ანთება როგორც ასეთი

გააზიარე:

ანთებას შესაძლოა ისეთი მძლავრი ქსოვილიც კი ემსხვერპლოს, როგორიც კუნთია. ამას სხვადასხვა რამ განაპირობებს, თუმცა, მოდი, ჯერ თავად ანთების არსზე ვისაუბროთ.
ანთებითი მიოპათია ან, უფრო მარტივად, მიოზიტი კუნთების ჯგუფის ანთებითი ცვლილებაა, თუმცა პათოლოგიური პროცესი იშვიათად თუ შემოიფარგლება კუნთით – როგორც წესი, მასში ირგლივ მდებარე ქსოვილებიც (უპირატესად – კუნთის ქსოვილში შემავალი სისხლძარღვები) ერთვება. ანთებითას კუნთი დაძაბუნება მოჰყვება, ზოგჯერ – ტკივილიც. ანთებით-დისტროფიული ცვლილებების გამო ქსოვილი განილევა, ანუ ვითარდება

მიოატროფია.
მიომიზეზი
მიოზიტის მიზეზის დადგენა ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, გაურკვეველია, რატომ უმხედრდება იმუნური სისტემა უეცრად საკუთარ კუნთებს. ამ კონფლიქტის შედეგად განვითარებულ ანთებას აუტოიმუნურ მიოზიტს უწოდებენ. ის უფრო იოლად ემართება ადამიანს მძიმე ვირუსული ინფექციის, მაგალითად, აივ-ინფექციის ფონზე.მიოზიტის განვითარებაში ზოგიერთ მედიკამენტსაც ადანაშაულებენ, მათ შორის – კარტიკაინს, პენიცილამინს, ციმეტიდინს, კარბიმაზოლს, ფენიტოინს, ზრდის ჰორმონს. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ შესაძლოა, მიოზიტის მიზეზად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაც იქცეს. გენეტიკას მიოზიტის განვითარებაში ბრალი არ მიუძღვის, თუმცა სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს ფაქტორი, რომელიც მიოზიტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მიოსამეული
განასხვავებენ ანთებითი მიოპათიის სამ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. ესენია:
. პოლიმიოზიტი, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები უშუალოდ კუნთოვან ქსოვილს უტევენ;
. დერმატომიოზიტი, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები უტევენ კანისა და კუნთების მკვებავ სისხლძარღვებს;
. ინკლუზიური ტიპის მიოზიტი, რომელიც უმთავრესად ხანში შესულებს ემუქრება და რომელიც ნაწილობრივ კუნთის ანთებით, ნაწილობრივ კი მისი დეგენერაციული ცვლილებით არის განპირობებული.
კვლევებმა აჩვენა, რომ მას, ვისაც პოლიმიოზიტი ან დერმატომიოზიტი აქვს, ზოგიერ (არა ყოველთვის!) გარკვეული ტიპის სიმსივნური პროცესი აღმოაჩნდება. ამას მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ახალწარმოქმნილი სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგოდ მიმართული იმუნური უჯრედები შეცდომით კანსა და კუნთებს უტევენ. ამ თეორიის მომხრეები პოლიმიოზიტითა და დერმატომიოზიტით დაავადებულებს, გარდა ბავშვებისა და მოხუცებისა, სიმსივნური პროცესის გამორიცხვის მიზნით გამოკვლევის ჩატარებას ურჩევენ.
პოლიმიოზიტის შესახებ
მიოზიტის ეს ფორმა უფრო ქალებშია გავრცელებული და უმეტესად 20 წლის შემდეგ იჩენს თავს. პათოლოგიური პროცესის დაწყების შემდეგ რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა საჭირო, რომ კუნთის სისუსტე შესამჩნევი გახდეს. ყველაზე მეტად თეძოების, ბარძაყის, ზედა კიდურებისა და ზურგის ზედა ნაწილის (მხრის, კისრის) კუნთები ზარალდება. ადამიანი უჩივის ტკივილს ან დისკომფორტს ამ არეში. ძნელად ამოძრავებს კისერს, უჭირს კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, ხელის აწევა თმის ვარცხნისას, ზედა თაროზე ნივთის შემოდებისას. მძიმე შემთხვევაში პათოლოგიური პროცესი საყლაპავ კუნთებსაც მოიცავს, ამას კი კვებით მოშლილობამდე და წონის კლებამდე მივყავართ.
არცთუ იშვიათად გულის კუნთიც ზიანდება და ვითარდება ანთებითი კარდიომიოპათია. ხშირია სუნთქვის პრობლემებიც. ყლაპვის, სუნთქვისა და გულისმხრივი პრობლემები ყველაზე საშიშ გართულებებად შეიძლება ჩაითვალოს. მათი აღმოჩენისთანავე ავადმყოფს გაძლიერებული მეთვალყურეობა უნდა დაუწესდეს.
დერმატომიოზიტის შესახებ
მიოზიტის ამ ფორმას გამონაყარით მიმდინარე პოლიმიოზიტსაც უწოდებენ. ამ დროს კანზე ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო გამონაყარი, რაც კანის ზედაპირული სისხლძარღვების ანთებით შეიძლება აიხსნას. გამონაყარი უმთავრესად სახეზე, კისერზე, გულმკერდზე, მხრებზე, იდაყვებზე, მუხლებსა და ქუსლებზე ჩნდება. შესაძლოა, შეწითლდეს ქუთუთოებიც, თითქოს თვალის ჩრდილები წაუსვამთო. 

დერმატომიოზიტის დროს კანი შრება, უხეშდება და შესაძლოა გარუჯულს დაემსგავსოს.
მიოზიტის ამ ფორმის დროს არცთუ იშვიათად ვითარდება კალცინოზი – კანქვეშ კალციუმის ჩანართები ჩნდება, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. ასეთი ცვლილებები უფრო ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი.
ისევე როგორც პოლიმიოზიტის დროს, დერმატომიოზიტის შორს წასულ შემთხვევაშიც ზიანდება გული, ფილტვები და საყლაპავი კუნთები, რაც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
პირველი ნიშნები უმეტესად დაავადების დასაწყისიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო ადრე ან გვაინ – რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში – გამომჟღავნდეს.
ინკლუზიური ტიპის მიოზიტის შესახებ
დერმატომიოზიტისა და პოლიმიოზიტისგან განსხვავებით, ამ ტიპის მიოზიტი უმთავრესად 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში იჩენს თავს.
კუნთების პროგრესირებადი სისუსტე თავდაპირველად მაჯას, თითებს, ბარძაყის წინა ნაწილს მოიცავს. შესაძლოა, სისუსტე მარჯვენა და მარცხენა მხარეს სხვადასხვანაირად იყოს გამოხატული. ადამიანს უჭირს ჩანთის, ჩემოდნის ტარება.
ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა ყლაპვის გაძნელება, გულისა და ფილტვების დაზიანება, მიოზიტის ამ ფორმის დროს იშვიათია. მიოზიტის ეს ფორმა, როგორც წესი, ძალიან ნელა პროგრესირებს და არც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. იშვიათია პათოლოგიის სწრაფი პროგრესირება, როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომების გაჩენიდან 10-15 წლის შემდეგ ინვალიდის ეტლის გარეშე გადაადგილებაც აღარ ძალუძს. 
შანსი არსებობს?
დერმატომიოზიტი, ისევე როგორც პოლიმიოზიტი, ადეკვატური მკურნალობის შედეგად იკურნება, თუმცა კი ხშირად ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. საუკეთესო შედეგს უმეტესად ბავშვებში იღებენ. ზოგჯერ განკურნება ვერ ხერ
ხდება, მაგრამ სიმპტომები დიდი ხნით ქრება. ამჟამად მეცნიერები დამაჯერებლად საუბრობენ აუტოიმუნური დაავადებების ახალაღმოჩენილ მიზეზებსა და მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებზე, რაც იმედს იძლევა, რომ მიოზიტის მკურნალობაშიც იქნება პროგრესი.
ასეთივე ოპტიმიზმით ვერ ვისაუბრებთ მიოზიტის მესამე ფორმაზე, რადგან მისგან განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ის ძალიან ნელა პროგრესირებს და შესაძლოა, ნაკლები დისკომფორტის მომგვრელი იყოს.
სუსტი კუნთი სააშკარაოზე მიოზიტის დიაგნოზის დასმა რთული არ არის. ექიმი უპირველესად ჩივილებს აქცევს ყურადღებას. ითვალისწინებენ გენეტიკური ფაქტორსაც.
მიოზიტის თაობაზე ეჭვის დროს პაციენტს კერატინკინაზის ტესტის ჩატარებას ურჩევენ. პოლიმიოზიტისა და დერმატომიოზიტის დროს კერატინკინაზის შემცველობა სისხლში ძალიან დიდია, ინკლუზიური ტიპის მიოზიტის დროს კი თითქმის ნორმის ფარგლებშია. ზოგჯერ საჭიროა სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების გამოკვლევაც, რომელტა არსებობა ავტოიმუნურ დაავადებას მოწმობს. ზოგიერთი მათგანი სპეციფიკურია და მხოლოდ მაშინ ჩნდება სისხლში, როდესაც ავტოიმუნურ პროცესში კუნთებიცაა ჩართული. კვლევის კიდევ ერთი მეთოდია ელექტრომიოგრამა: აპარატი უმნიშვნელო ჩხვლეტით აღნუსხავს კუნთის ქმედობაუნარიანობას. კვლევა ტარდება როგორც მოდუნებულ, ისე შეკუმშულ კუნთზე. 
დაბოლოს, შესაძლოა თავად კუნთოვანი ქსოვილის გამოკვლევა გახდეს აუცილებელი. კუნთის ბიოფსიის შედეგად ნათლად ჩანს ცვლილებები, რომლებსაც ქსოვილი განიცდის. 
მიოგანკურნებისთვის
დერმატომიოზიტისა და პოლიმიოზიტის სამკურნალოდ ჰორმონულ თერაპიას მიმართავენ, თუმცა მესამე ტიპის მიოზიტის შემთხვევაში ის უშედეგოა.
თუ იმუნური სისტემა პროცესში აქტიურადაა ჩართული, შესაძლოა საჭირო გახდეს ორგანიზმში იმუნოგლობულინის შეყვანა.
მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ექიმი ხშირად ვარჯიშების კომპლექსსაც ნიშნავს.

მეტისმეტად მოდუნებული
კუნთების დისტროფიული ცვლილება მათი ფუნქციის შესუსტებასაც იწვევს, მიზეზი კი გენებში უნდა ვეძებოთ. კუნთის ბოჭკოებში შემავალი ცილების წარმოქმნაზე თურმე ასობით გენი ყოფილა პასუხისმგებელი. თუ რომელიმე მათგანმა მუტაცია განიცადა, პროტეინების წარმოქმნაც ფერხდება ან არასწორად მიმდინარეობს. ცვლილებები და, შესაბამისად, დაავადების სიმპტომებიც იმაზეა დამოკიდებული, რომელი გენი დაზიანდება, თუმცა ერთი საერთო ნიშანი მაინც არსებობს – კუნთების სისუსტე.
უფრო კონკრეტულად
მოდი, თვალი გადავავლოთ მიოდისტროფიის ყველაზე გავრცელებულ ფორმებსა და მათ სიმპტომებს:
. დუშენის კუნთოვანი დისტროფია. ამ ფორმით ვლინდება მიოდისტროფიის შემთხვევათა ნახევარი, უპირატესად – ვაჟებში.
კუნთოვანი სისუსტე ფეხის ადგმისას იჩენს თავს:
. ბავშვი ხშირად იქცევა;
. წაქცეულს უჭირს წამოდგომა, მჯდომარეს – ადგომა;
. უჭირს სირბილი, ხტომა;
. კოჭლობს;
. გადიდებული აქვს წვივის კუნთები;
. არცთუ იშვიათად უჭირს სწავლაც.
. ბეიკერის კუნთოვანი დისტროფია. სიმპტომები დუშენის დისტროფიის მსგავსია, თუმცა უფრო სუსტადაა გამოხატული და დაავადებაც უფრო დუნედ მიმდინარეობს. პირველად თავს უმეტესად პუბერტატულ ასაკში იჩენს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 20 წლის შემდეგ გამომჟღავნდეს.
სხვა გამოვლინებათა კლასიფიკაცია უმთავრესად პირველი ნიშნების აღმოცენების ადგილისა და კუნთის დაზიანების თავისებურების მიხედვით ხდება. მაგალითად: 
. მიოტონურ ფორმას, რომელსაც სტეინერტის დაავადებასაც უწოდებენ, სხვა ნიშნებთან ერთად კუნთის მოდუნების შეუძლებლობაც ახასიათებს. თავს იჩენს მოზრდილ ასაკში (უფრო – ადრეულ წლებში). პირველი ნიშნები სახეზე გამოიხატება.
. კიდურებისა და სარტყლისმიერი ფორმა, რომელიც ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, თეძოებისა და მხრების კუნთების სისუსტით ვლინდება. ამ დროს, არცთუ იშვიათად, ტერფის წინა ნაწილის აწევაც შეუძლებელია და ავადმყოფი ბორძიკობს.
. კონგენიტალიური ვარიანტი, რომელიც დაბადებისთანავე ან ორ წლამდე იჩენს თავს. პროცესი უმეტესად ძალიან ნელა პროგრესირებს, თუმცა არის შემთხვევები, ისე აგრესიულად მიმდინარეობს, რომ მალევე იწვევს ინვალიდობას. 
. ფაციოსკაპულოჰუმერული ფორმა – ამ რთული ტერმინის მიღმა იმალება დაავადება, რომელიც ბეჭის ძვლების უცნაური დგომით გამოიხატება: როდესაც ადამიანი ხელებს მაღლა სწევს, ბეჭის ძვლებთან დაკავშირებული კუნთების დისტროფიის გამო ძვლები ფრთებივით გამოიზნიქება ორივე მხარეს. ასეთი დისტროფია სტარტს უმეტესად გარდატეხის ასაკში იღებს. 
. ოკულოპარინგეული ფორმა ქუთუთოების “ჩამოვარდნით” იჩენს თავს. კუნთების სისუსტე გამოხატულია თვალის, სახისა და ყელის არეში, ავადმყოფს უჭირს არა მარტო თვალების გახელა, არამედ ყლაპვაც, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს ფორმა 
ძირითადად 40-50 წლის ასაკიდან იწყება. 
რა ემუქრება კუნთებს
კუნთოვანი დისტროფიას მეტად მძიმე გართულებები ახასიათებს, თუმცა, იმავდროულად, სიმძიმის ხარისხი დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. მაგალითად, დუშენის დაავადების დროს კუნთოვანი სისუსტე სწრაფად პროგრესირებს და თუ ადეკვატური მკურნალობა არ ჩატარდა, ავადმყოფი 40 წლის ასაკში კვდება.
კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა გულის კუნთის ფუნქციის მოშლაა. ასევე მძიმე გართულებად მიიჩნევა ყლაპვაში მონაწილე კუნთების დისფუნქცია, რომელსაც კვების დარღვევა მოჰყვება.
როგორც წესი, მიოდისტროფია ადამიანს ინვალიდად აქცევს. კუნთების ძლიერი მოდუნების გამო მარტო მოძრაობა კი არ იზღუდება, კონტრაქტურებიც ვითარდება, რაც სახსრის ერთ პოზიციაში “გაშეშებას” იწვევს. საბოლოოდ ავადმყოფი იძულებული ხდება, ინვალიდის ეტლი გამოიყენოს. დისტროფიის ყველაზე მსუბუქი და, იმავდროულად, ყველაზე გავრცელებული გართულება სკოლიოზია. მისი მკურნალობა აუცილებელია.
მიოტესტები
კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის დასმა რთული არ არის – გარეგნული ნიშნები ცხადზე უცხადეს სურათს იძლევა, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად რამდენიმე გამოკვლევას მაინც მიმართავენ:
. ენზიმური ტესტი. დაზიანებული კუნთები სისხლში კერატინკინაზას გამოყოფს. თუ კუნთი ვიზუალურად არ არის დაზიანებული, უნდა ვიფიქროთ, რომ სისხლის ამ ცვლილების მიზეზი კუნთოვანი დისტროფიაა.
. ელექტრომიოგრაფია. ამ დროს კუნთში მცირე ზომის ნემსი შეჰყავთ, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობაზეა მიერთებული. ელექტრონული იმპულსები იზომება როგორც მოდუნებულ, ისე შეკუმშულ კუნთზე.
. კუნთის ბიოფსია. კუნთის ქსოვილის შესწავლით ზუსტად ადგენენ, ცვლილებები დისტროფიის ბრალია თუ რომელიმე სხვა დაავადებისა.
. გენეტიკური ტესტირება. ამ გზით იშიფრება გენები, რომლებიც დაავადების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზისა და პროგნოზირების საშუალებას იძლევა. 
რით გავაძლიეროთ კუნთები
მიოდისტროფია არ იკურნება. მკურნალობა უმთავრესად მდგომარეობის შემსუბუქებას და ინვალიდობის გადავადებას ისახავს მიზნად. ექიმი თითქმის ყოველთვის ნიშნავს მედიკამენტებს, უპირატესად – ჰორმონულს (პრედნიზოლონს), თუმცა
 ამ ტიპის პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა ძვლების სისუსტე გამოიწვიოს და მოტეხილობათა რისკი გაზარდოს.
სამკურნალოდ უმეტესად იყენებენ:
. სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც ხელს უშლის კონტრაქტურების განვითარებას და სახსარს მოქნილობას უნარჩუნებს;
. ხელსაწყოებს, რომლებიც დასუსტებულ კუნთებს იჭერს და ამაგრებს. ეს შეიძლება იყოს კორსეტი, კარკასი ან ამ ტიპის სხვა მოწყობილობა, ასევე – ეტლი, ყავარჯნები;
. სუნთქვის რეგულატორს. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კუნთების მოდუნებით გამოწვეული ღამის აპნოეს (სუნთქვის გაძნელების) შემთხვევაში გამოიყენება.
სხვა პროცედურებიდან აღსანიშნავია სხვადასხვა სირთულის ოპერაციული ჩარევები, მაგალითად, კონტრაქტურის, სკოლიოზისა და გულის კუნთის მოდუნების დროს. უკანასკნელ შემთხვევაში კუნთში იდგმება ე.წ. პეისმეიკერი, რომელიც გულის რიტმისრეგულირებას უწყობს ხელს.
ზურგის კუნთების გასაჭირი
ტანადობის დარღვევისას წამყვანი ფაქტორია ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების სისუსტე, რომლის გამოსწორება იოლია და აუცილებელიც კი, რათა შემდეგ სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს.
ტანადობის დარღვევა და სკოლიოზი სხვადასხვა რამაა. ტანადობის დარღვევა დაავადების წინა პირობას წარმოადგენს, სკოლიოზური დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობაა – ამ დროს გამოხატულია შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯეროვნად არ არის განვითარებული.

სკოლიოზური დაავადების დროს, რომელიც დისპლაზიის ერთ-ერთი ფორმაა, ყალიბდება ტრიადა: ბრტყელი ტერფი, ხერხემლის სხვადასხვა ხარისხის გამრუდება და სისტოლური შუილი მიტრალურ სარქველზე.
სკოლიოზური დაავადება პ
როგრესირებს. გვხვდება ძლიერ აგრესიული ფორმებიც, რომელთა დროსაც სულ მოკლე ხანში, მაგალითად, ორიოდე თვეში, ხერხემლის გამრუდების პირველი ხარისხი შესაძლოა მეორეში გადაიზარდოს.
პათოლოგია განსაკუთრებით აქტიურდება გარდატეხის ასაკში, დაახლოებით 10-11 წლიდან. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იზრდება, კუნთოვანი სისტემის განვითარება კი ამ ტემპს ყოველთვის ვერ უწყობს ფეხს. განვითარების ასეთი ასინქრონულობა უპირატესად იმ ბავშვებშია გამოხატული, რომლებიც ცოტას მოძრაობენ, უმეტეს დროს წიგნთან, ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ატარებენ ან ბევრს მეცადინეობენ და სათამაშოდაც კი ვერ იცლიან. ამას ისიც ერთვის, რომ ბევრ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. პრობლემის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ. არამც და არამც არ შეიძლება, ტანადობის დარღვევაში მხოლოდ მერხს დავდოთ ბრალი, თუმცა მერხსა თუ საწერ მაგიდასთან სწორ პოზაში ჯდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოდი, აქვე შევთანხმდეთ: პირველ ხანებში პრობლემა იოლი მოსაგვარებელია, თუმცა ტანადობის დარღვევებისთვის გვერდის ავლის საუკეთესო გზა მაინც პროფილაქტიკაა.
პრობლემის მოგვარება სამეცადინო კუთხისა და საწოლის მოწესრიგებით უნდა დავიწყოთ. მოზარდის საწოლი, რომელშიც ბავშვი დაახლოებით 10 საათს ატარებს, ხმელი უნდა იყოს. ძალზე არასასურველია ზამბარებიან ლეიბზე ბავშვის დაწვენა. თუ საწოლი მაგარი არ არის, მასზე შეიძლება ფიცარი დავდოთ, ზემოდან კი 10 სმ სისქის ლეიბი დავაგოთ. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას, მით უმეტეს – თუ კიფოზისკენ არის მიდრეკილი. ჩავარდნილ საწოლში ხერხემალი დიდხანს იმყოფება
 არასწორ მდგომარეობაში და მრუდდება. ბალიში, სასურველია, კარგად იყოს მორგებული სხეულს, მხრებიდან იწყებოდეს, კეფასა და ზურგის ნადრეკებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდეს და ბავშვს თავი ისე ედოს, რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი. თუ მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აწუხებს, უბალიშოდაც დაწვება, მაგრამ თუ ტანადობა აქვს დარღვეული, თავი უთუოდ კომფორტულად უნდა ედოს ბალიშზე. ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის დროს წამყვანი მეთოდი სამკურნალო ტანვარჯიშია, რომლის წყალობითაც კუნთები სათანადოდ ვითარდება. შედეგიანია მასაჟიც, მაგრამ ის პასიური მეთოდი გახლავთ და მხოლოდ დამხმარე საშუალებად იყენებენ.გაითვალისწინეთ: 10 მასაჟი და 10 ვარჯიში ნამდვილად არ არის საკმარისი; კუნთი რომ განვითარდეს, ბავშვმა სამი თვე მაინც უნდა ივარჯიშოს, მასაჟი კი სასურველია 15-20-ჯერ ჩავუტაროთ. ზურგდამჭერის (კორსეტის) ტარებას არ გირჩევთ – მის იმედზე დარჩენილი კუნთები ზარმაცდებიან და განვითარებას წყვეტენ. კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად რომ ჩამოყალიბდეს, მოზარდმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს. ზურგდამჭერის ტარება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ბავშვს ზურგის ტკივილი აწუხებს, პროგრესირებადი სკოლიოზი აქვს ან ხერხემალს მეტისმეტად დიდი დატვირთვა ადგება (მაგალითად, ბავშვი დიდხანს მეცადინეობს ფორტეპიანოზე). ამ შემთხვევაში ზურგდამჭერი შეიძლება 1-1,5 საათით გავუკეთოთ.  კარგია ცურვაც, მაგრამ იგი მოქნილობას უფრო ავითარებს, ამიტომ უმჯობესია, ჯერ კუნთები გავამაგროთ და მოქნილობის განვითარებაზე მერე ვიზრუნოთ.თუ ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, მოარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ზურგჩანთის ტარება აკრძალული არ არის, ოღონდ ბავშვს ის ზურგზე უნდა ეკიდოს და არა ცალ მხარზე.
კუნთებში ჩასახლებული მტერი
ტრიქინელოზი პარაზიტული დაავადებაა, თუმცა, ცოტა არ იყოს, უჩვეულო – მისი გამომწვევი, ნაცვლად იმისა, სადმე მუცლის ღრუში დაიდოს ბინა და, წესისამებრ, დიარეა-ღებინების შეტევებით იჩინოს თავი, კუნთებში მიძვრება და იქ სახლდება. 
ტრიქინელას პროფილი
ტრიქინელა – აი, ასეთი ჟღერადი სახელი აქვს ჭიას, რომლის ლარვები კუნთებში იდებენ ბინას და საკმაოდ მძიმე დაავადებას იწვევენ. ამ პარაზიტით შეიძლება დათვმა, ტახმა ან ღორმა დაგვასაჩუქრონ, მათ კი უმეტესად მღრღნელები აავადებენ. ეს ცხოველები პარაზიტგამძლეობით გამოირჩევიან. ღორს, მაგალითად, დაკვლამდე არაფერი ეტყობა.ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ჯერ ქუთუთოები, მერე – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების აუტანელი ტკივილი, უწევს სიცხე. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობის, ეოზინოფილების, რიცხვი ამ დროს საგრძნობლად იმატებს: ნორმაში მათი წილი 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ტრიქინელოზის დროს კი ზოგჯერ 30-70%-საც აღწევს. თავიდანვე შეიძლება იჩინოს თავი გართულებებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, განკურნება ძნელი არ არის, ნებაზე მიშვებული დაავადება კი ფატალურად მთავრდება.
ამრიგად, ტრიქინელოზის ნიშნებია:
. დისკომფორტი, ჭრის შეგრძნება მუცლის არეში;
. დიარეა;
. სახის შეშუპება, განსაკუთრებით – ქუთუთოების მიდამოში;
. ცხელება;
. კუნთების ტკივილი, განსაკუთრებით – სუნთქვის, ღეჭვისა და მსხვილი კუნთების დატვირთვისას;
. კუნთების სისუსტე.
ურთიერთობის სირთულეები

არის შემთხვევები, როდესაც ტრიქინელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროცესი ჩუმად ღრმავდება და როდესაც პარაზიტს აღმოაჩენენ, ავადმყოფი შესაძლოა ვეღარც კი გადაარჩინონ – უკვე დაზიანებული იყოს გული, ფილტვები ან თავის ტვინი.
ტრიქინელოზის გართულებებს შორის აღსანიშნავია: 
. ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება);
. გულის უკმარისობა;
. არითმია და მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება);
. პნევმონია. 
ვუტევთ პარაზიტს
და ამას პირველ რიგში მედიკამენტებით ვაკეთებთ! ტრიქინელოზის დროს ანტიპარაზიტული საშუალებები ინიშნება. აქვე გეტყვით, რომ არის შემთხვევები, როდესაც პროცესი თავისთავად გაივლის, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, თანაც გამოჯანმრთელებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს. გართულებებისგან თავის დასაცავად წამლების მიღება მაინც რეკომენდებულია. ესენია: ანტიჰელმინთური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებლები და კორტიკოსტეროიდები, რომლებიც პარაზიტზე მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარებისას ინიშნება. 
ცვრიანი მწვადის საფასური
ადამიანს ასნებოვნებს ღორის ცუდად მოხარშული ან შემწვარი ხორცი. დამარილებისას, შებოლვისა თუ გაყინვისას პარაზიტი არ კვდება, ამიტომ ლორთანაც სიფრთხილეა საჭირო. თუმცა საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაედება – დიასახლისები, მოგეხსენებათ, ხშირად სინჯავენ ფარშს და ზოგჯერ მის გადაყლაპვასაც არ ერიდებიან. ეგ კი არა, ბავშვებს ჰემოგლობინის მოსამატებლად უმ ხორცს საგანგებოდ აჭმევენ. აი, ცვრიანი მწვადის მოყვარულებს კი მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის მოხმარებას ვურჩევდით.
გაითვალისწინეთ: პარაზიტი შესაძლოა მოკვდეს, თუ ხორცს 3-4 კვირის განმავლობაში ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე (საყინულეში) გააჩერებთ, თუმცა ამ მეთოდს ბევრი სპეციალისტი სკეპტიკურად ეკიდება. პარაზიტებისგან ხორცის გაწმენდის საუკეთესო გზა თერმული დამუშავება ანუ მოხარშვა და შეწვაა. თუ ხორცი 66 გრადუსზე დამუშავდა, სასურველია ღუმლიდან გამოღების შემდეგ კიდევ 3 წუთი ,არ დაიჭრას, ხოლო თუ უფრო მაღალ ტემპერატურაზე, 70 გრადუსზე შეიწვა, მისი მირთმევა ღუმელის გამორთვისთანავე შეიძლება.
აქტიური კუნთები
კუნთოვანი სისტემისთვის საუკეთესო წამალი ფიზიკური აქტიურობაა. ამ დროს კუნთოვან ქსოვილს სისხლი სათანადო რაოდენობით მიეწოდება და სახსრებიც, კუნთებთან შეხმატკბილებულნი რომ მოძრაობენ, აღარ ზარმაცდებიან.
კუნთის გასავარჯიშებლად ზრუნვა, მიზანშეწონილია, ბავშვის დაბადებისთანავე დავიწყოთ. ამიტომაც არის, ექიმები ჩვილებს ვარჯიშებსა და გამაჯანსაღებელ მასაჟებს რომ უნიშნავენ. საამისოდ გამოცდილი მასაჟისტის დახმარება ყოველთვის არ დაგჭირდებათ – თუ მოინდომებთ, მარტივ ვარჯიშებსა და მასაჟს თავადაც აითვისებთ და გაუკეთებთ პაწიას, ჩვენ კი რამდენიმე რეკომენდაციით დაგეხმარებით.
ვარჯიშის დროს ჩვილი ზურგზე უნდა იწვეს, მხოლოდ პამპერსი ეცვას და ძალიან კარგ განწყობაზე იყოს. სასურველია, თითოეული ვარჯიში 10-ჯერ მაინც გაიმეოროთ. იმოძრავეთ ფრთხილად. თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, სთხოვეთ მასაჟისტს ან პედიატრს, ვარჯიშები პირველად თვითონ შეგასრულებინონ.
1. დაუდექით პატარას თავთან, უკანა მხრიდან. ხელები იდაყვებზე მოჰკიდეთ, ააწევინეთ და დააშვებინეთ.
2. ხელები წრიულად აბრუნებინეთ მხრის სახსარში ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მიმართულებით.
3. ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინებინეთ, ისე, რომ მარცხენა იდაყვი ზემოდან აღმოჩნდეს. ხელები გააშლევინეთ და ისევ გადააჯვარედინებინეთ, ოღონდ ამჯერად მარჯვენა აღმოჩნდეს ზემოთ.
4. ამჯერად პატარას ფეხთით დაუდექით. მარცხენა ხელით მარცხენა წვივი დაუკავეთ, მარჯვენა ხელი კი ტერფში მოჰკიდეთ და კოჭ-წვივის სახსარში წრიულად აბრუნებინეთ ჯერ – საათის ისრის, მერე კი საპირისპირო მხარეს. შემდეგ იგივე გააკეთებინეთ მეორე ფეხით.
5. მარცხენა მუხლი ისე დაუკავეთ, რომ ფეხი ვერ მოხაროს, მეორე ხელი კი მარჯვენა წვივში მოჰკიდეთ და ფეხი მუხლში მოახრევინეთ. შემდეგ, პირიქით, მარჯვენა დაუკავეთ და მარცხენა მოახრევინეთ.
მასაჟი აუმჯობესებს კანის ტურგორს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას, აძლიერებს ჩონჩხის კუნთოვან სისტემას, ხელს უწყობს მეტეორიზმის დროს აირებისგან ნაწლავთა გათავისუფლებას, აუმჯობესებს ძილს და დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციურ სფეროზე. რაც მთავარია, მასაჟი მეტად სასარგებლოა ნაკლებად მოძრავი, დუნე კუნთოვანი სისტემის მქონე ჩვილებისთვის, ასევე – დაავადების შემდგომ პერიოდში, ფიზიკური განვითარების მსუბუქი დარღვევისას.
ვზრდით დატვირთვას
რაც უფრო იზრდება ბავშვი, კუნთების მოსაძლიერებელი ვარჯიშებიც მეტად რთულდება. 7-9 თვის ასაკში პატარა დგომისა და სიარულისთვის უნდა მოვამზადოთ, ამიტომ ყურადღება უმთავრესად ქვედა კიდურების კუნთებზე უნდა გადავიტანოთ. უნდა ვიზრუნოთ მუხლის სახსრების გამაგრებაზეც. ნურც ხერხემალს დავივიწყებთ – ბავშვი ხომ უკვე მთელი დღეა ზის, ამიტომ ზურგის კუნთების გამაგრებაც საჭიროა.
დავიწყოთ მუცლის პრესის გავარჯიშებით.
1. ბავშვი ზურგზე დააწვინეთ, თქვენ კი მარჯვენა მხარეს, ფეხთით დაუდექით. ხელები მაჯებში მოჰკიდეთ და ნელ-ნელა ნახევრად წამოსვით. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 10-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, თქვენ ფეხთით უდგახართ. ორივე ტერფი ერთად დაიჭირეთ და ფეხები მუხლებში გაამართვინეთ. შემოახაზვინეთ ჰაერში ხუთი წრე ჯერ საათის ისრის, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით.
3. საწყისი მდგომარეობა იგივეა. ორივე ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსარში მაქსიმალურად მოახრევინეთ და ორივე ერთად ასევე მაქსიმალურად გადააწევინეთ გვერდზე. ამ დროს ფეხის კუნთებთან ერთად ზურგის გვერდითი კუნთებიც ვარჯიშდება. გაიმეორეთ 5-ჯერ ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს. 
4. საწყისი მდგომარეობა – იგივე. მოჰკიდეთ ხელი მარჯვენა მაჯაზე და მარცხენა კოჭზე და გადააბრუნეთ მარჯვნივ. ასეთ ვარჯიშებს რეფლექსურს ვუწოდებთ. ისინი კოორდინაციას ხვეწენ და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასაც უწყობენ ხელს. გაიმეორეთ 5-ჯერ. შემდეგ ხელი მარცხენა მაჯასა და მარჯვენა კოჭზე მოჰკიდეთ და მარცხენა მხარესაც 5-ჯერ გადააბრუნეთ.
უფრო მეტი
ერთი წლის შემდეგ პასიური დატვირთვა თანდათან აქტიურით უნდა შეიცვალოს. ამ ასაკში ჩვენი მიზანია, მივაჩვიოთ პატარა ფიზიკური კულტურის ელემენტებს, დავეხმაროთ მოძრაობების დახვეწაში. ისევე როგორც ნებისმიერ ასაკში, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ხერხემალს – ჯდომა და სიარული მას საკმაოდ ტვირთავს, ამიტომ ზურგის კუნთების გამაგრებაზე ზრუნვა ნაადრევი არასოდეს არის. გარდა ზურგის კუნთებისა, კომპლექსში კისრისა და მენჯ-ბარძაყის კუნთების განმავითარებელი ვარჯიშებიც ჩავრთეთ.
1. სთხოვეთ (და აჩვენეთ), დაწვეს ზურგზე, წამოსწიოს თავი, დაჭიმოს და ტანისკენ მოზიდოს მტევნები და ტერფები, ბეჭები კი იატაკს არ მოაცილოს. გაჩერდეს ამ პოზაში 5 თვლაზე. გაიმეოროს 5-ჯერ.
2. ბავშვი ისევ ზურგზე წევს, ბეჭები და თავი იატაკზე უდევს. სთხოვეთ, დაჭიმოს ორივე ფეხი. მარჯვენა იატაკს არ ააცილოს, მარცხენა კი მუხლში მოუხრელად ასწიოს რაც შეიძლება მაღლა ისე, რომ სხეულის მიმართ მართი კუთხე შექმნას. გაიმეოროს 5-5-ჯერ როგორც ერთი, ისე მეორე ფეხით.
3. საწყისი მდგომარეობა იგივეა. სთხოვეთ, ასწიოს იდაყვსა და მუხლში გამართული ორივე ხელი და ფეხი. გააჩეროს 20 თვლამდე.
გართულებული ვარიანტია ამ ხნის განმავლობაში ხელებისა და ფეხების ვიბრაცია.
4. ამჯერად მარჯვენა გვერდზე დაწოლა სთხოვეთ. მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდოს, მარცხენით კი მუცელთან იატაკს დაეყრდნოს. ორივე ფეხი მაქსიმალურად დაჭიმოს მუხლში. თვლაზე “ერთი” რაც შეიძლება მაღლა აიქნიოს მარცხენა ფეხი, თვლაზე “ორი” – დაუშვას. გაიმეოროს 5-ჯერ. შემდეგ გადაბრუნდეს მეორე მხარეს და გაიმეოროს იგივე მარჯვენა ფეხით.
მოდუნებული კუნთებისთვის
სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის მკურნალობა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ვერც მხოლოდ მასაჟი, ვერც მხოლოდ ვარჯიში შედეგს ვერ გამოიღებს. მასაჟის საშუალებით ზედმეტად გააქტიურებულ კუნთებს ვადუნებთ, ხოლო მოდუნებული, პირიქით, ტონუსში მოგვყავს. სწორად შერჩეული ვარჯიში კი კუნთებს ავითარებს. საუკეთესო შედეგს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შერჩეული გამაჯანსაღებელი პროგრამით ვაღწევთ. 
თუ ადამიანს სკოლიოზი აქვს, სასურველ შედეგს მხოლოდ სწორად შერჩეული თერაპიით თუ მიაღწევს. შეუსაბამო ვარჯიშებმა შესაძლოა ზიანი მოგაყენოთ. მაგალითად, არამც და არამც არ შეიძლება ხტომა, სიმძიმეების აწევა, გაწელვა და ზოგიერთი სხვა ვარჯიშის დამოუკიდებლად შესრულება. ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ მხოლოდ ცურვაზე იაროთ. ეს სპორტის ფაქტობრივად ერთადერთი სახეობაა, სადაც ყველა ჯგუფის კუნთები აქტიურად მუშაობს, სახსრები და ხერხემალი კი პრაქტიკულად არ იტვირთება.
I-II ხარისხის სკოლიოზისა და ტანდეგობის დარღვევის დროს რეკომენდებულია შემდეგი ვარჯიშები:
1. დაწექით ზურგზე
, ხელები ხელისგულებით ქვემოთ ტანის გასწვრივ გაჭიმეთ. ჩაისუნთქეთ და ნელა და ერთდროულად წამოსწიეთ თავი, მოხარეთ ტერფები და ხელის მტევნები და ასევე ნელა და ერთდროულად დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 15-20-ჯერ.
2. დაწექით ზურგზე და ხელები თავქვეშ ამოიდეთ. ჩაისუნთქეთ და თვლაზე “ერთი” გამართული ფეხები მაღლა ასწიეთ. თვლაზე “ორი” მოხარეთ, თვლაზე “სამი-ოთხი” კვლავ გაშალეთ და ნელა დაუშვით. გაიმეორეთ 8-10-ჯერ
3. “ველოსიპედი”: დაწექით ზურგზე, ფეხები ასწიეთ და ერთი მათგანი მუხლში მოხარეთ. ორივე ფეხით შეასრულეთ წრიული მოძრაობები, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეთ. განაგრძეთ 3 წუთი, თან თავისუფლად ისუნთქეთ.
უეცარი და მოულოდნელი
სწორედ ასეთია კუნთის შეკუმშვა, რომელსაც მედიცინაში კრამპს უწოდებენ.
ასეთი რამ უმეტესად წვივის კუნთებს ახასიათებს და, როგორც წესი, ძლიერ დისკომფორტს, მწვავე ტკივილს იწვევს.
კუნთების მოულოდნელი შეკუმშვის მიზეზი მეტწილად უცნობია, თუმცა სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც შესაძლოა კრამპს იწვევდეს. ესენია:
. კუნთის სისხლით არაადეკვატური მომარაგება. როდესაც კუნთოვანი ქსოვილის არტერიების სანათური დავიწროებულია (უმეტესად – ათეროსკლეროზის გამო), შესაძლოა, კუნთი უეცრად შეიკუმშოს. ასეთი რამ უმეტესად ფიზიკური დატვირთვისას ხდება, ხოლო დატვირთვის შეწყვეტიდან მცირე ხნის შემდეგ თავისთავად გაივლის.
. ნერვის კომპრესია. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ხერხემლიდან გამომავალი ნერვი უხერხულად მოჰყვება მალებს შორის. დისკომფორტი განსაკუთრებით ძლიერია, თუ ქვედა კიდურებისკენ მიმავალი ნერვი დაზიანდა. ასეთ დროს ადამიანს შვებას ჰგვრის ისეთი პოზიცია, რომელიც ნერვზე ზეწოლას შეამცირებს – ფეხის ოდნავ აწევა, გვერდზე განზიდვა და სხვა.
. მინერალური ბალანსის დარღვევა. როდესაც ორგანიზმი კარგავს მინერალურ ნივთიერებებს, მაგალითად, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს, კუნთები კრამპით პასუხობენ. დისბალანსი შესაძლოა გამოიწვიოს ამ მინერალებით ღარიბმა დიეტამ ან დიურეტიკებმა (შარდმდენებმა), რომლებიც ამ ნივთიერებათა გამორეცხვას იწვევს.
რა ზრდის რისკს?
. ასაკი. მისი მატების კვალდაკვალ კუნთოვანი მასა მცირდება და დატვირთვისადმი ნაკლებად გამძლე ხდება. 
. დეჰიდრატაცია ანუ გაუწყლოება. ასე უმეტესად სპორტსმენებს ემართებათ, რომლებიც სიცხეში ვარჯიშობენ და ხშირად იღებენ სითბურ დაკვრას.
. ორსულობა. გაურკვეველია, რატომ, მაგრამ ფაქტია – კუნთების კრამპი ხშირია ორსულობის დროს.
. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა, მათ შორის – დიაბეტი, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები. 
დავეხმაროთ კუნთს
კრამპის მოსახსნელად სასწრაფო დახმარების გამოძახება არ არის საჭირო, “მთრთოლვარე” კუნთს თავადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ. ამისთვის:
. გაჭიმეთ კუნთი და ხელით მსუბუქად დაიზილეთ. თუ კრამპი წვივის არეშია ლოკალიზებული და სხვაგან არ ვრცელდება, შეტევის დროს მთელი წონა კრამპიან ფეხზე გადაიტანეთ, მუხლი ოდნავ მოხარეთ. თუ კუნთი წვივის უკანა მხარეს შეიკუმშა, ეცადეთ, ფეხის წვერი ასწიოთ (ისე, რომ ფეხი მაქსიმალურად იყოს გაჭიმული), ხოლო თუ წინა მხარეს – ქუსლი.  
. უეცრად შეკუმშულ კუნთზე დაიდეთ ყინული ან თბილი ნაჭერი. კრამპირებულ კუნთს უფრო სითბო უხდება: მიიღეთ თბილი აბაზანა ან შეუშვირეთ წყლის თბილ ჭავლს მტკივანი ფეხი.
კრამპი თავიდან რომ აიცილოთ, ერიდეთ გაუწყლოებას. უხვად სვით წყალი, განსაკუთრებით – სიცხეში. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მისაღები სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ფიზიკური აქტიურობის დონეზე, სქესსა და მედიკამენტებზეც. თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, გირჩევთ, ვარჯიშის დროს მცირე ყლუპებით სვათ წყალი. სითხის მიღება არც ვარჯიშის შემდეგ გაწყენთ.
ასევე შეეცადეთ, ხშირად გაავარჯიშოთ, უფრო სწორად, გაჭიმოთ კუნთი. თუ კუნთოვანი კრამპი ღამღამობით გაწუხებთ, დაწოლამდე კუნთების დაჭიმვა მით უმეტეს არ გაწყენთ. ძალიან კარგია ძილის წინ ველოსიპედით გავლა-გამოვლა, თუნდაც სტატიკურ ტრენაჟორზე ვარჯიში, რაც შინიდან გაუსვლელად დაგეხმარებათ კრამპთან ბრძოლაში.

გააზიარე: