ფიგურული სრიალი და ჯანმრთელობა
გააზიარე:
ვფიქრობ, დამეთანხმებით – ფიგურული სრიალი ყველაზე მოხდენილი და გრაციოზული სპორტია. მას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ყინულზე სრიალით უამრავი დაავადებისგან განკურნებაა შესაძლებელი, მათ შორის – ისეთი რთული სნეულებებისგანაც კი, როგორიც ბრონქული ასთმა და სხვადასხვაგვარი ალერგიაა.
ფიგურული სრიალის სამკურნალო თვისებებისა და ჩვენს ქვეყანაში მისი პერსპექტივის შესახებ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის თავმჯდომარეს ირაკლი ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.
-ფიგურული ციგურაობა მართლაც უამრავი ავადმყოფობის დაძლევაში დაგეხმარებათ. ჯერ ერთი, ისევე, როგორც სპორტის მრავალი სახეობა, ფიგურული სრიალიც ხელს უწყობს გაჯანსაღებას, გაკაჟებას, მით უმეტეს, ქალაქის პირობებში, სადაც ჰაერი ათასგვარი გამონაბოლქვით არის დაბინძურებული და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ასე ჭირს. თუმცა ყინულზე სრიალს იმდენი სამკურნალო თვისება აქვს, რომ გაკაჟება მასთან მოსატანიც კი არ არის. ჩემი 50-წლიანი გამოცდილება მაძლევს ამის თქმის უფლებას.
ციგურაობა გამორჩეულია იმით, რომ აქ სიამოვნება, გართობა, სპორტი და ჯანმრთელობა ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული. არ არსებობს სპორტი, რომელსაც ბავშვი ასე მცირე ასაკიდან მოჰკიდებს ხელს. სამი წლის პატარას ვერ აიძულებთ, დილაობით ირბინოს, ყოველდღიურად ივარჯიშოს. ჩვენთან კი ორწელიწად-ნახევრის, სამი წლის ბავშვები სიამოვნებით მოდიან, თან ერთობიან და თან ორგანიზმს იკაჟებენ. ფიგურული სრიალი განსაკუთრებულია იმითაც, რომ არსად არის ისეთი სუფთა, დაწმენდილი ჰაერი, როგორიც ყინულის ირგვლივ. ასეთ ჰაერს იონიზებულს უწოდებენ. ეს არის გარემო ბაქტერიებისა და მტვრის ნაწილაკების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყინულზე მუდამ ცივა, შეუძლებელია, აქ პატარას სურდო შეხვდეს, რადგან აქაური ჰაერი მიკრობებისგან თავისუფალია. ალბათ ამიტომ არის, რომ ყინულზე სრიალს ექიმები ისეთ ხალხს ურჩევენ, ვინც ალერგიით, ბრონქული ასთმით ან ბრონქების სხვა დაავადებით იტანჯება ან მიდრეკილება აქვს ამ სნეულებათა მიმართ.
ის, რომ ციგურაობა ბევრს დაეხმარა ამ ტიპის დაავადებებთან გამკლავებაში, მაგალითებით შემიძლია დაგისაბუთოთ. სხვების პირად ცხოვრებაში ჩარევისგან თავს შევიკავებ და გეტყვით, რომ ამის საუკეთესო დასტური ჩემი შვილი – ოთარ ჯაფარიძეა. მისი ყინულზე დაყენება არც გვიფიქრია, ვიდრე ერთხელ, ავსტრიაში მუშაობისას, ჩვენს ბიჭს კვლავ ალერგიამ არ შემოუტია. მივიყვანეთ ექიმთან, რომელმაც პირდაპირი მითითება მოგვცა, ბავშვი ციგურაობაზე მიგვეყვანა. ასეც მოვიქეცით. დღეს ჩვენს ვაჟს აღარც ალერგია აწუხებს და წარმატებული მოციგურავეც გახლავთ.
ბავშვებს სამი წლიდან ვიღებთ. ვმუშაობთ ყოველდღე. ჩვენი მწვრთნელები დილიდან საღამომდე ავარჯიშებენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს. შეგვიძლია, მსურველს ინდივიდუალური მეცადინეობაც დავუნიშნოთ. ჩვენი სპორტული ცენტრი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, ასე რომ, მსურველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგვმართონ. რაც შეეხება მოზრდილებს, შაბათ-კვირას ღია კარის დღე გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დღეებში აქ ნებისმიერი ასაკის ადამინებს შეუძლიათ ისრიალონ. გვყავს კვალიფიცირებული მწვრთნელები და ინსტრუქტორები, რაც ფიგურულ სრიალში მეტად მნიშვნელოვანია – თუ დამწყებ მოციგურავეს გამოცდილი მწვრთნელი არ ჰყავს, შესაძლოა, წაიქცეს და ტრავმა მიიღოს.