თეა თოფურიას მრავალი სამყარო
გააზიარე:
იქ, სადაც წარმოსახვას ჩარჩოები არ აქვს”
თეა თოფურია ოთხმოცდაათიანებში გავიცანი "რეზონანსის" რედაქციაში. ეს ის დროა, როცა ჟურნალისტები მეტწილად ენთუზიაზმის ხარჯზე ვმუშაობდით, გაყინულ ოფისებში სპირალებიან ელექტროღუმელს ვეფიცხებოდით, თითებში გრძნობა რომ დაგვბრუნებოდა და წერა გაგვეგრძელებინა.
თეაც ამ თაობის ჟურნალისტია. პროფესიას არ ღალატობს, თუმცა აქვს მეორე, საიდუმლო ცხოვრებაც, სადაც ამბებს კი არ იწერს, იგონებს. თვითონვე იგონებს სამყაროებსაც, სადაც ეს ამბები ხდება... არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ ჯილდოზეც.
– წერა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ჟურნალისტობას სათადარიგო პროფესიად განვიხილავდი, უფრო მეტად კი იურისტობა მინდოდა. ვიშოვე კონსპექტები, გავიზუთხე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი, მაგრამ... საბოლოოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი.
არ აღმოჩნდა იოლი საქმე. ყველაზე რთული პირველი წლები იყო. ჩემმა ბევრმა თანაკურსელმა შეიცვალა პროფესია. მეც არაერთხელ დავფიქრებულვარ სხვა პერსპექტივაზე. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტის საქმიანობა მძიმე შრომაა, თემებიც პრაქტიკულად უცვლელია: კორუფცია, გარემოს დაცვა, ადამიანის უფლებები... მაგრამ დღემდე ყველა საპროტესტო აქციის ეპიცენტრში ვარ, რადგან ამაზე საინტერესო, დინამიკური და არაერთფეროვანი სამუშაო ვერ წარმომიდგენია. ჟურნალისტიკაში მთავარი ინდივიდუალობაა, აქ რობოტად ყოფნა არ გამოვა – პიროვნება უნდა იყო და ეს ყველაზე მეტად მომწონს.
აქ ყველაფერს ახლოდან ხედავ, იცი კონტექსტიც და სიტუაციას არა ფრაგმენტულად, არამედ მთლიანობაში აღიქვამ. სწორედ ეს გაძლევს შესაძლებლობას, ყველა მოვლენა მიუკერძოებლად შეაფასო.
დღეს ინფორმაცია ქაოსურად, ემოციებით სავსე ნაკადად მოედინება. ნებისმიერ გამვლელს შეუძლია, მობილური მოიმარჯვოს, გადაიღოს ამბავი, რომელსაც შეესწრო და სოციალურ ქსელში გაავრცელოს. ეს კოკისპირულ წვიმასავითაა, საზოგადოებას კი სუფთა, სასმელი წყალი სჭირდება – დაზუსტებული, სანდო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც გამოიტანს დასკვნებს და საკუთარი თვალსაზრისის ფორმირებასაც შეძლებს.
ჟურნალისტიკა დღეს
– წლების წინ ჟურნალისტების უფლებებს უმეტესად დამქირავებლები არღვევდნენ. დღეს შრომის კანონი მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა რაციონალურ სტანდარტს. სამაგიეროდ, ახლა ხელისუფლებისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისგან უფრო მეტია ზეწოლა.
თავის მხრივ, არც დღევანდელი ჟურნალისტიკაა სრულყოფილი. სიმშვიდე აკლია. ხშირად ტენდენციურია. სოციალური მედია ბოღმით და ირონიითაა სავსე. განზრახ თუ უნებლიეთ, ვრცელდება უამრავი სიცრუე, მომხმარებელს კი არ აქვს იმდენი დრო, თავად ამოწმოს ამბის სისწორე. სანდო ინფორმაცია ამ საუკუნეში ძალიან ფასობს.
მხატვრული ლიტერატურა
ჯერ სტუდენტი იყო, მისი პირველი ლექსები ჟურნალში რომ დაიბეჭდა. მერე გამოიცა პროზაულ-პოეტური კრებული "პიტნის კალო", მოთხრობების კრებული "ორი ოთახი კაიროში", ლექსების კრებული "ეკოციდი", საბავშვო პროზაული კრებულები "პარადიის არდადეგები", "გასაღვიძებელი ზღაპრები", "ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე", "წყალდიდობა ზოოპარკში", "სახლი მწიფე გარგარის ქუჩაზე". ახლახან, გასული წლის ბოლოს, კიდევ ერთი საბავშვო რომანი – "უჩინარი სახლი" წარუდგინა მკითხველს.
– ამბობენ, რომ ბევრს ვწერ სიკვდილზე. ეს ალბათ სამყაროსადმი ჩემი დამოკიდებულების ბრალია. მჯერა, რომ ხილული სინამდვილე ერთადერთი არ არის, სხვა უამრავი რეალობაა ერთმანეთში გადახლართული. მჯერა, რომ ადამიანის არსებობა არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება. ეს ყველაფერი გონებით მიუწვდომელია, მხოლოდ ინტუიციურად ვგრძნობთ, რომ რაღაც დიდი არსის ნაწილი ვართ. ცხოვრებას თუ ამ რაკურსით შევხედავთ, ყოველდღიური პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანი მოგვეჩვენება.
ამით აიხსნება ისიც, რომ მისტიკური რეალიზმი გამორჩეულად მიყვარს. საბავშვო ლიტერატურაც ამიტომ მიზიდავს – ბევრი რამის გამოგონება შეიძლება, წარმოსახვას აქ ჩარჩოები არ აქვს. თავად ვქმნი სამყაროს, რომელიც მომწონს, ვიგონებ ადამიანებს, რომლებიც მინდა რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობდნენ, კეთილებს, დიდსულოვნებს, სიყვარულის მატარებლებს.
პორტრეტი
სოხუმში დაიბადა. ბავშვობაც იქ გაატარა. ოჯახი ომამდე ცოტა ხნით ადრე გადმოსახლდა თბილისში. ბედნიერი ვარ, ომს რომ არ შევესწარიო, ამბობს. დამოუკიდებელი, მებრძოლი და ჯიუტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი წიგნები არარეალურ სამყაროებში გვამოგზაურებს, თავად ავტორი საკმაოდ მყარად დგას მიწაზე.
– დათმობა არ მიყვარს. ახალგაზრდობაში უფრო მეტად მიწევდა ბრძოლა, საკუთარი აზრის გატანა, პრინციპების დაცვა... დღეს საზოგადოებაც შეიცვალა, უფრო თავისუფალი გახდა, განსხვავებული აზრის მიმღებლობაც მეტია, თუმცა ბევრ პრობლემას ისევ არ დაუკარგავს აქტუალობა. მაგალითად, ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ წიგნმა საკუთარი თავი ამოწურა. მაგრამ წიგნი ხომ ტექსტია, ინფორმაციაა, მის გარეშე ვერცერთი თაობა ვერ იარსებებს. რა მნიშვნელობა აქვს, ქაღალდზე დაბეჭდილს გადავფურცლავთ თუ ინტერნეტით მივიღებთ ამ ინფორმაციას, მთავარია, გონებას საზრდო მიეცეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ წიგნი შეიძლება გაუფასურდეს. თუნდაც ის ფილმები, რომლებსაც ჰოლივუდი იღებს, თავიდან ხომ წიგნად იწერება. მთავარი პრობლემა არა წიგნის რეიტინგი, არამედ განათლების პრიორიტეტის გააზრებაა. ამ სისტემის გაჯანსაღება. წიგნს და ლიტერატურას კი მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, რომ ახალგაზრდებმაც გაიცნონ, წაიკითხონ, შეიყვარონ.
თამარ ციბალაშვილი