კვლევა, რომლის გამოტოვება არ ღირს

გააზიარე:

 თუ ორსულობის ტესტი ახლახან ჩაიტარეთ და ქაღალდის ზოლზე ორი წითელი ხაზი გამოისახა, ვფიქრობ, ეს სტატია თქვენთვისაა.

მას შემდეგ, რაც ორსულობა დადასტურდება და ნაყოფის გულისცემასაც მოისმენთ, თქვენი გულიც სხვანაირად დაიწყებს ძგერას. ალბათ გაინტერესებთ, რა სახის გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო ორსულობისას და როდის უნდა მიმართოთ ექიმს.

დარწმუნებული ვარ, ისე გინდათ ბავშვის გულისცემის კიდევ ერთხელ გაგონება, მზად ხართ, მთელი თავისუფალი დრო ექოსკოპიის კაბინეტში გაატაროთ. გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი წესი აქვს. ამჯერად ორსულობის პერიოდში ჩასატარებელ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოკვლევაზე ვისაუბრებთ, რომლის გამოტოვება არ ღირს.

მე-11-დან მე-14 კვირამდე, ტრადიციისამებრ, ტარდება სკრინინგული ექოსკოპიური კვლევა. მას კისრის საყელოს კვლევასაც უწოდებენ, ვინაიდან მისი მეშვეობით ფასდება ნაყოფის კისრის საყელო, იგივე საყელოსმიერი სივრცე – Nuchal Translucency (NT). ამავე გზით გამორიცხავენ ზოგიერთ ქრომოსომულ დაავადებას, მათ შორის – დაუნის სინდრომს.

ექიმი რადიოლოგი დაათვალიერებს ნაყოფს, შეამოწმებს მის სასიცოცხლო აქტივობას, გულოსცემას, აღნუსხავს ოთხივე კიდურსა და სხვა ანატომიურ სტრუქტურებს. დასასრულ, ჯერი კისრის საყელოსა და ცხვირის ძვალზე მიდგება.

კისრის საყელო ნაყოფის კისრის მიდამოში მდებარეობს და თითქოს საყელოსავით არტყია მას გარს. თუ მისი სისქე ნორმას აღემატება, საქმეში გინეკოლოგი ერთვება და, საჭიროებისამებრ, ორსულს დამატებით გამოკვლევებს უნიშნავს.

გახსოვდეთ, კისრის საყელოს გამოკვლევას მხოლოდ მე-11-დან მე-14 კვირამდე აქვს აზრი, როდესაც ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა 45-84 მმ-ის ფარგლებშია. თუ ნაყოფი უფრო პატარა ან უფრო დიდია, კისრის საყელოს გაზომვა ინფორმაციული ვერ იქნება, გენეტიკური დაავადებების გამორიცხვაში ვერ დაგვეხმარება.

ყოველთვის მიუთითებს თუ არა კისრის საყელოს დიდი ზომა გენეტიკურ დაავადებაზე? ცხადია, არა. ეს, როგორც უკვე გითხარით, სკრინიკული გამოკვლევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს როგორც ცრუ დადებითი, ისე ცრუ უარყოფითი შედეგის ალბათობა. მაგალითად, თუ ნაყოფის კისრის საყელო ზომაზე სქელია, ვამბობთ, რომ შედარებით მაღალია ამა თუ იმ გენეტიკური დაავადების გამოვლენის რისკი.

გარდა გენეტიკური დაავადებებისა, კისრის საყელოს გასქელება შესაძლოა გამოიწვიოს გულის თანდაყოლილმა პათოლოგიამ, ზოგიერთმა შემაერთებელქსოვილოვანმა დაავადებამ, თუმცა ზოგჯერ საყელოსმიერი სივრცე სავსებით ჯანმრთელ ნაყოფსაც შედარებით სქელი აქვს.

როცა კისრის საყელოს სისქე 2,5 მმ-ს აღემატება, ზოგიერთი პაციენტი და ექიმი განგაშს ტეხს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად როდია. კისრის საყელოს ნორმა სხვადასხვა ვადაზე სხვადასხვაა. არ შეიძლება, 11 კვირის ნაყოფი იმავე ნორმატივით შევაფასოთ, რომლითაც 14 კვირისა. ამასთან, მხოლოდ კისრის საყელოს ზომა არაფრის მომცემია.

მაშ, როგორ მოვიქცეთ? ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გამოვთვალოთ რისკი დედის ასაკის, ნაყოფის ზომისა და კისრის საყელოს სისქის მიხედვით. დაუნის სინდრომის მქონე ნაყოფის გაჩენის რისკი ქალს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა აქვს. მას შემდეგ, რაც სპეციალური ცხრილის მეშვეობით გამოვთვლით ასაკობრივ რისკს, ჯერი კისრის საყელოზე მიდგება. ექიმი გაზომავს კისრის საყელოს და ამ პარამეტრისა და ნაყოფის ზომის შეჯერებით რისკს კვლავ სპეციალური ცხრილის მიხედვით გამოთვლის. თუ მიღებულმა მაჩვენებელმა ასაკობრივი რისკისას გადააჭარბა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დამატებითი კვლევების ჩატარებაზე ფიქრი.

მეტად მნიშვნელოვანი პარამეტრებია ცხვირის ძვლის არსებობა-არარსებობა და ზომაც.

რას ნიშნავს ცრუ უარყოფითი შედეგი? ნორმალური კისრის საყელო ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს გენეტიკურ დაავადებებს? ცხადია, მედიცინაში 100%-იანი გარანტია არ არსებობს, მით უმეტეს – როდესაც საქმე სკრინინგულ ტესტს  ეხება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ კვლევას დაბალი სადიაგნოზო ღირებულება აქვს. პირიქით, კისრის საყელოს სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა მთელი ორსულობის განმავლობაში. ასე რომ, თუ ორსულობის მე-11 კვირას გადააბიჯეთ, აუცილებლად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე.

 

თამარ არქანია

 

 

 

 

გააზიარე: