ვარჯიშები ბავშვებისთვის

გააზიარე:

6-9 წელი
ეს უკვე ის ასაკია, როცა ბავშვი ორგანიზებულობას, დღის რეჟიმის დაცვას, პასუხისმგებლობას უნდა მივაჩვიოთ – ეს თვისებები მას ცხოვრებას გაუადვილებს. დღის რეჟიმში კი აუცილებლად უნდა ეკავოს სათანადო ადგილი მოძრაობას. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბავშვი დღეში ერთი საათი მაინც უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული. ამ დროის შუალედებად დაყოფა შეიძლება, ოღონდ ერთ ჯერზე დატვირთვა 10 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს უბრალო სირბილსაც გულისხმობს და მეგობრებთან ერთად დაჭერობანა-დამალობას თამაშსაც. სამწუხაროდ, სტატისტიკა მოწმობს, რომ ბევრი ბავშვი ამ მინიმუმსაც ვერ ასრულებს. ასეთ პირობებში ის 10-15 წუთიც კი, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კომპლექსს რომ სჭირდება, უმოძრაობის თავიდან აცილების ეფექტურ საშუალებად შეიძლება იქცეს.
მაია ხვიჩია
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახური
– უმცროს სასკოლო ასაკშიც ყურადღება უმთავრესად ფიზიკური კულტურის ელემენტების ათვისებას უნდა მივაქციოთ. საუკეთესო შემთხვევაში ვარჯიში ბავშვს ერთგვარ ჩვევად, ყოველდღიურ მოთხოვნილებად უნდა ექცეს, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება. მთავარი აქცენტი ამ კომპლექსშიც ხერხემალს ექცევა – ბავშვი ხომ ჯერ სკოლაში უზის მერხს საათობით, მერე კი სახლში უხდება მეცადინეობა. რაც უფრო მეტად გავუძლიერებთ ზურგის კუნთებს, მით უფრო ნაკლები იქნება ხერხემლის გამრუდების საფრთხე.
როგორც ყოველთვის, კომპლექსში პრაქტიკულად ყველა ჯგუფის კუნთთა განსავითარებელი ვარჯიშები შედის, ასევე – ტანდეგობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც. კვლავ გირჩევთ, ეს ვარჯიშები ბავშვთან ერთად თქვენც შეასრულოთ. ჯერ ერთი, საკუთარი ხერხემალი მხოლოდ და მხოლოდ მადლობას გეტყვით, მეორეც, ამის წყალობით ვარჯიში ბავშვისთვის მოსაბეზრებელ მოვალეობად კი არა, მშობლებთან ერთად დროის მხიარულად გატარების საშუალებად იქცევა, ხვეწნა-მუდარაც ნაკლებად დაგჭირდებათ, ხოლო თუ ზოგიერთი ვარჯიში თქვენზე უკეთ გამოუვიდა, პატარას ეს სიამაყით აავსებს.

1. ცურვა ხელებით. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წელში გამართული დგას. ფეხები –
მხრების სიგანეზე. ცალი ხელი მაღლაა ამართული, მეორე კი დაშვებულია სხეულის გასწვრივ.
ხელების იდაყვში მოუხრელად ბავშვი ასრულებს ცურვის მსგავს წრიულ მოძრაობებს. მეორდება 10-10-ჯერ, ჯერ – საათის ისრის, შემდეგ – საპირისპირო მიმართულებით.
2. საწყისი მდგომარეობა: იგივე, ოღონდ ორივე ხელი მაღლაა ამართული და ყურებს ეხება.
ხელებითა და ტანით ბავშვმა ჰაერში წრე უნდა შემოხაზოს. მეორდება 5-5-ჯერ, ჯერ – საათის ისრის, შემდეგ – საპირისპირო მიმართულებით.
3. საწყისი მდგომარეობა:  ბავშვი წელში გამართული დგას; ფეხები მხრების სიგანეზე ფართოდაა გაშლილი, ხელები დაშვებულია სხეულის გასწვრივ.
თვლაზე “ერთი” იხრება და ორივე ხელით ეხება მარცხენა ფეხის თითებს (ყოველ შემთხვევაში, ცდილობს); “ორი” – იატაკს შუაში; “სამი” – მარჯვენა ფეხის თითებს; “ოთხი” – უბრუნდება საწყის მდგომარეობას. მეორდება 10-ჯერ. 
4. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წევს ზურგზე, ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული, ფეხები – გამართული.
 თვლაზე “ერთი” ხრის ორივე ფეხს მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში ისე, რომ ტერფები კვლავ იატაკზე ეწყოს; “ორი” – შლის ფეხებს მუხლში და მაღლა სწევს; “სამი” – კვლავ ხრის მუხლში და ტერფებს იატაკს აყრდნობს; “ოთხი” – უბრუნდება საწყის მდგომარეობას. მთელი ვარჯიშის განმავლობაში თავი და მხრები იატაკს არ უნდა ააცილოს. მეორდება 10-ჯერ.
5. საწყისი მდგომარეობა: იგივე.
თვლაზე “ერთი” ბავშვი ორივე გამართულ ფეხს სწევს მაღლა; “ორი” – მარჯვენა ფეხს ოდნავ ქვემოთ უშვებს, მარცხენა კი ადგილზე რჩება; “სამი” – მარჯვენა ფეხი არ ინძრევა, მარცხენა კი მასზე ოდნავ დაბლა ეშვება (ნაბიჯების იმიტაცია) და ა.შ. რაც მეტ ნაბიჯს გადადგამს, მით უკეთესი. მეორდება 10-ჯერ. 
6. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წევს ზურგზე, ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული, ფეხები მუხლსა და მენჯ-ბარძაყის სახსარში აქვს მოხრილი და იატაკს ეყრდნობა. იდაყვებში მოხრილი ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული.
თვლაზე “ერთი” წამოსწევს თავს, ტანსა და ხელებს; “ორი” – უშვებს. მეორდება 10-ჯერ.
7. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი წევს მუცელზე, იდაყვში მოხრილი ხელები თავს უკან აქვს შეერთებული, ფეხები – სხეულის გასწვრივ გამართული.
ერთდროულად სწევს ზემოთ თავს, მხრებსა და ფეხებს. მეორდება 10-ჯერ.
8. საწყისი მდგომარეობა: ბავშვი დგას წელში გამართული, ფეხები – მხრების სიგანეზე, დაშვებული და ოდნავ გაშლილი ხელებით ჯოხი უკავია.
თვლაზე “ერთი” – იწევა თითის წვერებზე, ხელებს მაღლა სწევს; “ორი” – იდაყვში ხრის და ჯოხი თავს უკან გადააქვს; “სამი” – ხელებს კვლავ მაღლა სწევს; “ოთხი”  – უბრუნდება საწყის მდგომარეობას. მეორდება 10-ჯერ.
ნებისმიერი შეკითხვით მიმართეთ “ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის სამსახურს. ტელ: 2500 700 (5670)

გააზიარე: