გააზიარე:
არ ვიცი, წყალწაღებულის გადარჩენისთვის მედალს ისევ იძლევიან თუ არა, სამაგიეროდ, მადლის ქმნაში ნამდვილად დაგეხმარებით.
პირველ რიგში, ზუსტად შეაფასეთ საკუთარი ძალები. ტალღებთან მებრძოლს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუახლოვდით, თუ ცურვაც კარგად იცით და ასეთ
დროს ქცევის წესებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშველებს ერთი კი არა, ორი ეყოლებათ გადასარჩენი. წყალწაღებული, ხომ იცით, ინსტინქტურად ხავსსაც კი ეჭიდება, მშველელს კი მით უმეტეს არ დაიწუნებს. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ხელიც ვერ გაანძრიოთ. ამიტომ დაზარალებულთან ზურგიდან მიცურდით და ცალი ხელი იღლიაში ამოსდეთ, ისე, რომ სხეულზე ზურგით მოგეკრათ, ხელით კი ვერ მოგწვდეთ. არც თმაში ხელის ჩავლება ანდა უბრალოდ ნაპირისკენ ხელის წაკვრაა ურიგო. ძველი გამოცდილი მეთოდის გამოყენებასაც გირჩევთ – იმედდაკარგულს მაშველი რგოლი გადაუგდეთ.
რაც შეიძლება სწრაფად გაარკვიეთ, რა დღეში ჩავარდა თქვენი რაინდობის ობიექტი (ოღონდ, ღვთის გულისთვის, ცურვას ნუ შეწყვეტთ და დროს ნუ დაკარგავთ!). იმის დადგენა, გონება დაკარგა თუ არა, ხელ-ფეხის მოძრაობა თუ შეუძლია, – ნაწილობრივ წყალშიც შეიძლება. თუ ხერხემლის დაზიანების ნიშნები შეატყვეთ (კიდურებს ვერ იმორჩილებს, წყალმა ქვას მიახეთქა ანდა წყალმარჩხ ადგილას სიმაღლიდან ჩამოხტა), განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ნაპირთანვე ითხოვეთ შველა, წყლიდან მარტო ნუ ამოიყვანთ. დაწვენის, სასუნთქი გზების განთავისუფლებისა თუ მასაჟის ჩატარების დროს რაც შეიძლება ნაკლებად ამოძრავეთ. თუ მისი გადაბრუნება დაგჭირდათ, ეცადეთ, თავი და ტანი ერთ სიბრტყეში შეინარჩუნოთ.
ნაპირზე ამოსვლისას დაკვირვების გაგრძელება მოგიწევთ. თუ დაზარალებული გონზეა, საკმარისია, გაათბოთ: პირსახოცი ან პლედი მოახურეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩაი ან ყავა დაალევინეთ. კატაბალახას ნაყენის 20 წვეთიც მეტად არგებს. შემდეგ კი შეგიძლიათ, მადლობების კორიანტელში ჩაიძიროთ, პაემანი დაუნიშნოთ ანდა სულაც გვერდით გადგეთ. არჩევანი, ბუნებრივია, თქვენზეა.
თუ გონდაკარგულია, მაგრამ გულიც უცემს და დამოუკიდებლადაც სუნთქავს, მშრალ ადგილას დააწვინეთ და... ერთი-ორჯერ წამოარტყით. თუ ნიშადურის სპირტს მოიძიებთ, არც ეს იქნება ურიგო. გაუკეთეთ ხელ-ფეხის მასაჟი თითებიდან ზევით, ენერგიულად დაუზილეთ მთელი ტანი, დააფარეთ პლედი და თუ გონს მოვიდა, წინა აბზაცს დაუბრუნდით, თუ არადა ამასობაში ექიმიც მოგისწრებთ.
თუ ტალღებს გამორიდებული არ სუნთქავს, ვერც პულსს უსინჯავთ, ცხვირ-პირიდან კი ქაფიანი სითხე გადმოსდის, ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება მოგიწევთ. დაგვიანება უეჭველ სიკვდილს ნიშნავს! წყალში სიკვდილის დადგომის დრო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: მტკნარი იყო წყალი, მარილიანი თუ ქლორიანი, ყინულოვანი, ცივი თუ თბილი. მნიშვნელობა ჰქონია დაზარალებულის მდგომარეობასაც (გადაღლილობა, აგზნება, ალკოჰოლით დათრობა და სხვა). ჩვეულებრივ, სუნქთვის შეწყვეტიდან ტვინის სიკვდილამდე 5-ოდე წუთი გვაქვს (დაბალი ტემპერატურა ამ დროს შედარებით ახანგრძლივებს). ასეა თუ ისე, წარმატების იმედს ნუ დაკარგავთ და ნურც რეანიმაციას შეწყვეტთ. მხოლოდ ექიმს აქვს უფლება განსაზღვროს, როდის აღარ აქვს აზრი ჩვენს მცდელობას.
სხეულის ზედა ნაწილი სწრაფად გაათავისუფლეთ მჭიდრო ტანსაცმლისგან (ეს სასუნთქი გზების გამტარობას უზრუნველყოფს). ცხვირსახოცში გახვეული თითით პირის ღრუ ქვიშისა და წყალმცენარეებისგან გაუსუფთავეთ. მოაცილეთ კბილების მოსახსნელი პროტეზიც. ხშირად საღეჭი კუნთების სპაზმის გამო პირის გაღება ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ხელოვნურ სუნთქვას ატარებენ მეთოდით „ცხვირით პირში”, მისი უეფექტობის შემთხვევაში კი იყენებენ სპეციალურ გამაფართოებელს ან ლითონის ბრტყელ საგანს (კბილები რომ არ ჩავუმტვრიოთ).
სასუნთქ გზებში დიდძალი სითხისა და ქაფის არსებობისას ავადმყოფი მუხლზე გადაიწვინეთ მუცლით ქვემოთ და ბეჭებს შორის რამდენჯერმე დაარტყით ხელი, რომ ფილტვებიდან წყალი გამოვიდეს. მთელი წყლის გამოდევნას ნურც ეცდებით, – ეს ძვირფასი დროის უსარგებლო ხარჯვა იქნება.
თუ დაზარალებულს მკვდრისფერი ადევს, პირის ღრუსა და ნესტოების ირგვლივ კი არც წყალია და არც ქაფი, პირის ღრუს გასუფთავება საჭირო არ არის.
ამ საწყისი ეტაპისთვის სულ რამდენიმე წამი გაქვთ. გულ-ფილტვის რეანიმაციის (ე.წ ABC-ს) შესახებ არაერთხელ გვისაუბრია (იხ. „ავერსი – ჯანმრთელი სიცოცხლე”, 8(37), 2007წ), ამიტომ ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ: ცხვირში ან პირში 2-ჯერ ვუბერავთ, შემდეგ კი მკერდის ძვლის ქვედა მესამედზე 30-ჯერ ვაწვებით, ისე, რომ გულმკერდი 4-5 სმ-ით ჩაიზნიქოს. 5 ასეთ ციკლს დაახლოებით 2 წუთი უნდა დასჭირდეს.
თუ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისას დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან წყალი გამოიყოფა და ხელოვნური სუნთქვის ჩატარებას ართულებს, თავი გვერდზე გადაუბრუნეთ და საპირისპირო მხარი აუწიეთ. ამ დროს დაზარალებულის თავი გულმკერდის ღრუზე დაბლა აღმოჩნდება და სითხე გარეთ გადმოიღვრება, რის შემდეგაც კვლავ განაგრძეთ ABC, ვიდრე სუნთქვას არ დაიწყებს ანდა სასწრაფო დახმარება არ მოვა.