9 თვე online რეჟიმში
გააზიარე:
XXI საუკუნეში კომპიუტერის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. უახლესი ინფორმაცია პოლიტიკის, მოდის, ბიზნესის, ცნობილი ადამიანების შესახებ – ეს ყველაფერი საერთაშორისო ქსელის დამსახურებაა, რომელში ხეტიალიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ყველას ხიბლავს.
მას შემდეგ, რაც პირველი კომპიუტერი შეიქმნა, ათობით წელმა განვლო, მაგრამ მსჯელობა, რამდენად სახიფათოა ეკრანის გამოსხივება ჯანმრთელობისთვის, დღესაც არ ცხრება. თანამედროვე ექსპერტები ირწმუნებიან, რომ მავნეა არა გამოსხივება, არამედ ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც ეკრანიდან გამოიტყორცნება და გზადაგზა მტვრის ნაწილაკებს იკრავს. დამუხტული მტვერი პირდაპირ ჩვენკენ მოექანება და ზიანს გვაყენებს. თუმცა კომპიუტერს მხოლოდ ეს უსიამოვნება როდი მოაქვს... ყველაზე დიდი ზიანი, რომელსაც კიბერმანქანისგან უნდა ველოდეთ, მხედველობის გაუარესება და ხერხემლის პრობლემებია. ამჯერად სწორედ მათზე გესაუბრებით.
გაუფრთხილდით მხედველობას
კომპიუტერის ეკრანის ხანგრძლივი ცქერა მხედველობას რომ ვნებს, ეს მხოლოდ ორსულთა საფიქრალი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ქალი მხედველობას დაორსულებამდეც უჩიოდა, თვალების გადაძაბვა და კომპიუტერთან საათობით ჯდომა (თუნდაც გასართობი ვებგვერდების თვალიერება და ორსულთა მოვლა-კვების შესახებ უახლესი ინფორმაციის მოძიება) მისთვის არამც და არამც არ შეიძლება, ვინაიდან ფეხმძიმობისას პრობლემა შესაძლოა უფრო მეტად გაღრმავდეს.
ცხადია, ორსულს ვერავინ აიძულებს, მთელი დღე ეძინოს ან ისეირნოს, მით უმეტეს, თუ აქტიურ ცხოვრებას არის მიჩვეული. პირიქით, მისასალმებელია, როდესაც მომავალი დედა ჩვეულებისამებრ მუშაობს, ერთობა და სიცოცხლით ტკბება. არც კომპიუტერთან მუშაობის (თუნდაც გართობის) აკრძალვაა მიზანშეწონილი. აი, შეზღუდვები კი უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, თუ ორსული მხედველობას არ უჩივის, შეუძლია, დღეში სამი საათს იმუშაოს კომპიუტერთან, ხოლო თუ მიოპია (ახლომხედველობა) აქვს, სასურველია, ლიმიტი ერთ საათამდე შეამციროს.
კომპიუტერმა თვალი ნაკლებად რომ დაღალოს, ოთახი სათანადოდ უნდა იყოს განათებული. უმჯობესია, ფანჯარაზე ფარდა ან ჟალუზი ჩამოაფაროთ და მისკენ ზურგით დაბრძანდეთ, ხოლო სინათლე მარცხნიდან გცემდეთ.
დიდი მნიშვნელობა აქვს მანძილს. ეკრანთან მეტისმეტი სიახლოვე მხედველობას ძლიერ ვნებს.
ალბათ, გსმენიათ, რომ კომპიუტერთან მუშაობისას დროდადრო თვალების გავარჯიშება სასარგებლოა. თქვენც ასე მოიქეცით: ეკრანს მზერა მოსწყვიტეთ, თვალები დახუჭეთ და თვალის კაკლები ამოძრავეთ. სასარგებლოა შორეულ წერტილზე მზერის გადატანაც.
უდიდესი პრობლემა, რომელიც კომპიუტერმა ადამიანს შეუქმნა, თვალის გამოშრობაა: ეკრანის ყურებისას თვალებს იშვიათად ვახამხამებთ, რაც ცრემლის წარმოქმნას და ლორწოვანის დატენიანებას აფერხებს. გამონაკლისები არც ორსულები არიან. ასე რომ, თუ მშრალი თვალის სინდრომს ჯერ არ შეუწუხებიხართ, ფრთხილად იყავით, ხოლო თუ ოფისური თვალი (მას ასეც იხსენიებენ) უკვე გექცათ პრობლემად, ხელოვნური ცრემლი გამოიყენეთ.
კომპიუტერიდან მობერილი მტვერი
ფაქტია, ადამიანი თავს კომფორტულად განსაზღვრული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში გრძნობს. ამჯერად ტემპერატურაზე არაფეს ვიტყვით. რაც შეეხება ტენიანობას, ოთახში, სადაც კომპიუტერი დგას, მისი ნორმალურ დონეზე შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც ჰაერი გამომშრალია, ელექტრომაგნიტური ნაკადი მტვრის უფრო მეტ ნაწილაკს წარიტაცებს, ვიდრე ნორმალური ტენიანობისას და ეს ბუნებრივია – მშრალ ჰაერში ხომ გაცილებით მეტი მტვერია, ვიდრე ტენიანში. ეკრანიდან გამოტყორცნილი მტვრიანი ჰაერი კი შესაძლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ალერგიული დაავადების მიზეზად გვექცეს.
კომპიუტერის მონიტორიდან გამოსროლილი მტვრიანი ჰაერი განსაკუთრებით მავნეა კანისთვის, მით უმეტეს, ორსულობისას, როცა ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ძვრების გამო კანი ერთიორად უფრო მგრძნობიარე ხდება.
ჰაერის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად სპეციალური დამატენიანებელი მოწყობილობის დამონტაჟება თუ ვერ მოახერხეთ, ფანჯარა მაინც გამოაღეთ ხშირ-ხშირად.
ჯანმრთელობა მოძრაობაშია
გამუდმებით ერთ მდგომარეობაში ყოფნა ჯანმრთელობისთვის რომ საზიანოა, ყველამ იცის, ამიტომ ამაზე ყურადღებას აღარ შევაჩერებთ, უბრალოდ, შევეცდებით, აგიხსნათ, რომ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა ორსულისთვის ორმაგად საზიანოა.
ნაყოფის ზრდასთან ერთად ხერხემალზე ზეწოლა იმატებს. როცა ორსული საათობით ზის, ხერხემალი ორმაგად იტვირთება და წელის არეში ტკივილი აღმოცენდება. გარდა ამისა, დიდხანს ჯდომისას მცირე მენჯის ღრუში სისხლი გუბდება, ვენური ნაკადის უკუდინება ფერხდება, რაც საბოლოოდ ჰემოროიდული კვანძების (ბუასილის) ჩამოყალიბებას განაპირობებს.
ამ პრობლემებს თავი რომ დააღწიოთ, საათობით გიწევთ მუშაობა თუ სულ თხუთმეტიოდე წუთით შედიხართ გლობალური ქსელის ლაბირინთში, სასურველია, კომპიუტერთან წესისამებრ ისხდეთ. საუკეთესო პოზიცია კი ასეთია: ზურგი და კისერი – სწორად, ფეხები – იატაკზე (და არამც და არამც – ჩამოკიდებული), ხელები – იდაყვში მოხრილი. ასე ჯდომა არ გაგიჭირდებათ, თუ რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:
. მონიტორი იმგვარად განათავსეთ, რომ მისი ზემოთა კიდე თქვენი თვალების გასწვრივ ან ოდნავ მაღლა აღმოჩნდეს.
. სკამს უთუოდ უნდა ჰქონდეს საზურგე და სახელურები. არც მაღალი უნდა იყოს, რათა ტერფები იატაკზე მყარად გედგათ. კარგი იქნება, თუ ფეხებს დაბალ ტაბურეტზე შემოაწყობთ.
. არამც და არამც არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე – შესაძლოა, მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევა დაირღვეს, რაც ნაყოფის სისხლით მომარაგებაზეც იმოქმედებს.
. თუ იძულებული ხართ, კომპიუტერთან იმუშაოთ, ეცადეთ, ყოველ 45 წუთში ერთხელ 15-20 წუთით შეისვენოთ, მუშაობისას კი ხშირ-ხშირად (3-4-ჯერ მაინც) შეიცვალოთ პოზა: გაიშალოთ მხრებში, აამოძრაოთ ფეხები, აბრუნოთ თავი…
. კომპიუტერთან დიდხანს მუშაობისას ხელებიც ზარალდება: მტევნები იღლება და ტკივილი აღმოცენდება. დამეთანხმებით, ამგვარი დისკომფორტი ორსულებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია. მეტი კომფორტისთვის ასე მოიქეცით: ხელის მტევნები დროდადრო დაფერთხეთ, ათიოდეჯერ მუშტად შეკარით და გაშალეთ, მუშტები დაატრიალეთ. ეს ვარჯიშები ხელის კუნთებში სისხლის მიმოქცევა გააუმჯობესებს.
გახსოვდეთ: ორსულობა ავადმყოფობა არ არის, ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა. არავინ გთხოვთ, ამ დროს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდეთ, თუმცა სასურველია, დატვირთვა დოზირებული იყოს და დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. იგივე ითქმის კომპიუტერთან მუშაობაზე. თუ ბავშვის მოლოდინში სიამოვნებით ურთიერთობთ კიბერმანქანასთან, დაე, ასე იყოს, ოღონდ მეტისმეტი არ მოგივიდეთ.