ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus)
გააზიარე:
სამკურნალო თვისებებით განთქმული ეს ბალახი საქართველოში თითქმის ყველგან ხარობს. თუ მისი მოკრეფა განიზრახეთ, გაითვალისწინეთ: ბალახის
შესაგროვებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია, ფესვებისთვის – სექტემბერ-ოქტომბერი. სამკურნალო ნივთიერებებით ფესვები უფრო მდიდარია, ასე რომ, დროა, ვარდკაჭაჭას საკრეფად გაეშუროთ.
მცენარის ფესვები გაჯერებულია ნახშირწყალ ინულინით (50%-მდე), რომელიც კარგად იხსნება წყალში. ასევე მდიდარია ცილებით, შაქრით, ცვილით. მწარე გემოს ვარდკაჭაჭას ლაქტუცინი და ლაქტუროპიკრინი აძლევს.
ვარდკაჭაჭა ფართოდ გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი, საჭმლის მონელების, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება. მას ერთი უცნაური თვისება აქვს: იდეალური წამალია დიარეის დროს, ხოლო შეკრულობისას შესაძლოა მსუბუქი საფაღარათო მოქმედებაც გამოავლინოს.
ვარდკაჭაჭა ეფექტურია კანის დაავადებების (ალერგიული, ჩირქოვანი გამონაყარის, ფერიმჭამელების) სამკურნალოდ. მისი ფესვების ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არეგულირებს გულის მუშაობას. ვარდკაჭაჭას თესლის ნაყენს ახასიათებს სიცხის დამწევი, ოფლმდენი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. როგორც თესლის, ისე ფესვების ნაყენი საუკეთესო საშუალებაა კბილის ტკივილის დასაამებლად.
ვარდკაჭაჭასგან სამკურნალო ნაყენი ასე მზადდება:
. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი და წამოადუღეთ, დააყენეთ 1-2 საათით და გაფილტრეთ. დაატკბეთ გემოვნებით და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ ჭამის წინ.
. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დაატკბეთ და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
. მაგარი ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 20 გ ბალახი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. ასეთი ნაყენი გამოგადგებათ საფენებისთვის ეგზემის დროს.