ორსულობის უხილავი პერიოდი
გააზიარე:
ორსული ყველგან იპყრობს ყურადღებას. მას ადგილს უთმობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეხმარებიან, ზრუნავენ მასზე.
გარშემო მყოფებს ორსულობაზე დიდი, კოხტად მომრგვალებული მუცელი მიანიშნებს. თუმცა ორსულობა ქალს ყოველთვის არ ეტყობა. პირველ ტრიმესტრში არათუ გარშემო მყოფებმა, შესაძლოა, თავად ორსულმაც კი არ იცოდეს, რომ ორსულადაა. მუცელი მას მხოლოდ მას შემდეგ დაეტყობა, რაც საშვილოსნო ისე გაიზრდება, რომ საკმაოდ ასცდება ბოქვენის ძვალს.
სწორედ ამ დროს არის ორსული გარემოს მავნე ფაქტორებისგან ყველაზე მეტად დაუცველი. ორსულობის პირველ ტრიმესტრს – პირველ 12 კვირას – გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის.
როგორ გამოვთვალოთ?
არსებობს ორსულობის ვადის ორი ცნება – ემბრიონული და სამეანო.
ემბრიონული ვადა აითვლება ჩასახვის მომენტიდან, ექიმები კი ყოველთვის სამეანო ვადით ხელმძღვანელობენ. ამ უკანასკნელის ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან ხდება. აქ კი საინტერესო პარადოქსი იჩენს თავს: სამეანო ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა ორსულობა ჯერ კიდევ არ დამდგარა. ორსულობის ვადის გამოთვლის ეს მეთოდი მიღებულია, რადგან ოვულაციის ზუსტი დროის, შესაბამისად, ჩასახვის თარიღის დადგენა ძალიან ძნელია, ხოლო ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან დაწყებული ათვლა ყველაზე სარწმუნოა.
იდეალურ შემთხვევაში, ქალს ოვულაცია ციკლის მე-12-14 დღეს უნდა ჰქონდეს (მწიფე კვერცხუჯრედი ტოვებს ფოლიკულს, გადადის საშვილოსნოს მილში და განაყოფიერებისთვის ემზადება), მაგრამ ყოველთვის ასე არ არის: ოვულაცია შესაძლოა მოხდეს ციკლის მე-7-8 და მე-20-21-ე დღესაც. ეს ქალის სხეულის ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და ციკლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, შესაბამისად, ნაადრევ და გვიან ოვულაციაზე საუბრობენ.
ამრიგად, ორსულობის პირველი კვირა ყველაზე იდუმალია, რადგან მისი გამოთვლა მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.
ვადები, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ, ემბრიონულია, რათა ემბრიონის განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურები წარმოვაჩინოთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად არ დაგავიწყდეთ: ექიმები მხოლოდ სამეანო ვადის მიხედვით აფასებენ ორსულობის მიმდინარეობას.
I კვირა – ზიგოტა
ოვულაციის დროს ფოლიკულიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედი 24 საათი ცოცხლობს.
კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ერთმანეთს საშვილოსნოს მილში ხვდებიან. განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ზიგოტა ჰქვია. თუ ოვულაციის დროს ფოლიკულიდან ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდა ან ზიგოტამ ორ დამოუკიდებელ ნაწილად დაიწყო დაყოფა, ერთზე მეტი ემბრიონი ვითარდება და, შესაბამისად, მრავალნაყოფიან ორსულობასთან გვაქვს საქმე.
ზიგოტას 46 ქრომოსომა აქვს: 23 -ბიოლოგიური დედისგან, 23 კი ბიოლოგიური მამისგან. ეს ქრომოსომები განსაზღვრავს ბავშვის სქესს და ფიზიკურ თვისებებს.
განაყოფიერების შემდეგ ზიგოტა მალევე იწყებს გადაადგილებას საშვილოსნოს ღრუსკენ და ძალიან სწრაფად იყოფა. ამ დროს ის შესახედავად თუთას ემსგავსება.
ორსულობის ადრეულ სიმპტომებზე, როგორიცაა დილის გულისრევა-პირღებინება, ამა თუ იმ სუნის აუტანლობა და სხვა, საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია.
ორსულობის ტესტი, რა თქმა უნდა, უარყოფით შედეგს აჩვენებს. ბაცი, ძლივს შესამჩნევი მეორე ზოლი გამოჩნდება არა უადრეს მე-10-12 დღისა.
II კვირა – იმპლანტაცია
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ღრუში მოხვედრიდან ორი დღის შემდეგ იწყება მისი იმპლანტაციის ანუ ჩანერგვის პროცესი. ამ დროს ზიგოტას უკვე ბლასტოცისტა ეწოდება.
იმპლანტაცია მნიშვნელოვანი პროცესია. ამ დროს ბლასტოცისტა მჭიდროდ უკავშირდება საშვილოსნოს წინა ან უკანა კედელს ან ლოკალიზდება მის ფუძეში.
ამ დროისთვის ბლასტოცისტაში უჯრედები ორ შრედ იყოფა. შიდა შრე ემბრიონად იქცევა, გარეთა კი პლაცენტას მისცემს დასაბამს.
რას გრძნობს დედა
ემბრიონული ვადის II კვირა სამეანო ვადის IV კვირას შეესაბამება. ორსულობა შეიძლება რამდენიმე ნიშნით გამოვლინდეს. პირველი მენსტრუაციის დაგვიანებაა. მეორე კვირის ბოლოს გაკეთებული ორსულობის ტესტზე შესაძლოა მეორე ბაცი ზოლი გამოჩნდეს. გინეკოლოგიური შემოწმებისას შესაძლოა გამოჩნდეს საშვილოსნოს ყელის ფერისა და სტრუქტურის ცვლილებები. თუმცა ეს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას ჯერ კიდევ არ იძლევა. ამასთან, შესაძლოა გაჩნდეს მცირეოდენი მოვარდისფრო-მოყავისფრო გამონადენი საშოდან.
ამ დროს ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება ჯერ კიდევ ნაადრევია – ჩანასახის დანახვა ვერ მოხერხდება, რადგან ის მეტისმეტად პატარაა და მხოლოდ უჯრედების გროვას წარმოადგენს.
ვიტამინების კომპლექსები
ორსულობის პირველ კვირებში ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია ფოლიუმის მჟავა. ის მკაცრად არის რეკომენდებული ორსულობის დაგეგმვისა და თავად ორსულობისას, მე-12 კვირამდე. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადებების თავიდან აცილებას და, საზოგადოდ, ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
შეიძლება საგანგებოდ ორსულებისთვის შექმნილი ვიტამინების კომპლექსის მიღება. ის სასარგებლო იქნება როგორც განვითარებადი ნაყოფისთვის, ისე თავად ქალისთვისაც – მისი ძვლოვანი სისტემის გაძლიერებისა და ანემიის პრევენციისთვის.
აუცილებელია თავის შეკავება ნებისმიერი სახის ანესთეზიისგან. სტომატოლოგიური მკურნალობის გადადება შეიძლება ორსულობის მეორე ტრიმესტრამდე. სხვა მედიკამენტების მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
III კვირა
ორსულობის მეხუთე კვირას, ანუ ჩასახვის მესამე კვირას, ბლასტოცისტის მიერ გამომუშავებული ჰორმონების დონე სწრაფად იმატებს, რაც საკვერცხეებს ნიშანს აძლევს, შეაჩერონ ახალი კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესი და უფრო მეტი ესტროგენი და პროგესტერონი წარმოქმნან. ამ ჰორმონების დონის მომატებისას მენსტრუალური ციკლი წყდება, პლაცენტის ზრდა-განვითარება კი ძლიერდება. სწორედ ჰორმონული ცვლილებები უდევს საფუძვლად ორსულობის პირველი ნიშნების გამოვლენას.
ამ ვადაზე ემბრიონს დისკოს ფორმა აქვს და ახლა უკვე სამი შრისგან შედგება. ზედა შრიდან, ექტოდერმიდან, ვითარდება კანი, ცენტრალური და პერიფერული ნერვული სისტემები, თვალები და შიგნითა ყური.
გული და პირველადი სისხლის მიმოქცევის სისტემა ყალიბდება უჯრედების შუა ფენიდან – მეზოდერმიდან. ეს ფენა ასევე დასაბამს აძლევს ძვლებს, იოგებს, თირკმელებს და რეპროდუქციული სისტემის დიდ ნაწილს.
უჯრედების შიდა ფენიდან, ენდოდერმიდან, ვითარდება ნაყოფის ფილტვები და ნაწლავები.
ემბრიოგენეზის მესამე კვირას საშვილოსნოს ღრუში კარგად ჩანერგილ ბლასტოცისტაში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს: ჩამოყალიბებას იწყებს ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემები – ნერვული და გულ-სისხლძარღვთა. ნერვული სისტემის ჩანასახის გაჩენას ნეირულაცია ჰქვია.
ჩნდება პრიმიტიული სისხლძარღვოვანი სისტემა, პრიმიტიული გული, რომელიც ორსაკნიანია და იწყება პირველადი სისხლის წარმოქმნა.
რას გრძნობს დედა
ემბრიონული ვადის III კვირა სამეანო ვადის V კვირას შეესაბამება. როგორც ზემოთ ვთქვით, ორსულობის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი მენსტრუაციის დაგვიანებაა. გარდა ამისა, შესაძლოა თავი იჩინოს სხვა სიმპტომებმაც, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებთანაა დაკავშირებული.
გარეგნულად შესამჩნევი ცვლილება ცოტაა – მომავალმა დედამ შესაძლოა შეამჩნიოს ძუძუსთავების გამუქება და იგრძნოს, რომ ბიუსტჰალტერი აღარ ეტევა. მოსალოდნელია მუცლის თეთრი ხაზის გამუქება ჭიპის ქვემოთ ბოქვენამდე. ეს ნიშნები უფრო ორსულობის გვიან ვადაზე ჩნდება, თუმცა ადრეულ ვადაზეც შეიძლება გაჩნდეს.
IV კვირა
ერთ კვირაში ჩანასახოვანი ნერვული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს ნერვულ ლულად – წინამორბედ წარმონაქმნად, საიდანაც თავისა და ზურგის ტვინები განვითარდება. ამ დროს ემბრიონი ორჯერ იზრდება და მისი ზომა 4 მმ-ს აღწევს.
ორსულობის სამეანო ვადის მე-6 კვირას ულტრაბგერითი კვლევა ადასტურებს ორსულობას – მკვეთრად ისმინება ნაყოფის გულისცემა!
რას გრძნობს დედა
ამ დროს ნაყოფის განვითარება და ქალის შეგრძნებები უფრო ინტენსიური ხდება. მაგალითად, დედის ორგანიზმში აქტიურად იწარმოება პროგესტერონი – ჰორმონი, რომელიც იცავს სხეულს გარეგანი ინფექციებისგან. იგი ასევე აძლიერებს საშვილოსნოს კედლების სისხლმომარაგებას, რაც მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის. სწორედ პროგესტერონია დედის გულისრევისა და ადრეული ორსულობის სხვა ნიშნების მიზეზი.
V კვირა
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფის თავის ტვინის განვითარებაა. ამ დროისთვის არსებული თავის ტვინის ბორცვი სამ ნაწილად იყოფა, საიდანაც შემდგომ ტვინის ჰემისფეროები, ნათხემი და მოგრძო ტვინი ვითარდება.
პლაცენტა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. მის მაგივრად ჯერ კიდევ ტროფობლასტია, რომელიც უამრავ სისხლძარღვოვან ბუსუსს შეიცავს და ნაყოფის ინტენსიურ კვებას უზრუნველყოფს. ის მალე პლაცენტად გადაიქცევა.
რას გრძნობს დედა
ორსულობის მეხუთე სამეანო კვირას ტესტი ყოველთვის არ აჩვენებს სანუკვარ ორ ზოლს, რადგან სისხლში ორსულობის ჰორმონის დონე ჯერ კიდევ ძალიან მცირეა, მაგრამ უკვე აშკარაა ბევრი სხვა ნიშანი, რომელთა საფუძველზეც მომავალ დედას შეუძლია ორსულობა ივარაუდოს:
* გულისრევა-პირღებინება, განსაკუთრებით – დილაობით;
* სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობისა და ზომის მომატება;
* ქაჩვის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში;
* სხვადასხვა სუნის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
* ძილიანობა, მივარდნილობა, დაღლილობა და ა.შ.
თუმცა თითოეული ორსულობა ინდივიდუალურია, რადგან ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზმი. თუ ამ ვადაზე ზემოხსენებულ ნიშნებს ვერ ამჩნევთ, ეს სავსებით ნორმალურია.
VI კვირა
თავის ტვინი სხვა ორგანოებთან შედარებით უფრო ინტენსიურად ვითარდება, ამიტომ თავი ემბრიონის სხეულზე გაცილებით დიდი აქვს. სასქესო ორგანოები იწყებს ჩამოყალიბებას, მაგრამ სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. იმავდროულად, ყალიბდება ზედა და ქვედა კიდურები.
რას გრძნობს დედა
ორსულობის მეექვსე (სამეანო) კვირას ქალმა შესაძლოა განიცადოს ახალი შეგრძნებების მთელი კასკადი. განწყობა ხშირად იცვლება – ერთი წუთით ადრე ორსული ენერგიითაა სავსე და ეჩვენება, რომ მთებს გადადგამს, მეორე წუთს კი პირიქით – მოწყენილია, მივარდნილი და ცრემლად იღვრება.
უცაბედად შესაძლოა თავი იჩინოს თავბრუხვევის შეგრძნებამ, რომელიც სხეულის პოზიციის უეცარი ცვლილებით არის გამოწვეული – ადგომით, დაჯდომით, თავის მკვეთრი მიტრიალება-მოტრიალებით. ასევე მოსალოდნელია მცირე დისკომფორტისა და დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, მაგრამ თუ ის ხშირი და ძლიერი არ არის, მაშინ ბუნებრივი და ნორმალურია.
ვაგინალური ეპითელიუმი საკმაოდ ხშირად ახლდება. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევა სასქესო ორგანოებში ძლიერდება, რის შედეგადაც გამონადენი ხდება ოდნავ უხვი და იღებს მოყვითალო ელფერს.
VII-VIII კვირა
ემბრიონს უკვე ნაყოფი ეწოდება. გარეგნულად ის ადამიანს ჰგავს. ტვინი აქტიურად ვითარდება. ჩამოყალიბებული კიდურები შესამჩნევია, მაგრამ თითები არ არის გაყოფილი. სახეზე განირჩევა თვალბუდეები, პირი და ნესტოები; ყალიბდება ზედა და ქვედა ყბები.
მე-8 კვირას ულტრაბგერითი კვლევით შესაძლებელია ემბრიონის პირველი არაცნობიერი მოძრაობების დანახვა; ასევე კარგად განირჩევა ხელები, ზედა ტუჩი, ცხვირი და ყურის ნიჟარები.
ვიტამინების კომპლექსები
ამ პერიოდში მნიშვნელოვანია იოდდეფიციტური ფონის გამოსწორება. რადგან იოდი მნიშვნელოვანია ნაყოფის ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების განვითარებისთვის.
რას გრძნობს დედა
ორსულობის სიმპტომები, რომლებიც ადრეულ ვადაზე გამოჩნდა, უფრო შესამჩნევი ხდება. ჰორმონების დონე კვლავ იზრდება – გარეგნულად ეს ვლინდება გუნება-განწყობის მუდმივი ცვლილებით.
საშვილოსნო იწყებს აქტიურ ზრდას. შარდვა ხშირდება. შესაძლოა, განვითარდეს ყაბზობაც. ვაგინალური გამონადენის რაოდენობა იმატებს, მაგრამ თუ მას არ ახლავს ქავილი, საშიში არაფერია.
ორსულთა უმეტესობისთვის მთავარი პრობლემა ტოქსიკოზია. მუდმივი ნერწყვდენა, საჭმლის ზიზღი და პირღებინება ნორმალურად კვების საშუალებას არ იძლევა. თუ პირღებინება დღეში 5-ჯერ და მეტჯერ ხდება, ორსული წყალსაც კი ვერ ირგებს და წონის კლებას იწყებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
IX-X კვირა
ნაყოფი იწყებს მოძრაობას, მაგრამ ვინაიდან ჯერ მეტისმეტად პატარაა, დედა ამას ვერ გრძნობს. ამასთანავე, ის ამოძრავებს ტუჩებს და შეუძლია თითების მოხრა. მე-10 კვირის ბოლოს ნაყოფი აკეთებს არა სპონტანურ, არამედ გაცნობიერებულ მოძრაობებს, რაც გარეგან გამღიზიანებლებზე მისი რეაქციაა.
რას გრძნობს დედა
ტოქსიკოზის ფონზე ორსულის წონამ შეიძლება ოდნავ მოიკლოს, მაგრამ თუ ტოქსიკოზი არ განვითარდა, წონა თანდათანობით იმატებს.
ორსული ისევ გრძნობს დაღლილობას, ხშირ თავბრუხვევას. აშკარაა სარძევე ჯირკვლების ზრდა და შეშუპება – ქალის სხეული ძუძუთი კვებისთვის ემზადება.
XI-XII კვირა
ეს პერიოდი უკვე ორსულობის მეორე ტრიმესტრის მიჯნაზეა და სამეანო ვადის მე-13-14 კვირას შეესაბამება. ნაყოფს კუდი უქრება. მე-13 კვირისთვის ის უკვე მთლიანად არის ჩამოყალიბებული, ამიერიდან მხოლოდ მისი ორგანოებისა და სისტემების განვითარება მოხდება. მოძრაობები უფრო და უფრო კოორდინირებული ხდება. ულტრაბგერის აპარატის დახმარებით შესაძლებელია სქესის დადგენა.
ამ დროისთვის ორსულობის სრულდება ერთ-ერთ ყველაზე რთული და კრიტიკული პერიოდი. პირველი 10-12 კვირის განმავლობაში ნებისმიერი უარყოფითი ფაქტორი: სტრესი, დედის ავადმყოფობა (მწვავე რესპირატორული ინფექციების ჩათვლით) და მედიკამენტების მიღება, – ყველაზე საშიშია.
ინტიმური ცხოვრება
თუ არ არსებობს უკუჩვენება და ორსულობის შეწყვეტის საფრთხე, ორსულობის პირველ ტრიმესტრში სქესობრივი ცხოვრება არ არის აკრძალული, მაგრამ არასასურველია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ ორსულობის სამეანო ვადის მე-11-12 კვირას მოულოდნელად გაჩნდა მუქი ან ყავისფერი გამონადენი საშოდან, სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გინეკოლოგის კონსულტაცია.
სასარგებლო რჩევები
* ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, ქალი ერიდოს ყოველგვარ შხამს. ორსულობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მის პირველ კვირებში, თამბაქო და ალკოჰოლი უნდა აიკრძალოს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე.
* ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება მედიკამენტების მიღება. ყველა სამკურნალო საშუალება, რომლის გამოყენებაც უწევს ქალს სამედიცინო მიზეზების გამო, შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან. ცნობილია, რომ ბევრმა მედიკამენტმა შესაძლოა ქალის სხეულში შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.
* თავი არიდეთ რენტგენოლოგიურ კვლევებს (განსაკუთრებით – მუცლის ღრუს ორგანოებისას). ასეთი კვლევა ტარდება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში!
* სტრესული სიტუაციები უარყოფითად მოქმედებს მომავალი დედის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მიზანშეწონილია, ყველა პრობლემა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით. გაცილებით უკეთესი იქნებოდა საყვარელ მამაკაცთან ერთად სახლში მყუდრო, რომანტიკული ატმოსფეროს შექმნა – ორსულობის პირველ კვირებში ეს მხოლოდ მოდუნების საშუალებას კი არ მოგცემთ, არამედ ურთიერთობასაც განამტკიცებს.
* ზედმიწევნით ერიდეთ ავადმყოფებთან კონტაქტს. ცივ სეზონზე თბილად ჩაიცვით, რომ არ გაცივდეთ – ორსულობის პირველ კვირებში ავად გახდომა უკიდურესად არასასურველია.
* იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და სხეულის მიკროელემენტებით გასამდიდრებლად რეკომენდებულია ვიტამინების მიღება, მაგრამ არ დაივიწყოთ სწორი კვება, რაც ასე მნიშვნელოვანია. დიეტა აუცილებლად უნდა შეიცავდეს თერმულად კარგად დამუშავებულ საქონლის, ქათმისა და თევზის ხორცს, ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს და რძის პროდუქტებს. ყურადღება მიაქციეთ საკვებში ფოლიუმის მჟავას შემცველობას – ბავშვის ნერვული სისტემის სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის ქალის სხეულში ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს.
სესილი ცირეკიძე