ჩოგბურთელის იდაყვი

გააზიარე:

ჩოგბურთელების ნახევარს კარიერის ამა თუ იმ ეტაპზე ჩოგბურთელის იდაყვი უვითარდება. ეს მდგომარეობა პირველად 1883 წელს აღწერეს. აღწერას თან ახლდა რეკომენდაციები იდაყვის ტკივილის შესამსუბუქებლად მოსვენებისა და კომპრესიული სახვევების გამოყენების შესახებ. საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა – მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველი რიგის რეკომენდაციები იგივეა. აღმოჩნდა, რომ ამ მდგომარეობას ყველაზე ხშირად არა ჩოგნის, არამედ ჩაქუჩისა და სახრახნისის პროფესიული გამოყენება იწვევს (შემთხვევათა მხოლოდ 5%-ია გამოწვეული ჩოგბურთის თამაშით), მაგრამ თავდაპირველი სახელი მაინც შერჩა.

რა არის

ჩოგბურთელის იდაყვი, იგივე გარეთა ეპიკონდილიტი, მტკივნეული მდგომარეობაა, რომელსაც იწვევს მაჯისა და მკლავის განმეორებითი მოძრაობები და იდაყვის მყესების გადატვირთვა.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ პრობლემის არსი, მიმოვიხილოთ იდაყვის სახსრის ანატომია.

იდაყვის სახსარი სამი ძვლისგან შედგება. ესენია მხრის ერთი და წინამხრის ორი ძვალი – იდაყვისა და სხივის. მხრის ძვალს აქვს ძვლოვანი წანაზარდები – ეპიკონდილები, საიდანაც წინამხრის რამდენიმე კუნთი იწყება. იდაყვის ძვლის გარეთა მხარეს არსებულ ძვლოვან წანაზარდს გარეთა ანუ ლატერალური ეპიკონდილი ეწოდება.  იდაყვის სახსრის ერთიანობას კუნთები, იოგები და მყესები უზრუნველყოფს. გარეთა ეპიკონდილიტის დროს ზიანდება წინამხრის ის კუნთები და მყესები, რომლებიც მაჯისა და თითების გაშლაზეა პასუხისმგებელი. ამ მდგომარეობამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა უმეტესად 30-დან 50 წლამდე აღირიცხება. 

როგორ ვლინდება

ჩოგბურთელის იდაყვისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. წინამხრის კუთებისა და მყესების დაზიანება იდაყვის სახსრის გარეთა ზედაპირზე ან ოდნავ ქვემოთ მტკივნეულობას და დისკომფორტს განაპირობებს. ტკივილი თავდაპირველად მსუბუქია და ნელ-ნელა, კვირების, ზოგჯერ თვეების განმავლობაში იმატებს. მის აღმოცენებას პაციენტები კონკრეტულ ტრავმას არ უკავშირებენ. ტკივილი შესაძლოა წინამხარსა და მაჯაზეც გავრცელდეს, ზოგჯერ კი ღამითაც არ ცხრება. თუ მდგომარეობა დამძიმდა და ტკივილმა და კუნთების სისუსტემ იმატა, ადამიანისთვის ჩოგნის დაჭერა, ქანჩის მოჭერა, კარის სახელურის დაწევაც კი შემაწუხებელი ხდება. შესაძლოა, პროცესში ორივე ხელი ჩაერთოს, თუმცა უმეტესად დომინანტური ხელი ზიანდება.

რა იწვევს

ჩოგბურთელის იდაყვის დროს განმეორებითი მოძრაობებით განპირობებული წინამხრის კუნთების ზედმეტი დატვირთვა და დაძაბვა იწვევს იმ მყესების მრავლობით მიკროსკოპულ დაზიანებას, რომლებიც წინამხრის კუნთებს იდაყვის ძვლის გარეთა ზედაპირზე არსებულ ძვლოვან წანაზარდთან აკავშირებს. მაგალითად, როცა ჩოგბურთს არასათანადო ტექნიკით თამაშობენ, იდაყვის მოხრისა და გაშლისას კუნთი ეხახუნება ძვლოვან წანაზარდს, რაც დროთა განმავლობაში მის ცვეთას და დაზიანებას განაპირობებს. თუმცა ჩოგბურთელის იდაყვი მხოლოდ სპორტსმენებთან როდი გვხვდება – ხშირად ზარალდებიან სხვა პროფესიის ადამიანებიც, რომელთა პროფესიული საქმიანობაც წინამხრის კუნთების განმეორებით და ენერგიულ მუშაობას ან  მაჯისა და მტევნის განმეორებით მოხრა-გაშლას მოითხოვს. ამ მდგომარეობისკენ განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი მღებავები, სანტექნიკოსები, დურგლები, საავტომობილო მრეწველობის მუშაკები, მზარეულები და ყასბები. დაზიანების მიზეზად ამ პროფესიებისთვის დამახასიათებელ განმეორებით მოძრაობებს და სიმძიმეების ხშირ აწევას მიიჩნევენ.

ხდება ისეც, რომ გარეთა ეპიკონდილიტის მიზეზი უცნობია. ამ შემთხვევაში მას იდიოპათიურს უწოდებენ.

როგორ სვამენ დიაგნოზს

დიაგნოზის დასმისას ექიმი ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სიმპტომების განვითარების ეტაპურობა და ხასიათი, პროფესიული რისკფაქტორები და საჩოგნო სპორტის სახეობებში ჩართულობა, აგრეთვე იმას, ხომ არ მიუღია პაციენტს ტრავმა, აქვს თუ არა რევმატოიდული ართრიტი ან ნერვული დაზიანება.

გასინჯვის დროს ექიმი აწვება დაზიანებულ არეს და პაციენტს სთხოვს, ამოძრაოს იდაყვისა და მაჯის სახსრები და თითები სხვადასხვა მიმართულებით. ამოწმებს ხელის კუნთების ძალას და მტკივნეულობას. ხშირად ეს საკმარისია ჩოგბურთელის იდაყვის დიაგნოზის დასასმელად. თუ სხვა მიზეზს ეჭვობენ, დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რენტგენოგრაფიული ან სხვა ტიპის გამოსახულებითი კვლევები.

რენტგენოგრაფიის დროს ათვალიერებენ ძვლოვან სტრუქტურებს, რათა იდაყვის ართრიტი გამორიცხონ, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა კი რბილი ქსოვილების, მათ შორის – კუნთებისა და მყესების  დათვალიერების შესაძლებლობასაც იძლევა. მოწმდება მყესების დაზიანების ხარისხი, სხვა ტრავმების არსებობა-არარსებობა.

თუ კისრის პრობლემებია სავარაუდო, ტარდება კისრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რათა გამოირიცხოს ხერხემლის დისკოს თიაქარი ან ართრიტული ცვლილებები კისრის მალებში, ვინაიდან ორივე მდგომარეობას შეუძლია მხრის ტკივილის გამოწვევა.

ელექტრომიოგრაფიით ნერვის კომპრესიის არსებობას ამოწმებენ. იდაყვის სახსრის ირგვლივ არაერთი ნერვი გაივლის, ამიტომ ნერვზე ზეწოლის სიმპტომები ხშირად ჩოგბურთელის იდაყვის სიმპტომებს ჰგავს.

არსებობს მარტივი ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სახლის პირობებშიც დადგინდეს ჩოგბურთელის იდაყვი. ამისთვის უნდა დადგეთ სკამთან, იდაყვის სახსრებში გაშლილი ხელებით მოეჭიდოთ საზურგეს და სკამის აწევა სცადოთ. თუ იდაყვის გარეთა ზედაპირზე ტკივილი აღმოცენდა, ეს, დიდი ალბათობით, ჩოგბურთელის იდაყვის არსებობაზე მიანიშნებს.

როგორ მკურნალობენ

შემთხვევათა 80-95%-ში ჩოგბურთელის იდაყვი კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება.

მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი ხელის მოსვენებაა. რამდენიმე კვირით უნდა შეწყდეს ან შემცირდეს სპორტული აქტიურობა, მძიმე სამუშაო. ტკივილისა და ანთების ჩასაცხრობად გამოიყენება ურეცეპტოდ გასაცემი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (იბუპროფენი, ნაპროქსენი).

თუ ეს საშუალებები უეფექტო აღმოჩნდა, მკურნალობის კურსში ერთვება ფიზიოთერაპია – ტარდება სპეციფიკური ვარჯიშები წინამხრის კუნთების გასაძლიერებლად, ყინულის მასაჟი, ულტრაბგერითი მასაჟი ან კუნთის მასტიმულირებელი სხვა პროცედურები მისი აღდგენის დასაჩქარებლად.

დაზიანებულ ქსოვილებზე სტრესის შესამცირებლად გამოიყენება სპეციალური მანჟეტები, რომლებიც კუნთებსა და მყესებს ასვენებს და ამის ხარჯზე მდგომარეობას აუმჯობესებს.

ჩოგბურთის მოთამაშეებს სთხოვენ, ექსპერტის დახმარებით შეაფასონ თამაშის ტექნიკა და მოძრაობები და  შეარჩიონ ოპტიმალური მეთოდი ქსოვილების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

სამკურნალოდ შესაძლოა გამოიყენონ სხვა პროცედურებიც:

. ძლიერი ტკივილისა და მოძრაობის გართულების შემთხვევაში მტკივან არეში, გარეთა ეპიკონდილის ირგვლივ, შეჰყავთ ანთების საწინააღმდეგო მაღალეფექტური მედიკამენტები – სტეროიდები (მაგალითად, კორტიზონი).

. ტარდება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმური მასის, ბოტოქსის ან სხვა ფორმის გამღიზიანებლის ინექცია მტკივან მყესში. იმედის მომცემი პროგნოზის მიუხედავად, ეს მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის საგანს წარმოადგენს.

თუ 6-12 თვის შემდეგ, მიუხედავად ინტენსიური კონსერვატიული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, დაზიანებული ქსოვილი ქირურგიულად იკვეთება. ოპერაცია უმეტესად ტარდება ღია წესით, იდაყვის ზემოთ განაკვეთის გავლებით. ჩარევა, წესისამებრ, ამბულატორიულ პირობებში ხორციელდება და პაციენტს იმავე დღეს უშვებენ სახლში. შესაძლოა ართროსკოპიული ოპერაციის ჩატარებაც, რაც გულისხმობს მცირე ზომის განაკვეთის გავლებას და მინიატურული ინსტრუმენტების გამოყენებას.

ოპერაციის შემდეგ ხდება ხელის იმობილიზაცია არტაშნით. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ არტაშანს და ნაკერებს აცილებენ. კუნთების გაწელვის და მოქნილობის აღდგენის მიზნით სრულდება რეაბილიტაციური ვარჯიშები. გამაძლიერებელი ვარჯიშები კი იწყება ნელ-ნელა, ოპერაციიდან დაახლოებით ორ თვეში. სპორტული აქტივობის განახლება ხდება ექიმის რეკომენდაციით. ოპერაცია ათიდან 8-9 შემთხვევაში ეფექტურია. პაციენტთა უმრავლესობა უბრუნდება დაზიანებამდელ აქტიურობის დონეს, თუმცა არცთუ იშვიათად აღინიშნება კუნთის ძალის დაქვეითებაც.

პრევენცია

იმისთვის, რომ ჩოგბურთელის იდაყვის რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოძრაობის სწორ ტექნიკაზე ვარჯიშისა და მუშაობის დროს. მაგალითად, ჩოგბურთელებისთვის არადომინანტური მხარიდან ორივე ხელით დარტყმა საგრძნობლად ამცირებს იდაყვზე დატვირთვას და, შესაბამისად, დაზიანების ალბათობას. მნიშვნელოვანია, მწვრთნელმა სწორად შეარჩიოს დატვირთვის ინტენსივობა. ახალი მოძრაობები თავდაპირველად უნდა შესრულდეს ნელა და ინტენსივობა ეტაპობრივად გაიზარდოს, ხოლო თუ იდაყვის ტკივილი აღმოცენდა, ვარჯიში შეწყდეს.

აჯობებს, მხრის კუნთებზე უფრო მეტი დატვირთვა გადავიტანოთ, ვიდრე  მათთან შედარებით პატარა მაჯისა და იდაყვის კუნთებზე.

თამაშის დაწყების წინ მოთელვა – ხელის განმეორებითი მოძრაობები და ხელის კუნთების მსუბუქი გაწელვა – დაზიანებას თავიდან აგვაცილებს.

მსუბუქი სპორტული ინვენტარის, მაგალითად, ჩოგნის გამოყენება ამცირებს მყესებზე დატვირთვას, ნესტიანი ან მოძველებული ჩოგბურთის ბურთები კი დამატებითი ძალით ტვირთავს ხელს.

წინამხრის კუნთების გაძლიერება, ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციით სათანადო სავარჯიშოების შესრულება გააადვილებს ხელის მოძრაობას და თავიდან აგვაცილებს ჩოგბურთელის იდაყვს.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: