სასუნთქი გზების დახშობა
გააზიარე:
სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა ძალიან მალე იწვევს სიკვდილს. ასეთი რამ უმთავრესად პატარა ბავშვებს ემუქრებათ, რომლებიც გარე სამყაროს შეცნობის პროცესში ყველა ნივთს ცნობისმოყვარედ უსინჯავენ გემოს, თუმცა არც მოზრდილია დაზღვეული უბედური შემთხვევისგან, თუნდაც ლუკმის გადაცდენისგან. ალბათ ხვდებით, რაოდენ მნიშვნელოვანია დროული დახმარება. ვფიქრობ, ეს თემა განსაკუთრებით მშობლებს დააინტერესებს.
სასუნთქი გზების დახშობის დროს პირველი დახმარების ელემენტებს მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი ანა ღონღაძე გაგვაცნობს:
– უცხო სხეულით სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივიც (მსუბუქი) და სრულიც (მძიმე).
მსუბუქი ობსტრუქციის დროს, როდესაც სასუნთქი გზები ნაწილობრივ არის დახშული, ადამიანს შეუძლია სუნთქვა, ხველა და ლაპარაკი, სრული, მძიმე ობსტრუქციისთვის კი დამახასიათებელია ჩუმი ხველა ან ხველის შეუძლებლობა, ციანოზი (ლორწოვანი გარსისა და კანის გალურჯება), სუნთქვისა და ლაპარაკის შეუძლებლობა. ამ დროს ადამიანი ხელებს ყელზე იდებს და სახეზე შიში აღებეჭდება. ჩვენი მიზანია ობსტრუქციის გამომწვევი სხეულის მოშორება და ნორმალური სუნთქვის აღდგენა.
თუ ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ სრულ ობსტრუქციასთან გვაქვს საქმე, უმჯობესია, ვინმეს ვთხოვოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება, რათა ბრიგადა რაც შეიძლება მალე მოვიდეს შემთხვევის ადგილზე, თავად კი დახმარება დავიწყოთ.
დაზარალებულს ერთადერთ კითხვას ვუსვამთ: “იხრჩობი?” თუ პასუხი დადებითია (დაზარალებული ვერ გეტყვით, მაგრამ როგორმე მიგანიშნებთ), მაშინვე ვატარებთ ჰეიმლიკის მანევრს.
ჰეიმლიკის მანევრი
ჰეიმლიკის მანევრი ტარდება ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებთან.
დაზარალებულს ამოვუდგებით უკან და ოდნავ წინ გადავწევთ; ფეხს მოვათავსებთ მის ფეხებს შორის; ცალი ხელით შევკრავთ მუშტს (ცერა თითს მუშტში ჩავაყოლებთ) და ცერა თითის მხრიდან ჭიპის ოდნავ ზემოთ მივადებთ დაზარალებულს; მუშტს მეორე ხელსაც ჩავჭიდებთ, რათა ზეწოლა უფრო ძლერი იყოს და ვიწყებთ 45 გრადუსით შიგნით და ზემოთ მიმართულ ინტენსიურ ძლიერ ბიძგებს (სურ. 1). ეს ბიძგები გულმკერდის ღრუში წნევას ზრდის, რაც ზედა სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულს ამოაგდებს. ბიძგებს მანამდე განვაგრძობთ, სანამ ობსტრუქცია არ მოიხსნება ან დაზარალებული სუნთქვის გაჩერების გამო გონს არ დაკარგავს.
ჰეიმლიკის მანევრის ჩატარებისას ფეხს იმიტომ ვათავსებთ დაზარალებულის ფეხებს შუა, რომ დაზარალებული გონების დაკარგვისას არ დაეცეს და ტრავმა არ მიიღოს. როგორც კი გონებას დაკარგავს, მას ჩვენს ფეხზე ჩამოვაცურებთ, ზურგზე დავაწვენთ, დავრწმუნდებით, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებულია, თუ არადა ჩვენ გამოვიძახებთ და ამის შემდეგ დახმარებას ვაგრძელებთ, ანუ ვიწყებთ გულ-ფილტვის რეანიმაციას.
გულ-ფილტვის რეანიმაცია
გულ-ფილტვის რეანიმაცია (იხ. ჟურნალი “ავერსი” #107) რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. თუ გულის გაჩერების დროს გულ-ფილტვის რეანიმაციის მიზანი თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდება და მისი უჯრედების გადარჩენაა, სასუნთქი გზების სრული ობსტრუქციის შემთხვევაში ზეწოლები ემსახურება გულმკერდის ღრუში წნევის გაზრდას და უცხო სხეულის პირის ღრუში ამოგდებას, ამიტომ გულმკერდზე 30 ზეწოლის შემდეგ, სანამ ჩაბერვას დავიწყებთ, პირის ღრუ აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ. თუ დავინახეთ, რომ უცხო სხეული პირშია, ვიყენებთ კაუჭისებურ მეთოდს – ტუჩის კუთხიდან ენის ძირამდე ვყოფთ საჩვენებელ თითს, კაუჭისებურად მოვდებთ უცხო სხეულს და ამოვიღებთ.
თუ პირის ღრუში უცხო სხეული არ ჩანს, თითის ჩაყოფა ზედმეტია, ამიტომ ორჯერ ჩავბერავთ –შესაძლოა, ჩაბერვისას სასუნთქ გზებში გაჭედილმა სხეულმა მდგომარეობა შეიცვალოს, შებრუნდეს, ან ცალ ბრონქში გადავიდეს, რაც ნაწილობრივ გაათავისუფლებს სასუნთქ გზებს და ჰაერს ფილტვებამდე მიღწევის საშუალებას მისცემს.
რამდენი დრო გვაქვს
თუ გულის გაჩერების დროს 30-45 წუთი გვაქვს ადამიანის გადასარჩენად, სასუნთქი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ორი წუთია. ამ ხნის განმავლობაში ვასწრებთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ხუთი ციკლის ჩატარებას ანუ ხუთჯერ 30 ზეწოლას, პირის ღრუს რევიზიას და ორ ჩაბერვას.
როდის ვჩერდებით
ამ ღონისძიებებს მხოლოდ მაშინ ვწყვეტთ, თუ:
. პირის ღრუში გამოჩნდა უცხო სხეული და`ან სასუნთქ გზებში გაიარა ჰაერმა – დაზარალებულმა სუნთქვა დაიწყო;
. ან ამ ორი წუთის განმავლობაში უცხო სხეულის ვერც პირის ღრუში ამოგდება მოხერხდა და ვერც ბრონქში გადატანა ან მდებარეობის შეცვლა. უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული ჩარევაღა გვრჩება (მოზრდილებში – კრიკოთირეოტომია, ბავშვებში – კრიკოთირეოპუნქცია), რაც უკვე სამედიცინო პერსონალის საქმეა. ამიტომაც არის აუცილებელი სასწრაფოს დროული გამოძახება.
თუ უცხო სხეული ამოვარდა
თუ უცხო სხეული პირის ღრუში გამოჩნდა, მისი ამოღების შემდეგ ვამოწმებთ სუნთქვას. თუ დაზარალებული არ სუნთქავს, ორი ჩაბერვით ვადგენთ, გამტარია თუ არა სასუნთქი გზები. თუ გულმკერდის მოძაობა კვლავ ვერ დავინახეთ, მეორე უცხო სხეულის არსებობას ვვარაუდობთ და დახმარებას იმივე პრინციპით ვაგრძელებთ. თუ სასუნთქი გზები გამტარია – ჩაბერვის დროს გულმკერდი მოძრაობს, მაგრამ ადამიანი არ სუნთქავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულს ამოვაგდებდით, გულის მუშაობა და სუნთქვა სხვა (ცენტრალური) მიზეზით შეწყდა, ამიტომ, ვითარების შესაბამისად, გულ-ფილტვის რეანიმაციას უკვე 30-45 წუთის განმავლობაში ვაგრძელებთ.
ბავშვები
ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებს ობსტრუქციის დროს დახმარება ზუსტად ისევე უტარდებათ, როგორც უფროსებს. ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებთან საქმე ოდნავ სხვაგვარადაა. კერძოდ, სანამ ჩვილი გონზეა, ვიყენებთ სენდვიჩის მეთოდს.
სენდვიჩის მეთოდი
ეს მეთოდი გულისხმობს ხუთ დარტყმას ბეჭებს შორის ხელის ნებით და ხუთ ზეწოლას მკერდის ძვალზე ორი თითით. თუ ბავშვი პატარაა, შეგვიძლია, ხელზე გადავიწვინოთ, თუ ცოტა მოზრდილია – მუხლზე. მთავარია, ისე დავიკავოთ, რომ თავი უფრო დაბლა ჰქონდეს, ვიდრე ფეხები.
თავდაპირველად ბეჭებს შორის დარტყმებს ვასრულებთ (სურ. 2). ამ დროს ხელი, რომლითაც ბავშვის თავი გვიჭირავს, ნიკაპზე ისე გვაქვს მოდებული, რომ ჩვილის პირი ორ თითს შუა თავსდება. ხუთი დარტყმის შემდეგ ბავშვს გადმოვაბრუნებთ, ზურგზე დავაწვენთ და მკერდის ძვალზე (დვრილების შემაერთებელი ხაზიდან ოდნავ ქვემოთ) ხუთ ზეწოლას ვახდენთ (სურ. 3).
სენდვიჩის მეთოდიც მანამდე გრძელდება, სანამ ჩვილი უცხო სხეულს არ გადმოაგდებს ან არ დაკარგავს გონს. თუ ბავშვმა გონი დაკარგა, ისევე ვიქცევით, როგორც მოზრდილებთან – ვიწყებთ გულ-ფილტვის რეანიმაციას.
გულ-ფილტვის რეანიმაცია ბავშვებში
გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს გულის არაპირდაპირი მასაჟი ბავშვებთან რამდენადმე სხვაგვარად ტარდება, ვიდრე მოზრდილებთან:
. ჩვილებთან ზეწოლა ხდება ორი თითით დვრილების შემაერთებელი ხაზის ქვემოთ და (სურ. 4), ზეწოლისას დაახლოებით 4 სანტიმეტრზე ჩავდივართ.
. 1-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან ზეწოლა სრულდება დვრილებს შორის, მათი შემაერთებელი ხაზის შუა წერტილში, ცალი ხელით (შეგახსენებთ: ზრდასრულებთან – ორით), 5 სანტიმეტრამდე სიღრმეზე.
გახსოვდეთ:
ობსტრუქციის შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ სასწრაფო, არ დაიბნეთ, რათა ადამიანის გადარჩენა შეძლოთ.
მარი აშუღაშვილი