ჰიგიენური საფენები და ტამპონები
გააზიარე:
ქალს კომფორტის მოთხოვნილება ნამდვილად აქვს. ასე რომ არ იყოს, არც სარეცხ მანქანას გამოიგონებდნენ, არც ფენს და არც ბევრ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთს. მაგრამ ქალური კომფორტი წარმოუდგენელი იქნებოდა... ჰიგიენური საფენების გარეშე.
მდიდარი ეგვიპტელი, სირიელი და ბაბილონელი დიაცები კრიტიკულ დღეებში დაგორგლილ პაპირუსს იყენებდნენ, საქალეთის შედარებით მდაბიო
წარმომადგენლები – უხეშ ლერწამს, განსაკუთრებით გონებამახვილი დიაცები კი დამუშავებული სელის საფენებს, რომლებიც ეფექტურობით თანამედროვე ჰიგიენურ საშუალებებს არ ჩამოუვარდებოდა.
ძველი ბერძენი ქალები, სანამ ქსოვილის გამოყენებაზე გადავიდოდნენ, ხის ყლორტებს ხმარობდნენ, რომლებსაც გარშემო შემწოვ მასალას ახვევდნენ. ცხადია, ეს საშუალებები ძალზე მოუხერხებელი იყო და საშვილოსნოს ყელს მეტისმეტად აღიზიანებოდა.
აი, რომაელი ქალბატონები საკუთარ ჯანმრთელობას მეტად უფრთხილდებოდნენ და, რა დასამალია, ფანტაზიაც უფრო მდიდარი ჰქონდათ: საფენებად ქონში ამოვლებულ ცხოველის ბეწვს იყენებდნენ.
ბიზანტიელი ზეპური დიაცებიც მხოლოდ საუკეთესოს სჯერდებოდნენ: მათთვის, არც მეტი, არც ნაკლები, კავკასიიდან საგანგებოდ ჩაჰქონდათ ცხოველის ბეწვი!
მათგან განსხვავებით, იაპონიაში მდიდარიც და ღარიბიც ერთი და იმავე მასალის – ქაღალდის საფენებს ხმარობდა.
ფუფუნება რომაელებივით ჰყვარებიათ ესკიმოსებსაც: ისინიც ცხოველის ბეწვს იყენებდნენ (შესაძლოა, ახლაც ასეა:), თუმცა ოკეანესთან ახლოს მცხოვრებნი უპირატესობას წყალმცენარეებს ანიჭებდნენ.
ევროპაში თანამედროვე საფენების გამოგონებამდე ნაჭრებს იფენდნენ, რომლებსაც ცალი ბოლოთი ქამარზე ამაგრებდნენ. ალბათ იოლი მისახვედრია, რამხელა დისკომფორტს იწვევდა ამგვარი “პაკეტი”!
საფენი საფენს მხოლოდ მეოცე საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომის დროს დაემსგავსა. ექიმებმა (უფრო კი, ალბათ, ექთნებმა :)) აღმოაჩინეს, რომ დაჭრილების შესახვევად განკუთვნილი მასალა სისხლს ეფექტურად იწოვდა და აზრი დაებადათ, ჰიგიენურ საფენადაც ხომ არ გამოგვეყენებინაო. ასე იქცა სახვევები საფენებად, მოგვიანებით კი შემწოვი მასალა, ცელუკოტონი, ჰიგიენური საფენების წარმოებაში ჩაუშვეს. ეს გმირობა 1920 წელს ამერიკულმა კომპანიამ “კიმბერლი ენდ კლარკმა” ჩაიდინა.
ქარხნული წესით დამზადებული პირველი ჰიგიენური საფენები აფთიაქებში იყიდებოდა, მაგრამ მიუხედავად მეტისმეტი საჭიროებისა, მოთხოვნა უმნიშვნელო იყო – ქალებს რცხვენოდათ, მოეთხოვათ საშუალება, რომელიც კრიტიკული დღეებისთვის იყო განკუთვნილი. მწარმოებლებმა ბანოვანთა მოკრძალება დააფასეს – აფთიაქებში პატარა ოთახები გამოყვეს, ფარდა ჩამოაფარეს (როგორც თანამედროვე გასახდელებში) და ქალებს საშუალება მისცეს, საფენი ყველასგან მალულად აეღოთ, ხოლო ფული იქვე, ყულაბაში ჩაეყარათ.
სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ პირველი “ოფიციალური” ტამპონიც გაჩნდა... ცნობილი ამერიკელი ქირურგის ერლ ჰაასის საყვარელ მეუღლეს ძალიან უყვარდა ჯირითი, მაგრამ კრიტიკულ დღეებში დისკომფორტის გამო თავის გატაცებაზე უარის თქმა უწევდა და ხასიათი უფუჭდებოდა. მზრუნველმა (ან იქნებ მეუღლის უგუნებობით შეწუხებულმა) ქმარმა გამოსავალი იპოვა: ქირურგიული ბამბა დაგორგლა, შუაში თასმა დააყოლა, გარშემო რბილი ქაღალდი შემოახვია და, სავარაუდოდ, არცთუ საზეიმო ვითარებაში გადასცა ცოლს. თავის შემოქმედებას ჰაასმა “ტამპექსი” უწოდა (tampon – ტამპონია, pack – შეკვრა). სულ რაღაც სამიოდე წელიწადში ეს პაწაწინა ნივთი ჰიგიენის სფეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად იქნა აღიარებული.
არც ისე უხერხული არჩევანი
ეს ყველაფერი ქალებმა შესანიშნავად იციან, მაგრამ მაინც:
. ჰიგიენური საფენი საცვალზე მაგრდება. თუ ფრთები აქვს – კიდევ უფრო საიმედოდ!
. ჰიგიენური ტამპონი საშოს შიგნით თავსდება, გამოღება კი მასზე საიმედოდ მიმაგრებული ძაფის საშუალებით არის შესაძლებელი.
ჰიგიენური საფენი, ისევე როგორც ტამპონი, სხვადასხვა ზომისა, ფორმისა, თქვენ წარმოიდგინეთ, სურნელისაა. სურნელოვანი (წარწერით Deo) საფენებისა და ტამპონების გამოყენებას სპეციალისტები მაინცდამაინც არ გვირჩევენ – შესაძლოა, სურნელოვანმა ნივთიერებამ კანი გააღიზიანოს ან ალერგია გამოიწვიოს. უსიამოვნო სუნის გასაქრობად კი საფენის (ასევე ტამპონის) ხშირ ცვლას გვირჩევენ.
საფენის ცვლის სიხშირე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერია მენსტრუალური სისხლდენა. სწორედ ამ ფაქტორის (გამძლეობის) გათვალისწინებით არის შექმნილი ჰიგიენური საფენები და “წვეთებით” არის მარკირებული. რაც უფრო ძლიერია სისხლდენა (უმეტესად მენსტრუაციის მე-2 და მე-3 დღეებში), მით მეტად შემწოვი (მეტწვეთიანი) საფენის გამოყენება მოგიწევთ. არსებობს საფენები, რომლებიც ღამით განსაკუთრებით საიმედოდ დაგიცავთ. მათ შეფუთვაზე night აწერია.
საფენი ერთწვეთიანია თუ ხუთწვეთიანი, ღამისთვის არის განკუთვნილი თუ დილისთვის, დღისით 3-4 საათში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოთ, ჰიგიენური ტამპონების შეცვლა კი 4-6 საათში ერთხელ სასურველი.
ტამპონები საფენებივით (ანუ წვეთებით) არ არის კლასიფიცირებული. ძლიერი სისხლდენის დროს გირჩევთ არჩევანი იმ ტამპონზე შეაჩეროთ, რომელსაც აწერია “super”. საზოგადოდ კი, გირჩევთ, ნაკლები აბსორბციის (შეწოვის) უნარის მქონე ტამპონი გამოიყენოთ და ხშირად იცვალოთ, ვიდრე საჭიროზე ძლიერი.
ბევრი გოგონა და ზოგიერთი ზრდასრული ქალიც კი წუხს, ხომ არ შესრიალდება ტამპონი სხეულში და ხომ არ დაიკარგებაო. დაგამშვიდებთ: ასეთი რამ, ძალიანაც რომ მოინდომოთ, ვერ მოხდება. საშო საშვილოსნოს ყელისკენ მეტისმეტად ვიწროა და ტამპონს არ გაატარებს. გარდა ამისა, ძაფზე მოქაჩვით ტამპონს გარეთ იოლად გამოაგდებთ.
ჩემი პირველი ტამპონი
ჰიგიენური ტამპონის გამოყენება რთული სულაც არ არის. მთავარია, ყველაფერი ზუსტად გააკეთოთ, ანუ ასე:
. თუ პირველად იკეთებთ ტამპონს, გირჩევთ, რაც შეიძლება მცირე ზომისა შეარჩიოთ.
. გაკეთების დროს შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ. თუ ინერვიულებთ, საშოს კუნთები დაგეჭიმებათ და ტამპონის შესვლას გააძნელებს.
. ტამპონის კოლოფიდან ამოღების წინ ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ.
. ჰიგიენური ტამპონის საშოში მოთავსება ნებისმიერ თქვენთვის სასურველ პოზიციაში შეგიძლიათ (ჩაცუცქულს, შემაღლებულ ნივთზე დადებული ცალი ფეხით...).
. ეცადეთ, ტამპონი შეძლებისდაგვარად ღრმად მოითავსოთ, თორემ შეგაწუხებთ.
. თუ პირველ ჯერზე ტამპონის მოთავსება გაგიჭირდათ ან არცთუ ღრმად გაიკეთეთ და გამოსრიალდა, ნუ იჯავრებთ. გამოყენებული ტამპონი გადააგდეთ და ახლით ხელახლა სცადეთ.
. თუ ტამპონს საშოში შესრიალება უჭირს, ვაგინალური ლუბრიკანტის წასმას გირჩევთ.
. ძალიან იშვიათად ტამპონი ურჩობს და რამდენიმე ცდის შემდეგაც არ შედის საშოში. ამის მიზეზი ანატომიურად ვიწრო ვაგინალური შესასვლელია, რაც მოზარდ გოგონათა 2%-ს აღენიშნება.
შოკი!
“შეიცავს ტშს-ს საფრთხეს” – ამგვარ წარწერას ნებისმიერი ტამპონის შეფუთვაზე ამოიკითხავთ. საფრთხე კი, არც მეტი, არც ნაკლები – შოკია! უფრო სწორად, ტოქსიკური შოკის სინდრომი, რომელიც ტამპონის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს. მართალია, იშვიათია, მაგრამ უყურადღებობის შემთხვევაში მეტისმეტად მძიმე შედეგით სრულდება (ისევე როგორც ნებისმიერი შოკი).
ტოქსიკური შოკის სინდრომის უშუალო მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის; ექიმები ვარაუდობენ, რომ შოკს უეცრად განვითარებული ინფექცია იწვევს, თვით ინფექციის გამომწვევი კი სტაფილოკოკი, იშვიათად სტრეპტოკოკიც შეიძლება იყოსო.
ინფექციის შეჭრა და შოკის ჩამოყალიბება მაშინ ხდება, როდესაც ქალი იყენებს ყველაზე ძლიერი აბსორბციის უნარის მქონე ტამპონს და მას დიდხანს არ იცვლის. ამ დროს ტამპონის ირგვლივ ბაქტერიები მრავლდებიან, სისხლში იჭრებიან და თავიანთ შოკისმომგვრელ საქმეს აკეთებენ. სპეციალისტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ძლიერი შეწოვის უნარის მქონე, შესაბამისად, უფრო დიდი და უხეში ტამპონი საშოს ლორწოვან გარსს აზიანებს, ამიტომ ბაქტერიები იოლად ხვდებიან სისხლში.
ტოქსიკური შოკის სინდრომი შესაძლოა არა მარტო ჰიგიენურმა ტამპონმა, არამედ კონტრაცეპტიულმა ღრუბელმაც გამოიწვიოს. არც ის არის გამორიცხული, ამგვარი სინდრომის მიზეზად კანზე არსებული ბანალური ჭრილობაც იქცეს. ამდენად, ტშს მხოლოდ ქალების ხვედრი არ არის.
ტოქსიკური შოკის სინდრომის ნიშნები კი ასეთია:
. უეცარი ცხელება;
. დაბალი არტერიული წნევა;
. პირღებინება და დიარეა;
. გამონაყარი, რომელიც ნასიცხს წააგავს;
. კუნთებისა და თავის ტკივილი;
. თვალების, პირის ღრუს შეწითლება;
. თავბრუხვევა;
. ძლიერი სისუსტე, ზოგჯერ გონების დაკარგვაც.
თუ ამ სიმპტომებმა იჩინა თავი, დაუყოვნებლივ გამოიღეთ ტამპონი და რჩევისთვის ექიმს მიმართეთ. შესაძლოა, ანტბაქტერიული თერაპია დაგჭირდეთ.
ტოქსიკური შოკის სინდრომი თავიდან რომ აიცილოთ, ასე მოიქეცით:
. ხშირად იცვალეთ ტამპონი;
. ღამით უმჯობესია ჰიგიენური საფენი გამოიყენოთ, ხოლო ტამპონი – მხოლოდ დღისით;
. არამც და არამც არ გაიკეთოთ ტამპონი, როდესაც მენსტრუაცია არ გაქვთ (სამწუხაროდ, ასე იქცევიან გოგონები, რომლებიც აუზზე სიარულის დროს ინფექციებისგან თავის დაცვას ცდილობენ);
. და, რაღა თქმა უნდა, თუ მეტისმეტად უხვი სისხლდენა არ გაქვთ, არამც და არამც არ გამოიყენოთ სუპერშემწოვი ეფექტის მქონე ტამპონი. ჯობია, მცირე ზომისა იყოს და ხშირ-ხშირად ცვალოთ.