როგორ დავიამოთ ტკივილი
გააზიარე:
ჩვენი სატკივარი
“ტკივილი კაცობრიობის ყველაზე დაუნდობელი მბრძანებელია, რომელიც სისასტიკით ზოგჯერ სიკვდილსაც კი უკან ჩამოიტოვებს”.
ალბერტ შვეიცერი, XX საუკუნის გამოჩენილი ფრანგი ექიმი
ადამიანი გაჩნდა თუ არა, უმალვე გაიგო, რა იყო ტკივილი: ხან კოცონზე ხელი დაეწვებოდა, ხანაც ქვა მოხვდებოდა თავში. ალბათ, ავადაც ხდებოდა, ბავშვსაც აჩენდა... ასე რომ, ტკივილის გაყუჩების აუცილებლობა მუდამ არსებობდა. სწორედ ამისთვის იყენებდა პირველყოფილი ადამიანი ცხელ საფენებს (თუნდაც გავარვარებული ქვის სახით), წყალს, მზის სხივებს, მტკივანი ადგილის ზელას.
თანდათან საქმეში ჯადოქრები და ქურუმებიც ჩაერთენ. ისინი ლოცვებით, შელოცვებით, მაგიური რიტუალებით არჩენდნენ “სხეულის წუხილს”. იყენებდნენ მცენარეულ ნაყენებსაც...
ტკივილის ფენომენის აღწერა პირველად ბერძნებმა და რომაელებმა სცადეს. მათი თეორიის თანახმად, ტკივილზე თავის ტვინი და ნერვები აგებდნენ პასუხს. ამ ჰიპოთეზამ ძველი სამყაროს სამედიცინო წრეებში დიდი მოწონება ვერ პოვა. სამაგიეროდ, შუა საუკუნეებში, რენესანსის ეპოქაში, მას თვით ლეონარდო და ვინჩი მიუბრუნდა, აღიარა, რომ შეგრძნებებზე პასუხისმგებელი მართლაც თავის ტვინი იყო და ისიც დაუმატა, მასთან ინფორმაცია ზურგის ტვინს მიაქვსო. XVII საუკუნეში რენე დეკარტემ აღწერა გზა, რომელსაც ტკივილი სხეულის ზედაპირიდან თავის ტვინამდე გადის. მან აუდიტორიის წინაშე რამდენიმე ნახატი გამოფინა. პირველზე გამოსახული იყო მამაკაცი, რომელსაც ის-ის იყო ფეხი დაეწვა. მეორეზე მტკივანი ადგილიდან ტვინისკენ იმპულსის მოგზაურობა ეხატა, მესამეზე კი აჟღერებული ზარი – სწორედ მას შეადარა ტკივილი ფრანგმა ფილოსოფოსმა.
XIX საუკუნიდან მეცნიერებმა ტკივილზე იერიში მიიტანეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ოპიუმი, მორფინი, კოდეინი და კოკაინი საუკეთესო ანალგეტიკები იყო. ამას ასპირინის აღმოჩენა მოჰყვა... თუმცა ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მომავალს პესიმისტურად უყურებდნენ და ტკივილის გაყუჩება შეუძლებლად მიაჩნდათ. მაგალითად, ერთი ამერიკელი პოეტი თავის შემოქმედებაში ხშირად იხსენიებდა ამ ფენომენს და ერთგან წერდა კიდეც: “ტკივლის მომავალი არ აქვს. მარად უნდა გტკიოდეს. ტკივილის ტკივილითვე თუ დაივიწყებ...”
საიდან სადაო
მაინც როგორ აღვიქვამთ ტკივილს?
სხეულის ზედაპირიდან თავის ტვინამდე ტკივილის იმპულსი გრძელ გზას გადის. ამ გზაზე მას სამი სადგური ხვდება. პირველი პერიფერიული ნერვებია, რომლებიც ზურგის ტვინიდან კანამდე, კუნთებამდე, ძვლებამდე, სახსრებამდე და შინაგან ორგანოებამდეა გადაჭიმული. ნაწილი ამ ნერვებისა ბოლოვდება მგრძნობიარე რეცეპტორებით, რომლებიც შეხებას, ზეწოლას (წნევას), ვიბრაციას, სიცივესა და სიცხეს შეიგრძნობენ. მეორე ტიპის რეცეპტორები (ნოსიცეპტორები) დაზიანებას აღიქვამენ ანუ, ფაქტობრივად, ტკივილის “მახარობლები” არიან. ეს ყოჩაღი დაბოლოებები უფრო მეტად სხეულის იმ უბნებში არიან თავმოყრილნი, რომელთა დაზიანება და ტკენა ყველაზე ადვილია – თითის ბალიშებზე. საკმარისია, ნოსიცეპტორი გაღიზიანდეს, რომ წარმოიქმნება იმპულსი, რომელიც ტკივილზე მორეაგირე მთავარი ორგანოსკენ – თავის ტვინისკენ გარბის და ისე სწრაფად მიაქვს ენა, რომ ადამიანი თვალის დახამხამებასაც კი ვერ ასწრებს.
სანამ თავის ტვინამდე მივა, იმპულსმა ზურგის ტვინი უნდა გაიაროს. აქ ნერვები ისეა ერთმანეთში გახლართული, როგორც სატელეფონო კაბელები, მაგრამ ტკივილის აღქმას ეს არეულობა ხელს არ უშლის – ზურგის ტვინი შარაგზა არ არის, სადაც იმპულსი ჩაიშხუილებს და გაქრება; აქ გამოიყოფა ნივთიერებები (ნეიროტრანსმიტერები), რომლებიც სხვა ნერვებს აღიზიანებს და ტკივილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციას აყალიბებს. აი, ეს დაწყობილ-გაშიფრული მესიჯები მიეწოდება სწორედ თავის ტვინს.
მრავალ ჭირვარამგამოვლილი იმპულსი თავის ტვინში ქაოსურად კი არ მიმოდის, სანამ ვინმე გამოიჭერდეს, არამედ მიზანმიმართულად მიიწევს თალამუსისკენ –თავის ტვინის ერთ-ერთი VIP-ნაწილისკენ. ლამის კომპიუტერის პრინციპით მომუშავე თალამუსი მიღებულ ინფორმაციას ახარისხებს (ანუ სორტირებას უკეთებს) და საჭირო მიმართულებით აგზავნის (აფორვარდებს):
To: ტვინის ქერქის სენსორული (სომატოსენსორული) აღქმის უბნისკენ, სადაც ტკივილის იდენტიფიცირება ხდება;
Cc: ემოციური მგრძნობელობის ზონისკენ ანუ ლიმბური სისტემისკენ, რომელსაც ტკივილით განცდილ ტანჯვას უნდა ვუმადლოდეთ;
Bcc: ტვინის ქერქის ფრონტალური (მოაზროვნე) უბნისკენ, რომელიც ტკივილის არსსა და ხასიათს შიფრავს.
თავის ტვინში გაშიფრული ინფორმაცია იქვე კი არ სამარდება, არამედ ორგანიზმი მასზე განსაზღვრულ რეაქციას ახდენს. ასე რომ არ იყოს, ადამიანი სისხლისგან დაიცლებოდა, დაიწვებოდა და კიდევ ვინ მოთვლის, რა აღარ დაემართებოდა! ეს რეაქცია კი დაღმავალი ნერვული გზების დამსახურებაა, რომლებიც თავის ტვინში გადამუშავებული ინფორმაციის საპასუხო იმპულსებს ატარებს. თავის ტვინიდან Replay-თი გამოგზავნილი ფაილები (იმპულსები) უმეტესად ასეთ ტექსტს შეიცავს: “ახლავე აიღე ხელი ცხელი საგნიდან”, “ასწიე ფეხი, კიდევ არ შეგერჭოს შუშის ნამსხვრევი” და ასე შემდეგ.
ტკივილს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად რომ აღიქვამს, უდავოა. მაგალითად, სპორტსმენებს და, საზოგადოდ, კარგად ნავარჯიშევ ადამიანებს მცირე ტრავმა ტკივილს იშვიათად აყენებს.
მიიჩნევა, რომ ქალები ტკივილს უკეთ იტანენ, მაგრამ სტატისტიკა და მეცნიერული აზრი საპირისპიროს ამტკიცებს: მამაკაცები უფრო ამტანნი არიანო.
სხვადასხვანაირად აღიქვამენ ტკივილს სხვადასხვა ასაკისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხივრები ადამიანებიც. ხმელთაშუაზღვისპირეთის მკვიდრნი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან, სკანდინავიელები კი გამძლეობით გამოირჩევიან.
დროებით თუ სამუდამოდ?
თუ ტკივილი მტანჯველია, ის ხანგრძლივი არ არის ხოლმე.
ციცერონი
ტკივილი ერთგვარი სასჯელია – რაც უფრო მეტს დააშავებ, მით მეტხანს მოგიწევს ტანჯვა. ალეგორიას თუ თავს დავანებებთ, ასეა რაც უფრო ნაკლებად არის დაზიანებული ქსოვილი, მით უფრო იოლად აღდგება იგი და ტკივილიც მით უფრო მალე გაქრება.
მწვავე ტკივილი ერთბაშად იჩენს თავს და, წესისამებრ, მწვავე პათოლოგიური მდგომარეობის, მაგალითად, ტრავმის, ცოტა ხნის წინ გადატანილი ქირურგიული ოპერაციის, ანთების გამოძახილია. ასეთი ტკივილის გაყუჩება ძნელი არ არის, ის ძალზე იშვიათად იქცევა ქრონიკულ სატანჯველად. ქრონიკული ტკივილი კი, გამომწვევი პათოლოგიის მსგავსად, უსასრულოდ გრძელდება, თუმცა უმეტესად ყრუ და ნაკლებად შემაწუხებელია. ქრონიკული ტკივილი ადამიანს არათუ კვირაობით, არამედ თვეობით და წლობითაც კი ტანჯავს. ის უმეტესად ისეთ დაავადებებს უკავშირდება, როგორიც არის ართრიტი და კიბო. ფაქტობრივად ცალკე გამოყოფენ თავისა და ზურგის ქრონიკულ ტკივილს, რომელთა დასამარცხებლად აშშ-სა და ევროპაში – სპეციალური სამედიცინო ასოციაციები, ხოლო კლინიკებში განყოფილებებია შექმნილი.
ნაირ-ნაირი ტკივილი
ნეტავ არსებობს თუ არა ორგანო, რომელიც არასოდეს აგვტკივდება? თურმე არსებობს და ამგვარ კომფორტს ნერვული დაბოლოებების უქონლობას უნდა უმადლოდეს. დანარჩენები კი, ერთი პაწაწინა ნერვიც რომ გაუღიზიანდეთ, უმალვე განგაშის ზარს შემოჰკრავენ ხოლმე.
ასეთი რამ სჩვევიათ:
- კანს დამწვრობის, ჭრილობის, გამონაყარის, ანთების დროს;
- საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, როდესაც მათში ბინას იდებენ ნაღველკენჭოვანი დაავადება, ნაწლავთა ობსტრუქცია, დივერტიკულიტი, წყლული, აირები, ნაწლავთა ანთებითი დაავადება (მაგალითად, კოლიტი);
- შარდსასქესო სისტემას. მისი განსაცდელი იწყება თირკმელებში კენჭების არსებობის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთების, ვულვოდინიის, მენსტრუალური პრობლემების დროს;
- კუნთებსა და ძვლებს. ისინი ართრიტის, სიმსუქნის, ოსტეოქონდროზის დროს გვახსენებენ თავს.
კიდევ მრავალნაირი ტკივილი არსებობს: კბილისა, ყურისა, თვალისა... თუმცა მოდით, შორს ნუღარ წავალთ და იმ ტკივილზე ვისაუბროთ, რომელიც მართლაც რომ დიდი თავის ტკივილია.
თავო ჩემო
იცნობთ ადამიანს, რომელსაც თავი არასოდეს ასტკივებია? ვფიქრობთ, არა. ნეტავ სტატისტიკოსებმა სად გამოჩხრიკეს? მათი მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 80%-ს ერთხელ მაინც სტკივებია თავი. აი, სწორედ ის დარჩენილი 20% გვაოცებს. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, ტკივილი მათაც აწუხებდეთ, უბრალოდ, გმირულად იტანდნენ, ექიმთან არ მიდიოდნენ და უახლოეს აფთიაქში ნაყიდი წამლებით გადიოდნენ ფონს.
თავის ტკივილი (პირადი თუ სამსახურებრივი პრობლემების გარდა) ათასმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, უმთავრესად – ნევროზმა, დეპრესიამ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ ან ჰიპოტონიამ, თირკმლისა თუ ენდოკრინულმა დაავადებებმა... სტატისტიკის თანახმად, თავის ტკივილის შემთხვევათა 70% დაძაბვითი ხასიათისაა, 25% კი შაკიკით არის გამოწვეული.
მიზეზებს თუ დავაჯგუფებთ, ასეთ ჩამონათვალს მივიღებთ:
I – თავის ტკივილები, რომლებიც თავის ტვინის ორგანული დაზიანებით ან ლიქვოდინამიკის (სითხის მოძრაობის) მოშლით არის განპირობებული. აქ კიდევ სამი ქვეჯგუფი გამოიყოფა:
- თავის ტრავმით გამოწვეული. ამასთანავე, ტრავმა შეიძლება იყოს როგორც მწვავე ანუ უეცარი, ისე ქრონიკული (ასეთი განსაცდელი ალბათ უფრო სპორტსმენებს ტანჯავთ);
- სიმსივნური წარმონაქმნებით გამოწვეული. ამ დროს ტკივილი უპირატესად დილაობით აღმოცენდება და გულისრევა და პირღებინება ახლავს თან;
- ანთებით (მენინგიტით, მენინგოენცეფალიტით და სხვა) გამოწვეული.
II – სისხლძარღვთა მიზეზით აღმოცენებული თავის ტკივილები:
- შაკიკით უმთავრესად ქალები იტანჯებიან. ამ დროს ძლიერი მოპულსირე (მფეთქავი) ტკივილი თავის ცალ მხარეს “აკაკუნებს”, რასაც არცთუ იშვიათად თან სდევს გულისრევა, სინათლისა და ხმაურის შიში (შესაძლოა, შაკიკი მემკვიდრეობითაც გერგოთ);
- არტერიული ჰიპერტენზიით ანუ მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილი არც ისე ხშირი ყოფილა, როგორც ჰგონიათ, მაგრამ მაინც, საკმარისია, სისხლძარღვებში წნევამ მოიმატოს, რომ კეფისა და კისრის არეში ძლიერი მქაჩავი ან ზეწოლის მსგავსი მოპულსირე ტკივილი იჩენს თავს.
III – ფსიქოგენური ფაქტორებით გამოწვეული ტკივილი:
არსებითად, ეს დაძაბვითი თავის ტკივილია და თურმე სწორედ ის გვაწუხებს ყველაზე ხშირად. მიზეზი კი ქრონიკული სტრესი, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა ყოფილა. ამ დროს ადამიანს ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს თავზე მჭიდრო ჩაფხუტი დაახურეს ან სალტე შემოუჭირესო.
IV – ისეთი ფაქტორებით გამოწვეული ტკივილი, რომლებიც თავის ტვინს არ უკავშირდება. ეს ფაქტორებია:
- ყოველგვარი ინფექციური დაავადება, ბაქტერიებით იქნება ის გამოწვეული თუ ვირუსებით. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ გრიპიც კი ხშირად თავის ძლიერი ტკივილით იწყება, მერე და მეტე იჩენს თავს მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა და სხვა სიმპტომები;
- ზოგიერთი მედიკამენტი და ქიმიური ნივთიერება. კერძოდ, თავის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს ორალურმა კონტრაცეპტივებმა, ნიტრატისა და კოფეინის შემცველმა წამლებმა, ალკოჰოლმა, ბენზოლმა, ნახშირორჟანგმა, ინსექტიციდებმა (მწერების გამანადგურებელმა ხსნარებმა), ვერცხლისწყალმა;
- თავისა და მიმდებარე არის ორგანოთა, მათ შორის – კისრის, თვალის, ცხვირის, წიაღების, კბილის, პირის ღრუს დაავადებები, მაგალითად, ჰაიმორიტი, გლაუკომა;
- ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი. ამ დროს ტკივილი უპირატესად ფიზიკური დატვირთვის, მოუხერხებელ პოზაში ძილის, კისრის კუნთების დაძაბვის შედეგად იჩენს ხოლმე თავს. ოსტეოქონდროზის მქონე ადამიანს, როგორც წესი, მოძრაობა უჭირს, თუმცა შესაძლოა, დაავადების ერთადერთი ნიშანი თავის ტკივილი იყოს.
***
ტკივილის მიზეზის აღმოსაჩენად ექიმს შესაძლოა თავში ჩახედვა დასჭირდეს. საამისოდ მიმართავენ კტ-ს (კომპიუტერულ ტომოგრაფიას), მრტ-ს (მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას), ასევე მრა-ს (მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიას). ამ მეთოდების შესახებ ვრცლად ჟურნალის წინა ნომერში გიამბეთ, ამიტომ ამჯერად მათზე აღარ შევჩერდებით.
გარდა ამ გამოკვლევებისა (თუმცა არც ის არის გამორიცხული, მათი ჩატარება სულაც არ დაგჭირდეთ), ექიმი უთუოდ გირჩევთ არტერიული წნევის გზომვას, სისხლის ანალიზის გაკეთებას და თვალის ფსკერის გამოკვლევას.
მკურნალობის ანაბანა
ერთი ტკივილი მეორეს ფარავს. აბა, კბილმტკივან კატას კუდზე ფეხი დაადგით – დაინახავთ, რა მადლიერი თვალებით შემოგხედავთ, რადგან კბილის ტკივილს გადაავიწყებთ.
ა. ჩეხოვი
ტკივილის გასაყუჩებლად ზოგჯერ ერთი აბიც კმარა, ზოგჯერ კი რამდენიმესაათიანი ოპერაციაა საჭირო. მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ საშუალებებს, ტკივილს რომ გვავიწყებს:
- წამლები, მაგალითად, ასპირინი, პარაცეტამოლი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (მაგენოლი, დიკლოფეროლი). ამ მედიკამენტებს ანალგეტიკებს უწოდებენ. ექიმი ტკივილთან ბრძოლაში ხშირად რთავს სხვაგვარი მოქმედების პრეპარატებსაც, მაგალითად, ანტიდეპრესანტებს, COX-2 ინჰიბიტორებს, ნარკოტიკებს.
- კრემები, რომლებიც ადგილობრივ ზემოქმედებას ახდენს (ახურებს) კანსა და კუნთებზე, ნერვის ბლოკირებისთვის საჭირო ნივთიერების ინექციები.
- ფიზიკური მეთოდები – აკუპუნქტურა, ელექტროსტიმულაცია, ბიოფიდბექი და უბრალოდ ვარჯიში გულისხმობს, რაც მტკივან არეში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
- ფსიქოლოგიური მეთოდები – ჰიპნოზისა და რელაქსაციის სხვადასხვა ფორმა.
- ქირურგიული მეთოდი, რომელიც ხშირად ერთადერთი გამოსავალია. ხშირად კეთდება ოპერაცია ტრავმით ან ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ტკივილის აღსაკვეთად.