გაცოცხლების ანაბანა

გააზიარე:

“თუ დაშავებულმა გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყვიტა, იატაკზე დააწვინეთ და გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეთ”, – ასე მთავრდება ამ რუბრიკით დაბეჭდილი წერილების უმეტესობა. გულ-ფილტვის, იგივე კარდიოპულმონური რეანიმაცია, რომლის ილეთების იოლად დასამახსოვრებლად ინგლისელებმაანბანური აბრევიატურა ABC (Airway – სასუნთქი გზების გათავისუფლება, Breathing – სუნთქვა, Circulation – სისხლის მიმოქცევა) შემოიღეს, პირველი დახმარების უმთავრესი მეთოდია და სასურველია, ყველამ იცოდეს: საქართველოშიც კი, სადაც ერთ ავადმყოფზე 2-3 ექიმი მოდის, სავსებით შესაძლებელია, ვინმეს მაშინ დასჭირდეს დახმარება, როდესაც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში თეთრხალათიანის ჭაჭანება არ არის. არადა, ამ დროს წუთები კი არა, წამებიც მნიშვნელოვანია.
სამწუხაროდ, ABC ყოველთვის ისეთივე ეფექტური როდია, როგორც ფილმებში. ნუ გექნებათ იმედი, რომ დაშავებული მყისვე წამოხტება და მადლიერების სიტყვებით აგავსებთ...
მოზრდილებში გულის გაჩერების მიზეზი უმეტესად პარკუჭების ფიბრილაციაა – გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოები მეტისმეტად სწრაფად და უწესრიგოდ იკუმშებიან, რის გამოც ტუმბო თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ამ დროს მხოლოდ ABC ბევრს ვერაფერს უშველის, საჭიროა D-c – დეფიბრილაცია (გულის არეზე ელექტრული მუხტით ზემოქმედება, რომელიც ფიბრილაციის შეწყვეტას იწვევს), თანაც რაც მალე, მით უკეთესი. ყველაზე ეფექტური ის გულის გაჩერებიდან პირველ ხუთ წუთში ყოფილა. კარდიოპულმონური რეანიმაცია კი სწორედ ამ პერიოდის გახანგრძლივებასა და უძვირფასესი წუთების მოგებაში გვეხმარება. სტატისტიკის მიხედვით, თუ გულის გაჩერებიდან 4 წუთში ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი დაიწყეს, 10 წუთში კი დეფიბრილაციაც 

მოხერხდა, მსხვერპლს გადარჩენის 40%-იანი შანსი აქვს. 
ბავშვებში გულის გაჩერების მიზეზი უმეტესად ასფიქსიაა, ამიტომ ABC-ს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის გამო ჩვენმა ჟურნალმა პირველსავე 
ნომრებში დაწვრილებით განიხილა ეს თემა, ახლა კი მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ საკითხს: სექტემბერი, მოგეხსენებათ, სასწავლო წლის დასაწყისია. ასე რომ, მოდით, ერთად გავიხსენოთ ანდა თავიდან ვისწავლოთ ეს უმნიშვნელოვანესი წესები, მით უმეტეს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში რეკომენდაციები შეიცვალა.

სტატისტიკამ დაადგინა, რომ ამერიკაშიც კი, სადაც ლამის ყოველ ნაბიჯზე ასწავლიან პირველი დახმარების წესებს, უბედური შემთხვევის მსხვერპლს ასიდან მხოლოდ 25 შემთხვევაში უწევენ საჭირო დახმარებას. გაწეული დახმარებაც (თუნდაც პროფესიონალების მიერ) ხშირად უეფექტოა. ფილტვების ჰიპერვენტილაცია, ზეწოლის ხშირი წყვეტა, ზედაპირული და ნელი ბიძგები – ყველაზე ხშირად თურმე ამ შეცდომებს უშვებენ.
2005 წელს ამერიკის წითელი ჯვრისა და გულის ასოციაციის თაოსნობით სპეციალისტებმა პირველი დახმარების ფართო განხილვა მოაწყვეს და ახალი წესები შეიმუშავეს. ისინი ბევრად უფრო მარტივი და ადვილი დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით – არამედიკოსებითვის. მათ ამიერიდან პულსის ძებნა და შემოწმებაც კი აღარ მოეთხოვებათ.
. თუ ადამიანი უგონოდ არის და არც შეხებაზე რეაგირებს, გაარკვიეთ, სუნთქავს თუ არა. ამისთვის საკმარისია, გულმკერდზე დააკვირდეთ, ამავე დროს მისი სახისკენ დაიხაროთ და შეამოწმოთ, ამოსდის თუ არა ცხვირიდან ან პირიდან ჰაერის ნაკადი. თანაც დრო არ დაკარგოთ და ვინმეს სასწრაფოს გამოძახება სთხოვეთ. თუ დაშავებული არ სუნთქავს, ჰაერმა ფილტვებამდე ადვილად რომ მიაღწიოს, თავი უკან გადაუწიეთ, ნიკაპი კი წინ გამოუწიეთ. მეორე მეთოდი ქვედა ყბის ჩამოწევაა. თუ ხერხემლის მოტეხილობას ვეჭვობთ, ეს მეთოდი უფრო უპრიანია.
. ამის შემდეგ თითები ნესტოებზე მოუჭირეთ და პირში 2-ჯერ ჩაბერეთ, ისე, რომ გულმკერდმა აიწიოს. ამის შემდეგ იწყებთ გულის არაპირდაპირ მასაჟს.  შეგახსენებთ: ამ დროს გული მკერდის ძვალსა და ხერხემლის სვეტს შორის იჭყლიტება და სისხლის მიმოქცევას ეს უზრუნველყოფს. ასეთი რამ კი შეუძლებელია, თუ დახმარების ობიექტი მაგარ ზედაპირზე (ვთქვათ, იატაკზე, მიწაზე) არ დააწვინეთ. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ხერხემლის მოტეხილობას ვვარაუდობთ, თუმცა ამის შიშით ავადმყოფის განძრევასა და პირველ დახმარებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნება მართებული. თუ ტვინსა და გულს თუნდაც ცოტა სისხლი არ მიაწოდეთ, რამდენიმე წუთში არავითარ სავარაუდო მოტეხილობას აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება.
ყოველთვის, როცა ასეთი ადამიანის გადაბრუნება მოგიხდებათ, აუცილებლად დაუჭირეთ თავი და შეეცადეთ, ტორსის მიმართ არ ამოძრაოთ. ფრთხილად დააწვინეთ გულაღმა და მკერდის ძვლის ქვედა ნახევრის შუაში დააწექით. ჩვილებში ზეწოლისთვის საჩვენებელ და შუა თითს ვიყენებთ, მოზრდილი ბავშვებში – ერთი ან ორივე ხელისგულის ფუძეს. მთავარია, გულმკერდის 4-5 სმ-ით (მცირე ასაკის ბავშვებში – გულმკერდის სიღრმის მესამედით) ჩაზნექა მოახერხოთ. ხელები იდაყვებში არ მოხაროთ და ვერტიკალურად დააწექით.
. პირველად ABC-ს ისტორიაში შეფარდება სუნთქვასა და გულის არეზე ზეწოლას შორის უნივერსალური გახდა: განურჩევლად იმისა, რა ასაკის გულწასულთან (უფრო ზუსტად, გულგაჩერებულთან) გაქვთ საქმე (ახალშობილების გარდა), მარტო ხართ თუ ორი ერთად, ეს მაჩვენებელი 30:2-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2 ჩაბერვის შემდეგ გულმკერდს 30-ჯერ აწვებით. 5 ასეთ ციკლს საშუალოდ 2 წუთი უნდა მოანდომოთ. ასე გააგრძელეთ, ვიდრე სასწრაფო მოგისწრებთ ან დაშავებული სუნთქვასა და მოძრაობას დაიწყებს.

გააზიარე: