პერიოდონტიტი
გააზიარე:
პერიოდონტიტი კბილების ირგვლივ ანთებას ნიშნავს. ამ დროს ღრძილების ანთებას თან ახლავს იოგებისა და ძვლების დაზიანება. მართალია, დაავადება მრავალი სიმპტომით ვლინდება, მაგრამ ზოგჯერ, განსაკუთრებით – ადრეულ სტადიაზე, მისი აღმოჩენა არც ისე ადვილია. ამიტომ გვირჩევენ სტომატოლოგთან რეგულარულ სტუმრობას და პირის ღრუს დათვალიერებას. მკურნალობის გარეშე დაავადებამ შესაძლოა ძვლის დაზიანება და კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. საბედნიეროდ, დროული ჩარევა ამ გართულებების თავიდან აცილების წინაპირობაა.
რა იწვევს
პროცესი ბაქტერიებისგან შემდგარი წებოვანი სქელი ნადების წარმოქმნით იწყება. კბილების არარეგულარული წმენდა ღრძილის ხაზთან ნადების გამკვრივებას და ქვების წარმოქმნას იწვევს. რაც უფრო მეტხანს დარჩება კბილებზე ნადები და ქვები, მით უფრო საზიანოა და მათ მოსაცილებლად პროფესიონალის ჩარევა ხდება აუცილებელი. ღრძილებსა და კბილებს შორის თანდათან შესაძლოა გაჩნდეს ნადებით სავსე ჯიბეები, რომელიც შემდგომ ინფიცირდება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ჯიბეები ღრმავდება და ღრძილისა და ძვლის უფრო და უფრო მეტი ნაწილი ერთვება პროცესში. თუ წმენდა დროულად არ ჩატარდა, ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ტოქსინები დააზიანებს ღრძილებს და გამოიწვევს ქრონიკულ ანთებას – გინგივიტს, ღრძილები შეშუპდება და სისხლმდენი გახდება.
არანამკურნალები გინგივიტის დროს ანთება ღრძილებიდან ვრცელდება იოგებსა და ფესვების ირგვლივ არსებულ ძვალზე და პერიოდონტიტით რთულება. ირღვევა კბილბუდეში კბილის ფიქსაცია, ის მოძრავი ხდება და ადვილად ზიანდება. დროთა განმავლობაში ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება და განლევა, საბოლოოდ კი – კბილების დაკარგვაც. ზრდასრულებთან კბილების დაკარგვის ძირითადი მიზეზი სწორედ პერიოდონტიტია. მუდმივად მიმდინარე ანთება კი, თავის მხრივ, ტვირთია იმუნური სისტემისთვის.
რისკფაქტორები
პერიოდონტიტი უმთავრესად ასაკოვან ადამიანებთან აღირიცხება. 30 წლამდე ასაკში ის იშვიათია. პერიოდონტიტის განვითარებას წინ უძღვის გინგივიტი – ღრძილების დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმა. დაავადების რისკს ზრდის არარეგულარული და არასათანადო პირის ღრუს ჰიგიენა, მოწევა ან თამბაქოს ღეჭვა, მედიკამენტები რომლებიც ნერწყვის წარმოქმნას ამცირებს (ანტჰისტამინები, ანტიდეპრესანტები და ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალებები). მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას, ჰორმონულ ცვლილებებს ქალებში (ორსულობა, მენოპაუზა, ჩასახვის საკონტროლო მედიკამენტების გამოყენება), არაადეკვატურ კვებას, მათ შორის – ჩ ვიტამინის დეფიციტს, შაქრიანი დიაბეტის, კრონის დაავადების, რევმატოიდული ართრიტის არსებობას ანამნეზში, აგრეთვე ისეთ დაავადებებს, რომლებიც აქვეითებს იმუნური სისტემის პასუხს (სიმსივნური დაავადებები, აივ ინფექცია).
სიმპტომები
პერიოდონტიტი სერიოზული მდგომარეობაა და შესაძლოა კბილის შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვიოს, ამიტომ მისი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია დანტისტთან დროულად მისვლა. დაავადების დროს ჩნდება ჰალიტოზი – უსიამოვნო სუნი პირიდან, ღრძილები მეწამულია და პრიალებს, შეშუპებულია, კბილების ხეხვისას ან ძაფით წმენდისას – სისხლმდენი, შეხებისას – მგრძნობიარე, თუმცა სხვა მხრივ უმტკივნეულოა. ღრძილის ქსოვილი ისე განილევა, რომ კბილის უმეტესი ნაწილი ხილული ხდება და უფრო გრძელი ჩანს, აღინიშნება დისკომფორტი და მტკივნეულობა ღეჭვის დროს. ღრძილებსა და კბილებს შორის წარმოიქმნება ჯიბეები. აღინიშნება ისეთი სიმპტომებიც, როგორიცაა:
* კბილბუდეში კბილის მოძრაობა;
* კბილებს შორის თავისუფალი სივრცეების გაჩენა;
* ყვითელი, ყავისფერი, მწვანე ან თეთრი მაგარი ნადების გაჩენა კბილებზე;
* კბილების მგრძნობელობის მომატება.
აღსანიშნავია, რომ ადრეული სიმპტომები ძალიან ჰგავს გინგივიტის სიმპტომებს.
პერიოდონტიტი შესაძლოა გართულდეს რბილი ქსოვილების ან კბილის აბსცესით, ყბის ძვლების ინფექციით, კბილების დაკარგვით, ღრძილებზე წყლულების გაჩენით. ზოგჯერ პერიოდონტიტის გამომწვევი ბაქტერია სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აღწევს და აზიანებს სასუნთქ გზებს, სახსრებს, გულს, ართულებს დიაბეტის კონტროლს.
პერიოდონტიტის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
* აგრესიული პერიოდონტიტი – ახასიათებს კბილები სწრაფი მორყევა და ძვლის დესტრუქცია.
* ქრონიკული პერიოდონტიტი – იწვევს კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთებას, კბილების პროგრესირებად მორყევას და ძვლის ქსოვილის კარგვას. ის პერიოდონტიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მისთვის ტიპობრივია ჯიბისებრი წარმონაქმნების ფორმირება და ღრძილის განლევა. უმეტესად ზრდასრულებთან გვხვდება.
* სისტემური დაავადებით გამოწვეული პერიოდონტიტი – იწყება შედარებით ახალგაზრდა ასაკში. პერიოდონტიტის ამ ფორმასთან ასოცირდება გულის, სასუნთქი გზების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
* მანეკროზებელი პერიოდონტული დაავადება – მისთვის დამახასიათებელია ღრძილის ქსოვილის, იოგებისა და ყბის ძვლის ნეკროზი. ასეთი დაზიანება უფრო ხშირად შეინიშნება აივ ინფექციის, მალნუტრიციის (ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების არასრულფასოვანი მიღების) და იმუნოსუპრესიის დროს.
დიაგნოსტიკა
ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ათვალიერებს პირის ღრუს, ყურადღებას აქცევს სიმპტომების განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს. ჯანმრთელი ღრძილები მკვრივია და ვარდისფერი, პერიოდონტიტის დროს კი ისინი რბილი, შეშუპებული და მოწითალო-მეწამულია. მოწმდება ნადების, ქვების, ჯიბეების არსებობა კბილების ირგვლივ. ზოგჯერ კბილი კბილბუდეში თავისუფლად მოძრაობს და ღრძილის ქსოვილი კბილს მოშორებულია. თუ პროცესს თან არ ახლავს კბილის აბსცესი, ღრძილები უმტკივნეულოა ან მხოლოდ მცირედი მგრძნობელობა ახასიათებს. კბილთან, ღრძილის ხაზის ქვეშ, პერიოდონტული ზონდის მოთავსებით ექიმი განსაზღვრავს ღრძილებსა და კბილებს შორის არსებული ჯიბის სიღრმეს. ჯანმრთელ პირის ღრუში ჯიბის სიღრმე 1-3 მმ-ია, ხოლო 4 მმ–ზე მეტი სიღრმის ჯიბე პერიოდონტიტზე მიუთითებს. თუ ჯიბე ღრმაა, რენტგენოგრაფიით ამოწმებენ ყბის ძვლის დაზიანებას და კბილების მდგომარეობას. შესაძლოა ღრძილების ქვეშ გამოჩნდეს ქვებიც. დაავადების სიმძიმის მიხედვით ექიმი ადგენს პერიოდონტიტის სტადიას და სახავს მკურნალობის გეგმას.
მკურნალობა
მკურნალობის მიზანი კბილების ირგვლივ არსებული ჯიბეების გაწმენდა და ძვლის დაზიანების თავიდან აცილებაა. საამისოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ – ღრმა წმენდიდან ოპერაციულ ჩარევამდეც კი. განურჩევლად იმისა, რა სახის მკურნალობა ჩატარდება, პაციენტს მოეთხოვება, მკურნალობის შემდეგ დაიცვას პირის ღრუს ჰიგიენა. თუ პერიოდონტიტი ახალი დაწყებულია, მკურნალობა შესაძლოა არაინვაზიური პროცედურებით შემოიფარგლოს, რაც გულისხმობს ქვებისა და ბაქტერიების მოცილებას კბილის ზედაპირიდან და ღრძილების ქვეშ. ამისთვის გამოიყენება ინსტრუმენტები, ლაზერი ან ულტრაბგერითი აპარატი. ღრმა წმენდის მიზანია კბილის ფესვების ირგვლივ არსებული უხეში ნადების მოცილება, ფუძესთან კბილის ზედაპირის გასუფთავება, რათა შემდგომში ქვები და ბაქტერიები აღარ დაგროვდეს. ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას აფერხებს პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები და ანტიბიოტიკის შემცველი გელი, რომელიც კბილებსა და ღრძილებს შორის თავსდება ღრმა წმენდის შემდეგ. ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის სრული მოსპობისთვის ზოგჯერ დასალევ ანტიბიოტიკებს გამოწერენ.
მძიმე ფორმის პერიოდონტიტის დროს ოპერაციული ჩარევას მიმართავენ. არსებობს მისი რამდენიმე ვარიანტი:
* ჯიბის შესამცირებელი ოპერაცია – ღრძილზე კეთდება მცირე განაკვეთი, ისე, რომ მისი გადაწევა იყოს შესაძლებელი და საფუძვლიანად აცილებენ ნადებს და ქვებს. თუ ძვლოვანი ქსოვილი დაზიანებულია, მასაც აღადგენენ. მერე კი ღრძილებს ისევ მჭიდროდ ამაგრებენ კბილის ირგვლივ.
* ღრძილის ქსოვილის დაზიანება ღრძილის ხაზების განლევას იწვევს. ასეთ დროს დაზიანებული რბილი ქსოვილის აღსადგენად სასიდან იღებენ მცირე ზომის ქსოვილს და ამაგრებენ დაზიანებულ ადგილას, რის შედეგადაც კბილის ფესვები ბოლომდე იფარება და ღრძილების შემდგომი დაზიანება მცირდება.
კბილის ფესვების ირგვლივ ძვლის დაზიანებისას ტარდება ძვლის გადანერგვა. გადანერგავენ პაციენტის საკუთარი (წესისამებრ, თეძოს ან ყბის ძვლიდან აღებული) ან სინთეზური ძვლის მცირე ფრაგმენტს. ძვლის გადანერგვა კბილის დაკარგვის პრევენციას უზრუნველყოფს. ამასთანავე, ქმნის ერთგვარ პლატფორმას ბუნებრივი ძვლის ხელახალი ზრდისთვის.
ქსოვილების მართვადი რეგენერაცია ხელს უწყობს ბაქტერიით დაზიანებული ძვლის ხელახალ წარმოქმნას. ამისთვის ძვალსა და კბილს შორის ათავსებენ სპეციალურ ბიოთავსებად მასალას, რომელიც ძვალს აღდგენის საშუალებას აძლევს.
ქსოვილის მასტიმულირებელი ცილების გამოყენება – დაზიანებული კბილის ფესვთან თავსდება სპეციალური გელი, რომელიც შეიცავს იმავე ცილებს, რომლებსაც განვითარებადი კბილის მინანქარი და ჯანსაღი ძვლისა და ქსოვილის აღდგენას ასტიმულირებს.
პრევენცია
პერიოდონტიტის თავიდან ასაცილებლად მოწოდებულია პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – კბილების ხეხვა ორი წუთის განმავლობაში, დღეში, სულ მცირე, ორჯერ (დილით და ძილის წინ) ფთორის შემცველი კბილის პასტით. ფთორი ებრძვის კარიეს და ამაგრებს კბილებს. კბილებს შორის ჩარჩენილი საკვებისა და ნადების მოსაცილებლად საჭიროა რეგულარული წმენდა კბილის ძაფით. სწორი ჰიგიენა ხელს უშლის პერიოდონტიტის გამომწვევი სპეციფიკური ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება.
პირის ღრუს დასათვალიერებლად და კბილების პროფესიონალური წმენდისთვის სტომატოლოგთან ვიზიტს 6-12 თვეში ერთხელ გვირჩევენ, ხოლო თუ ატსებობს პერიოდონტიტის რისკფაქტორები, პროფესიონალური წმენდა უფრო ხშირად არის საჭირო.
მარიამ რამაზაშვილი