დავეხმაროთ იმუნიტეტს

გააზიარე:

სამედიცინო ტერმინების ცოდნაში კონკურსი რომ გაიმართოს, პირველ ადგილს ალბათ ვერავინ შეგვეცილება. თუ რამდენიმეჯერ გაცივდით, დასუსტებული იმუნიტეტის დიაგნოზს ნებისმიერი მეზობელი დაგისვამთ. გაზაფხულზე რომ იმუნიტეტი სუსტდება და მის მოსაძლიერებლად მედიკამენტების სმაა საჭირო, ვგონებ, ესეც ყველამ იცის. არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რა დგას ამ უცხო ტერმინის მიღმა და რამდენად ეფექტურია ის წამლები, ხშირად დაუფიქრებლად, ექიმის რჩევის გარეშე რომ ვიღებთ. მოდი, ეს შეცდომა ერთად გამოვასწოროთ.
იმუნური სისტემის პათოლოგიები შეგვიძლია რამდენიმე ჯგუფად დავყოთ.
ყველაზე ხშირია ალერგიული დაავადებები. ამ დროს იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურობს და მტვრის უბრალო ნაწილაკიც კი სისხლისმსმელი მტერი ჰგონია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ბეღურას შურდულის ნაცვლად ქვემეხს ესვრის.
ზოგჯერ უძლეველ პატრულს ამოსაცნობი მექანიზმი უმტყუნებს და საკუთარ უჯრედებს მტრად მიიჩნევს, ამას კი შესაძლოა ის მოჰყვეს, რომ უმნიშვნელოვანესმა ორგანოებმა ფუნქციონირება ვეღარ შეძლონ. ასე ვითარდება აუტოიმუნური დაავადებები. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ სახსრების, თირკმლების ზოგიერთ დაავადებას და შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ფორმას.
მესამე დიდი ჯგუფია იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ამ დროს უცხოსა თუ მოღალატისთვის საკადრისი პასუხის გაცემის უნარია შესუსტებული და ორგანიზმი ბაქტერიებს, ვირუსებსა თუ სიმსივნეებს უვარდება ხელში. ამ ჯგუფში შედის პირველადი ანუ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები (ასამდე ისეთი დაავადება, როცა იმუნიტეტის რომელიმე რგოლი დაბადებიდანვე არასწორად ფუნქციონირებს) და შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი ანუ შიდსი.
ზოგჯერ იმუნოდეფიციტის ხელოვნურად შექმნაა საჭირო. მაგალითად, ტრანსპლანტაციის შემდეგ, რათა ახალი ორგანო იმუნიტეტის მიერ გამოცხადებულ ომს გადაარჩინონ, ზოგჯერ კი ასეთი ეფექტი ზოგიერთი ტიპის მკურნალობას (მაგალითად, ქიმიოთერაპიას) ახლავს თან.
როგორც ხედავთ, იმუნოდეფიციტს თანამედროვე მედიცინა მხოლოდ მძიმე დარღვევას უწოდებს. მას, ისევე როგორც იმუნიტეტის სხვა პათოლოგიებს, სპეციფიკური, სპეციალისტის მიერ შერჩეული მკურნალობა სჭირდება. თუმცა ისიც უდავოა, რომ ყოველგვარი უქეიფობა, დაავადება თუ სეზონური 
ცვლილება იმუნურ სისტემაში გარკვეულ რყევებს იწვევს, – ვთქვათ, დიაბეტით დაავადებულებში ჩირქოვანი ინფექციები უფრო ხშირია, – თუმცა ამ დროს უმჯობესია, იმუნიტეტის მოძლიერების ნაცვლად ძირითადი დაავადების კონტროლზე ვიზრუნოთ, ხოლო გაზაფხულის უქეიფობასთან გასამკლავებლად იმუნიტეტის მოსაძლიერებელ ზოგად ხერხებს მივმართოთ.

- ვირუსებმა და ქრონიკულმა სნეულებებმა ამ მძიმე პერიოდშიც მშვიდად რომ განაგრძონ თვლემა, თქვენც ნორმალურად უნდა გეძინოთ. ქრონიკული უძილობა მკვეთრად აქვეითებს სასიცოცხლო ტონუსს და იმუნიტეტს უმძიმეს დარტყმას აყენებს.
- ჰაერივით აუცილებელია სუფთა ჰაერი. ორგანიზმმა საკმარისი ოდენობის ჟანგბადი რომ მიიღოს, ეცადეთ, ყოველდღე თითო საათი მაინც დაყოთ სუფთა ჰაერზე. ძილის წინ ოთახის განიავებაც არ დაგავიწყდეთ.
- კიდევ ერთხელ გადახედეთ რაციონს. სწორი კვება რომ ჯანმრთელობის საწინდარია, არაერთხელ გვითქვამს, გაზაფხულზე კი, თავადაც გეცოდინებათ, რაციონს ვიტამინებით გაჯერება სჭირდება. საბედნიეროდ, მათ საძებნელად შორს წასვლა ნამდვილად არ გვჭირდება – ადრე შემოდის მწვანილი, მხალეული, შემდეგ – ხილი და ბოსტნეული... ზამთარგამოვლილი დოვლათიდან ვიტამინებს შედარებით უკეთესად ინარჩუნებს მწვანე ვაშლი, კომბოსტოს მწნილი, ასკილი, ციტრუსები, შავი მოცხარი. არც რძემჟავა პროდუქტები დაგავიწყდეთ: ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიების შემცველი მაწონი, კეფირი, იოგურტი მხოლოდ ნაწლავების ნორმალურ მუშაობას კი არ აღადგენს, იმუნიტეტის გაძლიერებასაც უწყობს ხელს.
- გაკაჟდით. გაკაჟების მეთოდები მარტივია: კონტრასტული შხაპი, ტანის დაზელა... მთავარია, წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, თითო გრადუსით შეამციროთ 37ºC-დან 27-28ºC-მდე.
- თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ, დამოუკიდებლად მოქმედება არ ღირს. ცხადია, ქრონიკული სნეულება იმას არ ნიშნავს, თავი ინვალიდად იგრძნოთ, მაგრამ მისი კონტროლი აუცილებელია, ამისთვის კი ექიმთან ერთად უნდა შეიმუშაოთ გეგმა და განუხრელად მისდიოთ მას, თუნდაც თავს მშვენივრად გრძნობდეთ. ამით დაავადების პროგრესირებას ხელს შეუშლით და ცხოვრების ჩვეული რიტმის გაგრძელებასაც შეძლებთ. მოსალოდნელი საგაზაფხულო გამწვავების თავიდან ასაცილებლადაც კონკრეტულ რჩევას თქვენი ექიმი მოგცემთ.
იმუნიტეტის და, საზოგადოდ, ორგანიზმის მოსაძლიერებლად მედიკამენტებსაც ხშირად იყენებენ. ექიმებს ამის თაობაზე საერთო აზრი ჯერ კიდევ არ გააჩნიათ, ასე რომ, ზუსტად ვერ გეტყვით, ღირს თუ არა საპროფილაქტიკოდ რომელიმე ამ წამლის მიღება. ეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ. სამეცნიერო ლიტერატურა კი სადღეისოდ ასეთ მონაცემებს გვაწვდის:
პოლივიტამინები. ეს ნივთიერებები ძალიან მცირე ოდენობით გვჭირდება, სამაგიეროდ, მათ ნაკლებობას სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ამერიკის პედიატრთა აკადემიაში მიაჩნიათ, რომ ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვთა უმრა

ვლესობას ვიტამინების დამატებითი მიღება არ სჭირდება, ხოლო ქრონიკული დაავადებებისა და კვებითი დარღვების დროს მათი სმა აუცილებელია. თუ ზამთარში დიდხანს იავადმყოფეთ ან თავს განსაკუთრებით სუსტად გრძნობთ, ვიტამინები მართლაც კარგ სამსახურს გაგიწევთ.
პრობიოტიკები. პრობიოტიკები სასარგებლო, ჯანმრთელი ადამიანის კუჭ-ნაწლავში მცხოვრებ მიკროორგანიზმთა მსგავსი ცოცხალ ბაქტერიების ნაკრებია. არსებობს მონაცემები, რომ ისინი ეფექტურია დიარეის, საშარდე და საშოს ინფექციების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, შარდის ბუშტის კიბოს რეციდივის, ბავშვებში ატოპიური დერმატიტის (დიათეზის) სამკურნალოდ, თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია, მტკიცებულებით მედიცინას საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს. იმუნიტეტდაქვეითებულთათვის კი, როგორც უკვე ვწერდით, მათი გამოყენება შესაძლოა არცთუ უსაფრთხო აღმოჩნდეს.
ექინაცეა. ამ მცენარეულ პრეპარატს ხშირად იყენებდნენ გრიპისა და გაციების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ, ასევე – იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამჟამინდელი მონაცემებით, ეს მცენარე ვირუსებისგან ვერ გვიცავს. რაც შეეხება ზედა სასუნთქი გზების ინფექციათა მკურნალობას, მონაცემები ურთიერთსაპირისპიროა და დამატებით კვლევას საჭიროებს.

გააზიარე: