აღზევანს წასვლა გადაიდო

გააზიარე:

მეთერთმეტე წელია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას თებერვლის პირველი შვიდი დღე მარილის მსოფლიო კვირეულად აქვს გამოცხადებული, 
მაგრამ არა მისდამი პატივისცემის ნიშნად – ჩვენი ცხოვრების ამ უცვლელ თანამგზავრს ბრძოლას უცხადებენ. მისი უდიდებულესობა ნატრიუმის ქლორიდი მტრად არის შერაცხული.
ბროლის მოსატანად ცხრა მთას იქით სიარული, დრო, როცა რამდენიმე მომცრო ნატეხად მონას იყიდიდი და სავსე სამარილით როგორც ოჯახის მუხლმაგრობის ნიშნით თავის მოწონება წარსულს ჩაბარდა. თან გაჰყვა (ანუ მარილზე გაემგზავრა) ლათინური სიტყვაც salarium, თუმცა ინგლისური salary ლექსიკონში დღესაც იწონებს თავს და ყველა დასაქმებულს თვეში ერთხელ (ან ისე, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული) ახარებს. გუმანმა არ გიმტყუნათ – ერთიც და მეორეც ხელფასს, ანაზღაურებას ნიშნავს და აშკარად მარილიანი ეტიმოლოგია აქვთ. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში 193 მილიონ ტონას მოიპოვებენ და ამაში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას შეაქვს წვლილი, ჯანმრთელობა და ზღვის წყლიდან თუ კლდის ქანებიდან მიღებული სიმდიდრე ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

სიკვდილის თეთრი ნიღაბი
გავრცელებული ხუმრობის თანახმად, სანამ თეთრ სიკვდილად მარილი და შაქარი ითვლება, კოკაინს შეუძლია მშვიდად იძინოს. ტკბილ-ტკბილი საუბრები სხვა დროისთვის გადავდოთ, მარილის ნათლობის ამბავს კი მეტ-ნაკლებად დაწვრილებით მოგახსენებთ.
უკვე ნახსენები (და კიდევ არაერთხელ სახსენებელი) ჯანმოს მონაცემებით, გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი ქრონიკულ სნეულებებს ეწირება. შემთხვევათა მესამედში ბრალი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მიუძღვით, თანაც მათი 80% მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების წილად მოდის. ისიც ცნობილია, რომ გულის დაავადებების, ინსულტის, II ტიპის დიაბეტის შემთხვევათა 80% და კიბოს 40% შეიძლება საკმაოდ მარტივი და ხარჯეფექტური საშუალებებით ავიცილოთ თავიდან.
ციფრებით დაბომბვა ჯერ არ დაგვიმთავრებია. გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების ყველაზე მძლავრი ხელშემწყობი ფაქტორი მაღალი არტერიული წნევა ყოფილა. რა თქმა უნდა, ის ერთადერთი არ არის – ყველაზე შრომისმოყვარე ორგანოსა და ათიათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ სისხლძარღვებს სხვაც ბევრი რამ ემტერება: საერთო ქოლესტეროლისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოტროტეიდების (ე. წ. ცუდი ქოლესტეროლის) მომატებული დონე, თამბაქო, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ხილ-ბოსტნეულის ნაკლებობა, მცირე ფიზიკური აქტივობა, – მაგრამ ვერც სიხშირით და ვერც გამანადგურებელი ძალით წნევასთან ახლოს ვერც ერთი ვერ მივა. თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანება – ასიდან 62, ხოლო გულის არტერიების  დაზიანება – ასიდან 49 შემთხვევაში სწორედ მაღალი წნევის ბრალია და ყოველწლიურად სულ მცირე 7 მილიონ ადამიანს იწირავს.
მარილიანი კერძების სიყვარული და მაღალი წნევა კი თურმე ხელიხელჩაკიდებულები დადიან. მარილის მოყვარულ ქვეყნებში წნევიანი გაცილებით მეტი ყოფილა, ვიდრე მოძულეებში (გაგიკვირდებათ და ასეთებიც არსებობს). კოხრეინის თანამშრომლობამ რამდენიმე გამოკვლევის შედეგები შეაჯამა და დაადგინა, რომ მარილის მოხმარების დღეში 4.5 გ-ით შემცირება მომატებულ სისტოლურ და დიასტოლურ მაჩვენებლებს შესაბამისად 4.97 და 2.74 მმ-ით ამცირებს, ნორმალურს კი  2.03 და 0.99 მმ-ით. მიუხედავად ამისა, მარილშემამცირებელ სტრატეგიას მაღალწნევიანებთან ერთად მიზანში ნორმალურწნევიანებიც ჰყავს ამოღებული. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მლაშეებზე შეყვარებულს, ასაკში რომ შევა, გადაჩვევა უფრო გაუჭირდება, არადა ხანდაზმულის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა. მეორეც, ასეთი მცირე ცვლილებაც კი მთელ პოპულაციაზე გადათვლით უზარმაზარ სხვაობას გვაძლევს და წელიწადში თურმე 2.5 მილიონ ადამიანს დაიხსნის სიკვდილისგან (გამოთვლების მექანიზმს – სავარაუდოდ, სირთულის გამო – არ განგვიმარტავენ. ალბათ იციან, რომ ჩვეულებრივი მოკვდავის ტვინი ამდენს ვერ მოერევა და წნევა უმარილოდაც აუწევს. ასე რომ, მოგვიწევს, სიტყვაზე ვენდოთ).

არა წნევითა ხოლო
მართალია, მარილთან სხვა პათოლოგიების კავშირი ისე დაწვრილებით არ არის შესწავლილი, როგორც წნევისა, მაგრამ მონაცემები მაინც არსებობს. როგორც ჩანს, Nacl-ის ბოროტმოქმედებათა ნუსხა მხოლოდ ამით არ ამოიწურება. უმარილობა, სავარაუდოდ, თავიდან აგვაცილებს:
 - უშუალოდ გულისა და სისხლძარღვების დაზიანებას. ასეთი გავლენა ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა გამოავლინა.
- სიმსუქნესა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს, მაგალითად, შაქრიან დიაბეტს. მარილიანი კერძები წყურვილს აღვიძებს. ბევრი ამ დროს უბრალოდ წყალს კი არა, ტკბილ ან ალკოჰოლიან სითხეებს მიირთმევს და ორგანიზმს ფუჭი კალორიებითაც ტენის. გამოთვლებით, მარილის მოყვარულ ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბი კალორიების 20-30% ტკბილი გაზიანი სასმელების წილად მოდის. ასე რომ, მარილთან ბრძოლით კოკა-კოლასაც ვებრძვით და სიმსუქნის ეპიდემიის შეჩერებასაც ვაადვილებთ.
- ბრონქულ ასთმას. სასუნთქი გზებისა და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების რეგულაციის ბიოლოგიური მექანიზმები ერთმანეთს ჰგავს. ეჭვობენ, რომ მარილით მდიდარი რაციონი ასთმით დაავადებულებში სასუნთქი გზების რეაქტიულობას ზრდის. საკვებში მარილის შემცველობისა და ასთმის სიმძიმეს შორის კავშირის დასადგენად რამდენიმე მცირე რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევაა ჩატარებული (ანუ ნაკლებმასშტაბური, მაგრამ სანდო). შედეგების შეჯამებამ მარილის მოყვარულებში სასუნთქი გზების შევიწროების მეტი ტენდენცია აჩვენა. სტატისტიკურად სანდო დასკვნების გამოსატანად მონაცემები ჯერ არ არის საკმარისი, მაგრამ მარილი ასთმიანებისთვის უსაფრთხო რომ არ უნდა იყოს, ცხადია.
- შარდკენჭოვან დაავადებას. მარილის უხვი მიღება შარდით კალციუმის გამოყოფას ზრდის. თირკმელებში კალციუმიანი ქვების პრევენციისა და მკურნალობის ძირითადი მექანიზმი სწორედ მარილის რაოდენობის შეზღუდვაა.
- ოსტეოპოროზს. ალბათ გახსოვთ, ეს დაავადება ძვლების სიმტკიცის შემცირებას და მოტეხილობებისადმი მიდრეკილებას იწვევს. ერთ-ერთი ჰიპოთეზით, მისი მიზეზი შესაძლოა მარილის ჭარბი მოხმარებისას შარდით კალციუმის გაძლიერებული გამოყოფაც იყოს.
- კუჭის კიბო. დიდი ხანია, რაციონში მარილის მაღალი შემცველობა და კუჭის კიბოს გახშირება ერთმანეთს დაუკავშირეს. წინათ ფიქრობდნენ, რომ მარილით მდიდარი საკვები კარცინოგენებსაც (მაგალითად, ნიტრატებს) მრავლად შეიცავს, ბოლო დროს კი ცხოველებზე ჩატარებული კვლევებმა აჩვენა, რომ მარილი კარცინოგენებისადმი მგრძნობელობას ზრდის. რამდენად მსგავსია ადამიანის ორგანიზმზე ამ ქიმიური ნივთიერების გავლენა, ჯერ კიდევ დასადგენია.

რამდენს ვჭამთ და უნდა ვჭამდეთ
თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, ცივილიზაციის გარიჟრაჟზე დღეში სულ 0.1 გ მარილს მივირთმევდით (თუმცა სიტყვაზე დაჯერება სულაც არ არის აუცილებელი, ასეთი ველური ტომები დღესაც მოიძებნება), დღეს კი მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ და 10-ჯერ კი არა, 100-ჯერ  მეტია. ზუსტად რის წილად მოდის ეს 10-12 გრამი, ქვეყნის ტრადიციებსა და განვითარების დონეზეა დამოკიდებული. ჩინეთში მარილს კერძებს ოჯახშივე უმატებენ, ამერიკაში კი შინ მხოლოდ 11%-ს თუ იყენებენ, ძირითად ნაწილს სახლის გარეთ მირთმეული კერძებიდან თუ მზა პროდუქტებიდან ითვისებენ.
თუ მზად ხართ, ჯანმრთელობაზე მარილის გავლენისა და მისი ნორმის საკითხებში უფრო ღრმად ჩაიხედოთ, ქიმიის გახსენება მოგიწევთ. ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ სუფრის მარილი ნატრიუმის ქლორიდია. ქლორს ბევრს არაფერს ვერჩით, ბრალდებები უმთავრესად ნატრიუმის ბოსტნისკენ ცვივა. ეს უკანასკნელი შეიძლება საჭმელი სოდიდანაც შევითვისოთ. თუ სხვადასხვა მზა საკვების ეტიკეტს დააკვირდებით, ნატრიუმის გლუტამატს, ალგინატს, ნიტრიტს თუ ნიტრატსაც აღმოაჩენთ (გემოს გამაძლიერებლები, კონსერვანტები და ა. შ.). ამიტომაც, მხოლოდ მარილის შემცველობის დათვლამ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოსო და მეცნიერებმა ნატრიუმის ნორმაც დააწესეს.
ნატრიუმის დღიური ნორმა 1500-დან 2400 მგ-მდეა. გაითვალისწინეთ: 1 ჩ. კ. (5-6 გ) მარილი 2300 მგ ნატრიუმს შეიცავს, 1 ჩ. კ. საჭმელი სოდა – დაახლოებით 1000 მგ-ს. ბავშვებს, ხანდაზმულებს და ზოგიერთი პათოლოგიის მქონეთ მარილისადმი მეტი მგრძნობიარობა ახასიათებთ და უფრო ნაკლები უნდა იხმარონ (ეს ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მომატებულ წნევას ეხება). დადგენილია, რომ თუ ჰიპერტენზიით დაავადებული ჭარბ წონასა და უმოძრაობასთან ერთად სულ ცოტა მარილსაც შეელევა, შესაძლოა წამალი აღარც კი დასჭირდეს. რაციონალურ აშშ-ში დიეტოლოგებმა წნევიანებსაც და ჰიპერტენზიის პროფილაქტიკის მსურველებსაც ყველაფერი მისხალ-მისხალ დაუთვალეს და ამ ყველაფერს კვების DASH (Dietary Approaches to Stop Hypertension – ჰიპერტენზიის შესაჩერებელი დიეტული მიდგომები) გეგმა უწოდეს. მის შესახებ დაწვრილებით ჩვენი ჟურნალის შარშანდელი მე-7 (58-ე) ნომრის მთავარ თემაში წაიკითხავთ. 
ლიმიტი ლიმიტად და თუ მარილის მთვლელ მეცნიერებს დავუჯერებთ (ისინი კი იმდენნი და იმდენი ეროვნებისანი არიან, რომ ძნელი წარმოსადგენია, ერთმანეთთან იყვნენ შეთანხმებულნი ან რამე ეჩვენებოდეთ), დღეში 5 გ მარილზე ჩამოსვლას მხოლოდ იმიტომ გვირჩევენ, რომ ჩვენს ნერვულ სისტემას უფრთხილებიან და ცდილობენ, მეტისმეტი არ მოგვთხოვონ, თორემ ზემოხსენებულ ტომებშიც კი უმარილობით გამოწვეულ ვერც ერთ სნეულებას ვერ მიაგნეს.

რას შვრება ჯანმო
ხმალამოღებული იბრძვის და სულ არ აპირებს, კვირეულის ან ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის დაწესებით შემოიფარგლოს. თუ შარშანდელ და შარშანწინდელ ანგარიშებს ვენდობით, უკვე შეუძლია, წარმატებებითაც დაიკვეხნოს. საგამოძიებო ქმედებები დამთავრებულია, მარილის საქმე გადაწყვეტილია და  განაჩენიც გამოტანილი. საქმეს ვერც იოდის დეფიციტის გადაჭრის ყველაზე იაფმა ხერხმა უშველა, რადგან იოდიან მარილში იოდი სწორედ მარილის სწორედ 10-12-გრამიან დღიურ მოხმარებაზეა გათვლილი. მაგრამ თუ პლუს-მინუსებს ავწონით, წნევა უფრო საშიშია, თანაც შეგვიძლია, სხვა რაღაცების (პურის, ზეთის, ჩაის) იოდით გამდიდრების იაფი გზებიც ვეძებოთ, შემცირებული მარილიც აუცილებლად იოდიანი იყოს, ვისაც საჭიროა, წამალი ვასვათ… მარილთან ბრძოლის შეწყვეტა კი არ ღირს. მარილის მოხმარების შემცირება მილიონობით ადამიანის გადასარჩენად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იაფი ინტერვენციაა, თანაც განვითარებულ ქვეყნებში არც ძვირადღირებული პიარკამპანიის წარმოებაა საჭირო: თურმე მარილის 15-20%-ით შემცირება საკვებს გემოს ფაქტობრივად არ უცვლის და თუ სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ვაიძულებთ, მარილის ნაწილს შეელიონ, მოსახლეობა ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ნაკლებ მარილზე გადავა. რამდენიმე ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებები უკვე დაწყებულია. დიდ ბრიტანეთში 1996 წელს მთავრობამ კვების მრეწველობისგან პოლიტიკური მხარდაჭერის დაკარგვის შიშით მარილის ნორმების დაწესებაზე უარი თქვა, დიეტოლოგებმა და ექიმებმა კი ჯანმრთელობისა და მარილის კონსენსუსის აქციის ჯგუფი შექმნეს და თუმცაღა მარილის შემცირება სავალდებულოდ არ ქცეულა, 10%-იან შემცირებას მაინც მიაღწიეს და, მათივე გამოთვლით, წელიწადში 7000 სიცოცხლეც გადარჩინეს. მექანიზმი ძალიან მარტივია: პროდუქტის ეტიკეტზე მწარმოებელმა შუქნიშნის ფერებით უნდა მიუთითოს მარილის შემცველობა – მცირე, საშუალო თუ მაღალი. ბუნებრივია, ფაბრიკა-ქარხნის პატრონებს წითელ ან ყვითელ ჯგუფში მოხვედრას მცირე ტექნოლოგიური ცვლილებების გატარება ურჩევნიათ. შედეგად ყველა ბედნიერია –  ხალხიც, მთავრობაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, კვების ინდუსტრიაც: მარილის რაოდენობის შემცირება კლიენტების რაოდენობაზე არანაირად არ ასახულა. ახლა ჯგუფი მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს იწყებს, მარილის რაოდენობა უფრო მეტად რომ შეამციროს. სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გაზიარებაზე ჯანმო ზრუნავს.

რა ვქნათ ჩვენ
ნუ იფიქრებთ, რომ სრულიად უმარილო და უგემური ცხოვრებისთვის გაწირვას გიპირებთ. ბოლოს და ბოლოს, ათასობით ირემს ფინეთის გზებზე ყოველ ზამთარს კვების ინდუსტრია ხომ არ იტყუებს ტექნიკური (და, სავარაუდოდ, უგემური) მარილის ასალოკად. მთავარია, ზომიერებამ არ გიმტყუნოთ. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ხშირად გვღალატობს, მაგრამ გამოსწორება ყველას შეგვიძლია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარილის სიყვარული აკვნიდან არავის დაჰყვება, შემდეგ ვსწავლობთ და არც ნელ-ნელა გადაჩვევაა ძნელი და მტკივნეული. თუ მაღალი წნევა და ჭარბი წონა არ გაწუხებთ, არც მარილის გრამობით თვლას მოგთხოვთ. უბრალოდ, შეეცადეთ, მარილი კერძს ოდნავ დააკლოთ, სამაგიეროდ კი მწვანილი, სუნელები ან წიწაკა დაუმატოთ. პროდუქტების შესანახად ალტერნატივა ეძებეთ. მაგალითად, ხორცი დამარილების ნაცვლად გაყინეთ. ცოტა ხანში პროდუქტების ნამდვილ გემოსაც აღმოაჩენთ.
სუპერმარკეტიდან თუ სწრაფი კვების ობიექტიდან უნებლიეთ მარილის დიდი დოზა რომ არ გამოგყვეთ:
. ეცადეთ, სადილი შინ მოამზადოთ;
. მიირთვით მეტი უმი ხილი და ბოსტნეული;
. თუ დამუშავებული საკვების (ძეხვეულის, სოსისის, კონსერვის) მირთმევა მოგიხდათ, არჩევანი იმ ვარიანტზე შეაჩერეთ, რომელიც ნატრიუმს ან მარილს ყველაზე მცირე ოდენობით შეიცავს.

გააზიარე: