მარჩიელობის დრო არ არის
გააზიარე:
“ნეტავ ორსულად ხომ არ ვარ?” – როდესაც ეს საჭოჭმანო საკითხი ტესტის ან ულტრაბგერის მეშვეობით დადებითად გადაწყდება, მომავალ დედას ეჭვნარევი აზრების მთელი კორიანტელი ატყდება თავს: “ხილ-ბოსტნეული ვჭამო თუ ვიტამინები ვსვა? ეგებ მშობიარობამდე თმაც აღარ შემეღება?..” თუმცა ყველაზე მეტად მაინც კვებასთან დაკავშირებით ორჭოფობს. ჰოდა, მოდი, ჯერ გასტრონომიული გაუგებრობები გავარკვიოთ.
რას ვერჩით თევზს?
ამბობენ, თევზი ალერგიას იწვევს და ბავშვებიც, რომელთა დედებიც ორსულობისას ამ პროდუქტს ხშირად მიირთმევდნენ, ალერგიისადმი არიან
მიდრეკილებიო. თურმე ალერგია რა მოსატანია იმასთან, რაც წყლის ამ ბინადარს შეუძლია დამართოს ნაყოფს! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ნიუიორკელი მეცნიერი, ვინმე პიტერ ბერნშტეინი. მისი გამოკვლევის თანახმად, თევზში ვერცხლისწყალი გროვდება, რომელიც ნაყოფზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს.
ვერ გეტყვით, დაეთანხმა თუ არა FDA (Food and Drug Administration) ბერნშტეინის მოსაზრებას, მაგრამ ლიმიტი მაინც დააწესა: მისი რეკომენდაციით, ორსულმა კვირაში 340 გრამზე მეტი თევზი არ უნდა მიირთვას.
ჟურნალმა “საიენსმა” ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: წყალსატევის თევზები გაცილებით მეტად ყოფილა გაჯერებული ვერცხლისწყლით, ვიდრე მდინარისა და ზღვისა. ნეგატიური ფაქტების ძიება დროებით ამ ეტაპზე შეწყდა.
ბრიტანულ ჟურნალ “ლანცეტში” კი ორი წლის წინ ასეთი რამ ეწერა: “თევზის ჩართვა ორსულის მენიუში აუცილებელია”. ეს დასკვნა ციდან არ ჩამოვარდნილა – მეცნიერები 12 000 ბავშვს აკვირდებოდნენ და დარწმუნდნენ, რომ მოზარდები, რომელთა დედებიც ორსულობისას თევზს მიირთმევდნენ, გონებრივად და ფიზიკურად უკეთ იყვნენ განვითარებულები. ნივთიერება, რომელსაც მიეწერა ეს დამსახურება, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა გახლდათ. აქვე იყო მოყვანილი იმ პროდუქტების ნუსხა, რომელშიც ეს ჯადოსნური ნივთიერება უხვად მოიპოვება: სელის ზეთი, ნიგოზი, სოია, კვერცხი. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში იყიდება პროდუქტი – პური, წვენი, ზეთი – რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავათი საგანგებოდ არის გამდიდრებული.
შევდივართ ჩვენი მკითხველის მდგომარეობაში, რადგან ნაცვლად იმისა, რომ მარტივად აგვეხსნა, ღირს თუ არა ორსულისთვის თევზის ჭამა, სავარაუდოდ, უფრო მეტად დავაბნიეთ.
ალბათ სჯობია, ისევ FDA-ს დავუჯეროთ და თევზი მცირე ულუფებით მივირთვათ.
სხვათა შორის, ბერნშტეინისა და FDA-ს მოსაზრებები ერთ რამეში ერთმანეთს დაემთხვა: არაფრით არ შეიძლება, ორსულმა უმი რძის პროდუქტები, ჯეროვნად მოუხარშავი და შეუწვავი ხორცი მიიღოს, რადგან თერმული დამუშავების გარეშე მაღალია მძიმე ინფექციური პათოლოგიით – ლისტერიოზით დაავადების ალბათობა.
არანაკლებ საშიშია უმი, ნაწილობრივ მოხარშული კვერცხის ჭამა (თუნდაც კერძის მოსამზადებლად გამოყენება) – შესაძლოა, სალმონელოზი განვითარდეს.
ორის სამყოფი?
საუკუნეებია, არსებობს აზრი, რომ ორსულმა ორის სამყოფი უნდა ჭამოს. წარმოიდგინეთ იმ მომავალი დედის რაციონის მოცულობა, რომელიც ტყუპს ელოდება. და ისეც ხომ ხდება, რომ დაბადებას სამი პაწია ელის…
თანამედროვე მედიცინა გვარწმუნებს, რომ ორსულის დიეტა (კვების რეჟიმს ვგულისხმობთ) ინდივიდუალურად უნდა შემუშავდეს და არა მარტივი არითმეტიკული პრინციპით X2.
თუ ქალის წონა დაორსულებამდეც აჭარბებდა ნორმას, სასურველი არ არის, ორსულობისას 7 კგ-ზე მეტი მოიმატოს. ნორმალური წონის ქალისთვის ლიმიტი 12 კგ-ია, რომლის შესავსებადაც დღიური ნორმა მთელი 300 კალორიით უნდა გაზარდოს
გახსოვდეთ
ორსულობის პირველ ნახევარში ქალის მენიუ არცთუ ისე შესამჩნევად იცვლება. მთავარია, ყველა საჭირო ვიტამინი, მიკროელემენტი და საკვები ნივთიერება მიიღოთ. ოდნავ მაინც შეზღუდეთ საკონდიტრო ნაწარმის, ნაღების კარაქის, არაჟნისა და პურის მოხმარება.
ქალებს, რომლებიც მუცლით ახალ სიცოცხლეს ატარებენ, ზოგჯერ მადა ეცვლებათ – უჩნდებათ მლაშეს, მჟავეს ჭამის სურვილი. ასეთ დროს შეგიძლიათ, ცოტაოდენი ხიზილალით, კომბოსტოს ან კიტრის მწნილით, ქაშაყით ჩაიკოკლოზინოთ ყელი. თუ ხორცის ჭამა არ გსურთ, ცილის დეფიციტის შევსება რძითა და მისი ნაწარმით, კვერცხით, თევზითაც შეიძლება.
ფეხმძიმობის მეორე ნახევარში, როდესაც ნაყოფი და პლაცენტა იზრდება, ორგანიზმი გაცილებით მეტ საკვებ ნივთიერებას ითხოვს, ამიტომაც ორსულს უფრო კალორიული მენიუ სჭირდება, ოღონდ არამც და არამც არ გადააჭარბოთ. აკონტროლეთ წონა – კვირაში 300-350 გრამზე მეტი არ მოიმატოთ.
ორსულმა ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება რომ მიიღოს, მისი რაციონი უნდა შეიცავდეს:
. რძესა და რძის ნაწარმს;
. საქონლის მჭლე, ფრინველის თეთრ ხორცს, თევზს;
. დაღეერილი ხორბლის პურს;
. ხილს (ვაშლს, მსხალს, გარგარს, ქლიავს, ალუბალს, ბალს, ატამს, ბანანს), დღეში 300 გრამს მაინც;
. ბოსტნეულს (სტაფილოს, ჭარხალს, კიტრს, კამას, ოხრახუშს), დღეში 500 გრამამდე;
. ცხიმს (ნაღების კარაქს, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთს);
კვირაში ერთი-ორჯერ შეგიძლიათ მიირთვათ:
. ციტრუსები (კივი, გრეიპფრუტი), მანგო, ანანასი და სხვა ეგზოტიკური ხილი;
. თხილი;
. კარტოფილი, პომიდორი, ბადრიჯანი;
. ნიორი, ხახვი (ოღონდ მოხარშული ან მოშუშული);
. მარმელადი, ნამცხვარი, ტორტი.
ალკოჰოლი, ყავა…
რომელი ორსული ჩაიგდებს თავს განსაცდელში და სმას მიჰყოფს ხელს?! ზოგიერთი ექიმი სრლიად უვნებელი ჭიქა შავი ნატურალური ღვინის დალევასაც კი კრძალავს, თუნდაც ჰემოგლობინის დონის მოსამატებლად. ალბათ სისხლის ფორმულის გასაუმჯობესებლად ისევ და ისევ მჭლე ხორცის ჭამა სჯობია, თუმცა ნურც მაშინ შეშფოთდებით, თუ წვეულებიდან (რომელიც, სავარაუდოდ, სასმისების წკრიალის თანხლებით მიმდინარეობდა) ორი კვირის შემდეგ მიხვდით, რომ ორსულად ხართ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თუ მხოლოდ ერთხელ შესცოდეთ, საშიში არაფერი გაქვთ.
“დავლიო ყავა თუ თავი შევიკავო?” – ეს დილემა ბევრი ორსულისთვის არის ნაცნობი. კოფეინის “საორსულე დოზის” განსაზღვრისას მეცნიერთა აზრი გაიყო. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგენი ყავის მოყვარულ ქალებს ორსულობის პერიოდში შესვენებას ურჩევენ, კოფეინისადმი პოზიტიურად განწყობილი მეცნიერები კი ამგვარ რჩევას გვაძლევენ: თუ ორსული ჯანმრთელია, ყავაზე უარის თქმა საჭირო არ არის, დღეში 1-2 ფინჯნის დალევა შეუძლიაო.
ტრადიციად ქცეული შიშების ნუსხა ანუ შიში შეიქმს სიფრთხილესა
1. გამოსხივება, ულტრაბგერითი კვლევის აპარატისა იქნება ეს თუ კომპიუტერისა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ექოსკოპიის თანამედროვე აპარატურა ნაყოფს მაქსიმალურად ზოგავს და გეგმური კვლევა (ხოლო თუ საჭირო გახდა, დაუგეგმავი და ზედმეტიც) ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. არც მონიტორის გამოსხივება ერჩის პაწიას, თუმცა ხანგრძლივი მუშაობა სხვა პრობლემებს ქმნის: იღლება ზურგი, თვალები…
2. ფრენა და წნევის ცვალებადობა ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობას არაფერს ავნებს. არც რენტგენის სხივებით შემოწმებისას იღებს ორსული ძლიერ დასხივებას. ერთადერთი საფრთხე ხანგრძლივი (საათზე მეტხანს) მგზავრობისას ქვედა კიდურების ვენებს ემუქრება. გირჩევთ, ფრენის წინ სპეციალური კომპრესიული გეტრები ჩაიცვათ, ხოლო სალონში დროდადრო გაიარ-გამოიაროთ.
3. კატები! სწორედ მათი წყალობით უჩნდება ადამიანთა მოდგმას ტოქსოპლაზმოზი – პარაზიტული დაავადება, რომელიც ნაყოფის ჯანმრთელობას აშკარა საფრთხეს უქმნის. დაავადების გამომწვევი ორგანიზმები გარემოში კატის ფეკალური მასებიდან ვრცელდება. ასე რომ, თუკი ულვაშა ბინადარი გყავთ, გირჩევთ, მისი მოვლისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ ან ეს საქმიანობა დროებით ოჯახის სხვა წევრს გადაულოცოთ.
თუ ქალი ტოქსოპლაზმოზით დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდა ავად, მას ინფექციისადმი ანტისხეულები გამოუმუშავდებოდა. ასეთი ქალბატონისთვის (და მისი მომავალი პაწიასთვის) ტოქსოპლაზმა საშიში აღარ არის.
4. თმის შეღებვას მრავალი ორსული ერიდება, განსაკუთრებულ სიფრთხილეს კი პირველ ტრიმესტრში იჩენენ – მაშინ, როდესაც პაწიას ორგანოები და ქსოვილები ყალიბდება. მიუხედავად მრავალგზისი მცდელობისა, მეცნიერულად დაემტკიცებინათ ქიმიური საღებავის ფეტოტოქსიკური ეფექტი, მეცნიერები ვერაფერს გახდნენ. უკანასკნელი მცდელობა ფეხმძიმე ვირთხებზე ჰქონდათ. წრუწუნები ჯანმრთელები დაიბადნენ, აი, ბეწვგადაღებილი დედა ვირთხები კი… დაბრმავდნენ!
***
მთავარი პირობა, რომელიც უსაფრთხო ორსულობას უზრუნველყოფს, კომფორტია. მარჩიელობა ნამდვილად არ სჭირდება იმის მიხვედრას, რა უფრო მეტად რგებს ორსულს: სტრესი, გადაღლილობა თუ სიმშვიდე და ახლობლების ალერსი. მართლაცდა, არსებობს ფაქტები, რომლებიც მეცნიერული დასტურის გარეშეც ნათელია.