როგორ შევაჩეროთ სისხლდენა
გააზიარე:
არიან ადამიანები, სისხლის დანახვაზე გული რომ მისდით. თუ მათ რიცხვს არ ეკუთვნით, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ შეაჩეროთ სისხლდენა. მერწმუნეთ, ეს ცოდნა არა მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის ადგილას, არამედ საკუთარ ოჯახშიც გამოგადგებათ. ჩვენი რესპონდენტია მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი გიორგი ჩოჩია.
– სისხლდენა გარეგანიც შეიძლება იყოს და შინაგანიც. ჩვენ მხოლოდ გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეგვიძლია. შინაგანი სისხლდენის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე შეჩერება შეუძლებელია, ის სტაციონარში დაუყოვნებლივ გადაყვანას და ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. ძლიერი გარეგანი სისხლდენის შეჩერებაც ქირურგიული ჩარევის გარეშე მხოლოდ დროებითაა შესაძლებელი, დაზიანებულ სისხლძარღვს საბოლოოდ აქაც ქირურგი ახშობს.
განასხვავებენ სისხლდენის სამ სახეობას:
* არტერიულ სისხლდენას ახასიათებს ჭრილობიდან სისხლის მოპულსირე დენა; სისხლი ჟანგბადით არის მდიდარი და ღია ალისფერია.
* ვენური სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ და თანაბარ ნაკადად მოედინება; მუქი ალუბლისფერია, რადგან მასში მეტია ნახშირორჟანგი.
* კაპილარული სისხლდენისას წვრილი კალიბრის სისხლძარღვებია დაზიანებული.
კაპილარული სისხლდენა
ჩვეულებრივ ყოფაში ყველაზე ხშირად კაპილარულ სისხლდენას წააწყდებით. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ანუ რაიმე მიზეზით სისხლის შედედების უნარი არ აქვს დაქვეითებული, დენა ადვილად წყდება. კაპილარული სისხლდენის დროს საკმაოდ ეფექტურია გრილი, გამდინარე წყლით ჭრილობის ჩამობანა. ამას ორი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, წყალი კარგად ასუფთავებს ჭრილობას სიბინძურისაგან, მეორე – ზრდის სისხლის შედედების უნარს. ამის შემდეგ ჭრილობა უნდა გამშრალდეს და სტერილური საფენი დაედოს. თუ სისხლდენა ინტერნსიურია, შეიძლება, მის შესაჩერებლად ჭრილობას ცოტა ხნით დავაწვეთ.
მსხვილი სისხლძარღვის დაზიანება
ვენის ან არტერიის დაზიანებისას ჭრილობას ჩამობანა არ სჭირდება, მასზე საჭიროა პირდაპირ ზეწოლა, მერე კი ცირკულარული ანუ დამწოლი ნახვევის დადება.
ზეწოლა
ჯობს ზეწოლის დროს ჭრილობას უშუალოდ არ შევეხოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე ინფექციური დაავადებით (შიდსით, ჰეპატიტით და სხვა) ინფიცირების რისკი. სასურველია, ვიმოქმედოთ ხელთათმანით. თუ არ გვაქვს, შეიძლება ნაჭრის, სტერილური საფენისა და პოლიეთილენის პარკის გამოყენება.
თუ ჭრილობა დიდია, მას მთელი ხელით ვაწვებით, თუ შედარებით მცირე ზომისაა – თითებით.
ცირკულარული ნახვევი კიდურზე
მეორე ეტაპისთვის ანუ ცირკულარული ნახვევის დასდებად ხელთ უნდა გვქონდეს ბინტი. თუ ნახვევი არასაკმარისად მჭიდროდ დავადეთ, ის მოძვრება და სისხლდენა არ შეჩერდება, ხოლო თუ მეტისმეტად მჭიდროდ – არტერიასა და ვენას ჩავკეტავთ და ლახტის ეფექტს გამოვიწვევთ, რის გამოც შეიძლება კიდური მოსაჭრელი გახდეს, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შეხვევის სწორი ტექნიკა:
უმჯობესია შეხვევა დავიწყოთ ჭრილობის ქვემოთ მდებარე სახსრიდან. უფრო მოხერხებულია შიგნიდან გარეთ, ბინტიც ისე გვეჭიროს ხელში, რომ გორგალი ზემოთ იყოს მოქცეული. (სურ. #1)
ბინტს სახსარზე ორჯერ ვახვევთ, შემდეგ თვალზომით სამად ვყოფთ და ერთი მესამედით ვინაცვლებთ ზემოთ. ნახვევი უნდა იყოს მჭიდრო და სიმეტრიული. ვაგრძელებთ შეხვევას ქვემოდან ზემოთ, დავფარავთ ჭრილობას, გავცდებით, მის ზემოთ ორჯერ გადავახვევთ, შევკრავთ ბინტს და დავაფიქსირებთ.
თუ სისხლდენა არ შეჩერდა, ანუ ბინტი ისევ გაიჟღინთა სისხლით, მას არ ვხსნით და ზემოდან ვადებთ მეორე ნახვევს. ან მეტი ეფექტისათვის ავიღებთ ბინტის მთელ ხვეულად, დავადებთ სისხლმდენ ადგილს და გადავახვევთ. (სურ. # 2)
ლახტი და ტურნიკეტი
არტერიული სისხლდენისას დამწოლი ცირკულარული ნახვევი ხშირად არ არის საკმარისი და შესაძლოა ლახტის ან ტურნიკეტის გამოყენება დაგვჭირდეს, რაც სისხლდენის დროებითი შეჩერების საბოლოო ეტაპია. ლახტი ქარხნული წესით დამზადებული ლენტია, ტურნიკეტი კი იმპროვიზებული ლახტი, როდესაც ლახტის ნაცვლად სხვა საგანს ვიყენებთ (ქამარს, თოკს, ქსოვილის ნაჭერს და ჯოხს, რომლითაც ნაჭერს ატრიალებენ).
თუ კიდურის ერთძვლიანი ნაწილია დაზიანებული (მხარი, ბარძაყი), ლახტსა და ტურნიკეტს ვადებთ ჭრილობიდან დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით ზემოთ. იქ, სადაც ორი ძვალია (წინამხარი და წვივი), ლახტი არ ედება, რადგან, როგორც წესი, სისხლძარღვები ორ ძვალს შორის გადის და ლახტი მას ვერ გადაკეტავს. ერთძვლიან კიდურზე ლახტის დადებისას კი სისხლძარღვი ძვალზე მიიჭყლიტება და სისხლდენა ჩერდება. ამიტომ წვივის არეში სისხლდენისას ლახტს ბარძაყზე ვადებთ და ა.შ.
ტურნიკეტი და ლახტი არც უშუალოდ სახსარზე ედება – ვადებთ მის ზემოთ. აუცილებელია აღვნუსხოთ მისი დადების დრო, რადგან თუ გარკვეული ხნის (ზამთარში – ერთი საათის, ზაფხულში – საათ-ნახევრის) შემდეგ რამდენიმე წამით ან წუთით არ შევხსენით, კიდური საამპუტაციო გახდება.
ქამარი და თოკი ადამიანის ქსოვილებს ძალიან აზიანებს, ამიტომ ტურნიკეტად მტკიცე ქსოვილის ნაჭრის გამოყენება ჯობს. მის ქვეშ რბილი ქსოვილიც ედება. ვაკეთებთ ორ კვანძს, ვათავსებთ კიდურზე, ვიღებთ ჯოხს ან რამე გრძელ, წვრილ ნივთს და ვატრიალებთ. (სურ. # 3) როდესაც სისხლდენა შეჩერდება, ჯოხს სხვა ნაჭრით დავაფიქსირებთ ან თავად ნახვევის ქვეშ ჩავამაგრებთ.
უცხო სხეული ჭრილობაში
თუ ჭრილობაში უცხო სხეულია ჩარჩენილი – დანა, მაკრატელი, რკინა, ფიცარი და სხვა – მისი ამოღება არ შეიძლება – შესაძლოა, ამით სისხლდენა განვაახლოთ. ამასთან, ჩვენ არ ვიცით, რა ფორმისაა მისი ქსოვილის შიგნით მოქცეული ნაწილი – შესაძლოა ანკესისებური ან ისრისებური იყოს. ამ შემთხვევაში მისი ამოღებისას დაზიანების ფართობს გავზრდით. გარდა ამისა, ჭრილობიდან უცხო სხეულის ამოღებით ჭრილობის არხი გათავისუფლდება და სისხლდენა განახლდება. ამიტომ უცხო სხეული ჭრილობაში ჯვარედინი, რვიანისებრი ნახვევით უნდა დაფიქსირდეს და ის მხოლოდ ქირურგმა უნდა ამოიღოს რენტგენოლოგიური კონტროლით.
რვიანისებური ნახვევის დასადებად ჭრილობას უცხო სხეულის ორივე მხრიდან დავაფენთ სტერილურ ბინტს (ან ბინტს გულს ამოვაჭრით და უცხო სხეულზე ჩამოვაცმევთ), შემდეგ უცხო სხეულს გარშემო ორ მორგვს შემოვუწყობთ. ქვემოთა მხარეს ორჯერ დავახვევთ და დახვევას ქვემოდან ზემოთ განვაგრძობთ. ბინტი უცხო სხეულისგან არც შორს უნდა იყოს, არც მეტისმეტად ახლოს. ბინტს ზემოთ კიდურის გარშემო დავატრალებთ, ქვემოთ ჩამოვალთ და გამუდმებით ვცვლით მიმართულებას. (სურ. #4) როცა ბინტი გათავდება, შემოვახვევთ ორჯერ და საიდანაც დავიწყეთ, იმის საწინააღმდეგო მხარეს (ამ შემთხვევაში – ზემოთ) დავაფიქსირებთ.
შეხვეული კიდურის დაფიქსირება
ზედა კიდურის დასაფიქსირებლად არაამწევი სამკუთხა ნახვევი გამოიყენება. ვიღებთ ნაჭერს (გაკეცილ თავსაფარს, ზეწარს და სხვ.) მართ კუთხეს გამოვუკვანძავთ და კვანძს იდაყვთან ვათავსებთ, თავისუფალ ბოლოებს კი კისრის უკან ვკრავთ.
ტრანსპორტირებისას ხელმა რომ არ იმოძრაოს, ვიღებთ რბილ ქსოვილს, ვათავსებთ კიდურსა და სხეულს შორის, მეორე ქსოვილის ნაჭერს შემოვახვევთ სხეულზე და საწინააღმდეგო მხარეს შევკრავთ. (სურ. #5)
ასეთი ნახვევი წინამხრის, მხრის მოტეხილობისას და მხრის სახსრის ამოვარდნილობისას გამოიყენება.
კიდურის ამპუტაცია
თუ კიდური მოკვეთილი ან მოგლეჯილია, პირდაპირ ლახტს ან ტურნიკეტს ვადებთ. სასურველია, მოკვეთილი კიდური პაციენტთან ერთად წავიღოთ სტაციონარში – დღეს უკვე არსებობს რეიმპლანტაციის ანუ მოგლეჯილი კიდურის უკანვე მიკერების შესაძლებლობა (მოგლეჯიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში), ოღონდ ამისთვის გარკვეული პირობები უნდა დავიცვათ, კერძოდ, კიდური მოვათავსოთ ჰიპოთერმიულ, ცივ გარემოში. უცხოეთში სასწრაფო დახმარების მანქანაში ყინულით სავსე კონტეინერი დგას, მოჭრილ კიდურს ჩადებენ პარკში და ყინულიან კონტეინერში ათავსებენ. როდესაც სპეციალური აღჭურვილობა არ გვაქვს, ამპუტირებულ კიდურს ვახვევთ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებულ დოლაბნდში, შემდეგ ვდებთ პარკში და ისე მიგვაქვს. თუ ყინულიც ვიშოვეთ, ამ პარკს ყინულიან პარკში ვათავსებთ. პირდაპირ ყინულსა და წყალში კიდურის ჩადება არ შეიძლება, ქსოვილებს აზიანებს.
თავიდან სისხლდენა
თავისა და სახეზე უხვი კაპილარული ქსელია, ამიტომ ამ არიდან სისხლდენა საკმაოდ ინტენსიურია და მოკლე ხანში ბევრი სისხლი იკარგება. აუცილებელია სისხლდენის დროული შეჩერება.
პრინციპი იგივეა: უპირველეს ყოვლისა, სისხლმდენ ადგილს თითებით ან ხელებით ვაწვებით, შემდეგ ნახვევს ვადებთ. თავზე ნახვევის დადებას თავისი სპეციფიკა აქვს. გამოიყენება ბენდენის ტიპის ნახვევი და ჰიპოკრატეს ქუდი. განვიხილოთ პირველი მათგანი:
დაზარალებულს ჭრილობაზე სტერილურ საფენს ვადებთ, შემდეგ ვიღებთ მართკუთხა სამკუთხედს, მის მართ კუთხეს ქვემოთ მოვაქცევთ, დაშავებულს გადავაფარებთ თავზე, კიდეს შუბლზე, წარბებს ზემოთ მოვაქცევთ (თვალებზე არ უნდა ჩამოვაფაროთ), შემდეგ უკან გადავაჯვარედინებთ, ოღონდ არ გავკვანძავთ, წამოვიღებთ და წინ შევკრავთ (არც ყურებზე უნდა გადაეფაროს), კუდს (დაშვებულ კუთხეს) ძლიერად დავქაჩავთ და ასევე ძლიერად გავკვანძავთ ან ქინძისთავებით დავამაგრებთ. (სურ. #6)
მუცლიდან სისხლდენა
მუცლის არეში დიდი ზომის ჭრილობის შემთხვევაში ნაწლავები და მუცლის ღრუს სხვა ორგანოები შესაძლოა გარეთ იყოს გადმოყრილი (ამას ევისცერაცია ეწოდება). ამ შემთხვევაში მათი უკან, მუცლის ღრუში ჩაბრუნება არ შეიძლება.
თუ მუცლის ჭრილობიდან გარეთ არაფერია გამოვარდნილი, მას სტერილურ საფენს ვაფენთ და ლეიკოპლასტირით ვამაგრებთ, ევისცერაციის შემთხვევაში კი ჭრილობაზე უნდა დავაფინოთ სპეციალური აბდომინალურის საფენები. მათი დამზადება თავაც შეგვიძლია. საკმარისია, სტერილური საფენი ფიზიოლოგიური ხსნარში ან უბრალოდ სუფთა წყალში დავასველოთ. ეს იმიტომ, რომ ნაწლავს ტენიანი გარემო სჭირდება, გამოშრობის შემთხვევაში ის დანეკროზდება. მუცლის ღრუს მაღალმა ტემპერატურამ საფენები მალე რომ არ გამოაშროს, ზემოდან პარკს გადავაკრავთ და ლეიკოპლასტირით დავამაგრებთ. თუ ნახვევი ასე არ დაფიქსირდა, ტრანსპორტირების დროს შესაძლოა ნაწლავები დაზიანდეს.
გულმკერდი
თუ გულმკერდის არეში სისხლდენის მიზეზი შემავალი ჭრილობაა, მდგომარეობა საკმაოდ საშიშია. უშუალოდ გულის არეში დაჭრილი ადამიანის გადარჩენა ძნელია.
გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვების ჩაფუშვასაც იწვევს – გულმკერდის ღრუში უარყოფითი წნევაა, რაც აუცილებელია ფილტვის ქსოვილის გასაშლელად და ჭრილობიდან შესული ჰაერი ფილტვის ქსოვილს აწვება – რაც მეტი ჰაერი შევა, მით მეტად ჩაიფუშება ფილტვი და მით უფრო გაუძნელდება ადამიანს სუნთქვა. ამას პნევმოთორაქსი ეწოდება.
ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, ჭრილობაზე ხელის დადებით გულმკერდის ღრუში ჰაერის შესვლა უნდა შევაფერხოთ. ამის შემდეგ ზემოდან დავაფაროთ საფენი, მასზე – პოლიეთილენის პარკი და გვერდები ლეიკოპლასტირით დავუმაგროთ. უმჯობესია ოკლუზიური (რუსული პ-ს მაგვარი) ნახვევის დადება ღია ბოლოთი ქვემოთ. ამ შემთხვევაში ჩასუნთქვისას ნახვევი გულმკერდს ჰაერის შესვლისაგან დაიცავს, ხოლო ამოსუნთქვისას მცირე ოდენობით მაინც გამოდევნის ჰაერს. (სურ. #7)
სხვა ადგილები
არის სხეულის ნაწილები, რომლებზეც დამწოლი ნახვევის დადება შეუძლებელია. ასეთებია, მაგალითად, სახე და შორისის მიდამო. ასეთ დროს მხოლოდ პირდაპირ ზეწოლას მივმართავთ. დაზარალებული სტაციონარში ასე ჭრილობაზე დაჭერილი ხელით მიგვყავს.
ცხვირიდან სისხლდენა
თუ პაციენტს ჯდომა შეუძლია, უნდა დავსვათ, თავი ოდნავ წინ წამოვაწევინოთ და ათი წუთის განმავლობაში ორივე ნესტოზე მოვუჭიროთ ხელი (სურ. #8). წინათ თავს უკან აწევინებდნენ, რაც არ არის სწორი – სისხლდენა არ ჩერდება და ადამიანი სისხლს ყლაპავს, ეს კი არასასურველია. გარდა ამისა, შეIძლება ყინულის დადება ცხვირის ქვედა, ხრტილოვან ნაწილზე, ოღონდ ის აუცილებლად რამე ქსოვილში ან პოლიეთილენის პარკში უნდა გავახვიოთ.
თუ, ამ ღონისძიებების მიუხედავად, სისხლდენა 10 წუთის განმავლობაში არ შეწყდა, აუცილებელია დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა.
ყოველივე ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს სისხლდენის მიზეზის აღმოფხვრა. ტრავმის შემთხვევაში სტაციონარული დახმარება დაგვჭირდება; ბავშვებს ცხვირიდან სისხლი ხშირად სდით მაღალი სიცხის ფონზე. ასეთ დროს სიცხის დამწევის მიცემა აუცილებელია, ასაკოვანთა შორის სისხლდენის ხშირი მიზეზია მაღალი არტერიული წნევა – ამ შემთხვევაში წნევის დამწევი უნდა დავალევინოთ.
მარი აშუღაშვილი