დამწვრობა
გააზიარე:
დამწვრობამ დრო და ამინდი არ იცის, თუმცა ფაქტია: რაც უფრო მეტად ცივა, მით უფრო მეტად ვეფიცხებით გამათბობლებს და დამწვრობაც მით უფრო მეტად ხშირდება. საახალწლოდ ხომ ლამის ეპიდემიად იქცეს – ვის ინდაურის ხარშვისას გადაესხმება ცხელი ბულიონი, ვინ გოჭს ხელსაც მიაყოლებს, ვისშუშხუნა აუფეთქდება, ვის გირლიანდების ელექტროგაყვანილობა უმტყუნებს, ვინ ფეიერვერკს ჩახედავს, ნეტავ გასროლა თუ დაამთავრაო... ფეიერვერკისადმი დაუდევარ მოპყრობას პერმში რა მოჰყვა, ყველამ დავინახეთ. ქართული სტატისტიკისას ვერაფერს გეტყვით – უბრალოდ არ არსებობს, ამერიკაში კი ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი ხვდება ექიმთან ასეთი პრობლემით. მათგან 45 000 საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, მეათედისთვის კი ტრავმა საბედისწერო ხდება. ერთი სიტყვით, პრობლემა სერიოზულია და დროა, თვალი გადავავლოთ საკუთარ წარმოდგენებსა და კეთილისმსურველთა რჩევებს, ჩვეულებრივ, წყალსა და ზეთს შორის რომ მერყეობს.
მერე ხარისხი?!
დამწვრობას ცეცხლის ალიც იწვევს, ცხელი წყალიც, ორთქლიც და გავარვარებული საგნებიც. ამ და მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ დამწვრობას თერმულს უწოდებენ და დამწვრობათა შორის ყველაზე ხშირია. ჩვენს ქსოვილებზე ასეთივე ზემოქმედება შეუძლია ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებას, ელექტროდენსა და მაიონიზებელ რადიაციას, მაგრამ ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდი, თერმული დამწვრობებით შემოვიფარგლოთ.
რამდენად მძიმე დარტყმას მიაყენებს დამწვრობა ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მის ხარისხსა და ფართობზეა დამოკიდებული. ფართობთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ხარისხის ცნებაზე კი, მოდი, ცოტა ხანს შევჩერდეთ.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. კანი გაწითლებული და ოდნავ შესიებულია. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი ან აქერცვლა.
მეორე ხარისხის დამწვრობისას დაზიანება კანის უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მას სითხით სავსე ბუშტუკებით ამოიცნობთ. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
მესამე ხარისხი კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. დამწვარი უბანი შესახედავად თეთრი ან დანახშირებულია, თუმცა, პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით, ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულოა, რადგან თერმულმა ზემოქმედებამ ნერვული დაბოლოებებიც შეიწირა. ნაწიბურსაც მხოლოდ ამ ხარისხის დამწვრობა ტოვებს (ნაკლები ხარისხის დამწვრობები – მხოლოდ დაჩირქებისას) და ხშირად კანის გადანერგვა ხდება საჭირო.
როგორ ვიქცევით?
მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ცხელი საგნის მოცილებით არ წყდება. მან ტემპერატურა ჩვენს უჯრედებს უკვე გადასცა და ქვემოთ მდებარე უჯრედებისთვის აგრესორად აქცია. გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედებს ”სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.
გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, დამოუკიდებლადაც შეიძლება მოქმედება თუ ექიმთან ხართ წასასვლელი (იხ. ქვემოთ). დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით (მაგალითად, სალბესანი). შეხვევა აუცილებელი არ არის, მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ.
დღეში ერთხელ მაინც ჯერ ხელები დაიბანეთ კარგად, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და მალამოს ახალი ფენა გადაუსვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი, კეტოლონგი, მაგენოლი) მიიღოთ.
აკრძალულია!
- არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
- არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
- არ გამოიყენოთ ყინული ან ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.
მესამე ხარისხის დამწვრობისას, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, თვითშემოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მტრობაა. პირდაპირ ექიმს ან დამწვრობის ცენტრს მიაშურეთ, მანამდე კი შეგიძლიათ, დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ (გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).
გარდა III ხარისხის დამწვრობისა, რომელიც დაუყოვნებელ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს, გეზი თეთრხალათებიანებისკენ აიღეთ, თუ
- I ან II ხარისხის დამწვრობის დიამეტრი 5-7 სმ-ს აღემატება;
- დამწვრობა სახეზე, ხელებზე, ტერფებზე, მსხვილი (მაგალითად, მუხლის ან მხრის) სახსრის სიახლოვეს ან გენიტალიებზეა;
- ბოლო ათი წელია, ტეტანუსის აცრა არ გაგიკეთებიათ (ეს კომპონენტი ეროვნული კალენდრით 2, 3, 4, 18 თვის, 5 და 14 წლის ასაკში ჩასატარებელი გეგმური ვაქცინაციების ნუსხაში შედის).
- ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ: მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ ან შეშუპებამ, ან ჩირქმა დაიწყო დენა.