ვარჯიში ხერხემლისთვის
გააზიარე:
ნუ ვიდავებთ, მაიმუნმა მოინდომა ორ ფეხზე დადგომა თუ პირიქით, ჩვენი პირველწინაპარი პირველმა ცოდვამ მოხარა წელში და საუკუნეები დასჭირდა, თავი რომ აეწია. ფაქტი ერთია: ხერხემალს ამართული სიარული მძიმე ტვირთად აწევს, უსაქმურობისა და დივანზე კოტრიალისგან გაზარმაცებული კუნთები კი ვერაფერი საიმედო საყრდენია. ასე რომ, ხერხემლის დეფორმაცია აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ამჯერად სწორედ ამ პრობლემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.
კითხვის ნიშნად რომ არ ვიქცეთ
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურის მეთოდისტი მაია ხვიჩია:
– სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ვერც მხოლოდ მასაჟი, ვერც მხოლოდ ვარჯიში შედეგს ვერ გამოიღებს. მასაჟის საშუალებით ზედმეტად გააქტიურებულ კუნთებს ვადუნებთ, ხოლო მოდუნებული, პირიქით, ტონუსში მოგვყავს. სწორად შერჩეული ვარჯიში კი კუნთებს ავითარებს. საუკეთესო შედეგს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროგრამით ვაღწევთ. ისეთი გავრცელებული ვარჯიშიც კი, როგორიც არის შვედურ კედელზე ან ღერძზე ხერხემლის დაჭიმვა, ყველასთვის არ შეიძლება – გამორიცხული არ არის, მდგომარეობა შემსუბუქების ნაცლად დაამძიმოს. ამიტომაც ვიდრე გამაჯანსაღებელ კურსს დავიწყებდეთ, რეაბილიტოლოგმა ან ორთოპედმა ზუსტი დიაგნოზი უნდა დასვას. წესისამებრ, საამისოდ დამატებითი კვლევაც (მაგალითად, რენტგენოგრაფია) ტარდება.
ვარჯიშები, რომლებსაც აქ გთავაზობთ, ხშირად შედის სკოლიოზის (უფრო ზუსტად, I-II ხარისხის სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის) სამკურნალო ვარჯიშთა კომპლექსში. სიმარტივის გამო მათი სწორად შესრულება არ უნდა გაგიჭირდეთ, არც ზიანს მოგიტანთ, თუმცა რამდენად ზუსტად შეესატყვისება ეს ვარჯიშები თქვენი ხერხემლისა და კუნთების მდგომარეობას, ჟურნალის ფურცლებიდან ამის თქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს სამსახურს ნომერზე 506 506 (55 68).
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპევტი, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში მაკა მირზიაშვილი:
ჩვენს სავარძელს მიჯაჭვულ საუკუნეში ხერხემლის დეფორმაციებს ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემებით, სკოლის მოსწავლეთა 60-70%-ს ტანდეგობის დარღვევა აღენიშნება, 20%-ს კი ხერხემლის გამრუდების ესა თუ ის ფორმა. ყველაზე მეტად სკოლიოზი (ხერხემლის გვერდით სიბრტყეში გამრუდება) გახლავთ გავრცელებული. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ხშირად ეს პათოლოგიები ყურადღების მიღმა რჩება და მთელი ცხოვრება ტკივილებს, დისკომფორტს იწვევს. მეტსაც გეტყვით: გამოხატული სკოლიოზის დროს გულმკერდის ღრუს ორგანოთა ფუნქციაც იცვლება და გულისა თუ ფილტვის დაავადებები უფრო ადვილად ვითარდება.
სკოლიოზის განვითარების რისკფაქტორებად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობები გვევლინება: ერთი მხრივ – ფიზიკური აქტიურობის დეფიციტი, ხანგრძლივი ჯდომა, (კომპიუტერთან, მერხსა თუ საწერ მაგიდასთან), მეორე მხრივ კი არასწორი და ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, მაგალითად, ცეკვა, სამოდელო საქმიანობა. ორივე შემთხვევაში სკოლიოზის ჩამოყალიბების პერსპექტივა ფაქტობრივად უალტერნატივოა. პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შეუმჩნევლად, თანდათან ვითარდება და ხშირად ტოპდმოდელისა თუ მოცეკვავის იდეალური ტანდეგობის ნაცვლად ახალგაზრდა ხერხემლის ქრონიკული პათოლოგიისა და სკოლიოზის პირისპირ რჩება.
მკურნალობას რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით უკეთესი. მთავარია, დრო არ დავკარგოთ და პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე სპეციალისტს (ორთოპედს ან რეაბილიტოლოგს) მივმართოთ, თუ საჭიროა, რენტგენიც გადავიღოთ. ბავშვობის ასაკში, ვიდრე ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება, დეფორმაციის თავიდან აცილების ან გამოსწორების კარგი შანსი გვაქვს. ამ დროს ძალიან დიდია სამკურნალო ფიზკულტურის (მასაჟი, ვარჯიში) როლი. ის აუმჯობესებს კუნთთა ტონუსს, ქმნის ტორსის კუნთოვანი კორსეტს, ხელს უწყობს სწორი ტანდეგობის სტერეოტიპის გამომუშავებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგის შენარჩუნება, ამიტომ მკურნალობა უნდა იყოს ეტაპობრივი, წელიწადში სულ მცირე ორი-სამი 15-20-დღიანი კურსი სპეციალიზებულ დაწესებულებაში, შუალედებში კი შინ ვარჯიშის უწყვეტად გაგრძელება სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პროგრამით. მკურნალობა ინდივიდუალურად – ასაკის, დაავადების სიმძიმის და ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით – ირჩევა.
ზრდასრულებში დეფორმაციის გამოსწორება გაცილებით ძნელია, მაგრამ შეგვიძლია, შევაჩეროთ მისი პროგრესი, დავაამოთ ტკივილი, შევამციროთ დისკომფორტი. როგორც ერთის, ისე მეორის სამკურნალო საშუალება, გარდა მასაჟისა და ვარჯიშისა, არ არსებობს. ეფექტი სწორად შერჩეული პროგრამის, რომელშიც ხშირად სხვა ფიზიოთერაპიული პროცედურებიც (ჰიდრომასაჟი, ბალნეოთერაპია, აპარატული მასაჟი) არის ჩართული, ძალიან მაღალია. პაციენტი სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ გრძნობს შესამჩნევ უკეთესობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სასურველ შედეგს მხოლოდ სწორად შერჩეული თერაპიით მივაღწევთ. შეუსაბამო ვარჯიშებმა შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ. ეს სპორტის ფაქტობრივად ერთადერთი სახეობაა, სადაც ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურად მუშაობს, სახსრები და ხერხემალი კი პრაქტიკულად არ იტვირთება.
I-II ხარისხის სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის დროს რეკომენდებული ვარჯიშები
1. დაწექით ზურგზე, ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ გაჭიმეთ.ჩაისუნთქეთ და ნელა და ერთდროულად წამოსწიეთ თავი, მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები და ასევე ნელა და ერთდროულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 15-20-ჯერ.
2. დაწექით ზურგზე და ხელები თავქვეშ ამოიდეთ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი” კვლავ გაშალეთ და ნელა დაუშვით. გაიმეორეთ 8-10-ჯერ
3. “ველოსიპედი”: დაწექით ზურგზე, ფეხები ასწიეთ და ერთ-ერთი მუხლის სახსარში მოხარეთ. ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეთ. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.
4. დაწექით მუცელზე, იდაყვში
მოხრილი ხელები ერთმანეთზე დააწყვეთ და ნიკაპით დაეყრდენით. ცხვირით ჩაისუნთქეთ და წელში გაიზნიქეთ, ისე, რომ მუხლები და ნიკაპი იატაკს არ მოსცილდეს. ნელა დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და პირით ამოისუნთქეთ. გაიმეორეთ 8-10-ჯერ.
5. “მერცხალი”: დაწექით მუცელზე, ხელები სხეული გასწვრივ გაჭიმეთ. თვლაზე “ერთი” ჩაისუნთქეთ, თავი და მხრები წამოსწიეთ, მაღლა და ოდნავ განზე ასწიეთ გამართული ხელ-ფეხი. თვლაზე “ორი-სამი” ასე გაჩერდით, “ოთხზე” კი პირით ამოისუნთქეთ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. გაიმეორეთ 8-ჯერ.