როგორ შევარჩიოთ ელექტროგრილი

გააზიარე:

ზაფხული პიკნიკებისა და ბარბექიუს დროა. თუ არც ბაღი გაქვთ, არც ტერასა და არც აგარაკი, პიკნიკის მოწყობა აივანზეც შეიძლება, ოღონდ აქ ნახშირის გრილი არ გამოგადგებათ. მისი “საშინაო” ალტერნატივაა ელექტროგრილი. ეს პრაქტიკული, მარტივი და კომპაქტური მოწყობილობა დაგეხმარებათ, სასიამოვნო საღამო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად.

პლუსები და მინუსები

  • ამზადებს სწრაფად.
  • მარტივი და მოხერხებულია.
  • წარმოქმნის მინიმალური რაოდენობის კვამლს.
  • იაფია.
  • შეიძლება გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
  • მასზე შესაძლებელია ყოველგვარი საკვების შეწვა: ხორცის, თევზის, ძეხვეულის, ბოსტნეულის, ხილის.

თუმცა:

  • მისი შესაწვავი ზედაპირი ნახშირის გრილთან შედარებით პატარაა.
  • კერძს არ ექნება ნახშირის გრილისთვის დამახასიათებელი არომატი. 

როგორ მუშაობს

ნახშირისა და გაზის გრილისგან განსხვავებით, ელექტროგრილი ღია ალით არ მუშაობს. გასახურებლად მას ელექტროენერგია სჭირდება. ელექტროსპირალი შესაწვავი ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. სახურავიან გრილს ის შესაძლოა სახურავზეც ჰქონდეს დამონტაჟებული. ზოგიერთ მოდელს ტემპერატურის მარეგულირებელიც აქვს, რომლითაც სიმხურვალის მუდმივი კონტროლია შესაძლებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა პროდუქტს მოსამზადებლად სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება.

ზოგიერთი გრილი  წყალსაც იყენებს, რომელსაც მის ქვედა ნაწილში დამონტაჟებულ კონტეინერში ასხამენ. წყალი სპირალს არ ეხება, თუმცა ეს უკანასკნელი ისეთი საიზოლაციო მასალით არის დაფარული, რომ წყალთან მისი შეხებაც არ არის საშიში. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩართულ გრილზე წყლის დასხმა შეიძლება.

რა საჭიროა წყალი? შეწვის პროცესში ცხიმი, წვენი და სხვა ნარჩენები გრილის ქვედა ნაწილში იყრის თავს და მაღალი ტემპერატურის გამო ისე ახმება, რომ ძალიან ძნელი მოსაცილებელი ხდება. ასეთი გრილი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნო შესახედავია, შესანიშნავ ნიადაგსაც წარმოადგენს ბაქტერიების გასამრავლებლად.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გრილებს, რომლებსაც ბადისებრი შესაწვავი ზედაპირი აქვს, მოჰყვება წყლის კონტეინერი, რომელშიც წვის დროს წარმოქმნილი ცხიმი და წვენი გროვდება, კერძის მომზადების შემდეგ კი ადვილად იხსნება და ირეცხება.

წყალს სხვა დანიშნულებაც აქვს: მაღალ ტემპერატურაზე ის ორთქლდება, ორთქლი  კი საკვებს ატენიანებს და სწრაფად გამოშრობის საშუალებას არ აძლევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭლე ხორცის შეწვისას. რადგან უცხიმო ხორცი სწრაფად განცდის  დეჰიდრატაციას და მაგრდება.

გარდა ამისა, წყალი  სპირალს გადახურებისგან იცავს.

ელექტროგრილის ტიპები

დასადგამი გრილი

ასეთი გრილი ფეხებზე დგას, ამიტომ საუკეთესოა ტერასისა და ბაღისთვის, თუმცა სხვა ტიპის გრილებთან შედარებით ძვირია. ზოგიერთ მოდელს ფეხები ეხსნება და მაგიდის გრილადაც გამოიყენება, ზოგს თარო მოჰყვება, რომელიც ძალიან პრაქტიკულია შესაწვავი პროდუქტის დასაწყობად და სიმყარესაც მატებს გრილს, ზოგიერთს ბორბლები აქვს, რომ სხვა ადგილას იოლად გადაიტანოთ.

მაგიდის გრილი

ასეთი გრილი ძალიან მოხერხებულია სამზარეულოში ან აივანზე. უმეტესად კომპაქტურია, ადვილად იმართება, შესაძლებელია ტრასპორტირებაც. არჩევანი აქაც ძალიან დიდია: მოდელები ერთმანეთისგან განსხვავდება შესაწვავი ზედაპირის ზომით, ფუნქციებით, აღჭურვილობით.

თავსახურიანი გრილი

თავსახური უმეტესად ნახევარსფეროს ფორმისაა. მოდელების უმეტესობას  შესაწვავი ზედაპირი ეხსნება და ჭურჭლის მანქანაში ირეცხება. თავსახურიანი გრილი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს და საკვების თბილად შესანახადაც გამოიყენება.

კონტაქტური გრილი

ეს მაგიდის პატარა გრილია, რომელსაც სპირალი ორივე მხარეს აქვს ჩამონტაჟებული, ასე რომ, შეგიძლიათ, საკვები ორივე მხრიდან ერთდროულად შებრაწოთ. იდეალურია სენდვიჩების, ტოსტების, სტეიკის მოსამზადებლად.

რა გავითვალისწინოთ გრილის შერჩევისას?

სიმძლავრე

თუ გრილი საკმარისად მძლავრი არ არის, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. მისი სიმძლავრე, სულ მცირე, 2000 ვატი უნდა იყოს. ხორცი სასიამოვნოდ ხრაშუნა რომ გამოვიდეს, 200 გრადუსი მაინც არის საჭირო, რაც დაბალ სიმძლავრეზე ვერ მიიღწევა. ყველაზე სწრაფია თავსახურიანი ელექტროგრილი, რადგან სითბოს არ ფანტავს, პირიქით, დიდხანს ინახავს და საკვების თანაბრად გაცხელებას უზრუნველყოფს.

ზოგიერთ მოდელს სახურავზე აქვს ეგრეთ წოდებული სითბოს რეფლექტორიც, რომელიც სითბოს ირეკლავს, საკვებს გადასცემს და ამგვარად ენერგიას ზოგავს.

ფირფიტა თუ ბადე?

შესაწვავი ზედაპირი ორგვარია: ბადისებრი და მთლიანი. რომელი ჯობია?

მთლიან ფირფიტას ის უპირატესობა აქვს, რომ:

  • ცხიმი, წვენი და სხვა ნარჩენები ქვემოთ არ ჩადის, ამიტომ ამ ტიპის გრილს წყლის კონტეინერი არ სჭირდება.
  • ცხიმი სპირალს არ ეწვეთება და არ იწვის, ცხიმის წვის შედეგად კი, როგორც ვიცით, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
  • სპირალი შედარებით ახლოს არის ზედაპირთან, რის გამოც უფრო მაღალი ტემპერატურის მიღებაა შესაძლებელი.
  • ფირფიტა დაფარულია სპეციალური საფარით და ადვილად იწმინდება.

მეორე მხრივ, დახურულ ზედაპირზე შესაძლოა ზედმეტი წვენი და ცხიმი დაგროვდეს და ხორცი არც ისე ხრაშუნა გამოვიდეს.

არსებობს ქვისზედაპირიანი მოდელებიც. ასეთ მოდელებში სითბო თანაბრად ნაწილდება ზედაპირზე და გრილი დიდხანს რჩება ცხელი, თუმცა გაცხელებას მეტ დროს ანდომებს.

ნაწილები

ყურადღება მიაქციეთ, რომ გრილს ეხსნებოდეს ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება შესაწვავად (შესაწვავი ზედაპირი, კონტეინერი) და ადვილად ირეცხებოდეს, იდეალურ შემთხვევაში – ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

ზედაპირის ფართობი

შესაწვავი ზედაპირის ზომებსაც მიაქციეთ ყურადღება. ორწევრიანი ოჯახისთვის ის 30X40 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თუ ოჯახში ორზე მეტი წევრია ან ხშირად მართავთ წვეულებებს, უმჯობესია, უფრო დიდი შეარჩიოთ, ოღონდ ისიც გაითვალისწინეთ, რომ დიდი ზომის გრილი მეტ ენერგიას მოიხმარს.

მასალა

თუ გრილს უმეტესად გარეთ იყენებთ, უმჯობესია, ის უჟანგავი ფოლადისგან ან ალუმინისგან იყოს დამზადებული, მაგრამ გამოყენების შემდეგ ღია ცის ქვეშ მაინც ნუ დატოვებთ, უკიდურეს შემთხვევაში, წყალგაუმტარი ქსოვილი გადააფარეთ.

მაგიდის გრილისთვის, რომელიც უმთავრესად სამზარეულოში გამოიყენება, მასალა ნაკლებმნიშვნელოვანია. პლასტმასისკორპუსიანი გრილები მსუბუქიცაა და ადვილი გასაწმენდიც.

უსაფრთხოება

თუ გრილის სახლში გამოყენებას აპირებთ, ის კარგად უნდა იყოს დაცული გადახურებისგან, ამისთვის კი წყალი არ არის საკმარისი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების ნიშანს. CE სტანდარტი აუცილებელი მოთხოვნაა თითქმის ყოველგვარი ელექტრომოწყობილობისთვის. მისი არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ხელსაწყო სპეციალური დაცვით არის აღჭურვილი ან სპეციალური ტესტირება აქვს გავლილი. რაც შეეხება TÜV-ს, ამ აღნიშვნის მქონე მოწყობილობა სრულყოფილ ტექნიკურ შემოწმებას გადის.

გაითვალისწინეთ კაბელის სიგრძეც. იაფფასიან მოწყობილობებს უმეტესად ძალიან მოკლე კაბელი მოჰყვება, რაც, გარდა იმისა, რომ ძალიან მოუხერხებელია, საშიშიც არის – დაჭიმულს შესაძლოა წამოედოთ და ან გრილი გადააყირაოთ, ან თქვენ თვითონ წაიქცეთ, ან ორივე ერთად.

როგორ გავწმინდოთ

გრილით დიდხანს რომ ისარგებლოთ, ყურადღებით გაეცანით მწარმოებლის რჩევებს მისი მოვლის შესახებ. მაგალითად, სად და როგორ შეინახოთ, ირეცხება თუ არა მისი ნაწილები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და სხვა.

გრილი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაწმინდოთ. ჯერ კარგად გაგრილეთ, შემდეგ ყველა ის ნაწილი ამოიღეთ, რომელიც ეხსნება და კარგად აქაფებულ წყალში ჩაალბეთ. ნარჩენები რბილი ჯაგრისით მოაშორეთ. ნუ გამოიყენებთ უხეშ საფხეკს და ლითონის ნეჭას – შესაძლოა, საფარი დააზიანოს.

სპირალი მხოლოდ წყლით, სარეცხი სითხით და რბილი ღრუბლით ან ქსოვილით გაწმინდეთ. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კომპონენტები უფრო ადვილი გასაწმენდია.

სასარგებლო რჩევები

* ელექტროგრილის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ მწარმოებლის ინსტრუქცია.

* შეამოწმეთ, ხომ არ არის გრილის სიახლოვეს ადვილად აალებადი საშუალებები.

* ყურადღებით შეამოწმეთ კაბელი – დაზიანებული არ იყოს.

* ეცადეთ, გრილი ქარისგან დაცულ ადგილას დადგათ, თორემ ქარი სითბოს წაართმევს. თავსახურიან გრილებს ეს პრობლემა არ აქვს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: