახლის პროგრამების მსგავსია. მათი უმეტესობა დროებითია და მათეთრებელი აგენტების ზემოქმედების შეწყვეტისთანავე ქრება. კბილის შეუქცევადი დაზიანება ძალზე იშვიათია.
– რა ფუნქცია აქვს მათეთრებელ კბილის პასტებს?
– მათეთრებელი კბილის პასტების შეძენა ყველა მსურველს შეუძლია. ასეთი პასტების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. მათ შორის არის ისეთებიც, რომელთა ეფექტიანობა საყოველთაოდ არის აღიარებული. სამწუხაროდ, ბაზარზე შეიძლება შეგხვდეთ გაურკვეველი წარმოშობის კბილის პასტებიც, რომელთა გამოყენება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჯანმრთელობას, ამიტომ არჩევანს სტომატოლოგის გარეშე ნუ გააკეთებთ. გახსოვდეთ, რომ მათეთრებელი კბილის პასტები, მათი გამოყეების წესები და ხანგრძლივობა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდება. საჭიროა დამამზადებლის ინსტრუქციის გაცნობა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არსებობს სუროგატებიც.
მათეთრებელი კბილის პასტა შეიძლება ვიხმაროთ რამდენიმე თვე, შემდეგ კი ჩვეულებრივს უნდა დავუბრუნდეთ. მათეთრებელი პასტის ხანგრძლივი გამოყენება ნებადართულია, თუ პაციენტს არ აღენიშნება ღრძილის გაღიზიანება ან კბილების მომატებული მგრძნობელობა. მათი შემჩნევისთანავე კბილის პასტის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და სტომატოლოგს მიმართოთ. ყველა სხვა შემთხვევაში მათეთრებელი კბილის პასტა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტა, დილით და საღამოს, ჭამის შემდეგ.
მათეთრებელი კბილის პასტების შემადგენლობაში შედის საპრიალებელი და ქიმიური აგენტები, რომლებსაც მხოლოდ ზედაპირული ლაქები ამოჰყავს. ეს ხდება მსუბუქი პოლირების, ქიმიური ხელაციის პირობებში, სხვა არამათეთრებელი რეაქციების გარეშე. ამით ისინი მათეთრებელი საშუალებებისგან განსხვავდება.
მათეთრებელ კბილის პასტებს შორის შეიძლება დავასახელოთ “ლაკალუტ ბრილიანტ ვაითი”. მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა რამდენიმე უნიკალური ფერმენტის შემცველობით არის განპირობებული. ფერმენტები დექსტრონაზა, ინვერტაზა, გლუკოზიოქსიდაზა კბილების გათეთრების პარალელურად ღრძილებსა და კბილებს ამაგრებს. მოხერხებულია მისი სამი ფორმაც: სენსიტივი – მგრძნობიარე კბილებისათვის, კლასიკი – ნორმალური კბილებისათვის და მენთოლი – მწეველების, ჩაისა და ყავის აქტიური მომხმარებლებისთვის.
– რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა კბილების გათეთრება?
– ესთეტიკური სტომატოლოგიის წამყვანი ექსპერტები კბილის გათეთრების სისტემების უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტურობის შესახებ საუბრისას ყოველთვის მიუთითებენ კბილის გათეთრების შესაძლო მაღალ ეფექტურობაზე, რაც გამოიხატება კბილის ფერის 2 ან მეტი ტონით გაბაცებით.
კბილების გათეთრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. არიან უნდობლად განწყობილებიც. მათ გასაგონად  მინდა აღვნიშნო, რომ მონაცემები, რომლებიც სარწმუნო სამეცნიერო კვლევებით დასტურდება, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს კბილის გათეთრების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე. თანამედროვე კლინიკურ სტომატოლოგიაში დღეს ეს საკითხი სადავო აღარ არის.
– რა უნდა გავითვალისწინოთ კბილების გათეთრების წინ?
– კბილების გათეთრებისთვის აუცილებელია ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ ჩატარებული დეტალური სტომატოლოგიური გამოკვლევა. გამოკვლევის დროს დეტალურად უნდა იქნეს განხილული კბილის გათეთრების ჩვენებებისა და უკუჩვენებების ყველა პუნქტი, პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ყველა შესაძლო გართულების თაობაზე, ხოლო მისი თანხმობის შემთხვევაში შედგეს მკურნალობის გეგმა.
მტკიცებითი მედიცინის მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევები ადასტურებს კბილის გათეთრების კლინიკურ ეფექტურობას, თუმცა ექსპერტები მიუთითებენ, რომ სწრაფი კლინიკური ეფექტის მიუხედავად, აუცილებელია შემდგომი დაკვირვება და კვლევა.

გააზიარე: