თავს ვართმევთ ტრავმებს

გააზიარე:

ალბათ, გახსოვთ საბჭოთა დროის ანეგდოტი, რომლის გმირი მწარედ ჩიოდა, თბილისის დინამოს ყველა ფეხბურთელს ოცდაოთხი აჩუქეს, ჩემს თანამემამულეს კი – მხოლოდ ტრამვაიო. ამის შემდეგ კიდევ ამტკიცეთ, რომ შესაკრებების (ამ შემთხვევაში – ასოების) გადაადგილებით ჯამი (მნიშვნელობა) არ იცვლება. იცვლება და თბილისისთვის უკვე ისტორიად ქცეული ტრანსპორტი აქ არაფერ შუაშია.
ტრავმა ბერძნული სიტყვაა და დაზიანებას ნიშნავს. ამ ტერმინით აღნიშნავენ ნებისმიერ ზიანს, ფიზიკური იქნება თუ ფსიქოლოგიური. ეს უკანასკნელი ცალკე თემაა და დღეს არ შევეხებით.
ფიზიკური ტრავმა ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ისე, მოტეხილობისგან არც ნიბლიაა დაზღვეული და არც შვლის ნუკრი, თუმცა პირველყოფილი  ადამიანს დიდი-დიდი, ლოდისთვის შეეშვირა ფეხი ანდა ხიდან ჩამოვარდნილიყო, დღეს კი ავტომობილები გადარეულებივით დაჰქრიან, თხილამურები არ გვყოფნის და თოვლსა თუ ზღვის ზვირთებზე დაფებით დავსრიალებთ, ცათამბჯენები ხომ ლამის ყოველ ნაბიჯზე წამომართულა... ჰოდა, რაღა გასაკვირია, ტრავმებიც ასე რომ გახშირდა. დროსა და ამინდს კი მნიშვნელობა ნამდვილად აქვს. ბუნებრივია, მეტი შანსია, ფეხი ყინულზე მოგიცურდეთ და არა ზაფხულის მზით გავარვარებულ ასფალტზე. ამიტომაც წლის ცივ პერიოდში ტრავმები მთელ მსოფლიოში ხშირდება.
როგორც ჩვენი ქირურგები ამტკიცებენ, საქართველოში მძიმე ტრავმების რიცხვი განსაკუთრებით შემოდგომაზე იმატებს. ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწილების სეზონს უკავშირდება. თუ ქართველი მამაკაცების მიერ შთანთქმული ალკოჰოლის ოდენობას გავითვალისწინებთ, აღარც ავტოკატასტროფებისა და ცეცხლნასროლი ჭრილობების სიუხვე გაგვიკვირდება.
მძიმე ტრავმის მიღებიდან პირველ 60 წუთს გადაუდებელი მედიცინის ოქროს საათს უწოდებენ. სტატისტიკა ამტკიცებს, უბედურ შემთხვევათა მსხვერპლი ამ ხნის განმავლობაში ექიმების ხელში რომ აღმოჩენილიყო, გადარჩენის სერიოზული შანსი ექნებოდაო. ასე რომ, თუ შემთხვევით ავტოავარიის ანდა სხვა მიზეზით დაშავებულს წააწყდით, პირველ რიგში იმაზე იზრუნეთ, ვინმემ რაც შეიძლება სწრაფად გამოიძახოს სასწრაფო, მის მოსვლამდე კი... კინაღამ “არაფერი გეტკინოთ-მეთქი”, წამომცდა. ისე, ამბობენ, რეფორმირებული სასწრაფო მართლაც სწრაფიაო, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერს წამები წყვეტს, ასე რომ, დაშავებულს მთლად სხვის იმედზეც ნუ დატოვებთ. პირველ რიგში გაარკვიეთ, მსხვერპლს კიდევ ხომ არ ემუქრება საფრთხე (ვთქვათ, დაზიანებული მანქანა, რომელიც წუთი წუთზე შეიძლება აფეთქდეს). ასეთ დროს დამატებითი ტრავმის შიშით დაშავებულის ადგილზევე დატოვება, დამეთანხმებით, უაზრობაა. იმავეს ვიტყოდი გულ-ფილტვის რეანიმაციაზეც: თუ სუნთქვა შეწყდა, სულ რამდენიმე წუთში ტვინი კვდომას დაიწყებს. მაშ ასეა: თუ შეეცდებით, დაშავებულს უშველოთ, გამორიცხული არ არის, რამე დაუშავოთ, სამაგიეროდ, თუ არაფერს იღონებთ, სიკვდილისგან ვეღარაფერი იხსნის. თუმცა ადგილიდან დაძვრაც არის და დაძვრაც. მარტო ნუ დაეჯაჯგურებით, მით უმეტეს, ორ თქვენხელას. ვინმე მოიშველიეთ და შეახსენეთ, რომ სინქრონულად უნდა იმოქმედოთ, რათა დაშავებულის თავი და ტანი ერთდროულად გადაადგილდეს. თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს, თავი დაანებეთ – საწყალს თავისი გასაჭირიც ეყოფა, ზედმეტს ნუღარაფერს მოტეხთ.
მომდევნო ნაბიჯი სისხლდენის შეჩერებაა. ამ თემაზეც არაერთხელ შეგვიჩერებია თქვენი ყურადღება. მხოლოდ ძირითად რეკომენდაციას შეგახსენებთ: დროს არ კარგავთ ლახტის მასალის ძებნაზე, იღებთ სუფთა ნაჭერს და და სისხლმდინარ ადგილს ძლიერად აწვებით.
საქმე ყოველთვის ასე ცუდად როდია – დაშავებული გონებაზეა, სისხლისა კვალიც არ ჩანს, თუ ძალიან მოინდომა, ფეხზეც კი დადგება, თუმცა აუტანელი ტკივილის ფასად. თქვენი რჩევა ამ დროსაც ფასდაუდებელია: რაც უფრო ძლიერ ამოძრავებს მოტეხილ კიდურს, მით უფრო გაჭირდება ჩასწორება, მით უფრო მეტად დაზიანდება რბილი ქსოვილები, მოიმატებს იმის საშიშროებაც, რომ ცხიმის, ძვლის ტვინის ან თრომბის ნაწილი სისხლის ნაკადს გაჰყვეს და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების სისხლძარღვებს დაეცოს. რა მოჰყვება ამას, თვითონაც მიხვდებით... 
პირველ რიგში, დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია უნდა მოვახდინოთ: ხელი ან ფეხი  მოვასვენოთ და დავაფიქსიროთ. მოტეხილი ხელი უმჯობესია ტანზე მივამაგროთ, ქვედა კიდური კი – მაგარ საგანზე ან მეორე ფეხზე. არტაშნად გამოდგება ხელჯოხი, ქოლგა, მსხვილი სწორი ჯოხი, ფიცრის ნაჭერი... მთავარია, მასზე მყარად მივამაგროთ არა მხოლოდ დაზიანებული ადგილი, არამედ მისი მოსაზღვრე ორი სახსარიც.  დაშავებული არამც და არამც არ უნდა წამოდგეს და დაზიანებულ ფეხს არ უნდა დაეყრდნოს. სასურველია, ნატკენ კიდურზე ცივი საფენი დავადოთ ან ცივი ტილო მჭიდროდ გადავახვიოთ. მართლა მოტეხილია თუ არა კიდური, ამის სათქმელად ქირურგიც კი რენტგენის სხივებს იშველიებს. ასე რომ, ყოვლისმცოდნეობას ნუ დაიჩემებთ, თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და რაც შეიძლება სწრაფად გადააბარეთ დაშავებული პროფესიონალებს.

გააზიარე: