როგორ აქვეითებს ტელეფონი კონცენტრაციას
გააზიარე:
არავინ დავობს, რომ საჭის მართვისას ტელეფონით მესიჯების წერა ან სოციალური ქსელების თვალიერება დაუშვებელია, მაგრამ რა ხდება, როდესაც ბავშვი მეცადინეობისას იყენებს ტელეფონს?
მობილური ტელეფონი თანამედროვე ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ზრდასრულებსაც ხომ გვიდევს ის სამუშაო მაგიდაზე და დროდადრო ვამოწმებთ? ბავშვიც ასევეა – შუა მეცადინეობაში შესაძლოა მეგობარმა მისწეროს, ან საათს დახედოს, ან უცებ სოციალური ქსელი შეამოწმოს. ზრდასრული ადამიანი თავს გაიმართლებს და მუშაობისას ტელეფონის გამოყენებას რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარს მიაწერს, მაგრამ როგორია რეალობა? რამდენად უშლის ბავშვს ხელს მეცადინეობაში სამეცადინო მაგიდაზე დადებული ტელეფონი?
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტელეფონის არათუ სამეცადინო მაგიდაზე, უბრალოდ იმავე ოთახში დებაც კი აქვეითებს ბავშვის კონცენტრაციის უნარს. მკვლევრებმა მოსწავლეებს შეასრულებინეს რამდენიმე ერთმანეთის მსგავსი დავალება, ჯერ – როდესაც ტელეფონი სხვა ოთახში ჰქონდათ, მერე – როდესაც ხმაგათიშული გაჯეტი მაგიდაზე ედოთ. პირველ შემთხვევაში მათ გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს.
მოსწავლეებმა თქვეს, რომ დავალების შესრულებისას საერთოდ არ ფიქრობდნენ ტელეფონზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვის კონცენტრაციის უნარზე ის არაცნობიერადაც ახდენს გავლენას.
მედიცინის დოქტორის, ფსიქოლოგ მეტ კრიუგერის აზრით, გაჯეტებზე დამოკიდებულ ბავშვებთან მუშაობისას მთავარი გამოწვევა ის კი არ არის, რომ ამ ბავშვებს საშინაო დავალების შესრულება არ შეუძლიათ, არამედ ის, რომ მათ თავში საერთოდ აღარ რჩება ადგილი საშინაო დავალებაზე ფიქრისთვის. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორმე მალე მოითავონ საქმე, რომ მალე აიღონ ხელში ტელეფონი. ამ დროს მოსწავლეები ამბობენ, რომ პირობა არ ესმით, ვერ ხვდებიან, რა ხერხით უნდა ამოხსნან ესა თუ ის ამოცანა... უტელეფონოდ კი იგივე ბავშვები იდეალურად უმკლავდებიან საშინაო დავალებას – კონცენტრირდებიან, დამოუკიდებლად გაიაზრებენ პირობას და ხსნიან ამოცანას.
რატომ მიაქვს ტელეფონს ბავშვის მთელი ყურადღება?
სმარტფონის აპლიკაციები ისეა შექმნილი, რომ მარტივი მოსახმარი იყოს და მომხმარებელს ისევ და ისევ მოუნდეს მათი გამოყენება. სოციალური ქსელიდან ერთი დაწკაპუნებაც საკმარისია, რომ ტელეფონზე დამოკიდებულმა ბავშვმა თავი ანებოს ნებისმიერ საქმიანობას და მიღებული შეტყობინების შესამოწმებლად გაიქცეს.
ესეც რომ არა, სოციალურ ქსელში განუწყვეტლივ ხდება რაღაც, სამ წამში ერთხელაც რომ განაახლოთ გვერდი, ყოველ ჯერზე ახალ პოსტს ამოგიგდებთ, ამიტომ ბავშვმა შუა მეცადინეობაშიც შეიძლება აიღოს ტელეფონი, რომ სიახლეებს არ ჩამორჩეს. მისი გონება მიჩვეულია სხვადასხვა, უმეტესად სრულიად უსარგებლო ინფორმაციის შესრუტვას, რაც პატარა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ტვინისთვის საკმაოდ საზიანოა.
ბავშვებს ნაკლებად აქვთ განვითარებული იმპულსის კონტროლის უნარი. მაშინ, როდესაც ხშირად უფროსებსაც კი გვიჭირს ტელეფონის გვერდზე გადადება, წარმოიდგინეთ, რა ძნელია ამის გაკეთება ბავშვისთვის, რომელსაც არ აქვს თავისი სურვილების მოთოკვის საკმარისი გამოცდილება. მით უმეტეს, რომ დღეს ტელეფონი ბავშვისთვის სოციალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, მისი დიდი ხნით გვერდზე გადადება კი ნიშნავს, ჩამორჩეს მიმდინარე მოვლენებს, რაც თინეიჯერისთვის ქვეყნის დაქცევის ტოლფასია.
მულტიტასკინგი
ბევრი ბავშვი გეტყვით, რომ მეცადინეობის პარალელურად ტელეფონის შემოწმება რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარზე მიუთითებს, მაგრამ ნეიროფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე საქმის ერთად კეთება არცთუ ისე ნაყოფიერი საქმიანობაა.
გარდა ამისა, როდესაც ბავშვს დავალების შესრულებისას ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, მას აღარ სჭირდება წარმოსახვისა და მეხსიერების ამუშავება: რა საჭიროა ფიქრი? – ინტერნეტში მზა ნიმუშს ვიპოვი; რა საჭიროა დამახსოვრება? – ნებისმიერ დროს დავგუგლავ და ვნახავ.
როდესაც ბავშვი მეცადინეობს და თან მეგობრებთან მესიჯობასაც ახერხებს, შესაძლოა, დროულად და სწორადაც შეასრულოს დავალება, მაგრამ მისი გონება სასწავლო მასალაზე არ იქნება კონცენტრირებული, შესაბამისად, შესაძლებლის მაქსიმუმს ვერ გააკეთებს.
კონცენტრაციის ხელშეწყობა
უპირველეს ყოვლისა, მიაჩვიეთ ბავშვი რეჟიმს: სკოლიდან დაბრუნებული, რას გააკეთებს პირველად – ივახშმებს თუ დაისვენებს; თუ დაისვენებს, რამდენ ხანს და როგორ; რამდენი ხნის შემდეგ დაიწყებს მეცადინეობას; რამდენ ხანში ერთხელ შეისვენებს; რას გააკეთებს შესვენების დროს.
ბავშვის სამეცადინო სივრცეში არ უნდა იყოს არაფერი ისეთი, რაც ყურადღებას გაუფანტავს, მათ შორის – არც გაჯეტი. თუ ლეპტოპი ან პლანშეტი სამეცადინოდ სჭირდება, ამ პერიოდში შეზღუდული უნდა ჰქონდეს წვდობა თამაშებსა და სოციალურ მედიაზე.
იმავდროულად, ეცდეთ, მეცადინეობა ბავშვისთვის სახალისო პროცესი იყოს, რომ ერთი სული არ ჰქონდეს, როდის მორჩება და აიღებს გაჯეტს.
მეცადინეობა თუ სტრესის გარეშე, საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაივლის, ბავშვი ნელ-ნელა მთელი არსებით ჩაერთვევა ამ პროცესში და ტელეფონისკენ თვალი აღარ გაექცევა.
ზოგადი რჩევები
- წესად აქციეთ, რომ სადილობის, ვახშმობისა და სხვა ოჯახური შეკრებების დროს მობილურ ტელეფონს ხელში არავინ იღებს.
- მეცადინეობისას გადაიყვანეთ მობილური თვითმფრინავის რეჟიმში (აირპლანე მოდე) და სხვა ოთახში დადეთ.
- ძილის წინ მობილური გამოიტანეთ ბავშვის საწოლი ოთახიდან, გასაღვიძებლად კი ჩვეულებრივი მაღვიძარა დაუტოვეთ.
ლიკა ქათამაძე