ზამთრის სპორტი და უსაფრთხოება

გააზიარე:

ზამთარი ზოგისთვის სიცივესთან ასოცირდება, ზოგისთვის – ჩურჩხელებთან, ბუხარსა და თბილ პლედთან, ხოლო მათთვის, ვინც ზამთრის სპორტითაა გატაცებული, ეს მართლაც რომ საოცნებო პერიოდია.

ზამთრის სპორტი, გარდა იმისა, რომ აზარტული და სახალისოა, ძალიან სასარგებლოცაა. რაც უფრო მცირე ასაკში ჩააბამთ მასში ბავშვს, მით უფრო დიდია შანსი, მომავალში ის მისი ცხოვრების ნაწილად იქცეს. თუ ბავშვობაში ერთხელ მაინც დაშვებულხართ ციგით გორაკიდან, გემახსოვრებათ ამ დროს განცდილი აღტაცება. ბუნებრივია, გენდომებათ, იგივე თქვენ შვილსაც განაცდევინოთ.

და აი, მთავარ სათქმელსაც მივადექით: ზამთრის სპორტი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სპორტია, ამიტომ ციგით, თხილამურებით თუ ციგურებით სრიალის დროს ბავშვმა კარგად უნდა იცოდეს უსაფრთხოების წესები. ქვემოთ სწორედ ამ წესებს გაგაცნობთ.

სითბო აუცილებელია

ზამთრის სპორტის მიმდევართათვის, განურჩევლად სახეობისა, აუცილებელია სითბო, ამიტომ ბავშვს, უპირველეს ყოვლისა, სათანადო ტანსაცმელი უნდა უყიდოთ. სვიტერით, ჯემპერით, თბილი ქურთუკით და დაბამბული შარვლით სრიალი მოუხერხებელია, ამიტომ დღესდღეობით იქმნება სპორტული ტანსაცმელი, რომელიც ისევე ათბობს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სამოსი.

ბავშვებს ახასიათებთ თავის გამოდება და იმის მტკიცება, რომ საერთოდ არ სცივათ. სხვა დროს იქნებ დავყვეთ კიდეც, რათა ვაგრძნობინოთ, რომ პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას, მაგრამ ზამთრის სპორტის დროს ეს მიდგომა არ გამოდგება, რადგან თბილად ჩაცმა მხოლოდ კომფორტისთვის არ არის საჭირო. სითბო აუცილებელია, რომ სხეულმა ნორმალურად იფუნქციოს. როდესაც ადამიანი თბილადაა ჩაცმული, სხეულს აღარ სჭირდება ზედმეტი ენერგიის ხარჯვა გასათბობად და ამ ენერგიას სპორტული აქტივობისთვის იყენებს. აუხსენით ბავშვს, რომ თუ თბილად იქნება ჩაცმული, უფრო მეტხანს ისრიალებს.

ზამთრის მზე

თხილამურებით, ციგით თუ ციგურებით სრიალის დროს ბავშვს აუცილებლად უნდა ესვას მზისგან დამცავი კრემი, რომლის SPF (დამცავი ძალა) მინიმუმ 15%-ია. მზის სხივები თოვლსა და ყინულზე ირეკლება და სხეულის დაუფარავ ადგილებზე ხვდება. დამცავი საცხის გარეშე დამწვრობა გარანტირებულია.

სასურველია დამცავი ტუჩის ბალზამის წასმაც, რადგან სიცივეში ტუჩები ადვილად სკდება.

ციგაობა

ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ციგაობა. ეს მართლაც შესანიშნავი გასართობია, თუ უსაფრთხოების წესებს დავიცავთ.

სანამ ბავშვი გორაკიდან დაეშვება, შეამოწმეთ, კარგადაა თუ არა დამაგრებული სკამი და შეესაბამება თუ არა მისი ზომა ბავშვის სიმაღლეს, კარგად უჭირავს თუ არა ბავშვს ხელში სადავეები, გამართულია თუ არა მუხრუჭი.

ნუ მისცემთ ბავშვს ისეთი ნივთებით ციგაობის უფლებას, როგორიცაა ფიცარი, თუნუქის ნაჭერი თუ პლასტმასის ტაშტი, მით უმეტეს – თუ მას წვეტიანი კიდეები აქვს. ეს ნივთები საშიშია: თუ ბავშვი სრიალის დროს ამოყირავდა, შესაძლოა, რამე გაიჭრას. ასევე არ მისცეთ ძველი, ჟანგიანი და გაუმართავი ციგით სრიალის უფლება.

ციგით სრიალის დროს ბავშვს უნდა ეცვას სპეციალური სათოვლე ფეხსაცმელი და ხელთათმანები – ისინი მხოლოდ კი არ ათბობს, არამედ ხელებისა და ფეხების დაზიანებისგანაც იცავს. ჩაფხუტის აუცილებლობას კი ალბათ თავადაც ხვდებით – ის ამცირებს თავის ტრავმის რისკს.

სასურველია, ბავშვს თავად შეურჩიოთ სასრიალო ადგილი. საუკეთესო შემთხვევაში, წაიყვანეთ ის ციგაობისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას. ისეთ ადგილებში, რომლებიც სპეციალურად არ არის გამოყოფილი საციგაოდ, აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ არის ბილიკზე ქვები ან ხის ფესვები, რომლებსაც შესაძლოა ციგა წამოედოს.

ეცადეთ, ციგაობის დროს ბავშვი მუდმივად თვალთახედვის არეში გყავდეთ.

დარწმუნდით, რომ ბილიკი არ არის მოყინული – ყინულზე შესაძლოა ციგა მოცურდეს და ბავშვმა სადავეები ვერ დაიმორჩილოს.

აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ მიდის ბილიკი სამანქანო გზასთან.

თუ ბავშვი ისეთ ბილიკზე ეშვება, რომელზეც მანამდე არ უციგავია, კარგად შეამოწმეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცით დაშვების უფლება.

თუ ერთი ციგით ორი ბავშვი აპირებს სრიალს, შეამოწმეთ, გაუძლებს თუ არა ციგა მათ წონას. ციგას აუცილებლად ეწერება, რამდენ კილოზეა გათვლილი.

თუ რამდენიმე ბავშვი თავ-თავისი ციგით სრიალებს, გააფრთხილეთ, რომ მომდევნო მხოლოდ მას შემდეგ დაეშვას, რაც წინა საკმაო მანძილით მოშორდება და დაჯახების რისკი აღარ იარსებებს.

გააფრთხილეთ ბავშვი, რომ ციგაობისას (მარტო სრიალებს თუ მეგობართან ერთად), არასოდეს გაწვეს ციგაზე – ასე რამესთან შეჯახების ან ამოყირავების შემთხვევაში გაცილებით მაღალია დაშავების რისკი.

არ დასვათ ბავშვი ციგაზე, რომელიც მანქანაზე, მოტოციკლზე ან სხვა გამწევ ძალაზეა ჩაბმული.

ციგურაობა

ელეგანტურობით სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ შეედრება ფიგურულ სრიალს, მაგრამ ცოტას თუ წარმოუდგენია, რამხელა რისკთანაა დაკავშირებული ეს მშვენიერი სანახაობა.

თუ ბავშვი ციგურებითაა გატაცებული, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ასწავლოთ, რომ ისრიალოს მხოლოდ საგანგებოდ მოწყობილ მოედანზე და არა მოყინულ ქუჩაში, ეზოში ან სკვერში, მით უმეტეს – გაყინული მდინარის ან ტბის ზედაპირზე. გაყინულ წყალზე სრიალი მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დაინახავთ ნიშანს, რომ ეს ადგილი ციგურაობისთვის უსაფრთხოა – ყინული, რომელიც გამოუცდელ ადამიანს სქელი და საიმედო ეჩვენება, სინამდვილეში შესაძლოა სულაც არ იყოს იმ სისქის, რომ ბავშვის წონას გაუძლოს.

იქაც კი, სადაც ყინულს უსაფრთხოების დამადასტურებელი ნიშანი აქვს, სასურველია, ციგურაობისას ბავშვი თვალთახედვის არეში გყავდეთ.

რა თქმა უნდა, საჭიროა შესაფერისი აღჭურვილობაც. ციგურები ზუსტად უნდა ერგებოდეს ბავშვის ფეხს, ხოლო თასმები ციგურაობისას ბოლომდე უნდა ჰქონდეს შეკრული.

თუ ბავშვი ყინულის ჰოკეითია გატაცებული, მოედანზე გასვლამდე უნდა გადაამოწმოს, ყველა საჭირო აქსესუარით არის თუ არა აღჭურვილი. რაც მთავარია, არასოდეს გავიდეს ყინულზე ჩაფხუტის გარეშე.

გაითვალისწინეთ: ჰოკეის თამაშის დროს ბავშვს სწორედ ჰოკეისტის ჩაფხუტი უნდა ეხუროს და არა, ვთქვათ, ველოსიპედისტისა. ჰოკეისტისთვის განკუთვნილი ჩაფხუტი საგანგებოდაა დამზადებული ისე, რომ თავი ჰოკეის დროს მოსალოდნელი ტრავმებისგან დაიცვას.

ყინულის მოედანზე სრიალის დროს ბავშვმა უნდა ისრიალოს იქით, საითაც ხალხის ნაკადი მისრიალებს. თუ საპირისპირო მიმართულებით გასრიალდა, შესაძლოა, ვინმეს შეეჯახოს და ორივე დაშავდეს.

თუ ახალი ილეთის შესწავლა ან დახვეწა სურს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიოს, სადაც ცოტა ხალხია, რათა წაქცევის შემთხვევაში სხვაც არ დააშავოს.

აუცილებლად უნდა იცოდეს ისიც, რომ ყინულის მოედანზე პირში არც საღეჭი რეზინი, არც კანფეტი არ უნდა ედოს – შესაძლოა, გადასცდეს ან სრიალის დროს პირიდან გადმოუვარდეს და ზედ ან თვითონ, ან ვინმე სხვას აუსრიალდეს ფეხი.

თხილამურები და სნოუბორდი

თუ ბავშვს სპორტსკოლაში მიიყვანთ, ინსტრუქტორები თვითონვე მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას, მაგრამ თუ თავად აყენებთ ბავშვს თხილამურებზე ან სნოუბორდზე, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინეთ, რომ სპორტის ამ სახეობებში სწორ ეკიპირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ზომაზე პატარა ან დიდი სასრიალო ატრიბუტები ართულებს სრიალს. ბავშვი კომფორტულად ვერ გრძნობს თავს და სრიალზე ვერ კონცენტრირდება.

გირჩევთ, შეიძინოთ საგანგებოდ ბავშვებისთვის შექმნილი სასრიალო ფეხსაცმელები – ისინი უფრო მოქნილია, ვიდრე დიდებისა და უფრო ადვილი ჩასაცმელიცაა.

ჩაფხუტი თხილამურებით და სნოუბორდით სრიალის დროსაც აუცილებელია.

აუცილებელი აქსესუარების რიცხვში შედის სპეციალური სათვალეც, რომელიც მზის სხვივებთან ერთად ასხლეტილი პატარა ნივთებისა თუ ხის ტოტებისგანაც იცავს თვალებს.

ეკიპირების აუცილებელი ელემენტებია მუხლებისა და იდაყვების დამცავებიც. ახალბედებს ხშირად სპეციალურ პადებიან შარვლებსაც აცმევენ, რომ დაცემისას უკეთ იყვნენ დაცულნი.

სრიალი შედარებით მარტივ ტრასებზე დააწყებინეთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ უკვე შეუძლია დამუხრუჭება და წონასწორობის დაცვა, შეგიძლიათ, ნელ-ნელა უფრო რთულ ტრასებზე გადაინაცვლოთ.

თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი მანქანის მართვას ჰგავს: მოსრიალემ საკუთარ თავთან ერთად შემხვედრთა მოძრაობაც უნდა აკონტროლოს. თუ სხვას მოუვიდა შეცდომა, გზას ასცდა ან ამოყირავდა, მზად უნდა იყოს, დროულად გაეცალოს ან ისე მოუხვიოს, რომ თავიდან აიცილოს შეჯახება.

მიაჩვიეთ ბავშვი, ისრიალოს მხოლოდ სასრიალოდ განკუთვნილ ადგილებში. გაუკვალავ თოვლში სრიალი არათუ ახალბედა, გამოცდილი მოთხილამურეებისთვისაც კი სარისკოა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: