უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის პაპის
გააზიარე:
გახსოვთ გოზინაყის სურნელი? აი, იმისა, ბავშვობაში რომ გვიკეთებდა დედა. დილაადრიან “ტკბილად დასაბერებლად” მორთმეული კანფეტების გემო? რა თქმა უნდა, გოზინაყი არც დღეს აკლია ჩვენს საახალწლო სუფრას, კანფეტები ხომ, სულო და გულო, – თვალები აგიჭრელდება, იმდენია, მაგრამ ჩვენი ბავშვობის დროინდელს ვერც ერთი ვერ შეედრება. იმიტომ, რომ მათ ბავშვობის გემო აქვთ და ბავშვობის სურნელი ასდით.
დიახ, რაც არ უნდა თქვათ, ახალი წელი მაინც ბავშვების დღესასწაულია. ბავშვებისა და იმ დიდებისა, რომელთა სულშიც ჯერ კიდევ ცოცხლობს ბავშვი,
რომლებიც ჯერ კიდევ გულის ფანცქალით ელიან თორმეტის შესრულებას და თოვლის პაპის არსებობისაც “სჯერათ”.
თუმცა ეს რამდენიმე ხანია, ჩვენი პატარები თოვლის პაპას კი არა, უკვე სანტა კლაუსს ელიან მოუთმენლად, ოცნებებსაც მას ანდობენ და ახალი წლის ღამეს თავადაც მის “საფირმო” კოსტიუმში – თეთრქათიბიან ალისფერ ქურქში გამოეწყობიან ხოლმე.
ისე, ჩემს თაობას უფრო მეტად ეახლობლება, თორემ საქმე საქმეზე თუ მიდგა, არც თოვლის პაპაა ძირძველი ქართველი – საუკუნეც არ არის, რაც ჩვენს ქვეყანაში გადმოსახლდა. მანამდე საქართველოში ახალი წლის მფარველად წმინდა ბასილი მიიჩნეოდა. ეს წმინდა ბასილი იგივე ბასილი დიდია, ბასილი კესარიელი – ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, რომლის ხსენება სწორედ პირველ იანვარს აღინიშნება. აი, ყველა დანარჩენი ტრადიცია კი, რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, წარმართულია: ჩიჩილაკის მორთვაც, მეკვლეობაც, კვერების დაცხობაც, – და, სავარაუდოდ, ნაყოფიერების კულტს უკავშირდება.
არა მარტო საქართველოში – მთელ დასავლურ სამყაროში ახალი წლის შესახებ ქრისტიანული და წარმართული წარმოდგენები ერთმანეთში ისეა გადახლართული, კაცი ვერ გაიგებს, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, თუმცა კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპის წინასახე – ამერიკელებივით სანტა კლაუსს დავუძახებთ, ფინელებივით იოულუპუკს, ფრანგებივით პერ ნოელს თუ იტალიელებივით ბაბო ნატალეს – რომელიმე წარმართული ღვთაება კი არა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი – ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარად სახეცვლილი და გახალხურებული, ზღაპრად ქცეული. უკაცრავად, ეს ჩვენთვის, დიდებისთვის არის ზღაპარი, თორემ პატარების უმეტესობას გულწრფელად სჯერა, რომ შორს, თოვლიან ჩრდილოეთში, ცხოვრობს გულკეთილი თეთრწვერა მოხუცი, რომელიც ერთგულ ჯუჯებთან ერთად მთელი წელი ამზადებს საჩუქრებს, რომ ახალი წლის ღამეს დამჯერ, გამგონე ბავშვებს ჩამოურიგოს.
კარგია ეს თუ ცუდი? რა სჯობს – თავიდანვე ავუხსნათ პატარებს, რომ სანტა კლაუსი მხოლოდ ლამაზი გამონაგონია თუ ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტხანს შეინარჩუნონ სასწაულის რწმენა? ეს, ალბათ, ყველა დედამ და მამამ თავად უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ კი განსჯისთვის საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ ლევან მათეშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
– მამა ლევან, რაკი ჩვენი საუბრის თემა ახალ წელს უკავშირდება, მოდი, ამითვე დავიწყოთ – საიდან იღებს სათავეს ეს დღესასწაული ან რატომ არის, რომ როცა მთელი ქრისტიანული სამყარო შობას ზეიმობს, ჩვენ ახალ წელს აღვნიშნავთ?
– ახალი წლის აღნიშვნა ახალი ფენომენი არ გახლავთ. რაც კი არსებობს ცივილიზებული სამყარო, რაც კი არსებობს დროის წლიური აღრიცხვის სისტემა, ყოველი ახალი ციკლის დაწყებას ადამიანები დღესასწაულით ეგებებიან. ასე იყო ძველ რომში, ძველ საბერძნეთში... ციკლის დასრულება და მომდევნოს დაწყება ყველგან იმედთან, ახლის მოლოდინთან იყო დაკავშირებული, რადგან, საზოგადოდ, ადამიანი მიდრეკილია უკეთესის მოლოდინისკენ. აქედან გამომდინარე, ახალი წელიც სიხარულით, ზეიმით აღინიშნებოდა.
საბჭოურ სინამდვილეში ერთადერთი ბედნიერი, პირუთვნელი და შეურყვნელი დღესასწაული, რომელიც ყველას უხაროდა, იყო ახალი წელი. კომუნისტური დღესასწაულები – პირველი მაისი, შვიდი ნოემბერი და სხვები – მოგონილი, თავს მოხვეული და ხელოვნური გახლდათ და მათი აღნიშვნა, ცხადია, არ იწვევდა იმ წრფელ სიხარულს, რომელსაც ახალი წელი. აქ იყო ის მოტივაციაც, რომელიც ჰქონდათ ძველ ცივილიზაციებს: უკეთესის მოლოდინი, იმედი, – მაგრამ ამას ემატებოდა ისიც, რომ ხალხი ამ დღეს მართლაც გულიანად მოდუნდებოდა და მის ზეიმს არ ახლდა ის სიყალბე, რომლითაც მთელი მაშინდელი ცხოვრება იყო გაჟღენთილი.
ასე რომ, ჩვენს სინამდვილეში ახალი წლის აღნიშვნას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და ეს რომ შემოგვრჩა დღესაც, უკვე პოსტსაბჭოურ რეალობაში, – გასაკვირი არ არის.
ასეთი რამ, ცხადია, არ მომხდარა დასავლეთში, რომელსაც არ გამოუვლია კომუნისტური ფსევდოკულტების თაყვანისცემა, ამიტომ, ბუნებრივია, დასავლურ კულტურაში შობა უფრო დიდ ადგილს იკავებს და საშობაო სამზადისსაც გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე საახალწლოს, თუმცაღა ახალი წელი, რასაკვირველია, იქაც უხარიათ.
აქ თავს იჩენს მეორე პრობლემა: შობის დღესასწაული თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში ერთგვარ მატერიალისტური კერპების მსახურებად არის ქცეული. აქცენტი კეთდება არა ქრისტეს შობაზე, არა მის დიდ მისიასა და განკაცების საიდუმლოზე, არამედ მატერიალურ მხარეზე. რატომ უხარიათ შობის მოსვლა? – იმიტომ, რომ ერთმანეთს ამ დღეს საჩუქრებს სჩუქნიან. განა ცუდია, რომ ადამიანი გაახარო, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც დღესასწაულის გარეგნულ მხარეს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე შინაარსს.
ჩვენი რეალობა როგორიღაა? ჩვენ დღემდე მოგვყვება ახალ წელთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიხარულის განცდა, მაგრამ შობის მიმართ იგივე აღტკინება არ გვაქვს. მათთვის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ცხადია, შობა ფასეული დღესასწაულია, მაგრამ ასეთი გამორჩეული საიხარულის განცდა არც მათ უფლებათ. შესაძლოა იმიტომაც, რომ ადამიანს არ ძალუძს, ასეთ მოკლე ხანში ასეთი ემოციური დატვირთვით ორი დღესასწაული იზეიმოს. ასეა თუ ისე, შობა უფრო მოკრძალებულად აღინიშნება, ვიდრე ახალი წელი. მაგრამ მე ეს რეალობა უფრო მეტად მომწონს, ვიდრე ის, რომელიც არის დასავლურ ცივილიზაციაში – შესაძლოა, ჩვენში განწყობა ისეთი ამაღლებული არ იყოს, მაგრამ სამაგიეროდ დღესასწაულის შინაარსი უფრო მეტად არის შენარჩუნებული.
– თუმცაღა ზეიმს ქრისტეს შობას ვუკავშირებთ, დღესასწაულის მთავარი გმირი სანტა კლაუსია... დღესდღეობით ეს არის ფოლკლორიზებული, ზღაპრული არსება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მას ჰყავს რეალური პროტოტიპი...
– სანტა კლაუსი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილია. უფრო მეტიც – ეს უკვე ბიზნესის ნაწილია. ეს მთელი ინდუსტრიაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვისაც, და დღეს ეს ინდუსტრია უკვე მყარად არის ფეხმოკიდებული მსოფლიო ყოფაში. ამას ჩვენ ვერ გავექცევით.
რა თქმა უნდა, სანტა კლაუსს ჰყავს პროტოტიპი. ეს არის მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, ხოლო მისი საქმეები, რომელთაც ის, ქრისტიანული სიყვარულით აღძრული, აღასრულებდა უანგაროდ თავის ეპარქიაში, პროტოტიპია იმ
სულისკვეთებისა, რომელიც დაედო საფუძვლად სანტა კლაუსის მიერ საჩუქრების დარიგების ლეგენდას. ცუდი ის არის, რომ ამით თანამედროვე სამყაროში ქრისტიანული ფასეულობების პროპაგანდა კი არ ხდება, – რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ხდება საირისპირო რამ: ამ ფასეულობათა გაშარჟება, რეალური ადამიანის ღვაწლის ზღაპრულ სამყაროში გადატანა. იმ ღვაწლისა, რომელიც ადამიანის სულსა და გულს სწვდებოდა და უჩენდა სურვილს, თვითონაც უკეთესი გამხდარიყო. სანტა კლაუსი ამის სურვილს არ აღვიძებს. უბრალოდ, ბავშვები არიან ზღაპრული პერსონაჟის მოლოდინში, მერე იზრდებიან და ხვდებიან, რომ ის არ არსებობს. ქრისტიანული ფასეულობა ხდება ზღაპრული, ილუზორული და მოჩვენებითი, რაც, რა თქმა უნდა, ადამიანის სულს, აზროვნებას, ცნობიერებას ვერაფერს არგებს.
– ესე იგი ცუდია, როცა ბავშვებს ზღაპრისა სჯერათ?
– არა, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ზღაპრული პერსონაჟები ბავშვის ცნობიერებაზე ისეთ გავლენას ვერ მოახდენენ, როგორსაც რეალურ წმინდანთა ცხოვრების გაცნობა. ბავშვებს ზღაპრები არ წაუკითხოთ-მეთქი, არ მითქვამს. პირიქით – ზღაპარი შესანიშნავი საშუალებაა, ავუხსნათ ბავშვს, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა, იმის მიღმა, რასაც ვხედავთ, ვეხებით, გვესმის, ვყნოსავთ და გემოს ვუსნჯავთ, არსებობს რაღაც სხვაც, ანუ ბავშვის ცნობიერებაში შემოვიტანოთ გააზრება ირეალური სამყაროსი. ძალიან ცუდია, როდესაც ბავშვს პატარაობიდანვე უკლავენ ამგვარ აზროვნებას. ის როგორი ადამიანი გაიზრდება, ძნელი მისახვედრი არ არის.
ამრიგად, ზღაპრის ფენომენი არის ძალიან სასარგებლო ფენომენია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ზღაპრები. დაუკვირდით, მათი დასაწყისიც კი როგორი ქრისტიანიზებულია: “იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”. ამგვარად ზღაპარს მხოლოდ ირეალურ სამყაროში კი არ შეჰყავს ბავშვი, არამედ იმთავითვე განუმარტავს, რომ ღვთის უკეთესი ამქვეყნად არაფერია.
დღეს, სამწუხაროდ, კეთილი ზღაპრები ბოროტმა შეცვალა, კეთილი გმირები – ბოროტებაზე ორიენტირებულმა პერსონაჟებმა. რა გამოდის? – ბავშვს კი ვეუბნებით, რომ რეალურის მიღმა რაღაც სხვა სამყაროც არსებობს, მაგრამ ეს სამყარო ბოროტია. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, ბავშვთა ასაკში ნევროზული მდგომარეობები რომ გახშირდა.
ამრიგად, ზღაპარს ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუკი ის დაფუძნებულია ქრისტიანულ საფუძველზე, ხოლო ქრისტიანული ფასეულობებისგან დაცლილი ყოველგვარი მოდიფიკაცია არის ბერწი ხე, რომელიც ვერავითარ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ასეთად მიმაჩნია მე სანტა კლაუსიც.
– მაშ, როგორ “გავაცნოთ” ბავშვს ეს პერსონაჟი, რომ ზღაპრული საბურველის მიღმა სიკეთის იდეა, საზოგადოდ, ქრისტიანული ფასეულობები არ დაგვეკარგოს?
– ბავშვს, რა თქმა უნდა, ვერ ვეტყვით, რომ ეს გამონაგონია. მას ეს უხარია, ეს მისი სამყაროს ნაწილია, ამიტომ უხეშად ნუ მოვექცევით, ერთბაშად ნუ დავუნგრევთ ილუზიებს. უბრალოდ, ავუხსნათ: აი, იქ წმინდა ნიკოლოზის ხატი რომ გვიკიდია, ის წმინდა ნიკოლოზი ეს არის-თქო; წავუკითხოთ ან მოვუთხროთ ამბები მისი ცხოვრებიდან... მაგრამ ეს ქრისტიანული ოჯახის ტაქტიკაა. უწინარეს ყოვლისა, მშობელი უნდა იყოს ქრისტიანი, რომ ბავშვს ქრისტიანული ფასეულობა მიაწოდოს.
ერთი სიტყვით, ამ კულტურას ვერ გავექცევით და არც არის საჭირო. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ბავშვს ავუხსნით, რომ ეს წვერიანი ბაბუა ციდან კი არ ჩამოვარდნილა, არამედ რეალური პროტოტიპი ჰყავს. შედეგად ბავშვისთვის სანტა კლაუსი გამონაგონად კი არ დარჩება, არამედ რეალურად დაუკავშირდება წმინდა ნიკოლოზს, მის ხატს, სიკეთეს, სიყვარულს, ქველმოქმედებას, ეს კი კარგი საფუძველია საიმისოდ, რომ ეს ბავშვი შემდგომ კარგ ქრისტიანად იქცეს.