წყალი მარგებელი, წყალი მავნებელი
გააზიარე:
ვიღვიძებთ, ვდგებით, სააბაზანოში შევდივართ, ხელ-პირს ვიბანთ, შხაპს ვიღებთ, მერე სამზარეულოს მივაშურებთ ჩაის ან ყავის დასალევად... წყალი ჩვენი ყოველდღიურობის ისეთი ორგანული ნაწილია, გვგონია, მისი არსებობა თავისთავად იგულისხმება და აზრადაც არ მოგვდის იმაზე დაფიქრება, რამსიგრძე გზა უნდა გამოიაროს ჩვენამდე მოსაღწევად.
ის თუ იცით, რომ ბევრისთვის ასეთი რუტინა ფუფუნებაა? ჩვენ ხშირად ონკანის დაკეტვაც კი გვავიწყდება, მაშინ როდესაც უამრავი ხალხი სასმელ წყალზე ოცნებობს...
22 მარტი წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბუნებრივი სიმდიდრე, თუნდაც, ერთი შეხედვით, ამოუწურავი, რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ.
წყალი მარგებელი
წყლის ძალა მოგცესო – ამ სიტყვებით ალბათ თქვენც დაულოცავხართ. რა შეიძლება უსურვო ადამიანს ამაზე უკეთესი? წყალს ხომ მართლაც არნახული ძალა აქვს. ეს უფერო და უსუნო სითხე, რომელსაც გემოც კი არ გააჩნია, სიცოცხლის საწყისია. მისი მნიშვნელობა წყლის მსოფლიო დღის ორგანიზატორებმა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბეს:
- წყალი ჯანმრთელობაა
საკვების გარეშე ადამიანი რამდენიმე კვირა ძლებს, წყლის გარეშე კი – მხოლოდ რამდენიმე დღე.
ხელების ბანა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვაში გვეხმარება.
დაბინძურებული წყლის მეშვეობით არაერთი დაავადება ვრცელდება, მათ შორის – ძალიან მძიმეც.
- წყალი ბუნებაა
წყალი აუცილებელია ეკოსისტემების არსებობისთვის, ეკოსისტემები კი ჩვენი არსებობისთვის არის აუცილებელი.
- წყალი ენერგიაა
წყალი და ენერგია განუყოფელნი არიან. წყალი საჭიროა ელექტროენერგიის მისაღებად, ხოლო ელექტროენერგია – სუფთა წყლის მოსაპოვებლად.
- წყალი საკვებია
წყლის მოხმარების 70% სოფლის მეურნეობის წილად მოდის.
თითოეული ამერიკელი საკვებისთვის ყოველდღიურად 7,5 ლ წყალს მოიხმარს.
1 კგ ბრინჯის მოსაყვანად 3500 ლ წყალია საჭირო, ხოლო 1 კგ საქონლის ხორცის მისაღებად, არც მეტი, არც ნაკლები, 15 000 ლ იხარჯება.
- წყალი ურბანიზაციაა
წყლის გარეშე ქალაქების არსებობა წარმოუდგენელია. განვითარებადი ქვეყნების სერიოზული პრობლემაა, რომ ქალაქებში დარღვეულია ბალანსი წყალმომარაგებასა და წყალმოხმარებას შორის.
- წყალი ინდუსტრიაა
წყალი მრწეველობის ნებისმიერი დარგისთვის აუცილებელია. ქაღალდის 1 ფურცლის დამზადებას 1 ლიტრი სჭირდება, 500 გ პლასტმასის დამზადებას – 91 ლიტრი.
ეს მცირე ჩამონათვალიც მოწმობს, რომ წყალი სიცოცხლეა. თუმცა არა ყოველგვარი, არამედ უვნებელი და სასარგებლო წყალი. ეს უკანასკნელი კი, როგორც ირკვევა, არცთუ იოლად მოსაპოვებელი სიკეთეა.
თავად განსაჯეთ:
1.8 მილიარდი ადამიანი სასმელად ფეკალური მასებით დაბინძურებულ წყალს მოიხმარს. დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მილებით მიწოდებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაბინძურებულია, განსაკუთრებით იქ, სადაც წყლით უწყვეტი მომარაგება ვერ ხერხდება. იქაც კი, სადაც წყარო სუფთაა, შესაძლოა, წყალი ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს დაბინძურდეს.
დაბინძურებული წყალი ყოველწლიურად 502 000 ადამიანის დიარეით გარდაცვალების მიზეზი ხდება.
2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს, სავარაუდოდ, არ ექნება საკმარისი წყალი.
დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების 38% წყლის რესურსებს ვერ აუმჯობესებს, 19 % – სანიტარიულ პირობებს.
განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 35% ხელების დასაბანი წყლისა და საპნის დეფიციტს განიცდის.
შემაშფოთებელი მონაცემებია? საკითხი კიდევ უფრო მწვავედ იდგა სულ რამდენიმე წლის წინ – 1990 წელს, როდესაც წყლის რესურსების დაცვის მსოფლიო დღე დაწესდა. იმ დროისთვის სასმელი წყალი მოსახლეობის მხოლოდ 76%-ს მიეწოდებოდა. დღეს ის 89%-ისთვისაა ხელმისაწვდომი. ჯანმოს მონაცემებით, დღეს 4 მილიარდი ადამიანი ონკანის წყალს მოიხმარს, 2.3 მილიარდს კი ხელი მიუწვდება წყლის ალტერნატიულ წყაროებზე: დაცულ წყალსატევებზე, ჭებზე, ჭაბურღილებზე. 663 მილიონი წყალს ბუნებრივი წყაროებიდან იღებს. მათგან 159 მილიონი ზედაპირულ წყაროებს იყენებს.
წყალივით საჭირო წყალი
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად ცნო ადამიანის უფლება წყალსა და სანიტარიაზე. ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს საკმარისი ოდენობის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი წყალი პირადი თუ საყოფაცხოვრებო მიზნით, – გვეუბნება დოკუმენტი. ათასწლეულის განვითარების მიზნების ერთ-ერთ მთავარ პუნქტად 2010 წლისთვის იმ ადამიანთა რაოდენობის ორჯერ შემცირება განისაზღვრა, ვისაც უსაფრთხო წყალზე ხელი არ მიუწვდებოდა. 48 განვითარებად ქვეყანას ამ მიზნისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია, მაგრამ 1990 წელთან შედარებით მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა.
წყალი მავნებელი
- მაინც რა საფრთხეს გვიქადის დაბინძურებული წყალი?
არასათანადოდ მართული წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია ადამიანებს დიდი რისკის პირისპირ აყენებს. განსაკუთრებით – სამედიცინო დაწესებულებებში მყოფებს, სადაც ინფიცირების ალბათობა ისედაც დიდია და სუფთა წყალი ერთიორად აუცილებელია. მთელ მსოფლიოში პაციენტების 15%-ს ინფექცია სტაციონარში ხვდება. მათ შორის წამყვან განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებლები იკავებენ. დაბინძურებულ წყალს და არადამაკმაყოფილებელ სანიტარიულ მდგომარეობას ისეთი დაავადებების განვითარებამდე მივყავართ, როგორებიცაა ქოლერა, დიარეა, დიზენტერია, ა ჰეპატიტი, მუცლის ტიფი, პოლიომიელიტი.
ჯანმოს 2013 წლის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილიანობის 10 ძირითად მიზეზს შორის დიარეით მიმდინარე დაავადებები მე-5 ადგილს იკავებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან კი მე-2 ადგილზეა. ამ ჯგუფში შემთხვევათა 88% სწორედ დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებითა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაუცველობითაა გამოწვეული. როცა სასმელი წყალი უსაფრთხო არ არის, ადამიანებს მიაჩნიათ, რომ არც ხელების დაბანას აქვს აზრი და ამით უფრო მეტად ზრდიან ინფექციური დაავადებების განვითარების რისკს. ზოგიერთი შეფასებით, მსოფლიოში ყოვეწლიურად 842 000 კაცი კვდება დაბინძურებული წყლითა და ცუდი სანიტარიული პირობებით გამოწვეული დიარეით, მაშინ როდესაც ფაღარათის პრევენცია სავსებით შესაძლებელია. თუ ამ რისკფაქტორზე გავლენას მობვახდენთ, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 361 000 ბავშვის სიკვდილის თავიდან აცილებას შევძლებთ.
დიარეა დაბინძურებულ წყალთან ასოცირებული ყველაზე ცნობილი დაავადებაა, მაგრამ ის ერთადერთი არ გახლავთ. ყოველწლიურად 240 მილიონამდე ადამიანი შისტოსომოსით – მწვავე ან ქრონიკული პარაზიტული დააავადებით – ხდება ავად. მწერები, რომლებიც წყალში ცოცხლობენ და მრავლდებიან, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დენგეს ცხელების გადამტანებად გვევლინებიან. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ დაავადების რამდენიმე შემთხვევა საქართველოშიც აღირიცხა.
ჯანმოს მონაცემებით, უსაფრთხო წყალი 1,4 მლნ ბავშვის დიარეით, 500 000 ბავშვისა და ზრდასრულის მალარიით, 860 000 ადამიანის მალნუტრიციით გარდაცვალების პრევენციას ნიშნავს. დადგენილია, რომ სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის გაუმჯობესებით ყოველწლიურად წყლის უსუფთაობით გამოწვეული სიკვდილის 30 მილიონზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.
უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყალი ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების საწინდარიც არის. როცა ადამიანს წყლის მოსაპოვებლად “აღზევანს” არ უწევს წასვლა, მისი შრომა უფრო ნაყოფიერია. განვითარებად ქვეყნებში ქალები და გოგონები თავიანთი დროის მეოთხედს ყოველდღიურად სწორედ წყლის ზიდვაში ხარჯავენ. ეს ის დროა, რომელიც შეეძლოთ ანაზღაურებად სამსახურში, განათლების მიღებასა და ოჯახზე ზრუნვაში დაეხარჯათ.
სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ხარჯის შემცირებასაც უწყობს ხელს, ვინაიდან ამცირებს ავადობას და, ამის კვალობაზე, სამედიცინო მომსახურების აუცილებლობას.
ჯანმოს ინფორმაციით, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის გაუმჯობესება მრავალი განუვითარებელი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სტიმულირებას მოახდენს და სიღარიბის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
კლიმატის ცვლილებები, წყლის დეფიციტი, მოსახლეობის ზრდა, ურბანიზაცია წყალმომარაგებას დიდ პრობლემებს უქმნის. ექსპერტთა გამოთვლით, 2025 წლისთვის მოსახლეობის ნახევარს არ ექნება საკმარისი წყალი. ამ ვითარებაში შესაძლოა დიდი როლი შეასრულოს ნარჩენი წყლის გამოყენებამ. 2017 წლის წყლის რესურსების მსოფლიო დღის ძირითადი ნაწილიც სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება.
წყალი და საქართველო
საქრათველო წყლის რესურსების ნაკლებობას არ უჩივის. მეტიც – ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც ამდენი ბუნებრივი წყარო მოედინებოდეს, ისიც – სრულიად უნიკალური, განსხვავებული შემადგენლობითა და გამოყენების ჩვენებებით. არც სასმელი წყლის შესაძენად გვიწევს მარკეტში სიარული, თუმცა პრობლემები ჩვენშიც მრავლადაა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013 წელს 600 საჯარო სკოლაში ჩატარდა კვლევა სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შესასწავლად. კვლევის შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ სკოლებში სასმელი წყლის სისუფთავისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტი დარღვეულია, კერძოდ: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით საჯარო სკოლების მხოლოდ 70% სარგებლობს; ქალაქის სკოლების 4% და სოფლის სკოლების 12% სასმელ წყალს ძირითადად გაუუმჯობესებელი წყაროებიდან იღებს. სოფლის სკოლების 80%-ს წყალმომარაგების სისტემები შენობის გარეთ აქვს განთავსებული, ხოლო 6%-ს საერთოდ არ გააჩნია. ექსპერტთა აზრით, სწორედ ამის ბრალია რეგიონებში წყლით გამოწვეული ინფექციური დაავადებებისა და ეპიდემიური აფეთქებების სიხშირე. მაგალითად, 2009-2013 წლებში, სავარაუდოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებული ეპიდაფეთქების 14 შემთხვევა იქნა რეგისტრირებული (დაავადდა 649 ადამიანი). ჯერ კიდევ მაღალია იმ დაავადებების ყოველწლიურად რეგისტრირებულ შემთხვევათა საშუალო მაჩვენებელი, რომელთა გადაცემის წყაროც შეიძლება სასმელი წყალი იყოს. მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით ყოველწიურად აღირიცხება ბაქტერიული დიზენტერიის (შიგელოზის) 264 და ა ჰეპატიტის 139 შემთხვევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდის სფეროშიც: გაუწმენდავი და არასაკმარისად გაწმენდილი მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 75% საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროა. ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები მხოლოდ ორ ქალაქში – საჩხერესა და ბათუმში ფუნქციობს, ხოლო თბილისისა და რუსთავის რეგიონული გამწმენდი ნაგებობა უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების მხოლოდ პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გამწმენდი ნაგებობის მფლობელს, ჯორჯიან უოთერ&პაუერს, ვალდებულება აკრსია, 2018 წლამდე ჩაატაროს გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია (ჰტტპ://ნცდც.გე/ჩატეგორყ/Aრტიცლე/2835).
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანია ქვეყნის მასშტაბით (გარდა თბილისისა, მცხეთისა, რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) ბოლო ხანს ინტენსიურად ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მშენებლობას და წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის გამიზნულ სამუშაოებს, სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის საკითხი მაინც აქტუალურია, რადგან დასახლებული ადგილების წყალსადენებისა და გამანაწილებელი ქსელების უმეტესობა ჯერ კიდევ მოითხოვს გამოცვლას, კაპიტალურ ან მიმდინარე შეკეთებას და სხვა, რასაც ამ დარგში მიმდინარე პროექტებიც ადასტურებს. ვითარებას ამძიმებს სასმელი წყლის არარაციონალური ხარჯვა და არცთუ იშვიათად – მისი არამიზნობრივი გამოყენება. ასეთივე მდგომარეობაა სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სფეროში და ადგილობრივი მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემებზეც (ჰტტპ://წატერ.გოვ.გე/გეო/აბოუტ-უს/ცომპანყ)
მაშ ასე, წყალი გლობალური სიკეთეა, მისი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება კი გლობალური გამოწვევა. გავუფრთხილდეთ წყალს.
გვანცა გოგოლაძე