ორსულობა და წელის ტკივილი
გააზიარე:
ბევრი ორსული უჩივის წელის ტკივილს – სტატისტიკური მონაცემებით, ორსულთა 50-70%. რა გასაკვირია: იმატებთ წონას, იცვლება სხეულის სიმძიმის ცენტრი, ორსულობის ჰორმონები კი სახსრის იოგებს ასუსტებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხრა თვე უნდა ითმინოთ – წელის ტკივილის მოხსნა ან შემსუბუქება უმეტესად სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, ყურადღებით იყავით, გაგაცნობთ ტკივილის საწინააღმდეგო სტრატეგიას.
როდის და როგორ
ორსულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის წელის ტკივილის აღმოცენებისთვის. ზოგიერთ ქალს ხერხემლის ტკივილი ორსულობის პირველივე კვირებიდან აწუხებს. უფრო – მათ, ვინც დაორსულებამდეც უჩიოდა წელის ტკივილს ან აქვს ჭარბი წონა. უმეტესად კი ტკივილი მოგვიანებით ეტაპზე იჩენს თავს – მაშინ, როდესაც ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, მძიმეც.
ზოგჯერ წელის ტკივილი საკმაოდ აქვეითებს შრომის უნარს და ცხოვრების ხარისხს. ხდება ისეც, რომ ორსული იძულებულია, თითქმის გაუნძრევლად იწვეს.
წელის ტკივილი სხვადასხვანაირია: ზოგჯერ შეტევითი ხასიათისაა, ზოგჯერ – მუდმივი და ყრუ. შესაძლოა, გადაეცემოდეს ფეხს, ძლიერდებოდეს სიარულის, სიმძიმის აწევის, დგომის, დახრისა თუ გამართვის დროს, თან ახლდეს დაბუჟება, სიფითრე, ერთი ან ორივე კიდურის სისუსტე, ფეხების ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, კოჭლობა, კიდურების უნებლიე მოძრაობა.
მაინც რატომ სტკივა ორსულს წელი?
* ორსულობის დროს გამომუშავებული ჰორმონები მცირე მენჯის იოგებს ასუსტებს. ამით სხეული მშობიარობისთვის ემზადება – ამ გზებში ხომ ნაყოფმა უნდა გაიაროს! თუმცა ეს საკომპენსაციო მექანიზმი შესაძლოა წელის არეში ტკივილის მიზეზადაც იქცეს.
* საშვილოსნოსა და ნაყოფის ზრდასთან ერთად სხეულის სიმძიმის ცენტრი წინ გადმოინაცვლებს. წონასწორობის შესანარჩუნებლად ქალი უკან გადაიდრიკება. სწორედ ამ "საკომპენსაციო" მექანიზმის შედეგია ორსულთა დამახასიათებელი პოზა, სიარულისა და დგომის მანერა. უკან გადადრეკის გამო წელის ქვედა ნაწილის კუნთები იჭიმება და წელის მიდამოში ტკივილი აღმოცენდება.
* ორსულობის დროს წონის მატება ჩვეულებრივი ამბავია. მართალია, 10-15 კგ–ის მომატება ორსულისთვის საგანგაშოდ არ მიიჩნევა, მაგრამ ხერხემლისთვის ეს ნამდვილად ვერ გამოდგება არგუმენტად. სულ რამდენიმე თვეში წონის ასეთი ცვლილება (აღარაფერს ვამბობ უფრო დიდ ნამატზე) ხერხემლისთვის დიდი გამოცდაა, ყოველი დამატებითი კილოგრამი კი მას უფრო მეტ პრობლემას უქმნის.
* დიდხანს დგომა, ჯდომის, წოლისა და დგომის არასწორი მანერა წელის ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.
ვიქცევით ასე
წელის ტკივილის სრული კუპირება შესაძლოა ვერ მოხერხდეს, მაგრამ რამდენიმე რჩევა ტკივილის სიმძიმისა და სიხშირის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.
1. სწორი პოზა
იდექით გამართული, ეცადეთ, უკან არ გადაიდრიკოთ. თუ დიდხანს დგომა გიწევთ, დაბალ ტაბურეტზე შემოდგით ჯერ ცალი ფეხი, მერე მეორე. ეს საგრძნობლად შემაცირებს წელზე დაწოლას.
დასაჯდომად ისეთი სკამი შეარჩიეთ, რომლსი საზურგეც წელის ფორმას იმეორებს.
შვებას მოგგვრით წელის ქვეშ ამოდებული პატარა ბალიშიც.
ხშირად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ, არ გადაიღალოთ. დასვენების დროს ფეხები ზემოთ ასწიეთ.
2. სწორი ფეხსაცმელი
ეცადეთ, გეცვათ დაბალქუსლიანი, მაგრამ არა ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი კარგი, გამოკვეთილი თაღით. მაღალი ქუსლები უფრო მეტად ცვლის სიმძიმის ცენტრს და წონასწორობის შენარჩუნებას ართულებს.
3. ორსულის ქამარი
ორსულთა ქამრის ეფექტიანობა მეცნიერულად გამოწვლილვით არ შეუსწავლიათ, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ მისი ტარება მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს.
4. სიმძიმის სწორად აწევა
ეცადეთ, წელში არ მოიხაროთ. თუ პატარა ნივთის აღება გინდათ, ჩაიცუცქეთ და ისე აიღეთ. იცოდეთ ზღვარიც. ბევრ დედას ორსულობის პერიოდშიც კი ხელით დაჰყავს უფროსი შვილი. არც სხვა მძიმე სამუშაოს ერიდება. ასე არ შეიძლება – ორსულისთვის სიმძიმის აწევა, მით უმეტეს – წელის ტკივილის დროს, აკრძალულია!
5. სწორ პოზაში ძილი
ზურგზე მწოლიარე ნუ დაიძინებთ – რომელიმე გვერდზე დაწექით. უფრო სასურველია მარცხენა გვერდზე წოლა. წოლის დროს ცალი ან ორივე ფეხი მუხლში მოხარეთ.
სწორი პოზის მიღებაში ორსულის ბალიში დაგეხმარებათ. თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი ბალიში მუხლებს შორის, მუცლის ქვეშ ან წელთან და ასე მოძებნეთ კომფორტული პოზა.
6. სითბო, სიცივე, მასაჟი
მოსინჯეთ წელის ნაზი მასაჟი, ცხელი ან ცივი საფენი. მათი ეფექტიანობა კვლევებით ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ ზოგიერთს ნამდვილად ჰგვრის შვებას.
7. ყოველდღიურ ფიზიკური აქტიურობა
ჯერ კიდევ დაორსულებამდე აქციეთ ფიზიკური აქტიურობა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად. ის ხელს შეუწყობს წელის კუნთების გამაგრებას, შესაბამისად, შეამცირებს ორსულობის დროს ტკივილის აღმოცენების რისკს.
უშუალოდ ორსულობის დროს – თუ სხვა მიზეზით არ არის უკუნაჩვენები – რეკომენდებულია მსუბუქი ვარჯიში. განსაკუთრებით ეფექტურია ფეხით სიარული და ცურვა. შესაძლოა, ფიზიოთერაპევტმა გაჭიმვები და სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები შემოგთავაზოთ – ისინი მართლა ძალიან ეფექტურია წელის ტკივილის დროს.
იფიქრეთ სხვა საშუალებებზეც
ორსულობის დროს ტკივილის კუპირებისთვის გამოყენებული მედიკამენტების ნუსხა ძალიან მცირეა. ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა აცეტამინოფენი: პარაცეტამოლი, პაკოლი, ტაილენოლი და ა.შ. სხვა საშუალებები, თუნდაც ადგილობრივი მოქმედებისა, ორსულის მდგომარეობის გათვალისწინებით, რისკისა და სარგებლის პრინციპით ინიშნება. ცხადია, მხოლოდ ექიმის მიერ! თვითმკურნალობა დაუშვებელია.
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, წელის ტკივილს ამცირებს აკუპუნქტურა, მანუალური თერაპია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: მკურნალობის ყველა მეთოდი თქვენს გინეკოლოგთან უნდა იყოს შეთანხმებული.
სიმფიზიტი
ორსულობის დროს წელის ტკივილის გავრცელებული მიზეზია სიმფიზიტი. ეს კრებითი ტერმინი მოიცავს სიმფიზის – ბოქვენის ძვლების შეერთების ადგილის – ანთებას და ბოქვენის ძვლების დაშორებას. ისიც უკვე აღწერილი ჰორმონული ცვლილებების ბრალია. სიმფიზიტის დროს ტკივილი სიმფიზის, შორისის არეშიც აღმოცენდება, ზოგჯერ გადაეცემა ქვედა კიდურებს, ძლიერდება სიარულის, კიბეზე ასვლის, ფეხის ფეხზე გადადების, საწოლში გადაბრუნების დროს. ძლიერ გამოხატული სიმფიზიტის დროს ქალს დამოუკიდებლად ჩაცმაც კი არ შეუძლია.
კარგი ამბავი ის არის, რომ სიმფიზიტი ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქადის, თუმცა ძლიერმა და მუდმივმა ტკივილმა შესაძლოა დეპრესიის განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც, ბუნებრივია, ნაყოფისთვისაც არასასურველია.
ზემომოყვანილი რეკომენდაციების შესრულებას სიმფიზიტით გამოწვეული ტკივილიც შემცირებაც შეუძლია.
სიმფიზიტის დროს ეცადეთ, კიდურები ერთ პოზიციაში გქონდეთ – არ გადააჯვარედინოთ ფეხები, კიბეზე ფეხით არ ახვიდეთ და ა.შ.
სხვა დაავადებები
არ არის გამორიცხული, ორსულობის დროს წელის ტკივილი საერთოდ არ უკავშირდებოდეს ორსულობას – რომელიმე ორგანული პათოლოგიის ნიშანი იყოს. ორსულობას შეუძლია, გაამწვაოს უკვე არსებული დაავადება ან მის მანიფესტაციას შეუწყოს ხელი. წელის ძლიერ ტკივილს შესაძლოა საფუძვლად ედოს ორსულობასთან ასოცირებული ოსტეოპოროზი, ხერხემლის ოსტეოართრითი, სეპტიკური ართრიტი. ეს დაავადებები იშვიათია, მაგრამ ძლიერი ტკივილის დროს აუცილებელია მათი გამორიცხვა. ზოგჯერ კი წელის ტკივილი საშარდე გზების ინფექციაზე ან ნაადრევ მშობიარობაზე მიგვანიშნებს, ამიტომ ექიმს მიმართეთ, თუ:
* გრძნობთ ძლიერ ტკივილს წელის არეში, რომელიც ორ კვირაზე მეტია გრძელდება;
* ტკივილის ინტენსივობა იმატებს ან უეცრად აღმოცენდება ძლიერი ტკივილი;
* მკვეთრად შეგეზღუდათ მოძრაობა, გიჭირთ ჩვეული საქმეების კეთება;
* ზემოთ მოყვანილი რჩევები ტკივილს არ ამსუბუქებს;
* ტკივილს თან ახლავს ვაგინალური გამონადენი, ცხელება, შარდვის დროს წვის შეგრძნება;
* გრძნობთ საშვილოსნოს რიტმულ შეკუმშვებს.
როგორ ვიქცევით
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, უსაფრთხოა ექოსკოპიური კვლევა (მისი მეშვეობით სვამენ, მაგალითად, სიმფიზიტის დიაგნოზს და ადგენენ მის ხარისხს), ხოლო მეორე ტრიმესტრიდან – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. რენტგენოლოგიური გამოკვლევა არ შეიძლება!
თუ წელის ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანების შედეგია, აუცილებელია ორთოპედის ან ვერტებროლოგის კონსულტაცია. მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით ისინი მკურნალობის შესაბამის საშუალებას შემოგთავაზებენ. ზოგჯერ ეს პათოლოგიები განსაზღვრავს მშობიარობისა და გაუტკივარების გზასაც. მაგალითად, ძლიერ გამოხატული სიმფიზიტი საკეისრო კვეთის ჩვენებაა, ხერხემლის ზოგიერთი დაავადება კი ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების საშუალებას არ იძლევა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე ოპერაციული ჩარევა. დიახ, ასეც ხდება, მაგრამ, საბედნიეროდ, წელის ტკივილი ესოდენ სერიოზულ ნაბიჯებს იშვიათად მოითხოვს.
გვანცა გოგოლაძე