ადამიანური სითბოს ძიებაში

გააზიარე:

ქართველებს არც ადამიანური სითბო გვაკლია და არც გათბობის სხვა ალტერნატიული საშუალებები, მაგრამ ხანდახან, ისევე როგორც დედამიწაზე მცხოვრებთა უმრავლესობას, ჩვენც გვცივა. თუ გარეთ ცივა და ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობთ, ლოგიკური და გასაგებია: სიცივის დროს არტერიები ვიწროვდება, რაც კიდურებში სისხლის მიდენას აფერხებს და ტემპერატურის ვარდნას იწვევს. ეს ფიზიოლოგიური პროცესი კიდევ უფრო ჩქარდება, როდესაც ადამიანი სიცივეში უძრავად ზის (თუნდაც წევს), გადაღლილია ან სტრესს განიცდის. უკანასკნელ შემთხვევაში სისხლი სხეულის წარზიდული  ნაწილებიდან აქტიურად მიედინება ტვინისკენ და დაბალი ტემპერატურის გამო ისედაც შევიწროებული სისხლძარღვები სისხლით უფრო მეტად ღარიბდება.
თუ სუსხში ხშირად გიწევთ სიარული ან თხილამურებით სრიალი გიტაცებთ და შაბათ-კვირას გუდაურს მიაშურებთ ხოლმე, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დაიმახსოვრეთ:
. შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ თბილად ჩაიცვით, უმჯობესია, რამდენიმე ფენად. ტანსაცმლის ფენებს შორის გროვდება ჰაერი, რომელიც სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია, რამდენიმე თბილი ჯემპერი და მსუბუქი ქურთუკი ჩაიცვათ, ვიდრე ერთი თხელი ბლუზა და მძიმე, თბილი ქურქი. თეთრეული და წინდები, სასურველია, ბამბისა იყოს.
. არამც და არამც არ გახვიდეთ სუსხში ახალდაბანილი, მით უფრო – სველი თავით. წყალი სითბოს იდეალური გამტარია და ორგანიზმს კუთვნილ სითბოს ართმევს, რითაც ხელს უწყობს გადაცივებას.
. შენობაში რამდენიმე წამითაც რომ შეხვიდეთ, ქურქი (ქურთუკი) გაიხადეთ, თორემ გარეთ გასვლისთანავე შეგამცივნებთ და შესაძლოა, გაცივდეთ კიდეც.
. ალბათ გაგიგონიათ, რომ გათოშილი ხელების გასათბობად საუკეთესო საშუალება თავად თოვლია. ეს მოსაზრება სინამდვილეს არამც და არამც არ შეესაბამება – თოვლის უხეში ნაწილაკები კანსა და კაპილარებს აზიანებს და შესაძლოა, ანთებითი ცვლილებები გამოიწვიოს. თუ გუნდაობით გართულს მეტისმეტად შეგცივდათ, სასწრაფოდ შეაფარეთ თავი თბილ შენობას, შემდეგ დალიეთ თბილი სითხე, მაგალითად, ჩაი, კომპოტი. თუ შესაძლებელია, შემოიხვიეთ შალი და დაითბუნეთ კიდურები.
თუ ხელ-ფეხი მეტისმეტად გეყინებათ, ასე მოიქეცით: 
. ვიდრე შინიდან გახვიდოდეთ, მტევნებსა და ტერფებზე ოთხიოდე წუთით კონტრასტული საფენები დაიფინეთ: ერთი წუთის განმავლობაში – ცხელი, მომდევნო წუთს – ცივი, შემდეგ კვლავ – ცხელი  და ცივი.
. უარი თქვით სიგარეტზე, მაგარ ყავასა და ალკოჰოლზე. თამბაქო და კოფეინი სისხლძარღვებს ავიწროებს. ალკოჰოლი თავდაპირველად კანის ზედაპირზე სისხლის მოდინებას უწყობს ხელს, რაც სითბოს (წამოხურების) შეგრძნებას ბადებს, მაგრამ სითბო კანის ფორებიდან მალევე იკარგება და სხეული ცივდება.
. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. ორგანიზმის ამ არცთუ ჩვეულ რეაქციას იწვევს ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, აგრეთვე – ზოგიერთი კონტრაცეპტივის მიღებით განპირობებული ჰორმონული დისბალანსი, დიაბეტი. 

გააზიარე: