ყელზე დამდგარი ლუკმა

გააზიარე:

თუ ნოდარ დუმბაძეს დავუჯერებთ, კრილოვი გახლდათ ერთადერთი მწერალი, რომელიც ბლინების ჭამას შეეწირა. ლიტერატურის ქურუმთაგან შეიძლება მართლაც ერთადერთი იყო, აი, ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის კი ჭამას გადაყოლილთა რიცხვი თურმე ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. გაგიკვირდებათ და ამაში არც მოწამვლას მიუძღვის ბრალი, არც ალერგიას; უბრალოდ, ლუკმა დაადგათ ყელზე.

ადვილი ფაფის ჭამაა?!
თავდაპირველად, მოდით, უბრალო ანატომიაში გავერკვეთ. ჩვენს ყელში ორი გზა გადის: სასულე და საყლაპავი. პირველის მეშვეობით ჰაერი ფილტვებში უნდა მოხვდეს, მეორის გავლით კი სასუსნავი კუჭში გადასრიალდეს. ბუნებამ ყველაფერი გაითვალისწინა და გზაჯვარედინზე პატრული – პაწაწინა ხრტილი,
სახელად ხორხსარქველი – დააყენა. ყოველთვის, როცა რამის ჩაყლაპვას მოინდომებთ, იგი რეფლექსურად კეტავს სასულის შესასვლელს და ლუკმას ბუნების მიერ მისთვის განწესებულ გზას უტოვებს.
შეუცდომელი ვინაა ამქვეყნად და ზოგჯერ ხორხსარქველსაც აგვიანდება სამუშაოს შესრულება...
ლუკმის გადაცდენა ყოველ ჩვენგანს გამოუცდია, მაგრამ ექიმები მაინც არ დაგვზარდნენ და ამგვარი შემთხვევები სულ წვრილად გამოიკვლიეს. მათი დასკვნით, ლუკმა უმთავრესად მაშინ შეიძლება გადაგვცდეს, როცა:
* ცუდად დაღეჭილი საკვების დიდი ლუკმების ჩაყლაპვას ვცდილობთ;
* ჭამამდე ან ჭამის დროს სპირტიან სასმელს შევექცევით – ალკოჰოლი ყლაპვაში მონაწილე ნერვებს ადუნებს და საქმეს ურთულებს;
* კბილების პროთეზს ვხმარობთ – ამ დროს უფრო ძნელი საგრძნობია, კარგად დავღეჭეთ თუ არა ლუკმა;
* საკვებს მეტისმეტად სწრაფად შევექცევით;
* ჭამის დროს სწრაფად ვლაპარაკობთ ანდა ვიცინით, დავრბივართ, ვსეირნობთ ან ვთამაშობთ.

საბედნიეროდ, ლუკმის გადაცდენა ყოველთვის ტრაგედიით როდი მთავრდება – უმეტესად რამდენიმე წამს ვახველებთ და გზააბნეულ ნაწილაკებს უკან ამოაფრქვევთ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველას როდი უმართლებს...

მადლობა ექიმ ჰაიმლიხს
ეს ერთ-ერთი იმ მანევრთაგანია, რომლებსაც პირველი დახმარების ანბანთან ერთად ასწავლიან. იმდენად მარტივია, იფიქრებთ, ადამიანმა უხსოვარი დროიდან უნდა იცოდესო. არადა, სულ მეოთხედი საუკუნის წინ მოუგონია ერთ გერმანელ ექიმს, გვარად ჰაიმლიხს. ათასობით ადამიანი გადარჩენას სწორედ მას უნდა უმადლოდეს.
გულმკერდის ქირურგი ჰაინრიხ ჰაიმლიხი გააკვირვა გადაცდენის მსხვერპლთა სიმრავლემ (ბარემ აქვს ვთქვათ, რომ ლუკმასთან ერთად სიმშვიდე შეიძლება ნებისმიერმა უცხო სხეულმა დაგვირღვიოს). მაგრამ რა ვიღონოთ? სასულეში გადაცდენილ უცხო სხეულს პირიდან საეჭვოა მივწვდეთ. ქირურგიას შეუძლია დახმარება, მაგრამ სადაა ამდენი დრო... და ექიმს ბრწყინვალე აზრი დაებადა: დამხმარე ორგანიზმშივე მოეძებნა. ფილტვები ხომ ჰაერით არის გაბერილი. ჰოდა, სწორედ მის წნევას ვიყენებთ დაუპატიჟებელი სტუმრის შინიდან  გასასტუმრებლად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ყველაფერს ცოდნა და ოსტატობა სჭირდება, ამიტომ ჩვენი ჟურნალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, თუ ახლომახლო არც ერთი ექიმი, მედიცინის მუშაკი ანდა პირველი დახმარების კურსებგავლილი ადამიანი არ აღმოჩნდა.
* ჰაიმლიხის მანევრის გამოყენება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა დაზარალებული უკვე პანიკაშია. თუ ახველებს და საუბარიც ჯერ კიდევ შეუძლია, ნუ ჩაერევით, აცადეთ, სასულე თავად გაისუფთავოს.
* გააფრთხილეთ მსხვერპლი, რომ დახმარებას აპირებთ, ზურგიდან ამოუდექით (ეს მაშინ, თუ გონება ჯერ კიდევ არ დაუკარგავს და ზის ან დგას) და წელზე ხელები შემოაჭდეთ. ცალი ხელით მუშტი შეკარით და ჭიპის ოდნავ ზემოთ მიადეთ, ისე, რომ ცერი მისი სხეულისკენ იყოს მიმართული. მეორე ხელი საკუთარ მუშტს დააფარეთ და ორივე ხელით რამდენიმეჯერ სწრაფად უბიძგეთ შიგნით და ზემოთ. ასეთი მანევრის ჩატარება მანამდე მოგიწევთ, სანამ მსხვერპლი მყუდროების დამრღვევს არ გადმოაგდებს ანდა გონებას არ დაკარგავს.
* ჩვილებში ჰაიმლიხის მანევრის ჩატარება სარისკოა. ამ დროს საკმაოდ დიდი წნევა ვითარდება, ამან კი შეიძლება პაწაწუნა ელენთა ან ღვიძლი გახეთქოს. აქ სხვაგვარი ტექნიკა დაგჭირდებათ: ხელი მუხლზე დაიდეთ და ზედ ჩვილი პირაღმა გადაიწვინეთ, თავს კი მტევანი შეაშველეთ. ბეჭებზე რამდენიმეჯერ დაჰკარით მტევნის კიდე, სანამ უცხო სხეულს უკან არ ამოაგდებს.
თუ დაშავებულმა გონება დაკარგა, იატაკზე დააწვინეთ და გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეთ (იხილეთ “ჯანმრთელი სიცოცხლე” №1, 2) – გულმკერდზე ზეწოლამ უცხო სხეული შეიძლება ამოაგდოს. თან მშველელს მოუხმეთ. შეგახსენებთ: სულ რამდენიმე წუთი გაქვთ, ვიდრე უჟანგბადობა ტვინს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ასე რომ, რაც უფრო მალე აღმოჩნდება დაზარალებული პროფესიონალების ხელში, მით უკეთესი.

გააზიარე: