როგორ გავწმინდოთ უთო
გააზიარე:
დროთა განმავლობაში უთოს ზედაპირზე ქსოვილის მიმწვარი ბოჭკოები, მინერალური ნადები და სხვა ტიპის ჭუჭყი გროვდება. ის მხოლოდ სამოსს კი არ აზიანებს, არამედ მოწყობილობის ეფექტიანობასა და ექსპლუატაციის ვადასაც ამცირებს, ამიტომ უთოს რეგულარული წმენდა მისი გამართული მუშაობისა და ხანგრძლივი მოხმარების მთავარი პირობაა.
გაწმენდის მეთოდი დაბინძურების ტიპზეა დამოკიდებული — ქსოვილია მიმწვარი უთოს ძირზე თუ წყლის მარილებია დალექილი ორთქლის სისტემაში. თუ უთოს თვითწმენდის (Self-Clean/Calc Clean) ფუნქცია აქვს, მწარმოებლები, უპირველეს ყოვლისა, მის გამოყენებას გვირჩევენ. შინაური საშუალებების მიმართ კი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ზოგიერთი მათგანი ყველა მოდელისთვის უსაფრთხო არ არის. საუკეთესო შედეგის მისაღებად გაითვალისწინეთ უთოს ტიპი და მწარმოებლის რეკომენდაციები.
ძირი
ლიმონმჟავა და ძმარი
უთოს ძირიდან მინერალური ნადებისა და მიმწვარი ქსოვილის მოცილება ლიმონმჟავათი შეიძლება.
გახსენით ცოტაოდენი ლიმონმჟავა თბილ წყალში, დაასველეთ რბილი ქსოვილი და ფრთხილად გაწმინდეთ კარგად გაცივებული უთოს ძირი. ბოლოს სუფთა წყალში დასველებული და კარგად გაწურული ქსოვილი გადაუსვით, რომ მჟავას ნარჩენები მოსცილდეს.
შეგიძლიათ, ლიმონმჟავას ნაცვლად ლიმონის წვენი გამოიყენოთ, თუმცა ის უფრო დაბალი კონცენტრაციით შეიცავს მჟავას, ამიტომ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდეს.
თუ არც ლიმონმჟავა და არც ლიმონი ხელთ არ გაქვთ, მოსინჯეთ თეთრი ღვინის ძმარი. რბილი ქსოვილი ძმარში დაასველეთ და ფრთხილად გაწმინდეთ გაცივებული უთოს ძირი. თუ ნადები მყარია, ძმარში დასველებული ქსოვილი რამდენიმე წუთით დააფინეთ უთოს ძირზე, მერე კი სუფთა, ნესტიანი ქსოვილით კარგად გაწმინდეთ.
საკვები სოდა
საკვები სოდა რბილი აბრაზივია, რომლითაც ასევე შეიძლება უთოს ძირზე მიმწვარი ქსოვილის ბოჭკოებისა და სხვა სახის ნადების მოცილება ზედაპირის დაუზიანებლად.
დაგჭირდებათ:
- 2 ჩაის კოვზი საკვები სოდა;
- 1 ჩაის კოვზი წყალი;
- რბილი ქსოვილი ან მიკროფიბრა.
სოდას წყალი დაასხით და სქელი პასტა მოამზადეთ, წაუსვით ძირზე კარგად გაცივებულ უთოს და რბილი ქსოვილით ან ღრუბლით (რბილი ნაწილით) ნაზად გაწმინდეთ. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში პასტა რამდენიმე წუთით დატოვეთ ჭუჭყიან ზედაპირზე. ბოლოს მისი ნარჩენები ნესტიანი ქსოვილით მოაშორეთ.
თუ პასტა ორთქლის ხვრელებში მოხვდა, ფრთხილად ამოწმინდეთ ბამბის ჩხირით და რამდენჯერმე ორთქლის ნაკადიც გამოუშვით, რომ ნარჩენები მთლიანად გამოიდევნოს.
გახსოვდეთ: სოდის პასტით მხოლოდ უთოს ძირის გაწმენდა შეიძლება. არ დაუშვათ მისი მოხვედრა წყლის რეზერვუარში.
ალუმინის ფოლგა
უთო საშუალო ტემპერატურამდე გააცხელეთ, ორთქლის ფუნქცია გაუთიშეთ და ნელა გადაატარეთ ფოლგას. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ბოლოს კარგად გააგრილეთ და რბილი, ნესტიანი ქსოვილით გაწმინდეთ.
კბილის პასტა
თეთრი (არაგელისებრი) კბილის პასტა მსუბუქი აბრაზიული თვისებების წყალობით ხელს უწყობს უთოს ძირზე არსებული მცირე ლაქებისა და ზედაპირული ნადების მოცილებას.
წაუსვით უთოს ძირზე ცოტაოდენი პასტა და ნაზად გაწმინდეთ რბილი ქსოვილით. ბოლოს ნესტიანი ქსოვილით მოაშორეთ ნარჩენები.
ჭურჭლის სარეცხი საშუალება
ჭურჭლის სარეცხი სითხე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა უთოს ძირიდან ახალი ჭუჭყისა და მსუბუქი ცხიმოვანი ნადების მოსაშორებლად.
გახსენით რამდენიმე წვეთი სითხე თბილ წყალში, რბილი მიკროფიბრის ქსოვილი ქაფში დაასველეთ და გაწმინდეთ კარგად გაცივებული უთოს ძირი, მერე კი სარეცხი საშუალების ნარჩენები სუფთა, ნესტიანი ქსოვილით მოაშორეთ.
ეს მეთოდი უსაფრთხოა თანამედროვე უთოების უმეტესობისთვის, მათ შორის — სპეციალური საფარის მქონე მოდელებისთვისაც.
რჩევა: თუ უთოს ძირი სპეციალური (მაგალითად, არაწებოვანი) საფარით არის დაფარული, გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული გაწმენდის მეთოდი, რომ ზედაპირი არ დააზიანოთ.
ორთქლის სისტემა
ორთქლის სისტემის გასაწმენდად ყველაზე უსაფრთხო საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის განკუთვნილი წყლის ნალექის მოსაცილებელი სპეციალური საშუალებებია. მათში აქტიური ნივთიერებები ისეთი კონცენტრაციითაა, რომელიც ეფექტურად აშორებს ნადებს, მაგრამ თავად მოწყობილობას არ აზიანებს.
სხვადასხვა პროდუქტს გამოყენების სხვადასხვა წესი აქვს, ამიტომ ყოველთვის მისდიეთ შეფუთვაზე ან ინსტრუქციაში მოცემულ რეკომენდაციებს. უმეტესად კი პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით ტარდება:
1. დაცალეთ წყლის რეზერვუარი.
2. ჩაასხით ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული ხსნარი.
3. გააცხელეთ უთო, ჩართეთ ორთქლის რეჟიმი და ორთქლი იქამდე აფრქვიეთ, ვიდრე ხსნარი ბოლომდე არ აორთქლდება.
4. გამორთეთ უთო და გააჩერეთ იმდენ ხანს, რამდენიც ინსტრუქციაშია მითითებული, რომ ხსნარმა ნადებზე იმოქმედოს.
5. ბოლოს ჯერ რეზერვუარი გამორეცხეთ სუფთა წყლით, მერე კი რამდენჯერმე გამოუშვით ორთქლის ნაკადიც, რომ ხსნარის ნარჩენები მთლიანად მოსცილდეს.
საჭიროების შემთხვევაში პროცედურა გაიმეორეთ.
შეიძლება თუ არა ორთქლის სისტემისთვის ძმრის ან ლიმონმჟავას გამოყენება?
მიუხედავად იმისა, რომ ძმარი და ლიმონმჟავა ეფექტურად აცილებს წყლის ნალექს, ყველა მოდელისთვის უსაფრთხო არ არის, რადგან მჟავამ შესაძლოა შიგნითა დეტალები დააზიანოს, ამიტომ მხოლოდ იქ გამოიყენეთ, სადაც მწარმოებლის მიერ ნებადრათულია.
რა არ უნდა გააკეთოთ
- ნუ მოფხეკთ უთოს ძირს ლითონის ღრუბლით ან დანით.
- ნუ გაწმენდთ ძლიერი ქიმიური გამხსნელებით და უხეში აბრაზიული საშუალებებით.
- ნუ ჩაასხამთ რეზერვუარში ძმრის, ლიმონმჟავას ან სხვა მჟავას შემცველ ხსნარს, თუ ეს ინსტრუქციით არ არის ნებადართული.
- გაწმენდის შემდეგ, ვიდრე დაუთოებას დაიწყებდეთ, უთო ჯერ ძველ ქსოვილზე გადაატარეთ.
როგორ ავიცილოთ თავიდან უთოს დაბინძურება
* შეარჩიეთ სწორი ტემპერატურა. ქსოვილის (განსაკუთრებით სინთეტიკურის) ტიპისთვის შეუსაბამოდ მაღალ ტემპერატურაზე დაუთოებამ შესაძლოა ბოჭკოების დაზიანება და უთოს ძირზე მათი მიწებება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის დაიცავით ტანსაცმლის ეტიკეტზე მოყვანილი რეკომენდაციები დაუთოების შესახებ.
* დაუყოვნებლივ მოაშორეთ მიმწვარი ბოჭკოები — ეს გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი ხნის მიმწვარის მოშორება.
* ყოველი გამოყენების შემდეგ დაცალეთ წყლის რეზერვუარი. თუ რეზერვუარში წყალი დარჩა, თანდათან დაგროვდება მინერალური ნალექი, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც წყალი მაღალი სიხისტით გამოირჩევა, ამიტომ უთოობის დასრულების შემდეგ რეზერვუარი დაცალეთ და მომდევნო გამოყენების წინ შეავსეთ.
* გამოიყენეთ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული წყალი. წყლის ტიპთან დაკავშირებით სხვადასხვა მწარმოებელი სხვადასხვა რეკომენდაციას გასცემს. ზოგი ონკანის წყლის გამოყენებას გვირჩევს, ზოგი კი — გამოხდილისას ან ონკანისა და გამოხდილი წყლის ნარევისას, ამიტომ წყლის რეზერვუარის შევსებამდე გაეცანით მწარმოებლის ინსტრუქციას.
* რეგულარულად გამოიყენეთ თვითწმენდის ფუნქცია.
* შეინახეთ უთო კარადაში, რომ ორთქლის ხვრელებში მტვერი და ჭუჭყი არ დაგროვდეს.
ჯილდა გაჩეჩილაძე











